четверг, 12 августа 2010 г.

მეტი, ვიდრე პირადი

ორი წლის წინათ, ქალთა კოლონიაში, 8 ქალი სასჯელს ქმრის მკვლელობისთვის იხდიდა.


“ისინი სასჯელს იხდიდნენ იმის გამო, რომ მოძალადე ქმრები მოკლეს,” – ამბობს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცენტრის ფსიქოლოგი, მანანა სოლოღაშვილი, - “ერთმა მათგანმა არმატურა გაუყარა ქმარს, მისი ძალადობისგან თავი რომ დაეცვა. ყოფილა შემთხვევები, ვეღარ გაგვირჩევია, რომელი იყო მსხვერპლი და რომელი - მოძალადე. მსხვერპლი, ფსიქოლოგიურად, ზოგჯერ ისე აღიჭურვება, რომ თავად ახდენს ძალადობის პროვოცირებას. ასეთი ცუდი თვისება აქვს ძალადობას – დროთა განმავლობაში, მსხვერპლი თვითონ ხდება მოძალადე. ცალკე თემაა ბავშვები, რომლებიც, ოჯახური ძალადობის შემყურე, განსაკუთრებით ზარალდებიან.”

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ჩატარებული ეროვნული კვლევის მონაცემებით (“ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ”, 2009 წელი), 5-დან 12 წლამდე ბავშვებში, ძალადობის გავლენის შედეგად, ყველაზე მეტად გავრცელებული ქცევითი მოდელებია: სიმორცხვე, საკუთარ თავში ჩაკეტილობა - 19.6%; კოშმარები - 10.4%; აგრესიულობა და-ძმის ან სხვა ბავშვების მიმართ - 7.2%; ღამის ენურეზი (ღამით შარდის შეუკავებლობა) - 5%, რომლის მაჩვენებელი გაცილებით მეტია ზოგადად დადგენილ პროცენტულ მაჩვენებელზე.

მაია კალანდარიშვილის (სახელი და გვარი შეცვლილია) სამივე შვილს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. 11, 9 და 6 წლის ბავშვები წლების განმავლობაში უყურებდნენ, როგორ შეურაცხყოფდა მამა დედას, როგორ სცემდა დალურჯებამდე, დანას როგორ უყრიდა და როგორ კეტავდა მერე, ასეთ მდგომარეობაში მყოფი არავის რომ არ ენახა. “მეცოდება იმ გამო, რომ ასეთია, მაგრამ ვერ ვაპატიებ, მე, ჩემ შვილებს ასე რომ გაგვიფუჭა ცხოვრება,” – ამბობს მაია, – “ამის უფლება არავის უნდა მისცე.”

ეროვნული კვლევის შედეგები

ძალადობად, მიღებული განმარტებით, განიხილება ნებისმიერი ქცევა ინტიმურ პარტნიორებს შორის, რომლის დროსაც ერთი მათგანი ცდილობს მეორის კონტროლს. ოჯახური შეურაცხყოფა, რომელიც მოიცავს ფიზიკურ შეურაცხყოფას, იწოდება ოჯახურ ძალადობად. გაეროს მოსახლეობის ფონდმა, 2009 წელს, საქართველოში ჩაატარა ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ კვლევა, რომელშიც 15-დან 49 წლამდე 2 385 ქალი მონაწილეობდა. კვლევის ძირითადი შედეგები ასეთია:

ყოველი მე-18/20 ქალი, ამბობს, რომ ქმარს ისინი დაუმცირებია სხვა ადამიანების წინაშე ან გამიზნულად შეუშინებია; ყოველი 28/29-ე ქალი, აღნიშნავს, რომ ქმართან არა ერთხელ ჰქონდა სქესობრივი კავშირი საკუთარი სურვილის წინააღმდეგ; ყოველი მეასე ქალი ფიქრობს, რომ მეუღლემ აიძულა ისეთი სქესობრივი ქმედების ჩადენა, რაც მისთვის დამამცირებელი იყო; ყოველი 24-ე ქალი, ვისაც ჰყავს მეუღლე/პარტნიორი აცხადებს, რომ ამ უკანასკნელს მისთვის ფიზიკური ზიანი მიუყენებია; ყოველი მეოცე ქალის გონებრივ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მოუხდენია გავლენა ქმრის/პარტნიორის ქცევას. ქმრის/პარტნიორის ძალადობრივი ქმედებების გავლენის შედეგად, ქალთა ერთ მეექვსედს ხელი ეშლება სამუშაოში. ქალთა საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობა უფრო მეტად ფსიქოლოგიურ ზიანზე საუბრობს, მეუღლის/ქმრის ძალადობა მათში საკუთარი თავის რწმენისა და კონცენტრაციის უნარების დაქვეითებას იწვევს.

ყოველი 100 ქალიდან, რომლებიც ოდესმე ყოფილან ფეხმძიმედ, ორი ან სამი ქალი ამბობს, რომ ფეხმძიმობის პერიოდში ქმრის/პარტნიორის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ყოფილა. ამ ქალთა თითქმის ერთი მესამედი ამგვარი ფაქტების არსებობას ორ ან მეტჯერ ადასტურებს. მეუღლის მხრიდან, ფეხმძიმობის პერიოდში ძალადობის მსხვერპლ ქალთა ერთ მეხუთედზე მეტი, აცხადებს, რომ მათ დაარტყეს/ხელი ჰკრეს მუცელზე. რესპონდენტთა უმრავლესობის მიხედვით, პირი, რომელსაც ასეთი ძალადობა აქვს ჩადენილი, მათი შვილის მამაა. ფეხმძიმობისას ძალადობის მსხვერპლ ქალთა დიდი უმრავლესობა მოძალადესთან ცხოვრობდა ძალადობის პერიოდში. ფეხმძიმობისას ძალადობის მსხვერპლ ქალთა დიდ უმრავლესობას მსგავსი გამოცდილება ფეხმძიმობამდეც ჰქონდა.

ყველაზე ფართოდ გავრცელებული კონტროლის ფორმა, კვლევის მიხედვით, ,,თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვაა”. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ადგილისა და განათლების დონის პარამეტრების მიხედვით, უფრო მეტი თბილისის მცხოვრები, არასრული განათლების მქონე ქალი აღმოჩნდა ძალადობის მსხვერპლი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ძალადობის მიმართ ქალების დამოკიდებულებაა. კვლევის მიხედვით, ქალების ერთი მესამედი ამართლებს ძალადობას, იმ შემთხვევაში თუკი ქმარი ,,გაიგებს, რომ ცოლი ღალატობს”; ყოველი მე-15 ქალი ქმრის მიერ ცოლის ცემის ფაქტს ამართლებს იმ შემთხვევაში, თუკი ქმარი ეჭვიანია; ყოველი მე-18 ქალი - თუკი ცოლი არ უჯერებს ქმარს.

