ამ ორი წლის წინათ, ჩემი არქივი გადავათვალიერე. ერთ მასალას ვეძებდი და საკუთარი ნაშრომების კითხვას შევყევი. აღმოვაჩინე, რომ 30 პროცენტი მაინც იმისა, რაც დამიწერია, აღარ მომწონდა. იმიტომ არა, რომ თემა იყო უმნიშვნელო, იმის გამო - როგორც იყო დაწერილი. გაღიზიანება კარგა ხანს გამყვა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს კარგია - დაინახო საკუთარი თავი გვერდიდან, მიაგნო საკუთარ ხარვეზებს, შეცდომებს და, ყველაფერი ამის აღმქმელმა, იგრძნო, როგორ გაიზარდე. ეს არის საუკეთესო შეგრძნება, რომელიც წლებს და გამოცდილებას მოაქვს - მიხვდე, რას ნიშნავს "უკეთესი".
1000-ზე მეტმა ხელმომწერმა გააუქმა ხელშეკრულება ჰოლანდიურ გაზეთ "ტელეგრაფ"-თან იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა, რამდენიმე თვის წინათ, ლიბიაში მომხდარი საზარელი ავიაკატასტროფის ერთადერთ გადარჩენილ მგზავრ, 8 წლის ჰოლანდიელ ბიჭუნასთან ტელეფონით ჩაწერილი ინტერვიუ და ფოტოები გამოაქვეყნა. საზოგადოებამ მიიჩნია, რომ სტრესულ მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანის შეწუხება არაეთიკური იყო, მით უმეტეს მაშინ, როცა მან საკუთარი მშობლების მდგომარეობის შესახებ არაფერი იცოდა.
ამგვარი ექსკლუზივის "მოხერხება", ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნებოდა, ბავშვი ჰოლანდიის რომელიმე საავადმყოფოში რომ მოეთავსებინათ. ჟურნალისტებს "გაუმართლათ", დაზარალებული ლიბიაში რომ იმყოფებოდა. სავარაუდოდ, მათ, ასევე გაუმართლებდათ, იგი საქართველოში რომ აღმოჩენილიყო - კამერები და მიკროფონები, ფოტოაპარატები და დიქტოფონები აქ ჩვეულებრივი ამბავია ნებისმიერი სტაციონარისთვის, მიუხედავად იმისა, განეკუთვნება თუ არა კონკრეტული უბედური შემთხვევა საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს, კონკრეტული დაზარალებული - საჯარო პირთა რიგს.
საჯარო მოხელეების, პოლიტიკოსების გარდა, რომლებიც, თავიანთი საქმიანობით, საზოგადოების ბუნებრივი ინტერესის ობიექტს წარმოადგენენ, საჯარო პირად მიიჩნევა, საქმიანობის, გამოსვლებისა თუ განცხადებების შედეგად ცნობადი სახე. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ასევე - კერძო პირი (ან პირები), რომლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალში ხვდება. ეს არის კრიტერიუმები, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებში სასამართლოსთვის საჯარო პირად აღიარების საფუძველს წარმოადგენს.
თუმცა, ამგვარი აღიარება არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს საჯარო პირების პირადი სივრცის უაპელაციოდ დარღვევის უფლება ეძლევა. საქართველოს მედიის ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ სემინარზე, ჟურნალისტური ეთიკის შესახებ (თბილისი, 17-18 ივლისი, 2010 წელი), რომლის თაობაზეც Media.Ge უკვე მოგითხრობდათ, მედიის ჰოლანდიელმა ექსპერტმა დაფნე კოენმა წარმოადგინა პირად სივრცის დარღვევებთან დაკავშირებული საერთაშორისო მაგალითები, რომელიც მეტად საინტერესო სურათს იძლევა.
მაგალითად, ერთმა ქალბატონმა ესტონეთში პრეს-საბჭოში შეიტანა საჩივარი ადგილობრივ გაზეთზე, განაცხადა რა, რომ საჯარო აბანოში მყოფი მისი სამი წლის ვაჟის ფოტოს გამოქვეყნებით, გამოცემამ ბავშვის პირადი სივრცე დაარღვია. საბჭო დაეთანხმა საჩივარს, რადგან ჟურნალისტს არ გააჩნდა იქვე მყოფი ბაბუას თანხმობა გადაღებაზე, ამასთან, გაზეთის მხრიდან პირადი სივრცის დაცვის პრინციპის დარღვევად მიიჩნია ის, რომ "მუნიციპალური საუნა არის "ნახევრად-ინტიმური" ადგილი და ადამიანები მოელიან, რომ იქ მათ სურათებს არ გადაუღებენ, როცა ისინი ტანსაცმლის გარეშე ბანაობენ."
ბავშვების გადაღების, მათთვის ინტერვიუების ჩამორთმევის ფორმებზე მიუთითებს გაერო-ს ბავშვის უფლებების დაცვის კონვენცია, რომელიც საქართველოს მიერაცაა აღიარებული. დოკუმენტის მიხედვით, ამგვარი მხოლოდ ბავშვის მშობლების, მეურვის თანხმობითაა დაშვებული. თუ ზემოთ მოყვანილ შემთხვევაში ბავშვის უფლება, მისი პირადი სივრცე დარღვეულად ჩაითვალა, სხვა გადაწყვეტილება მიიღეს ბრიტანეთში, ფეხბურთის სტადიონზე გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით.
10 წლის გოგონა და მისი მამა ფოტოჟურნალისტებმა ოლდ ტრაფორდზე, ფეხბურთის ასოციაციის თასის გათამაშებისას, "ლივერპულის" მიერ "ჩელსის" დამარცხების შემდეგ გადაიღეს. მოსარჩელე (ბავშვის მამა) აცხადებდა, რომ ჟურნალმა საყოველთაო დაცინვის საგნად გამოიყვანა მისი ქალიშვილი და აღშფოთებული იყო იმით, რომ გოგონას სახე, სხვა გამოცემებისგან განსხვავებით, დაფარული არ იყო.
სრჩელის განმხილველმა კომისიამ დაასკვნა, რომ ამ ფოტოს გამოარჩევდა ანტისაზოგადოებრივი ჟესტი და ბავშვის სიახლოვე მამასთან, რომელიც ამ დროს ნაცისტური მისალმების პოზაში იდგა, რის გამოც იგი შემდეგ დააპატიმრეს. ასევე - რომ ხალხმრავალ გარემოში, საჯარო ღონისძიების დროს (სადაც მრავალი ფოტოგრაფი და სატელევიზიო კამერაა სახეზე) გადაღებული სურათი არ შეიძლება ჩაითვალოს ბავშვის პირად ცხოვრებაში შეჭრად და მისი კეთილდღეობისთვის საფრთხის შემქმნელად.