ასე, საქართველოში გამოკითხული ქალების 6,9% ფიქრობს. საქართველო, ამ თვალსაზრისით, გამონაკლისი არ არის. სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევების მიხედვით, ქმრებისგან ცემას დასაშვებად მიიჩნევენ ქალები – ტაჯკეთში (74,4%), სომხეთში (22,1%), ყაზახეთში (10,4%), უკრაინაში (3,5%), იორდაიაში (90%), ეთიოპიაში (81%) სომალიში, (75,5%), მალიში (75,2%), უგანდაში (70,2%), ვიეტნამში (63,8%), ერაყში (59,1%), ინდოეთში (54,4%), რუანდაში (48%), ჰაიტიში (29%), ნეპალში (23,2%), ჰონდურასში (15,5%), სერბეთში (6,2%).

ამ წესით მცხოვრებ ოჯახებში ბავშვები იზრდებიან. გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის მონაწილე რეპროდუქციული ასაკის ქალების უმრავლესობა (68%) ქორწინებაში იმყოფება, დაახლოებით 5% - ქვრივი ან განქორწინებულია. შესაბამისად, მათ შვილებს მშობლებისგან „საჩუქრად“ მიღებული აქვთ ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმები, სტრესი, დაავადებები, რომლებიც ზემოთ იყო ჩამოთვლილი. ყველაფერი ეს კი, საზოგადოებაში მათი სრულყოფილი ინტეგრაციის მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია.

გზა მსხვერპლიდან მოძალადემდე

მაია კალანდარიშვილი ამბობს, რომ გათხოვებამდე ქმრისთვის განსაკუთრებული არაფერი შეუმჩნევია, - „ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. მერე ომში მიიღო მონაწილეობა, ყველანაირ ომში იყო და, ამის შემდეგ აერია გუნება. თავიდან აკრძალვები დაიწყო. მითითებდა, სად უნდა წავსულიყავი და სად - არა. დაწესებული მქონდა დრო, როცა სახლში უნდა დავბრუნებულიყავი. თუ გადავაცილებდი, ჯერ მეჩხუბებოდა, მერე - მცემდა. ჩემი დედამთილიც ცდილობდა ჩვენ დაპირისპირებას. ყველანაირად ჩემ საწინააღმდეგოდ განაწყობდა. როცა ქმარი სადმე მიშვებდა, ჩემი დედამთილი ეუბნებოდა, - შეამოწმე, მართლა იქ მიდის, მგონი, გღალატობსო.

როგორც გავარკვიე, ჩემ დედამთილს თავად ჰქონდა ოჯახში პრობლემები. ის და მისი მეუღლე ძალით დააქორწინეს. ერთსაც და მეორესაც სხვები უყვარდათ. ბოლომდე ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს. წლების განმავლობაში, ძალიან ჩხუბობდნენ ოჯახში. მამამთილი ჩემი თანდასწრებითაც დამუქრებია ფიზიკური ანგარიშსწორებით. ჩემი დედამთილი არ აღიარებდა, მაგრამ მეზობლებს უთქვამთ, გვინახავს, როგორ სცემდაო. ჩემი ქმარი მაშინ პატარა იყო. ახლა დედამისთანაც დაძაბული ურთიერთობა აქვს. ყოფილა შემთხვევები, უჩხუბიათ და ჩემი ქმარი ყელში წვდომია, დაგახრჩობო.“

ფსიქოლოგი მანანა სოლოღაშვილი განმარტავს, რომ ეს ძალადობის ტიპური, ციკლური პროცესია, მსხვერპლის მოძალადედ ტრანსფორმირება, - „ძალადობა შვებს ძალადობას, ეს უკვე კარგად ცნობილი ამბავია. მსხვერპლი, რომელიც წლების ძალადობის ქვეშ ცხოვრობს, შემდეგ, ეძებს მასზე სუსტს, რომ უკვე თავად განახორციელოს მასზე ძალადობა. ამიტომ არ შეიძლება ძალადობის მოთმენა, მასთან შეგუება. რეცეპტი, რა თქმა უნდა არ არსებობს, მაგრამ არის ნიშნები, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ.

მოძალადისთვის დამახასიათებელია ძალაუფლება და კონტროლი. თუკი ადამიანი არ ითვალისწინებს შენ შეხედულებებს, დამოკიდებულებებს, სურვილებს და, მაგალითად, სიურპრიზებს მხოლოდ მაშინ გიკეთებს, როცა თვითონ უნდა და მხოლოდ ისეთს, როგორიც თავად უნდა, ე.ი. ძალადობისკენ აქვს მიდრეკილება. მოძალადისთვის დამახასიათებელია პარტნიორის სრული იგნორირება. ყველაფერი, ერთი შეხედვით, წვრილმანი აკრძალვებით იწყება და მსხვერპლის იზოლირებით მთავრდება.“

,,მარტოხელა ქალი იმდენად ცოდოა, რომ, თუ ქმარი ძალიან არ გცემს, ჯობია, მასთან და მის ოჯახთან დარჩე. გარდა ამისა, განქორწინებულ ქალს ყოველთვის გარკვეული სტიგმა დასდევს საზოგადოებაში,” - ასეთი რამ, გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევისას ითქვა, ერთ-ერთ ფოკუს-ჯგუფში, სადაც თბილისში მცხოვრები 35-59 წლის ქალები იყვნენ. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ძალადობის მსხვერპლს მოძალადის გვერდით დარჩენას აიძულებს.

„რამდენჯერმე ვცადე წამოსვლა, თვითმკვლელობამდე ვიყავი მისული, ისეთ მდგომარეობაში მაგდებდა, ადამიანს აღარ ვგავდი, მორალურად ისე მამტვრევდა, თუმცა, ყოველთვის უკან ვბრუნდებოდი. რით უნდა გაზარდო სამი შვილიო, ჩემები მეუბნებოდნენ,“ - ყვება მაია კალანდარიშვილი, - „ქმარი მუშაობის საშუალებას არ მაძლევდა, არანაირი შემოსავალი მე არ მქონდა, ან სახლი რომ მექირავა, ან საჭმელი მეშოვნა შვილებისთვის. დახმარებით ვერავინ მეხმარებოდა. რამდენჯერ პოლიციაში მივედი, მაგრამ - რა? ცოლ-ქმრის ჩხუბში არ ვერევითო. ამიტომ ვბრუნდებოდი უკან. თავშესაფარში ყოფნამ ამომასუნთქა. ტელევიზორით გავიგე ცენტრის არსებობა და მოვედი.ამათ შეძლეს ჩემი ქმრის დაშოშმინებაც. როცა აუხსნეს, თუკი ასე გააგრძელებ, დაისჯები და ცოლ-შვილსაც დაკარგავო, ძალადობა შეწყვიტა. უკვე ორი წელია, ასეა.“

კანონმდებლობის შეზღუდულ შესაძლებლობებს ადასტურებს ისიც, რაზეც, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში, პოლიციელებმა ილაპარაკეს: „ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც ამ სფეროშია ჩართული (სასამართლოშიც კი), იცის, რომ ჩვენ ქმედებებს აზრი არ აქვს. ჩვენ უბრალოდ მივდივართ და ველოდებით, სანამ სიტუაცია დაწყნარდება. ვიცით, რომ უაზრობაა, შეგიძლია წაიყვანო ადვოკატთან და ის გამოსცემს ორდერს, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვება. მივდივართ, ვაწყნარებთ და მერე ისევ გვირეკავენ. ასე დავდივართ წინ და უკან, ვიდრე ჩვენი ცვლა არ შეიცვლება” (პოლიციელი, თბილისი)“.

ე.წ. შემაკავებელი ორდერი, რომელმაც, იდეაში, ძალადობა უნდა შეაჩეროს, ოჯახური ძალადობის შესახებ კანონის ფარგლებში გაიცემა. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცენტრში აღნიშნავენ, რომ არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურები ახლა კანონის დახვეწაზე მუშაობენ. სავარაუდოდ, დაისმება შესაბამისი სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნისა და თავშესაფრების რაოდენობის გაზრდის საკითხიც. დღეს საქართველოში სახელმწიფოს მიერ შექმნილი ერთი და არასამთავრობო სექტორის მიერ ამოქმედებული სამი ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი არსებობს.

„მსურველი ბევრია, მაგრამ ჩევნი შესაძლებლობები შეზღუდულია,“ - ამბობს მანანა სოლოღაშვილი, - „უცხოეთში მოძალადეებისთვისაც კი აქვთ თავშესაფრები. ჩვენი კანონით კი, მსხვერპლის იზოლაცია უნდა მოხდეს. მოძალადე ისევ იმ გარემოში რჩება, რომელშიც იყო, მერე, თუკი სხვა გამოსავალს ვერ ხედავს, მსხვერპლიც იგივე გარემოში ბრუნდება. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესი კი, როცა გარემო არ იცვლება, ძალიან ნელა მიდის. დახმარება ორივე მხარეს სჭირდება. საკუთარ თავთან ჰარმონიაში მყოფი ადამიანი არასოდეს ძალადობს სხვაზე, მით უმეტეს - სუსტზე და მით უმეტეს - ქალზე. ამას მხოლოდ არასრულფასოვნების კომპლექსის მქონე, ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი, ზღვარგადასულად ეჭვიანი ადამიანი თუ გააკეთებს.“

ზოგადი სტატისტიკა იმისა, თუ რამდენი ქალი გადის რეაბილიტაციის კურს თავშესაფრებში, არ არსებობს. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცენტრის თავშესაფარში ასეთი დღეს 17-ია. ძალადობის მსხვერპლთ არ ეადვილებათ თავიანთ პრობლემებთან ბრძოლა. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ რაიმეს შევცლის, ვისიმე მხრიდან დახმარების იმედი არ აქვთ. მაია კალანდარიშვილი ამბობს, რომ ეს არასწორია, - „ახლა ვიცი, რომ პირველივე შემთხვევისას უნდა შემეჩერებინა, არ უნდა მიმეცა ჩემი დათრგუნვის, ჩემი შვილებისთვის ცხოვრების დანგრევის უფლება.“

„არასდროს იფიქროთ, რომ დაიმსახურეთ დასჯა, ყველას აქვს შეცდომის უფლება,“ - ამბობს ფსიქოლოგი მანანა სოლოღაშვილი, - „ძალადობა არ უნდა მოითმინო, თორემ იგი ძალიან შორს წავა.“

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქალების ნაწილი მიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა არის პირადული საკითხი და დაუშვებელია მასში კანონის ჩარევა (30.7%).

როცა პრობლემა ორი ადამიანის ურთიერთობას სცილდება, როცა საქმეში ბავშვები ერთვებიან, ყველაფერი, ალბათ, გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ პირადი.

http://www.presa.ge/index.php?text=news&i=12659

среда, 11 августа 2010 г.

თანხმობა თანამედროვე მონობაზე

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, იძულებით შრომისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა ჯიბეებიდან, “დამსაქმებლები”, ყოველწლიურად, 20 მილიარდ დოლარს ითვისებენ.

მოხსენება სახელწოდებით “იძულების ფასი”, რომელშიც ამაზეა საუბარი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ხუან სომავიამ 2009 წლის გაზაფხულზე გააკეთა. როგორც საქართველოს პროფესიულ კავშირებში ამბობენ, ამ 20 მილიარდში ქართველების წილიცაა. პროფკავშირების მიერ 2008 წლის შემოდგომაზე ჩატარებული კვლევით, საქართველოში 157 000 სამუშაო ადგილი იყო, დასაქმებულად კი, გაცილებით ნაკლები ითვლებოდა, რადგან ადამიანების უმრავლესობა დღეში 8 საათზე მეტს ამუშავებდნენ, თანაც – შესაბამისი ანაზღაურების გარეშე.

თანხმობა მონობაზე - მიზეზები

საქართველოში, მოსახლეობის ბოლო, საყოველთაო აღწერის მიხედვით, 4,371,535 ადამიანი - 1,174,275 ოჯახია. აქედან 1,798,135 ადამიანი - 548,907 ოჯახი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2010 წლის ივლისის მონაცემებით, სოციალურად დაუცველთა შემწეობის მიღებას ითხოვდა (შესაბამისი ოფიციალური რეგისტრაცია ჰქონდა გავლილი). შემწეობის მიმღები, იმავე მონაცემებით, 442,776 ადამიანი - 153,295 ოჯახი იყო. ეს, რეგისტრერებული ადამიანების 24,6 და ოჯახების 27,9 პროცენტია; საერთო მოსახლეობის - 10,1 და ოჯახების - 13,1 პროცენტი.

იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველთა შემწეობა დაგენიშნოს, მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი, ამასთან, შენი შემოსავალი (თუკი გაქვს ასეთი), ფაქტობრივად, მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნებისთვის უნდა გყოფნიდეს; არ უნდა ფლობდე ქონებას, რომლის რეალიზებაც შენ მატერიალურ მდგომარეობას უკეთესობისკენ შეცვლიდა და ა.შ. თავად შემწეობაც არ არის იმდენი, რომ პრობლემები მოგიგვაროს (დახმარებების ოდენობა 30 ლარიდან იწყება - ერთწევრიანი ოჯახისთვის, ორწევრიანი – ოჯახი 54 ლარს იღებს, სამწევრიანი – 78-ს, ოთხწევრიანი – 102-ს, ხუთწევრიანი – 126-ს, ექვსწევრიანი – 150-ს, შვიდ და მეტწევრიანი – 174 ლარს და მეტს), თანაც, საკმარისია რაიმე დამატებითი შემოსავალი გაგიჩნდეს, რომ შემწეობას გიხსნიან.

ერთი სიტყვით, ნამდვილად რომ არ უჭირდეს, ადამიანი არც ამ ბაზაში დარეგისტრირდება და არც მომქანცველი პროცედურების გავლას დათანხმდება, საკუთარი ოჯახის შემოწმებისა და პერმანენტული გადამოწმებების ჩათვლით. გამონაკლისი, ბუნებრივია, აქაც იქნება, მაგრამ თანაფარდობა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობასა და სოციალურად დაუცველთა შემწეობის მიმღებთა მსურველებს შორის შთამბეჭდავია - ჩვენი მოქალაქეების 41,1 პროცენტი დახმარებას ითხოვს (1,798,135 რეგისტრირებული 4,371,535 მცხოვრებიდან).