პირადი სივრცის დარღვევად ბრიტანელებმა სხვა ფაქტი მიჩნიეს - სტატია, რომელიც მსახიობ ქალს ეხებოდა. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ მან უარი განაცხადა როლის შესრულებაზე, რადგან ფეხმძიმედ იყო და, ამ მიზეზის გამო, იქამდე შეთავაზებულ როლზეც თქვა უარი. ამასთან, გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ "მისი მცდელობები, შექმნას ოჯახი, ხელს უშლის მსახიობის კარიერულ წინსვლას."
ყველა ეს დასკვნა ჟურნალისტების, მედიის ექსპერტების მიერ არის გაკეთებული. მედია თავადვე აცხადებს, სად შეცდა, რა არ გააკეთა სწორად. ეს არ უნდა იყოს ზედმეტი, მით უმეტეს, რომ მტკიცების ტვირთი ჟურნალისტზე, როგორც წესი, არ არის, როცა ჩვენი პროფესია უფრო მორალური, ეთიკური კრიტერიუმების ზღვრებშია. გვაქვს თუ არა ჩვენ, ჟურნალისტებს მორალური უფლება, სხვებს მოვუწოდოთ ეთიკური საქციელისკენ, ვაკრიტიკოთ ისინი, თუკი ამგვარი ნორმების დარღვევის უფლებას საკუთარ თავს მივცემთ?
მაგალითად, როგორ უნდა აინაზღაუროს მიყენებული მორალური ზარალი ადამიანმა, რომელსაც რესპექტაბელური იმიჯის მქონე ნაცნობი ჟურნალისტი ურეკავს, კონკრეტულ საკითხზე ისე ესაუბრება, რომ არ აფრთხილებს, მისგან კომენტარს თუ იღებს, საუბარს დიქტოფონზე იწერს და შემდეგ სიტყვა-სიტყვით, მოსაუბრის ვინაობის მითითებით აქვეყნებს მას? საკმარისია, თავი უნებლიე რესპოდენტის ადგილზე წარმოიდგინო, რომ მიხვდე, რას შეიძლება განიცდიდე ასეთ დროს.
ეთიკურ ჟურნალისტიკაში ფარული ჩანაწერის გამოყენება აკრძალულია იმ შემთხვევაშიც კი, როცა ჟურნალისტი რესპოდენტს (ან რესპოდენტებს) საკუთარ თავს წარუდგენს. გამონაკლისი მხოლოდ მაშინ დაიშვება, როცა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხის გასაშუქებლად სხვა გზა აღარ რჩება. მინიმუმ, ორი წყარო და ინფორმაციის ჯვარედინი გადამოწმება, მხარეების თანაბრად მოსმენა, მათი ბუნებრივი და არა ხელოვნური ბალანსი - ამ კრიტერიუმებით მოქმედებს თანამედროვე ეთიკური ჟურნალისტიკა.
საკითხი - რა არის ეთიკური ქართველი ჟურნალისტებისთვის, ყველაზე ცხარე განსჯის საგნად ეთერში მოდელირებული "ქრონიკის" გასვლის შემდეგ იქცა. ტელევიზიამ ბოდიში მხოლოდ კომუნიკაციის ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, დათქმული ვადის მიწურულს მოიხადა, "სპეციალური რეპორტაჟის" წამყვანმა კი, საკუთარი ხელმოწერა, საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიიდან საკითხის განხილვამდე გაიწვია, განაცხადა რა, რომ მისდამი დამოკიდებულება ტენდენციური იყო.
ეთიკურობისთვის, აუცილებელი არ არის ხელს რომელიმე დოკუმენტზე აწერდე. მთავარი ეთიკური ნორმების დაცვაა. ნორმების, რომელიც, დაფნე კოენის სიტყვებით, "საჭიროა მეტი კომფორტისთვის სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაში." ეთიკური ჟურნალისტიკა თანხმდება, რომ აბსოლუტური სიმართლე არ არსებობს, მაგრამ ფაქტის, რესპოდენტების შეხედულებებისა და ჟურნალისტის მოსაზრებების გამიჯვნა - საუკეთესო საშუალებაა რეალობის ობიექტურად დასახატად
http://www.media.ge/ka/node/38342
пятница, 30 июля 2010 г.
ხელოვნური გაახალგაზრდავების პროცესი
წელს, გაზაფხულზე, აქტიურ საქმინობას ჩამოსცილდა 89 წლის ამერიკელი ჟურნალისტი ჰელენ ტომასი. ვისაც რეიგანისა და გორბაჩოვის ცნობილი ერთობლივი პრეს-კონფერენციის კადრები უნახავს, ემახსოვრება პირველ რიგში მსხდარი, ბლოკნოტებითა და ავტოკალმებით შეიარაღებული ორი ხანშიშესული ქალბატონი, რომელიც ყურადღებით უსმენს პრეზიდენტების გამოსვლას. ერთ-ერთი მათაგანი ჰელენ ტომასი გახლავთ.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი შენობა ათეული წლების განმავლობაში მასპინძლობდა მას - ჟურნალისტს, რომელთანაც, Newsmake-ს ინფორმაციით, აქტიურად ურთიერთობდნენ კენედი, ჯონსონი, ნიქსონი, ფორდი, კარტერი, რეიგანი, ბუში უფროსი, კლინტონი და, რომელსაც ნაკლებად სწყალობდა ბუში უმცროსი, ვის პოლიტიკასა და ამბიციებსაც ყოველთვის აკრიტიკებდა.
ჰელენ ტომასი მთელი ეპოქაა ამერიკული ჟურნალისტიკისთვის და, რომ არა ხმაურიანი განცხადება, რომელიც 27 მაისს ებრაელებთან დაკავშირებით გააკეთა, შეიძლებოდა, იგი კიდევ არაერთხელ გვეხილა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგებსა თუ პრესკონფერენციებზე. ქვეყანაში, სადაც ჰელენ ტომასი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროფესიას წარმოადგენს, წლები და გამოცდილება ჟურნალისტისთვის მხოლოდ პლუსია.