შემწეობის მთხოვნელთა შორის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2010 წლის ივლისის მონაცემებით, 1,070,835 18-დან 65 წლამდე ასაკის ადამიანია. “საქსტატის” ბოლო, 2009 წლის მონაცემებით კი, საქართველოში ეკონომიურად აქტიური, სულ, 1.991,8 ადამიანია.

საქართველოს, დსთ-სა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, უმუშევრობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს – 2009 წლის მონაცემებით, 16,9 პროცენტი (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის დონემ დსთ-სა და ცენტრალურ ევროპაში, ამ პერიოდში, 10 პროცენტი შეადგინა). პარალელურად, საქართველო მაღალი ფასების ერთგვარი ლიდერია ძირითადი მოხმარების საგნებზე - ენერგომატარებლებზე (რაც ფასწარმოქმნის მნიშვნელოვანი შემადგენელია), საწვავსა და კვების პროდუქტებზე.

ბოლო კომპონენტი, დასკვნისთვის, ხელფასიებია. „საქსტატის“ მონაცემებით, 2010 წლის პირველ კვარტალში, ყველაზე დაბალი, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქართველოში (დაქირავებით, სამეწარმეო და არასამეწარმეო სფეროში დასაქმებულთა შორის) განათლების სფეროს მუშაკებს ჰქონდათ - 296,7 ლარი, ყველაზე მაღალი - საფინანსო სფეროს მუშაკებს - 1315,7 ლარი. დავამატოთ ამას სამუშაო ადგილების სიმცირე (და შემცირებები), მზარდი ფასები და ნათელი გახდება, როგორ იკვრება წრე იძულებით შრომის რგვლივ.

თანხმობა მონობაზე - შედეგები

გზების მშენებლობა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სფეროა იმ სფეროთა, სამწუხაროდ, მოკლე ჩამონათვლიდან, რომელიც საქართველოში სიცოცხლე რეალურად იგრძნობა. მასზე დიდი ფულიც იხარჯება. დაფინანსების მასშტაბებით თუ ვიმსჯელებთ, ფინანსური პრობლემები არც გზების მშენებელ კომპანიებს და არც მშენებლობებზე დასაქმებულებს უნდა ჰქონდეთ. თუმცა, ასეც არ არის.

გასული წლის ოქტომბერში, 6,8 და 10 თვის მიუღებელი ხელფასის მოთხოვნით, ქუჩაში გზამშენი11“-ის 73 თანამშრომელი გამოვიდა. მოლაპარაკებებს ორგანიზაციის მენეჯმენტთან დამსაქმებელთან პროფკავშირი აწარმოებდა. დამსაქმებელი დათანხმდა, ეტაპობრივად დაეფარა სახელფასო დავალიანება, თუმცა პირობა არ შეასრულა. შედეგად, მეგზევეებმა შიმშილობა გამოაცხადეს. შიმშილობის მეორე დღეს დამსაქმებელმა ერთი თვის ხელფასი გასცა და დანარჩენი თვეების დავალიანების გასაცემად ორი კვირა მოითხოვა.

წელს, 23 თებერვალს გამართულ პრეს-კონფერენციაზე “გზამშენი 11”-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ზაზა ჭოტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ორგანიზაციას მუშაობა ახალი წლის დღეებშიც არ შეუწყვეტია (მიუხედავად იმისა, რომ დავალიანება გასტუმრებული არ იყო). “31 დეკემბერს ღამე მივედით სახლებში და პურის ფულიც არ გვქონდა,” – თქვა მან, - “თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, შიმშილობას დავიწყებთ. სხვა გზა არა გვაქვს, ისედაც საშიმშილოდ ვართ გაწირულები.” პრობლემა, სრულად, დღემდე არ არის მოგვარებული.

ეს იძულებითი შრომის ტიპული მაგალითია. იძულებითი შრომაა ზეგანაკვეთური შრომა, რომელსაც არ ანაზღაურებენ. ზეგანაკვეთური შრომა მთელ მსოფლიოში განსხვავებული, სახელფასოზე მეტი ტარიფით იხდება, საქართველოში კი მას არავინ ანაზღაურებს. მეტიც, დღეს საქართველოში არ მოქმედებს შრომის ინსპექცია, ან მსგავსი ტიპის სხვა ორგანო, რომელიც ისევე, როგორც ეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ხდება, ამ შრომის პირობებისა და უსაფრთხოების საკითხებით დაკავდებოდა.

შედეგად, ისინი, ვინც სამსახურის შოვნა მოახერხა, დაბალი ხელფასისა თუ ჯანმრთელობისთვის საშიში პირობების მიუხედავად, მუშაობას განაგრძობენ. მახვილაძის სახელობის შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიერ განხორციელებულმა კვნევამ - “პროფესიული დაავადებების პრევენცია და მონიტორინგი”, აჩვენა, რომ დასაქმებულები მუშაობენ მაშინაც კი, როცა ავად არიან.

ინსტიტუტმა ეპიდემიოლოგიური კვლევები ჭიათურის მაღაროთა სამმართველოში, კასპის ცემენტის ქარხანასა და “საქართველოს თამბაქოს” წარმოებაში ჩაატარა. სპეციალური კითხვარების საშუალებით, შესწავლილ იქნა საწარმოთა ჰიგიენური მდგომარეობა, დასაქმებულების ჯანმრთელობა, მათ შორის რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ქიმიური უსაფრთხოება. აღმოჩნდა, რომ ავადობა სუბიექტური ჩივილებით და დოკუმენტაციით, ბევრად უფრო ნაკლები იყო, ვიდრე რეალურმა გამოკვლევებმა აჩვენა, - ადამიანები მალავდნენ, რომ ავად იყვნენ, რადგან სამსახურის დაკარგვის ეშინოდათ.

ნოყიერ ნიადაგს ამგვარი რეალობისთვის ქმნის მოქმედი შრომის კოდექსი, რომელიც არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო ორგანიზაციების მკაცრი კრიტიკის ობიექტი. მოუხედავად ბევრი დაპირებისა, საქართველოს ხელისუფლება მასში ცვლილებების შეტანას არ ჩქარობს. კამათი შრომითი ურთიერთობების მომწყობი მთავარი დოკუმენტის ირგვლივ გრძელდება.

ქვეყანა თუ კოლონია


მოკამათეების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მოქმედი შრომის კოდექსი ბიზნესს გამართავს წელში, მისი მოწინააღმდეგეები კი, კერძო საკუთრების მოწინააღმდეგეები არიან. მთლად სწორი დამოკიდებულება არ უნდა იყოს. ფაქტია - რაც მეტი საწარმო იქნება საქართველოში, რაც მეტი ბიზნესი განვითარდება, მით მეტ ადამიანს ექნება სამსახური, მეტი შეძლებს ცხოვრება უკეთესი გახადოს. მაგრამ, როგორც კი ერთი, საკუთრების შექმნას ან გაძლიერებას სხვების ექსპლუატაციის ხარჯზე იწყებს, იწყება უკმაყოფილებაც.