ამერიკა, ამ მხრივ, გამონაკლისი არ არის. გამონაკლისი უფრო საქართველოა, სადაც ასაკი, ჟურნალისტიკაშიც ისევე, როგორც თითქმის ყველა სფეროში, დღეს, განაჩენივით ჟღერს. არ მავიწყდება ტელეეკრანზე, მორბენალ სტრიქონში ამოკითხული განცხადება: "სამუშაოდ ვიწვევთ 25 წლამდე გამოცდილ ჟურნალისტებს." სტაჟი ყოველთვის არ არის პროფესიონალიზმის პროპორციული, არც განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების არსებობის გამორიცხვაა მართებული, მაგრამ ქართული ჟურნალისტიკის ხელოვნური გაახალგაზრდავების მცდელობა, ჩვენი პროფესიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უმნიშვნელო პროცესი ნამდვილად არ არის.
ამ პროცესს ორი, ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული მიზეზი უნდა ედოს საფუძვლად. პირველი ადვილ მართვას გულისხმობს, მეორე - ფინანსურ მოგებას. თავისი არსით, ორივე მოკლევადიანი პროექტია, მაგრამ, ქართული შრომის ბაზრის პირობებში, განახლებას უპრობლემოდ ახერხებს. განვიხილოთ ისინი უფრო დეტალურად.
ახალგაზრდა და გამოუცდელი კადრი სუფთა დაფასავითაა. როცა პირველად ეხება თემას, სრულიად დამოკიდებული ხდება იმაზე, რასაც ეტყვიან, ვისაც ურჩევენ. ასე გრძელდება იქამდე, ვიდრე ამ (თუ სხვა) თემის ირგვლივ საკმარის ინფორმაციას არ დააგროვებს, საერთო, შეძლებისდაგვარად სრულ სურათს არ დახატავს. ეს ხანგრძლივი პროცესია, ხშირად წლებიც კი გრძელდება და მათი მსვლელობის პარალელურად, ჟურნალისტი სულ უფრო მეტ და მეტ დამოუკიდებლობას იძენს.
ვისთვისაც მოვლენების ასეთი განვითარება მიუღებელია, ვისაც ჟურნალისტი სტატისტის როლში სჭირდება, ვისთვისაც იგი მხოლოდ სასურველი ინფორმაციის, აზრის, იდეის გამტარია, მათი დამკვიდრების ერთ-ერთი საშუალება, "გამოცდილებაშეპარულ" კადრს ახლით, მორიგი გამოუცდელი კადრით ანაცვლებს. მოქმედი შრომითი კანონმდებლობა და უმუშვერებით ზომაზე მეტად გაჯერებული შრომის ბაზარი შესანიშნავი ნიადაგია ამისთვის. გამონაკლისი ამ შემთხვევაშიც არსებობს - როცა ჟურნალისტი მის მართვას არ აპროტესტებს. თუმცა, ეს უკვე სხვა თემაა, სხვა მორალური კატეგორია და ამაზე - ქვემოთ.
ფინანსური მოგება. გამოცდილი ჟურნალისტი ქართულ ბაზარზეც კი, შედარებით ძვირი ღირს. ქართულ მედიას ფინანსები უჭირს. ზოგ შემთხვევაში, იმიტომ, რომ ცოტა აქვს, ზოგ შემთხვევაში, იმიტომ, რომ არასწორად ანაწილებს - მმართველ რგოლს მაღალი ხელფასები ენიშნება და, ფაქტობრივად, ანაზღაურების გარეშე რჩებიან ისინი, ვინც ძირითადი პროდუქტი უნდა შექმნას - ჟურნალისტები.
ამ შემთხვევაში, გამოუცდელი კადრი არის ის, ვისი დაქირავებაც საუკეთესო გამოსავლად რჩება. ისინი ცოტაზეც ყაბულს არიან, დასაწყისისთვის, შეიძლება, სრულიად უანგაროდაც იმუშაონ, რადგან, იმ ეტაპზე, საკუთარი სახელისა და გვარის დაფიქსირება მათთვის ბევრს ნიშნავს. იმ ეტაპზე ჟურნალისტიკა მათთვის ნალებად არის ხელობა (ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით), რომელმაც, პატიოსანი შრომით, პური უნდა აჭამოს.
მაგრამ დგება სხვა ეტაპიც, როცა ახალგაზრდა ჟურნალისტი უკეთეს ანაზღაურებას ითხოვს და მედიამფლობელიც არჩევანის წინაშეა - შეცვალოს კადრი ან უარი თქვას ფინანსურ მოგებაზე. მოქმედი შრომითი კანონმდებლობა და უმუშვერებაც ამ შემთხვევაშიც ის ორი შემადგენელია, რომელიც მედიამფლობელს არჩევანის სათავისოდ გაკეთების შესაძლებლობას აძლევს.
ორივე განხილული მიზეზი ერთ შედეგს იძლევა - ზარალდება საზოგადოება. პირველ შემთხვევაში - ინფორმაციით მანიპულირების, მეორე შემთხვევაში კი - დაბალი პროფესიონალიზმის გამო. სხვაგვარად, პირველ შემთხვევაში, საზოგადოების ინტერესები მავანის უპატიოსნობის, მეორე შემთხვევაში კი - ამბიციის (იყოს ცნობადი, ერქვას მედიამფლობელი და ა.შ.) გამო ზარალდება. და გზა ამისკენ ჟურნალისტიკის ხელოვნურ გაახალგაზრდავებაზე გადის.
რაც შეეხება მართულ ჟურნალისტს. ალბათ, გულწრფელობა, შრომისმოყვარეობა - ის კრიტერიუმებია, რომელიც ჩვენი პროფესიის ადამიანს უნდა ახასიათებდეს. ამ ჩამონათვალში ვერაფრით ჯდება ჟურნალისტის მზაობა, იყოს მართული. უბრალო მიზეზით - არ შეიძლება ჟურნალისტს მართავდეს ვინმე ან რამე, საზოგადოებრივი ინტერესის გარდა. როცა ჩვენ ამ რეალობას უგულვებელჰყოვფთ, ეჭვქვეშ, სულ მცირე, საკუთარ პროფესიონალიზმს ვაყენებთ.
ჰელენ ტომასმა ჟურნალისტიკიდან წასვლის გადაწვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ მის მიერ ნათქვამი სიტყვები მისსავე საზოგადოებრივ სტატუსს არ შეეფერებოდა. ასე წასვლა ნამდვილად არ იქნებოდა მის გეგმებში, მით უმეტეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვაწლმოსილ ადამიანებს პენსიაზე დიდი ზარ-ზეიმით მიაცილებენ. მაგრამ მან, პროფესიონალმა, კარგად იცოდა, რა არ ეპატიება ჟურნალისტს.
http://www.media.ge/ka/node/38319
ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი შენობა ათეული წლების განმავლობაში მასპინძლობდა მას - ჟურნალისტს, რომელთანაც, Newsmake-ს ინფორმაციით, აქტიურად ურთიერთობდნენ კენედი, ჯონსონი, ნიქსონი, ფორდი, კარტერი, რეიგანი, ბუში უფროსი, კლინტონი და, რომელსაც ნაკლებად სწყალობდა ბუში უმცროსი, ვის პოლიტიკასა და ამბიციებსაც ყოველთვის აკრიტიკებდა.