ბიზნემენს უნდა ახსოვდეს, რომ უსამართლობით განრისხებული ხალხისგან ვერაფერი დაიცავს - ამას ისტორია გულუხვად ადასტურებს. ამის გამო, სახელმწიფოში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის, ხელისუფლება სოციალური თანასწორობის ფარგლებიდან არ უნდა გამოვიდეს. დღეს კი, სხვაგვარადაა.

ცუდად გაგებულმა საბაზრო ურთიერთობებმა ბევრს გაუჩინა აზრი, რომ ბიზნესმენი არ არის ვალდებული “არჩინოს” ვინმე, შესაბამისად, ვალდებულებებითაც არ უნდა იზღუდებოდეს. რჩენა სჭირდება მას, ვისაც საკუთარი შრომით თავის შენახვა ჯერ არ, ან აღარ შეუძლია, დანარჩენები შრომობენ იმისთვის, რომ თავი ირჩინონ და ცხოვრება გაიმჯობესონ. ბიზნესმენი, მარტო, იმ ადამიანების გარეშე, ვინც მასთან მუშაობს, ვერაფერს გააკეთებს. შესაბამისად, ეს თანამშრომლობაა და არ ვისიმე რჩენა.

ცუდად გაგებული საბაზრო ურთიერთობებისა და ცალმხრივი შრომის კოდექსის გამო, ბევრი დამსაქმებელი საჭიროდ არ თვლის, გააუმჯობესოს დასაქმებულთა შრომითი პირობები. „ვისაც არ მოსწონს, შეუძლია წავიდეს“, - ასეთია მათი დამოკიდებულება. ჩვენი კანონმდებლობა დამსაქმებელს, ფაქტობრივად, ყველაფრის უფლებას აძლევს და ადამიანებიც იძულებულნი არიან, შემოთავაზებულ პირობებზე დათანხმდნენ, ხშირად კაბალურ ხელშეკრულებასაც მოაწერონ ხელი, რადგან სამუშო ადგილი ცოტაა, სამუშოს მსურველი – ბევრი.

დღეს, საქართველოში, დამსაქმებელს დიდი არჩევანი აქვს, დასაქმების მსურველს – ფაქტობრივად, ნულოვანი. ასეთი პირობებში, არ შეიძლება, სახელმწიფომ ნებაზე მიუშვას ერთი მხარე და, ფაქტობრივად, უუფლებოდ დატოვოს მეორე. ასეთი რამის დაშვება არც ერთ შემთხვევაში შეიძლება. სხვაგვარად ისმის კითხვა: რისთვის გვჭირდება სახელმწიფო სტრუქტურები? რა არის მათი ძირითადი მოვალეობა? პასუხი დიდი ხანია ცნობილია: სახელმწიფოს მოქალაქეების დაცვა, დამსაქმებლებისაც და დასაქმებულებისაც, მათიც, ვინც არ მუშაობს - ბავშვების, მოხუცების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების. ყველასი.

რა უნდა გააკეთოს კანონმა იმაზე უკეთესი და იმაზე მთავარი, ვიდრე ადამიანის უფლებების, ღირსების დაცვაა? საქართველოში, რატომღაც მიეჩვივნენ ადამიანების ცალკე დაყენებას, – პოლიტიკა ასე მოითხოვს, ეკონომიკა – ასე, საერთაშორისო ურთიერთობებს ასე სჭირდება... ყველაფერი ეს კი – პოლიტიკაც, ეკონომიკაც, საერთაშოროსო ურთიერთობებიც, ნორმალურ ქვეყნებში, იმისთვის ვითარდება, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ დაკმაყოფილებულები. სხვაგვარად სახელმწიფოები არ შენდება. სხვაგვარად კოლონიებს აშენებენ.


http://www.presa.ge/index.php?text=news&i=12613

пятница, 6 августа 2010 г.

ინვესტიციები და დასაქმება – ორი ნიშანი, ტოლობის გარეშე

ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში, საქართველოს ხელისუფლებისგან მრავალგზის ხაზგასმული განმარტებით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტოლფასია. ჩვენი ხელისუფლებისგან ხაზგასმული იყო ისიც, რომ ყველა ინვესტორს, რომელიც საქართველოში შემოვა, ადგილობრივების დასაქმების ვალდებულება ექნება.

ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც „საქსტატის“ ვებგვერდზე მოიპოვება, 2004 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით, საქართველოში 499,1 მლნ. აშშ დოლარი შემოვიდა, 2005 წელს - 449,8; 2006 - 1 190,4; 2007 - 2 014,8; 2008 - 1 564,0; 2009 (წინასწარი მონაცემებით) – 759,1. სახელმწიფოს მმართველების განცხადებებით, ინვესტიციების შემოსვლა ჩვენ ქვეყანაში ვერც აგვისტოს მოვლენებმა და ვერც მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა შეაჩერა, თუმცა, უმუშევრობის, ფაქტობრივად, 17-პროცენტიანი (2009 წელი - 16,9%) დონე (335,6 უმუშევარი 1991,8 ეკონომიკურად აქტიური მოქალაქის ფონზე) არ მეტყველებს იმაზე, რომ ინვესტიციებსა და დასაქმებას შორის ტოლობის ნიშანია.

„ძვირფასი“ უცხოელები და „იაფი“ ადგილობრივები

ექსპერტები, თითქმის, ერთხმად აცხადებენ, რომ უცხოელი ინვესტორები, ძირითადად, ერთნაირ პოლიტიკას ატარებენ, - მართვის აპარატში, მაღალანაზღაურებად ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისა და მუშების თანამდებობებზე თავიანთი ხალხი მოჰყავთ და მხოლოდ, დაბალანაზღაურებად შავ სამუშაოებზე ასაქმებენ ადგილობრივ მოსახლეობას.

ეკონომიკის ექსპერტ ბონდო ზარნაძეს ასეთი მაგალითი მოჰყავს: „3-4 წლის წინათ, რუსთავის აზოტის ქარხანაში მშენებლობა რომ მიმდინარეობდა, თურქები თავიანთ მუშებს თვეში 2500-3000 დოლარს უხდიდნენ, ხოლო ჩვენებს - 350-400 ლარს. უცხოელი ინვესტორები ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას, ძირითადად, დისკრიმინაციის ხარჯზე ასაქმებენ. ჩვენი უცხოელი ინვესტორები არ ითვალისწინებენ სოციალურ მდგომარეობას, რომელშიც საქართველო იმყოფება, თუმცა მდგომარეობა უფრო რთულადაა – დღეს ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 50 არშემდგარ სახელმწიფოთა სიაშია. სომალის, მოზამბიკის და ბანგლადგეშის გვერდით ვდგავართ, მიზეზი კი ტერიტორიული მთლიანობის არქონა და არასტაბილური პოლიტიკური სისტემაა“ (გაზეთი „სოლიდარობა“ N2, 2009 წელი).

მსგავსი მაგალითი, სამწუხაროდ, არა ერთია. წელს, მაისში, ღირსეული ანაზღაურებისა და შრომის პირობების მოთხოვნით, გაიფიცნენ რუსთავში მდებარე ქართულ-ინდური საწარმო „ჯეოსტილის“ მუშა-მოსამსახურეები. მათ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საწარმოში დასაქმებული ადგილობრივები მოითხოვდნენ: ხელფასის 25-30%-ით მომატებას, წყლის, აბანოს, გასახდელების, ტუალეტისა და სხვა საყოფაცხოვრებო საკითხების მოწესრიგებას, ბიულეტინების ანაზღაურებას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, გაფიცულები აცხადებდნენ, რომ საწარმოში დასაქმებული ინდოელების ანაზღაურება და პირობები მათისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.

ერთი თვით ადრე, აპრილში, მასშტაბური გაფიცვა გაიმართა „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველობის ქვეშ მყოფ საწარმოებში - ზასტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასა და ჭიათურის მაღაროებში. გაფიცვის მიზეზი იქ არსებული მძიმე შრომითი პირობები და სამსახურებიდან ადამიანების უკანონოდ გათავისუფლება იყო. ერთი მეორის მიყოლებით გამართული ეს აქციები ადასტურებს მხოლოდ ერთს - ვითარება, დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისა და შრომითი პირობების (მათ შორის - შრომის უსაფრთხოების) თვალსაზრისით, რთულია.

დაბალი შეფასების მიზეზები

ქართველი სპეციალისტებისთვის დასაქმებაზე უარის თქმისა და მათთვის დაბალი ანაზღაურების დანიშვნის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მათი არასაკმარისი კვალიფიკაცია სახელდება. იმაზე, რომ, საბჭოთა კავშირის ფარგლებში, საქართველო, ამ მხრივ, თანამედროვე მოთხოვნებს ჩამორჩა, ლაპარაკი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დაიწყო. განათლების მაშინდელი მინისტრი ალექსანდრე კარტოზია შესაბამისი სტანდარტების შექმნასა და სპეციალურ პროგრამებზეც საუბრობდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროფესიული სწავლების რეფორმის დაწყების შესახებ 2005 წელს განაცხადა. სამინისტროში მოქმედებს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი, რომლის საქმიანობის მიზანსაც წარმოადგენს:

მოსახლეობის პროფესიულ-საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება, პირის პროფესიული განვითარების, პროფესიული კარიერისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა; ეკონომიკის უზრუნველყოფა შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი კვალიფიციური კადრებით, პროფესიული განათლების სისტემის მისადაგება სწრაფად და მუდმივად ცვალებად შრომის ბაზრის მოთხოვნებთან; დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გზით; ახალ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებთან მოსახლეობის მისადაგების ხელშეწყობა მის მიერ საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა თუ თვითდასაქმების გზით; პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა მობილობის წახალისება; საზოგადოებისაგან გარიყვის რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის პროფესიული განვითარებისა და დასაქმების პირობების შექმნა; მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის განვითარება; პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის სისტემის შექმნა.

ზუსტად ერთი წლის წინათ, იმ დროს, რომელზეც „საქსტატის“ ბოლო ოფიციალური მონაცემები მოგვითხრობს, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნანი დალაქიშვილი აცხადებდა: “ბევრი ვეცადეთ, უცხოელ ინვესტორებამდე გზა გაგვეკვალა და კონტაქტები მოგვეძებნა, მაგრამ უშედეგოდ. მაგალითად, ყულევის ტერმინალში რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა, აზერბაიჯანელ ინვესტორებს გავსაუბრებოდით, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ხობში და ფოთში იმ მიზნით ჩამოვაყალიბეთ პროფესიული სასწავლებლები, რომ ახლო იყო ტერმინალთან, ვიფიქრეთ, რომ იქვე დაუკვეთავდნენ სპეციალისტებს და მაღალანაზღაურებად სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შევძლებდით. სამინისტროდან გავგზავნეთ წერილი, შეხვედრა შედგა, მაგრამ საუბრისას გაირკვა, რომ გადამზადების ცენტრებს იქ არ ენდობიან. განაცხადეს, გვირჩევნია აზერბაიჯანიდან ჩამოვიყვანოთ სპეციალისტები და ჩვენი ხალხი დავასაქმოთო” (გაზეთი „სოლიდარობა“ N2, 2009 წელი).

რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისებიც. მაგალითად, კაზრეთში, სააქციო საზოგადოება მადნეული და კვარციტის გამამდიდრებელ კომბინატი, თავად უკვეთავს სპეციალისტების მომზადებას; სასტუმრო “რედისონმა”, როცა პროფესიონალ კადრებზე კონკურსი გამოაცხადა, ცენტრში გააგზავნა წარმომადგენლები, რომლიებიც გამოცდას დაესწრნენ, რამდენიმე სტუდენტი შეარჩის და აიყვანეს. ასევე; 19 მეფოლადის თანაშემწე დაუკვეთა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ბაზარზე ჩამოყალიბებულმა შ.პ.ს. “ქართულმა ფოლადმა”.

პროფესიული განათლების მართვა

საქართველოს მთავრობის N678 განკარგულებით, 2009 წლის 18 სექტემბერს შეიქმნა „სახელობო განათლებისა და მომზადების ეროვნული ნპროფესიული საბჭო“. მას სათავეში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უდგას, შემადგენლობაში კი არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, ფინანსთა სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრების, მთავრობის კანცელარიის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პროფესიული კავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, პროფესიული სწავლების ცენტრების წარმომადგენლები.

საქართველოს მთავრობის მიერ ცოტა უფრო ადრე (2008 წლის 12 მარტი) მიღებული გადაწყვეტილებით (განკარგულება N 113), შექიმნა სახელმწიფო პროგრამა „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“, რომლის მიზანიც, შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი კადრებით დასაკმაყოფილებლად, პროფესიული განათლების სფეროში კერძო სექტორი ჩართვა იყო. პროფესიული სასწავლებლების მოსაწყობად, გადაწყდა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების ფიზიკური თუ კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში, გადაეცემა. ამასთან - მინიმუმ, 50 პროფესიული მომზადება-გადამზადების ცენტრის ინვესტიციების მოზიდვის გზით შექმნა.

განკარგულების მიხედვით, ასევე, გადაწყდა: საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში, პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნა, რომელთა კურსდამთავრებულნიც კონკურენტუნარიანი იქნებიან შრომის ბაზარზე; თანამედროვე სტანდარტებით კვალიფიციური კადრების მომზადება, როგორც გრძელვადიანი პროგრამებით, ისე პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიანი კურსებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განტავსებული საჯარო პროფესიული სასწავლებელების ჩამონათვალში არის 41 სასწავლებელი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ნაწილში ფუნქციონირებს; იქვე იპოვით 58 კერძო პროფესიული სასწავლებლის ჩამონათვალსაც. პროფესიულ სასწავლებელში გადამზადების მსურველებისთვის ასაკობრივი ცენზი არ არსებობს, სწავლების ხანგრძლივობა სპეციალობაზეა დამოკიდებული, თუმცა, მაქსიმალური ვადა ორ წელის შეადგენს.