ჰელენ ტომასი მთელი ეპოქაა ამერიკული ჟურნალისტიკისთვის და, რომ არა ხმაურიანი განცხადება, რომელიც 27 მაისს ებრაელებთან დაკავშირებით გააკეთა, შეიძლებოდა, იგი კიდევ არაერთხელ გვეხილა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგებსა თუ პრესკონფერენციებზე. ქვეყანაში, სადაც ჰელენ ტომასი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროფესიას წარმოადგენს, წლები და გამოცდილება ჟურნალისტისთვის მხოლოდ პლუსია.
ამერიკა, ამ მხრივ, გამონაკლისი არ არის. გამონაკლისი უფრო საქართველოა, სადაც ასაკი, ჟურნალისტიკაშიც ისევე, როგორც თითქმის ყველა სფეროში, დღეს, განაჩენივით ჟღერს. არ მავიწყდება ტელეეკრანზე, მორბენალ სტრიქონში ამოკითხული განცხადება: "სამუშაოდ ვიწვევთ 25 წლამდე გამოცდილ ჟურნალისტებს." სტაჟი ყოველთვის არ არის პროფესიონალიზმის პროპორციული, არც განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების არსებობის გამორიცხვაა მართებული, მაგრამ ქართული ჟურნალისტიკის ხელოვნური გაახალგაზრდავების მცდელობა, ჩვენი პროფესიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უმნიშვნელო პროცესი ნამდვილად არ არის.
ამ პროცესს ორი, ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული მიზეზი უნდა ედოს საფუძვლად. პირველი ადვილ მართვას გულისხმობს, მეორე - ფინანსურ მოგებას. თავისი არსით, ორივე მოკლევადიანი პროექტია, მაგრამ, ქართული შრომის ბაზრის პირობებში, განახლებას უპრობლემოდ ახერხებს. განვიხილოთ ისინი უფრო დეტალურად.
ახალგაზრდა და გამოუცდელი კადრი სუფთა დაფასავითაა. როცა პირველად ეხება თემას, სრულიად დამოკიდებული ხდება იმაზე, რასაც ეტყვიან, ვისაც ურჩევენ. ასე გრძელდება იქამდე, ვიდრე ამ (თუ სხვა) თემის ირგვლივ საკმარის ინფორმაციას არ დააგროვებს, საერთო, შეძლებისდაგვარად სრულ სურათს არ დახატავს. ეს ხანგრძლივი პროცესია, ხშირად წლებიც კი გრძელდება და მათი მსვლელობის პარალელურად, ჟურნალისტი სულ უფრო მეტ და მეტ დამოუკიდებლობას იძენს.
ვისთვისაც მოვლენების ასეთი განვითარება მიუღებელია, ვისაც ჟურნალისტი სტატისტის როლში სჭირდება, ვისთვისაც იგი მხოლოდ სასურველი ინფორმაციის, აზრის, იდეის გამტარია, მათი დამკვიდრების ერთ-ერთი საშუალება, "გამოცდილებაშეპარულ" კადრს ახლით, მორიგი გამოუცდელი კადრით ანაცვლებს. მოქმედი შრომითი კანონმდებლობა და უმუშვერებით ზომაზე მეტად გაჯერებული შრომის ბაზარი შესანიშნავი ნიადაგია ამისთვის. გამონაკლისი ამ შემთხვევაშიც არსებობს - როცა ჟურნალისტი მის მართვას არ აპროტესტებს. თუმცა, ეს უკვე სხვა თემაა, სხვა მორალური კატეგორია და ამაზე - ქვემოთ.
ფინანსური მოგება. გამოცდილი ჟურნალისტი ქართულ ბაზარზეც კი, შედარებით ძვირი ღირს. ქართულ მედიას ფინანსები უჭირს. ზოგ შემთხვევაში, იმიტომ, რომ ცოტა აქვს, ზოგ შემთხვევაში, იმიტომ, რომ არასწორად ანაწილებს - მმართველ რგოლს მაღალი ხელფასები ენიშნება და, ფაქტობრივად, ანაზღაურების გარეშე რჩებიან ისინი, ვინც ძირითადი პროდუქტი უნდა შექმნას - ჟურნალისტები.
ამ შემთხვევაში, გამოუცდელი კადრი არის ის, ვისი დაქირავებაც საუკეთესო გამოსავლად რჩება. ისინი ცოტაზეც ყაბულს არიან, დასაწყისისთვის, შეიძლება, სრულიად უანგაროდაც იმუშაონ, რადგან, იმ ეტაპზე, საკუთარი სახელისა და გვარის დაფიქსირება მათთვის ბევრს ნიშნავს. იმ ეტაპზე ჟურნალისტიკა მათთვის ნალებად არის ხელობა (ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით), რომელმაც, პატიოსანი შრომით, პური უნდა აჭამოს.
მაგრამ დგება სხვა ეტაპიც, როცა ახალგაზრდა ჟურნალისტი უკეთეს ანაზღაურებას ითხოვს და მედიამფლობელიც არჩევანის წინაშეა - შეცვალოს კადრი ან უარი თქვას ფინანსურ მოგებაზე. მოქმედი შრომითი კანონმდებლობა და უმუშვერებაც ამ შემთხვევაშიც ის ორი შემადგენელია, რომელიც მედიამფლობელს არჩევანის სათავისოდ გაკეთების შესაძლებლობას აძლევს.
ორივე განხილული მიზეზი ერთ შედეგს იძლევა - ზარალდება საზოგადოება. პირველ შემთხვევაში - ინფორმაციით მანიპულირების, მეორე შემთხვევაში კი - დაბალი პროფესიონალიზმის გამო. სხვაგვარად, პირველ შემთხვევაში, საზოგადოების ინტერესები მავანის უპატიოსნობის, მეორე შემთხვევაში კი - ამბიციის (იყოს ცნობადი, ერქვას მედიამფლობელი და ა.შ.) გამო ზარალდება. და გზა ამისკენ ჟურნალისტიკის ხელოვნურ გაახალგაზრდავებაზე გადის.
რაც შეეხება მართულ ჟურნალისტს. ალბათ, გულწრფელობა, შრომისმოყვარეობა - ის კრიტერიუმებია, რომელიც ჩვენი პროფესიის ადამიანს უნდა ახასიათებდეს. ამ ჩამონათვალში ვერაფრით ჯდება ჟურნალისტის მზაობა, იყოს მართული. უბრალო მიზეზით - არ შეიძლება ჟურნალისტს მართავდეს ვინმე ან რამე, საზოგადოებრივი ინტერესის გარდა. როცა ჩვენ ამ რეალობას უგულვებელჰყოვფთ, ეჭვქვეშ, სულ მცირე, საკუთარ პროფესიონალიზმს ვაყენებთ.
ჰელენ ტომასმა ჟურნალისტიკიდან წასვლის გადაწვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ მის მიერ ნათქვამი სიტყვები მისსავე საზოგადოებრივ სტატუსს არ შეეფერებოდა. ასე წასვლა ნამდვილად არ იქნებოდა მის გეგმებში, მით უმეტეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვაწლმოსილ ადამიანებს პენსიაზე დიდი ზარ-ზეიმით მიაცილებენ. მაგრამ მან, პროფესიონალმა, კარგად იცოდა, რა არ ეპატიება ჟურნალისტს.
http://www.media.ge/ka/node/38319
среда, 21 июля 2010 г.
ბეწვის ხიდზე
პირადი სივრცე ის სივრცეა, რომელში შეჭრის უფლება ჟურნალისტს, საჯარო პირების შემთხვევაშიც კი, ძალიან იშვიათად აქვს. პირადი სივრცე სხვა სამყაროა, სხვისთვის გაუგებარი გრძნობებით, ემოციებით, ფიქრებით. ადამიანის პირადი სივრცე განსაკუთრებული ინტიმია და ამიტომ უნდა იყოს იგი ზედმიწევნით დაცული. რწმენაც ამ ინტიმის ნაწილია. რწმენაში მოცემული სიყვარული ის მოცემულობაა, რომელსაც მეცნიერული დეფინიციებით, ქიმიური ფორმულებით ვერ ახსნი. იუნგის (კარლ გუსტავ) მიხედვით, „რელიგია არის ცოცხალი კავშირი სულის პროცესებთან, რომლებიც ცნობიერებაზე კი არა არის დამოკიდებული, არამედ სადღაც მის მიღმა, სულის დაფარულ კუნჭულებში მიმდინარეობს“ („ღვთაებრივი ყრმა“). შესაბამისად, არავის უნდა ჰქონდეს უფლება, აიძულოს სხვა უყვარდეს მაინც და მაინც "მისი" ღმერთი ან არ უყვარდეს საერთოდ.
თანამედროვე მსოფლიოში იძულების სხვადასხვა ფორმა არსებობს, ერთ-ერთი, საკითხის მარგინალიზაციაა - ის, რასაც ქართული მედიის ნაწილი, რომელიც თავს ლიბერალური ღირებულებების მიმდევარს უწოდებს, მორწმუნეების წინააღმდეგ იყენებს. რელიგიის, რწმენის წარსულის გადმონაშთად გამოცხადება და მორწმუნეთა რეტროგრადებად წარმოდგენა ამ ფორმის ერთ-ერთი შემადგენელია. თუმცა, ლიბერალიზმი, როგორც მიმდინარეობა, უწინარესად, ადამიანის არჩევანის თავისუფლებას ეფუძნება. „ლიბერ“ ლათინური სიტყვაა და „თავისუფალს“ ნიშნავს, ლიბერალიზმის ზოგადი განმარტება კი ასეთია: ფილოსოფიური, ეკონომიკური და პოლიტიკური სწავლება, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის თავისუფლებიდან, განკარგოს საკუთარი თავი და საკუთრება.
ექსპერტი ადამიანის უფლებების საკითხებში, ფრიდონ საყვარელიძე ლიბერალიზმის შემდეგ კრებსით დახასიათებას აკეთებს: „ლიბერალიზმის იდეალია საზოგადოება, სადაც ყველას აქვს მოქმედების თავისუფლება, სადაც შეზღუდულია სახელმწიფო ხელისუფლება და მისი ფუნქცია მინიმუმამდეა დაყვანილი. ლიბერალიზმის ფუნდამენტური ღირებულებებია: საზოგადოების ყოველი წევრის პირადი თავისუფლება და პირადი პასუხისმგებლობა; არჩევნებისა და გაერთიანებების თავისუფლება; ხელისუფლების დაყოფა; კანონის უზენაესობა; საზოგადოების დემოკრატიული მშენებლობა და საზოგადოების დემოკრატიული კონტროლი სახელმწიფოზე; კერძო საკუთრება, ეკონომიკური თავისუფლება, საბაზრო ეკონომიკა; უფლებათა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობათა თანასწორობა ყოველი მოქალაქისათვის“ (ჟურნალი „სოლიდარობა“, #4’06).
პრობლემა, რომელიც, ბოლო რამდენიმე წელია, ქართულ მედიაში შეიქმნა, სათავეს სწორედ ლიბერალიზმის არასწორი გაგებიდან იღებს. ჟურნალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეკლესია ქვეყნის საერო ცხოვრებაში ერევა და ამით ზღუდავს, როგორც სახელმწიფოს, ისე მისი მოქალაქეების უფლებებს. ამის დასადასტურებლად მოყვანილი არგუმენტები კი, ძალიან ხშირად, მორწმუნეებს შეურაცხყოფს. შედეგად, ვიღებთ ჩაკეტილ წრეს, რომლის შიგნითაც ლიბერალიზმისთვის ბრძოლა მორწმუნეების წინააღმდეგ ბრძოლის ელფერს იძენს და - პირიქით. მაგალითისთვის, წლევანდელი მაისის ერთ-ერთი ყველაზე „ცხელი“ თემა - ერთი მოყვარულის მიერ დაწერილი „საიდუმლოს“ირგვლივ განვითარებული მოვლენები ავიღოთ.
„ბრძოლა გრძელდება - მართლმადიდებლები თუ ლიბერალები“ - ასე დაასათაურა „რეზონანსმა“ (08.05.10) რეპორტაჟი, რომელიც ილიას უნივერსიტეტის წინ გამართულ შეხლა-შემოხლაზე მოგვითხრობს. ჟურნალისტმა და გაზეთმა, სათაურში, ბრჭყალების გარეშე გამოიყენეს სიტყვები „მართლმადიდებელი“ და „ლიბერალი“, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ბრძოლა მართლმადიდებლებსა და ლიბერალებს შორის მართლაც მიმდინარეობს. ეს კლიშე, ერთგვარად, განეიტრალებულია რეპორტაჟის ტექსტში, ფრაზით - „...აგინებდნენ და უყვიროდნენ ე.წ. ქრისტინობის დამცველები ე.წ. ლიბერალებს“, - თუმცა, სათაურში გაპარული შეცდომის დამაბალანსებლად იგი მაინც ვერ ჩაითვლება.