პროფესიული განათლების სპეციალური პროგრამები მუშავდება იმის მიხედვით, თუ რომელი დარგია კონკრეტულ რეგიონში აქტუალური. პრიორიტეტულად, დღეისთვის, მიჩნევა 13 დარგი: ენერგეტიკა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, მედიცინა, მენეჯმენტი და ფინანსები, მომსახურება, მრეწველობა, მშენებლობა, პოლიგრაფია, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ტურიზმი, სასტუმრო და სარესტორნე საქმე, ხალხური რეწვა და ზოგადი მომზადება. ამ დარგებიდან, ყველაზე დიდი მოთხოვნა კი, ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე და მშენებლობის სპეციალობებზეა.

მიუხედავად ყველაფერ ამისა, უმუშევრობის არსებული მაჩვენებელი და ზემოთ მოყვანილი მაგალითები ცხადჰყოფს, რომ ჩვენმა სახელმწიფომ ჯერაც ვერ შეძლო ისეთი „პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნა, რომელთა კურსდამთავრებულები შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი იქნებიან“.

http://www.presa.ge/index.php?text=news&i=12548

среда, 4 августа 2010 г.

რეალური სოციალური დაცვა

რეალური სოციალური დაცვა არ არის მხოლოდ სოციალური დახმარების, თუნდაც, სამაგალითოდ გამართული სისტემა, დახმარებების დიდი მოცულობა, ბევრი შეღავათი.

“მოსახლეობის სოციალური დაცვა წარმოადგენს სამართლებრივი, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამედიცინო, ზნეობრივი და სოციალურ-ფსიქოლოგიური გარანტიების სისტემას, რომელიც შრომისუნარიან მოსახლეობას უქმნის თანაბარ პირობებს, ცხოვრების დონის ასამაღებლად, მისი პირადი შრომითი წვლილის, ეკონომიკური დამოუკიდებლობის, ინიციატივისა და მეწარმეობის საფუძველზე.”

ეს გახლავთ ამონარიდი სოციალური დაცვის კონცეფციიდან, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ 1990 წელს მოქმედი მოსახლეობის პროფესიული ორიენტაციისა და ფსიქოლოგიური დაცვის რესპუბლიკურმა ცენტრმა შეიმუშავა.

ამ კონცეფციის მიხედვით, სოციალური დაცვის ობიექტს წარმოადგენს მთელი მოსახლეობა და არა მისი მხოლოდ უმუშევარი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა უკიდურესად გაჭირვებლი ნაწილი. სხვა სიტყვებით, ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფოს, მისი სინაარსიდან გამომდინარე, აქვს მისი თითოეული მოქალაქის და არა მხოლოდ ნაწილის მიმართ. საქართველოში ჯერაც უცხოდ ჟღერს ეს სიტყვები, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ “სოციალური დაცვის მთავარი მიმართულება უნდა მდგომარეობდეს არა შემწეობებისა და დახმარებების საგადასახადო სისტემის, არამედ იმ პირობების შექმნაში, რომლებშიც ყოველ ადამიანს, მუშაობითა და მიღებული ანაზღაურებით, ოჯახის შენახვის თანაბარი შესაძლებლობა ექნება” (ციტატა ცენტრის მიერ შემუშავებული სოციალური დაცვის კონცეფციიდან), - ყველაფერი თავის ადგილს დაიჭერს.

რაზე თახმდება მსოფლიო

სოციალური დაცვის თეორია, რომელიც განვითარებული ქვეყნებისთვის სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ ამოსავალს წარმოადგენს, ამბობს, რომ სახელმწიფოს ფუნქცია, სოციალური დაცვის სფეროში, ერთი მხრივ, გაჭირვებული კატეგორიის დაცვა, მეორე მხრივ კი, ეკონომიკურად აქტიური ადამიანებისთვის თვითდაცვის პირობების შექმნაა. რას გულისხმობს სოციალური დაცვის პირველი ნაწილი ჩვენთვის, ასე თუ ისე, გასაგებია. რას წარმოადგენს მეორე? პასუხს ამაზე იძლევა კონფერენცია, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის წინათ, 1975 წლის 4 ივნისს, ჟენევაში გამართულმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების გენერალურმა ასამბლეამ მიიღო, სახელწოდებით – “მოსახლეობის პროფესიული ორიენტაციისა და პროფესიული მომზადების განვითარების კონცეფცია”.

კონცენციის მიხედვით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა (საქართველო ამ ორგანიზაციის წევრია), დასაქმებასთან დაკავშირებული პროფორიენტაციისა და პროფმომზადების სახელმწიფო პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავებისას, უნდა გაითვალისწინონ დასაქმების მოთხოვნები, შესაძლებლობები და პრობლემები, როგორც რეგიონალურ ასევე ეროვნულ დონეზე; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განათლების სტადია და დონე; ურთიერთკავშირი სახალხო რესურსების განვითარებასა და სხვა ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მიზნებს შორის.

დოკუმენტის თანახმად, სოციალური დაცვის ყველა პროგრამა ხელს უნდა უწყობდეს, ინდივიდის შესაძლებლობებისა და სოციალურ სფეროში მისი აქტივობის ამაღლებას, საკუთარი შესაძლებლობების, ინტერესებისა და მისწრაფებებისათვის გამოყენებას, საზოგადოების მოთხოვნების გათვალისწინებით. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ამ კონფერენციაზე მიიღეს, ასევე, რეკომენდაციები, რომლებშიც პერსონალურადაა განხილული კადრების მომზადების საკითხი ხელმძღვანელ მუშაკებად, ენობრივი და სხვა უმცირესობების, მიგრანტების, ფიზიკური ნაკლის მქონე, ელემენტარული განათლების არმქონეების, თუ ეკონომიკის ცალკეული სფეროების, სასოფლო რაიონების, მოძველებული ტექნიკით შეიარაღებული საწარმოებისთვის და ა.შ.

მეცნიერულადაა დასაბუთებული, რომ პროფორიენტაციული საქმიანობა პირდაპირ გავლენას ახდენს, როგორც შრომის ნაყოფიერების ზრდაზე, ისე ადამიანის ჯანმრთელობასა და მის სულიერ მდგომარეობაზე, რადგან საქმე ეხება ადამიანის მიერ ცხოვრებისეული გზის თავისუფალ, ამავე დროს, მეცნიერულად, სწორ არჩევასა და ერის ინტერესებთან შერწყმას. ხარისხიანი პროფორიენტაციული მუშაობის შედეგად, შრომის ნაყოფიერება 10-30%-ით იზრდება, კადრების დენადობა მცირდება 1,5-2-ჯერ, შრომისუნარიანობის შენარჩუნების ფაქტორი 8-12%-ით იმატებს. ასევე, იკლებს დანაკარგები კადრების გადამზადებასთან, ტრამვატიზმთან, ავარიებთან, დაავადებებთან დაკავშირებით და იზრდება ადამიანის შემოქმედებითი აქტივობა, მყარდება პროფესიული სრულყოფის პროცესი.