მეორე კლიშე, რომელსაც ამ რეპორტაჟში ვხვდებით და, ასევე, მინდა, შევეხო, ერთ-ერთი რესპოდენტის სიტყვებითაა მოტანილი: „რუსული ძალებით იმართება ყველაფერი, ებრძვიან ქართულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მათ შორის უნივერსიტეტებსაც“, - ამბობს იგი, რაც ლიბერალიზმისა და, როგორც ჩანს, ყოველგვარი რუსულის დაპირისპირებას გულისხმობს. ამ თვალსაზრისით საინტერესოა კიდევ ერთი მასალა, რომლის წაკითხვა „ლიბერალის“ 30-ე ნომერშია შესაძლებელი, სათაურით - „მოძრაობა „წინ“.
„მოძრაობა „წინ“ ახალგაზრდული მოძრაობის შესახებ მოგვითხრობს და კითხვები მის მიმართ არ გაჩნდებოდა, რომ არა ერთი აბზაცი. ავტორი წერს: „მიუხედავად დიდი იდეოლოგიური მსგავსებისა, ახალგაზრდული მოძრაობის „წინ“ წევრები უარყოფენ რაიმე სახის კავშირს რუსულ ფაშისტურ იდეოლოგ ალექსანდრე დუგინთან, რომელმაც ევრაზისტული დოქტრინა შეიმუშავა და ერთიანი ევრაზიის იდეა წარმოადგინა, რომელშიც დომინანტი სახელმწიფო რუსეთია, საქართველო და უკრაინა კი - მისი ნაწილები.“
მასალაში არსადაა საუბარი იმაზე, თუ რა კონკრეტული მსგავსება დაინახა ავტორმა „წინ“-ისა და დუგინის იდეოლოგიას შორის; რა კავშირშია „დომინანტი რუსეთისა და მისი ნაწილი საქართველოსა და უკრაინის“ იდეა ამ ახალგაზრდულ მოძრაობასთან. შესაბამისად, რჩება შთაბეჭდილება, რომ დუგინის დასახელება საჭირო გახდა „წინ“-სა და რუსეთს შორის კავშირის შესაკვრელად. მოძრაობა „წინ“დღეს „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრია, „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ უკან კი დგას მალხაზ გულაშვილი, რომლის დამოკიდებულება რუსეთისადმი უკვე მარგინალიზებული თემაა.
კლიშე - რაც ლიბერალური არ არის, ე.ი. რუსულია - ქართულ მედიას თანდათან შემოეპარა. ეს ერთგვარი ტრანსფორმირებული სახეა დღეს დამკვიდრებული შტამპისა - „რუსეთის აგენტი“. ამგვარი შტამპები და კლიშეები ზღუდავს აზროვნებას, ფიქრის, მსჯელობის არეალს, შესაბამისად, ჟურნალისტის მიზანი არ უნდა იყოს საკითხის ასე „გამარტივება“. თუ გვაქვს ფაქტი, რომელიც ჩვენ დასკვნას დაადასტურებს, მოვიტანოთ, თუ არა - დასკვნას მხოლოდ საკუთარი შეხედულების საფუძველზე ნუ გავაკეთებთ. ეს არასესიოზულია.
ილიას უნივერსიტეტის წინ და ტელეკომპანია „კავკასიაში“ მაისში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრს მისცა ბიძგი, რელიგიის შესახებ კიდევ ერთხელ ემსჯელა, თუმცა, განსაკუთრებით საინტერესო, ამ თვალსაზრისით, აღმოჩნდა „ლიბერალის“ იმავე ნომერში დაბეჭდილი მასალა - „ხელისუფლება და ეკლესია არჩევანის წინაშე“ (იმიტომაც, რომ ჟურნალი „ლიბერალი“ ქართულ მედიაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალანსებულ გამოცემად მიიჩნევა). სამწუხაროდ, მასალა სავსეა საზოგადოების დიდი ნაწილის შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით. მაგალითად:
„ქართველი ხალხი მიტინგებზე ნასწავლმა რელიგიურობამ და მასობრივი ლოცვების გამოცდილებამ იმ ელექტორატად ჩამოაყალიბა, რომელიც ნებისმიერ უღირსს მისცემს ხმას, თუკი ის მთავარ ლოზუნგად მართლმადიდებლობისა და ქართული ტრადიციების დაცვას გაიხდის“, - ეს მხოლოდ ავტორის შეხედულებაზე დაფუძნებული დასკვნაა, ვარაუდი, რომელიც, შეიძლება, არც გამართლდეს, არადა, მას გვაწვდიან, როგორც ჭეშმარიტებას;
„ჩვენ მოქალაქეებს პროტესტი მაშინაც კი არ უჩნდებათ, როცა გამდიდრებულ, უცხოურ ჯიპებზე შემომსხდარ უბირ სასულიერო პირებს უსმენენ, რომლებიც მხოლოდ მორჩილებასა და ქართული ტრადიციების ერთგულებას ქადაგებენ“, - ზოგადი ფრაზები, რომელიც, კონკრეტიკის გარეშე (რომელი „უბირი“ სასულიერო პირები? რომელი „ქართული ტრადიციების“? სად და როდის?), მხოლოდ ავტორის გაღიზიანებას აჩვენებს;
„აქცენტი მხოლოდ გარეგნულ, ზედაპირულ მხარეზე კეთდება - ქალი შარვლით ეკლესიაში ვერ შევა, მარხვის დროს კი სუპერმარკეტები სამარხვო ტორტებითა და ნაყინებით ივსება“, - აბზაცს თუ მივყვებით, პრეტენზია გამოითქმის ეკლესიის მისამართით, რომელიც, ავტორის სიტყვებით, „მრევლს ფსევდორელიგიურობის გარდა, ვერაფერს სთავაზობს“, მაგრამ გაუგებარია, რა კავშირია ეკლესიაში შარვლით შესვლასა და სუპერმარკეტების სამარხვო ტორტებითა და ნაყინებით ავსებას შორის.
ეს ის ბეწვის ხიდია, რომელიც ლიბერალიზმსა და ლიბერალიზმის შესახებ წარმოდგენას შორის გადის - შენი ფასეულობების ქადაგებისას არ შეურაცხყო სხვისი ფასეულობები. თუნდაც, შენთვის მიუღებელი. ამ კუთხით კიდევ ერთ ციტატას განვიხილავ: „სკოლებსა და საავადმყოფოებში, პარლამენტში და მთავრობის წევრების კაბინეტებში ლენინის კუთხეები ხატების კუთხეებით შეიცვალა“. ვისაც როგორ უნდა, ისე შეავსებს თავისუფალ კუთხეს - ასე უფრო ლიბერალური უნდა იყოს, მაგრამ მთავარი აქ უფრო კავშირი ჩანს, რომელიც ავტორს უნდა დაგვანახოს - ლენინის კუთხის ხატების კუთხედ ტრანსფორმირება. კარგ ასოციაციას ეს, რა თქმა უნდა, არ გამოიწვევს.
ყველაზე რთული ჟურნალისტიკაში ობიექტურობის შენარჩუნებაა. თეორიულად, იცი, რომ არავის და არაფრის გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცე, რომ საკუთარმა შეხედულებებმა ტენდენციური არ უნდა გაგხადოს, რომ შენი საქმე ფაქტებისა და მოვლენების სწორად დალაგება და მათი მიუკერძოებელი ანალიზია. ყველაფერი ეს კარგად იცი, მაგრამ ყოველთვის ვერ ახერხებ იყო მხოლოდ მაყურებელი, პირუთვნელი შემფასებელი. ჟურნალისტური პროფესიონალიზმის ზღვარიც აქ გადის - შენ შესაძლებლობაზე დარჩე „სხვა“ მაშინაც კი, როცა საქმე შენთვის ყველაზე პირად, ყველაზე მტკივნეულ საკითხს ეხება, იყო ობიექტური გამტარი ამბისა, რომელიც საზოგადოებამდე შენი - ჟურნალისტის საშუალებით მიდის.
http://www.media.ge/ka/node/38207
მშრალი ანალიზი ისტორიისთვის
ჟურნალისტიკის ერთ-ერთი მთავარი თვისება ისაა, რომ ისტორიას ქმნის. პირველად ეს მაშინ გავაცნობიერე, როცა, მეორეკურსელი, საჯარო ბიბლიოთეკაში ძველ „ივერიას“ ვფურცლავდი და ვგრძნობდი, როგორ ცოცხლდებოდა ჩემ თვალწინ მე-19 საუკუნის მიწურულს, ჩემ მშობლიურ ქალაქში, ქუთაისში, ჩემი თვალით უნახავი წინაპრის, ივანე ჯაიანის სახლში გამართული მეჯლისი. წარმოუდგენელი შეგრძნება იყო, თუმცა, გაზეთში დაბეჭდილმა სხვა ამბებმაც არანაკლები ემოცია შემიქმნა. მაშინდელ საქართველოში ვიყავი.
ამოგზაურებს თუ არა დღევანდელ საქართველოში XXII საუკუნის ქართველს თანამედროვე მედია? რამდენად ახლო იქნება ეს მოგზაურობა რეალობასთან? შეძლებს სრული სურათის დახატვას, მაგალითად, ორი საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ყოველკვირეული ჟურნალი, რომელიც ტაბლოიდი არ არის? ვნახოთ, როგორი საქართველოს დანახვა შეიძლება, ვთქვათ, 28 ივნისი - 4 ივლისის „ლიბერალსა“ და „ტაბულაში“. სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველკვირეულ გამოცემებში გასული კვირის ყველა მოვლენა ვერ ხვდება, მაგრამ ამ ტიპის მედიას აქვს შესაძლებლობა, შეარჩიოს და სიღრმისეულად განიხილოს საკითხები.
იმ კვირაში, როცა ეს ჟურნალები გამოსაცემად მზადდებოდა, მედია საშუალებებში, სხვადასხვა დოზით, მიმოიხილებოდა შემდეგი ამბები: პრეზიდენტის ვიზიტი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, პარლამენტის თავმჯდომარისა - ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრისა - გერმანიაში, ირაკლი ალასანიასი - ვაშინგტონში; აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოსალოდნელი ვიზიტი საქართველოში, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობა; ობამასა და მედვედევის შეხვედრა, სოხუმისა და ცხინვალის "დროებითი“ გასვლა ჟენევის მოლაპარაკებებიდან, აფხაზეთში განლაგებული რუსული ძალების წვრთნები, ჰააგის სასამართლოს პროკურატურის წარმომადგენლების ჩამოსვლა თბილისში; საკადრო ცვლილებები მთავრობაში, ახალი საგადასახადო კოდექსი და მოსალოდნელი გაძვირებები; კაპრალის მკვლელობა შეიარაღებულ ძალებში, შეიარაღებული ძალების ვეტერანის მიერ რუსეთის ხელისუფლებისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა; უსახლ-კარო ოჯახის დაბანაკება თბილისის მერიასთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში; გლდანის ხიდის ჩამონგრევა, გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის აღება.
ეს უკანასკნელი მოვლენა ორივე ჟურნალის ყურადღების არეალში აღმოჩნდა, თუმცა უფრო საინტერესო გამოცემების მთლიანი შინაარსია. „ლიბერალი“ 48-გერდიანია, „ტაბულა“ – 72-იანი. განსახილველ ნომრებში, „ლიბერალი“ 8 „ნიუსიდან“ 6-ს უშუალოდ საქართველოს თემაზე აქვეყნებს, „ტაბულა“, 18 „ნიუსიდან“ – 5-ს. „ლიბერალი“ ბეჭდავს 18 მასალას, აქედან 13 უშუალოდ საქართველოს ეხება. „ტაბულაში“ 33 მასალის წაკითხვაა შესაძლებელი და აქედან 18 საქართველოზეა. სტალინის ძეგლის მოხსნის გარდა, ამ ნომრებში ორივე ჟურნალი დაინტერესდა ტრამპისა და საქართველოს შესაძელო დაახლოებით და საგადასახადო კოდექსით, რომლის მოსალოდნელი ცვლილებებიც მედიაში ფართო განსჯის საგანი გახდა.
ორივე ჟურნალში შეიძლება ამოიკითხოთ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, კახა ბენდუქიძის შეხედულებები საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით, ერთგან - სვეტის („ტაბულა“), მეორეგან - ინტერვიუს სახით („ლიბერალი“). „ტაბულა“ ლარის ინფლაციის მორალური ასპექტებითაც დაინტერესდა. რაც შეეხება პოლიტიკას, ჟენევის მოლაპარაკებებიდან სოხუმისა და ცხინვალის დროებით გასვლას (და, ზოგადად, მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში) „ტაბულამ“ საგარეო საქმეთა მინისტრ გიგა ბოკერიასთან ვრცელი ინტერვიუ მიუძღვნა, „ლიბერალმა“ - მოკლე ინფორმაცია. თუმცა, „ლიბერალი“ აფხაზეთის თემას, უფრო სწორად, ბაღაფშის ანტიკორუფციულ მიზნებს, ცალკე მასალით გამოეხმაურა.