შესაბამისად, სახელმწიფოს უნდა შეეძლოს იმის განსაზღვრა, თუ რა აინტერესებს, რა ხელეწიფება მის მოსახლეობას და ამის მიხედვით განსაზღვროს, რა დარგების, რა სფეროების განვითარებას უნდა მიჰყოს ხელი. ეს უნდა იყოს განმსაზღვრელი პროფესიული კადრების მომზადების დროსაც. ამასთან, სახელმწიფომ კვალიფიციური დახმარება უნდა გაუწიოს პიროვნებას არა მხოლოდ პროფესიის არჩევისას, არამედ უნდა მოახდინოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესებით გამიწვეული უარყოფითი ფსიქოლოგიური მოვლენების პროფილაქტიკა და მოხსნა, ხელი უნდა შეუწყოს პიროვნების შინაგანი რესურსების გააქტიურებას, მისი ქმედუნარიანობის გაზრდასა და თვითრეგულაციის უნარის ამოქმედება-განვითარებას, ახალ რეალობასთან ადაპტაციისთვის.

ყველაფერი ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ ადამიანს იქამდე უნდა შეუქმნას დამცავი სოციალური მექანიზმები, ვიდრე იგი იძულებული გახდება, ხელგაწვდილმა იაროს. ჯერ კიდევ შემორჩენილი დამოკიდებულება, რომ სახელმწიფოს (ან ნებისმიერი სხვა სტრუქტურისა, რომელსაც ადამიანი მის დაცვაზე პასუხისმგებლად მიიჩნევს) ძირითადი მოვალეობა მოქალაქისადმი თუნდაც რამდენიმეჯერადი ფულადი დახმარების გაწევაა, არასწორია. ადამიანის სოციალური დაცვის საფუძველი მისთვის ღირსეული, მისივე მოთხოვნებისა და შესაძლებლობების შესაფერი სამუშაოს მიცემაა.

დასაქმების ქართული მაჩვენებელი

საქართველოს ხელისუფლება ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის შესახებ ყოველი ახალი ობიექტის გახსნისას გვახარებს. მიუხედავად ამისა, უმუშევართა რაოდენობა ქვეყანაში იზრდება. “საქსტატის” მონაცემებით, 2009 წელს (უფრო ახალ მონაცემს დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ვერ იპოვით) უმუშევრობის დონემ საქართველოში 16,9 პროცენტი შეადგინა, გასულ წელთან შედარებით, 0,4 პროცენტით მეტი. ამავე წყაროს მიხედვით, უმუშევრობა ჩვენ ქვეყანაში იზრდება. გამონაკლისია 2006-2007 წლები, როცა მაჩვენებელმა კლება დაიწყო, თუმცა, შემდეგ, თავდაპირველ ნიშნულსაც მნიშვნელოვნად გაუსწრო. ციფრებში ეს ასე გამოისახება: 2004 წელი - 12,6 პროცენტი (257,6 უმუშევარი), 2005 წელი - 13,8 პროცენტი (279,3 უმუშევარი), 2006 წელი - 13,6 პროცენტი (274,5 უმუშევარი), 2007 წელი - 13,3 პროცენტი (261,0 უმუშევარი), 2008 წელს - 16,5 პროცენტი (315,8 უმუშევარი), 2009 წელს - 16,9 პროცენტი (335,6 უმუშევარი).

საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ მსოფლიოს ფინანსურმა კრიზისმა ჩვენ ქვეყანას ვერაფერი დააკლო, ვერც აგვისტოს მოვლენებმა შეძლო ინვესტორების დაშინება. აქედან გამომდინარე, უმუშევრობის დონე საქართველოში იმ ქვეყნების შესაბამის მაჩვენებლებზე დაბალი უნდა იყოს, ვინც, გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო, განგაშის ზარებს შემოჰკრა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით კი, დსთ-სა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, უმუშევრობის დონემ 10 პროცენტი შეადგინა.

დასაქმება რომ ჩვენი მოსხლეობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, ადასტურებს NDI-ის მიერ, წელს, ივნის-ივლისში ჩატარებული კვლევაც, რომლის დროსაც 2053 ადამიანთან პირისპირი ინტერვიუ შედგა, გამოკითხულთა 65 პროცენტი მათი ოჯახებისთვის უმნიშვენლვანეს ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილებს მიიჩნევს (დეკემბერში ამაზე 57 პროცენტი საუბრობდა, აპრილში – 59). გამოკითხულთა 48 პროცენტი ამბობს, რომ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ (კვლევის ორიენტირად ეს თარიღი იქნა აღებული), საქართველოში სამუშაო ადგილები შემცირდა, 30 პროცენტი – რომ მათი რაოდენობა იგივე დარჩა, 12 პროცენტი კი აცხადებს, რომ სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა.

კვლევის თანახმად, რესპოდენტების 54 პროცენტი აცხადებს, რომ მათი სოციალური მდგომარეობა, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ შეცვლილა, 32 პროცენტი აღნიშნავს, რომ გაუარესდა, 13 – რომ უკეთესობისკენ შეიცვალა. პარალელურად, 59 პროცენტი, გამოკითხულებიდან, ამბობს, რომ სამუშაო ადგილების საკითხს პოლიტიკოსები ნაკლებად განიხილავენ; მხოლოდ 24 პროცენტს მაჩნია, რომ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის დასაქმებას პოლიტიკოსები სთანადო ყურადღებას უთმობენ.

იმის მიხედვით, რასაც საზოგადოება მედიის საშუალებით ისმენს, სამუშაო ადგილების შექმნას ქვეყნის ხელისუფლება, ძირითადად და უმთავრესად, ინვესტიციების შემოსვლას უკავშირებს. „საქსტატის“ ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით, საქართველოში შემოვიდა: 2004 წელს - 499,1 მლნ. აშშ დოლარი, 2005 წელს - 449,8; 2006 - 1 190,4; 2007 - 2 014,8; 2008 - 1 564,0; 2009 (წინასწარი მონაცემებით) – 759,1; 2010 წლის I კვარტალში (ასევე, წინასწარი მონაცემებით) – 75,7. მართლაც, ძნელად იპოვით საქართველოში ობიექტს, რომელშიც უცხოური კაპიტალის წილი, ოფიციალურად მაინც, არ არის, თუმცა, ვერ იპოვით ოფიციალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნა ამ წლების განმავლობაში.

NDI-ის კვლევის შედეგებით, შეიძლება, ისიც დავინახოთ, რამდენად შეესაბამება საქართველოში დასაქმება ადამიანის სოციალურ მოთხოვნებს. გამოკითხულთა 86 პროცენტი მიიჩნევს, რომ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ფასების ზრდის მხრივ, ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესდა, 8 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამ მხრივ სიტუაცია არ შეცვლილა, 1 პროცენტის აზრით – ფასების ზრდის თვალსაზრისით, მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამასთან, ფასების ზრდის საკითხი თავისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად გამოკითხულთა 18 პროცენტმა დაასახელა (გასული წლის დეკემბერში 10, აპრილში კი – 16 პროცენტმა).

ოფიციალური სტატისტიკა და ზემოთ მოყვანილი კვლევის შედეგები ცხადჰყოფს, რომ ერთ-ერთ მთავარ დანიშნულებას - საკუთარი მოსახლეობის რეალურ სოციალურ დაცვას, ჩვენმა სახელმწიფომ თავი ვერ გაართვა.

http://www.presa.ge/index.php?text=news&i=12501