პოლიტიკური ასპექტებიდან, „ლიბერალისთვის“, ასევე, საინტერესო აღმოჩნდა: მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები, ახალგაზრდობის სამინისტროს შესაძლებელი შექმნა, ქართული მემარცხენე პოლიტიკური პარტიები; „ტაბუალასათვის“ - სიტყვა „ოკუპაციის“ აშშ-სეული გამოყენება, იგივე სამთავრობო ცვლილებები, Frankfurter Rundshau-ს მიერ მომზადებული ცნობილი წერილის („ქართული მაფია გადატრიალებას გეგმავდა“) ვრცელი ანალიზი. გარდა ამისა, „ტაბულა“ ვრცლად გვიყვება: პოლონეთის მოსალოდნელ არჩევნებზე, ავღანეთში ამერიკისა და ნატო-ს ჯარების გენერლის ცვლილებაზე, კოლუმბიაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ევროპის ბოლოდროინდელ არჩევნებზე, ვითარებაზე შუა აზიაში (დევიდ ა. სმიტის სვეტი).
„ლიბერალში“ უცხოეთი უფრო ახლოა. „მეზობლები“ - ასე ეწოდება რუბრიკას, რომელიც გვიყვება ზაპოროჟიეზე, სადაც წელს, გაზაფხულზე სტალინის ძეგლი დადგეს და ჩეჩნეთზე, რომელიც რამზან კადიროვის „კულტურულ ტერორს“ განიცდის. ამ უკანასკნელს, თურმე, არ ეზარება და მომღერლებს უთითებს, რა ჩაიცვან და რა იმღერონ, მხატვრებს - რომელ მიმართულებას მისდიონ, არქიტექტორებს - რა ტიპის შენობები ააშენონ და პირადად ამტკიცებს კიდეც მათ პროექტებს.
ზოგადად, პოლიტიკა და ეკონომიკა ის სფეროებია, რომელსაც მედია რეგულარულად უთმობს ადგილს, მაგრამ საზოგადოებრივი თემატიკა, უფრო ზუსტად - სოციალური საკითხები ბევრი მედია საშუალების ყურადღების მიღმა რჩება. ეს, რბილად რომ ვთქვათ, სამართლიანი არ არის. პოლიტიკა, ეკონომიკა, საერთაშოროსო ურთიერთობები, ნორმალურ ქვეყნებში, იმისთვის ვითარდება, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეები დაკმაყოფილებულები იყვნენ. სხვაგვარად სახელმწიფოები არ შენდება. შესაბამისად, პრობლემები, რომელიც საქართველოს ამ კუთხით აქვს, მედიას უნდა აინტერესებდეს.
სწორედ ამ კუთხით, „ლიბერალი“ დააინტერესა: წყალდიდობამ თბილისში, საბჭოთა წარსულთან ჩვენმა ურთიერთობამ, საფრთხემ, რომელიც, შეიძლება, სკოლების ავტონომიას დაემუქროს, მედიცინისა და რელიგიის გადაკვეთის წერტილებმა, ოპერისა და ბალეტის თეატრის რეკონსტრუქციამ. გარდა ამისა, ჟურნალი გვთავაზობს ჟურნალისტურ გამოძიებას - „საქართველოს ნარკოტიკული რესპუბლიკა“.
„ტაბულას“ ფოკუსში კი, მოხვდა: აბორტი და სავალალო ქართული სტატისტიკა, ქართული საბალეტო დასი - Jacob’s Pillow-ს ფესტივალზე, „ლიტერატურული მკითხაობა“ „საბას“ ფარგლებში, სახელმძღვანელოების ბაზარი (ბაკურ სულაკაურის სვეტი), სექს-შოპი, რომელიც არ გვაქვს (ზაზა ბურჭულაძის სვეტი), კემბრიჯის უნივერსიტეტში განხორციელებული ვეგეტატიური მდგომარეობის კვლევა, სექსუალური სკანდალი ალბანეთის კულტურის მინისტრის ირგვლივ, ფრანგი კანიბალი ნიკოლას კოლეინი და შვედი ოჯახი, რომელიც ორწლინახევრის შვილის სქესს მალავს, თანაბრად აცმევს მას ორივე სქესისთვის განკუთვნილ სამოსს და აცხადებს, რომ ყველაფერი ეს ბავშვის თავისუფლებისთვის კეთდება.
ექვსი გვერდი უჭირავს „ტაბულაში“ სპორტს, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისა და არა მარტო მისი გავლენით - სულ უცხოურს (ასეთივე ორი - „ლიბერალში“). „ტაბულა“ გვთავაზობს მსოფლიო მოდის ტენდენციებსაც, ჯექსონის „მარადიულ ტრილერს“ და ყველაფერი ეს, რაღაცნაირად, აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ რეალური საქართველოს დიდი ნაწილი ამ ჟურნალს (ყოველ შემთხვევაში, მის ამ ნომერს) გამორჩა. სხგვარად, შეიძლება, ასე ითქვას: „ტაბულამ“ შემოგვთავაზა ერთგვარი „ხედი ზემოდან“ და ადამიანების სათქმელისთვის არ დაიხარჯა; ჟურნალი, ამ ნომრით, ქმნის ისტორიას, რომელშიც ყველასთვის ადგილი არ არის.
„ლიბერალი“, თითქოს, ცდილობს, მოიცვას ყველაფერი, შიგნიდან დაგვანახოს ამბები, თანაც - სრულფასოვნად, მაგრამ ჟურნალის განხილული ნომერი ცოტა ეკლექტურად გამოიყურება. მას არ აქვს ხერხემალი, ხაზი, რომელიც შიგთავსს მხოლოდ ქუდის ქვეშ არ გააერთიანებდა. „ტაბულაში“ ეს ხერხემალი ძლიერია, ზედმეტადაც კი და ერთგვარი იდეოლოგიური იარაღის სახეს იღებს. რაც ამ გამოცემებს, თუ შეიძლება, ასე ითქვას, აერთიანებს, რელიგიაა. ერთიც და მეორეც სიამოვნებით ეწევა მის კრიტიკას.
მშრალი ანალიზის ბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ ის, რასაც ამ ორი ჟურნალის ორი ნომერი XXII საუკუნის ქართველს შესთავაზებს, სხვადასხვა (ინტერესებისა და პრობლემების მქონე) საქართველოს ამბავია.
http://www.media.ge/ka/node/38056
http://www.media.ge/ka/node/38056
Подписаться на:
Комментарии (Atom)