среда, 27 октября 2010 г.

სახალხო ჟურნალისტიკა


ძვირფასო მკითხველო. პორტალზე DELFI სტარტს იღებს ახალი, ესტონეთის რუსული ჟურნალისტიკისთვის უნიკალური პროექტიმეჟურნალისტი“, – ასე იწყება rus.DELFI.ee– მთავარი რედაქტორის, ელენა პეტუხოვას 5 ოქტომბრის წერილი, სათაურითშეგიძალიათ გამოიმუშავოთ და სახელი გაითქვათ“.

პორტალი მკითხველს სთავაზობს, ჩაერთოს დასავლეთ ევროპაში დღეისთვის ფართოდ გავრცელებულ და უკვე რუსეთსა და უკრაინაში დანერგილსახალხოიგივესამოქალაქო ჟურნალისტიკაში“. „ვიწვევთ ჩვენი ქვეყნის ყველა მსურველს, ყველა მცოდნე და დაინტერესებულ ადამიანს, გახდეს DELFI– სახალხო ჟურნალისტი,“ – ვკითხულობთ წერილში.

იქამდე, ვიდრე საზოგადოებას ამგვარ თანამშრომლობას შესთავაზებდა, პორტალმა, სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, ჩაატარა რამდენიმეკვირიანი გამოკითხვა, რომლის მსვლელობისას, მკითველს კომენტარების დატოვება სთხოვა. ამ კომენტარებიდან ბევრი რედაქციამ აქცია მასალად რუბრიკისთვისმე - ჟურნალისტი“. ამ რუბრიკაში დღეს უკვე ათამდე სტატიაა. პორტალზე დევს, ასევე, მკითხველების მიერ მიწოდებული ფოტო და ვიდეო მასალებიც.

სახალხო ჟურნალისტად გახდომა შეუძლია ყველას, მთავარია, ადამიანს აქტიური სამოქალაქო პოზიცია ჰქონდეს. იყოს ცნობისმოყვარე და მზად იყოს, საკუთარი დაკვირვება, განსჯა, გამოძიება სხვებს გაუზიაროს, რითაც ჩვენი საერთო საჯარო სივრცის ფორმირებას შეუწყობს ხელს,“ - წერს ელენა პეტუხოვა.

ესტონეთს, მედიის თავისუფლების მიხედვით, მსოფლიოში მე-9 ადგილი უჭირავს („მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი 2010"), რაც ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის ღია, გახსნილი ურთიერთობაა. აქტიურობა, რომელიც მკითხველმა ახალი პროექტის ფარგლებში უკვე გამოიჩინა, ამის კიდევ ერთ დასტურად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, აქვე, შეიძლება, სხვა შრეებმაც იჩინოს თავი.

მაგალითისთვის, ავიღოთ წერილს, რომელშიც ტალინელი ვლადიმირი ქალაქში არსებული პარკირების რუსულენოვან თავისებურებებზე მოგვითხრობს. რუსულის მცოდნეთათვის წერილი საინტერესო ხდება სათაურიდანვე - "Парковный автомат находит у каффе". ვლადიმირი გვყვება, რომ ამგვარი შინაარსის ფირნიში ტალინში არა ერთია და მთავარი მათში არა გრამატიკული შეცდომები, არამედ ამ შეცდომების დაშვების მოტივია.

რთულია, მოძებნო ადამიანი, რომელსაც ავტომობილის პარკირების საფასურის გადახდა სიამოვნებს, მაგრამ ტალინის ცენტრში მოიძებნა საშუალება, რუსეთიდან შემოსული ტურისტებისთვის, ეს უსიამოვნო პროცედურა ცოტათი შეელამაზებინათ,“ - წერს მასალის ავტორი, - „21- საუკუნეში სულ უფრო აქტუალური ხდება ლოზუნგიხელოვნება რის ის, რასაც ხელოვნებად აღვიქვამთდა მალე, ეს ფირნიშები, ალბათ, იქცევა განსაკუთრებულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად, რომლის ფონზეც სამახსოვრო ფოტოებს გადაიღებენ და რუსული ენის სტერეოტიპების შესახებ მოჰყვებიან განსჯას.“

ვლადიმირს წერს, რომ ურიგო არ იქნებოდა, გრამატიკულინაირფეროვნებითმდიდარი ფირნიშები მოსაწყენი ტალინის სხვა ადგილებშიც დაემაგრებინათ. ეს მარკეტინგული და კულტურული პროდუქტიო, - ამბობს იგი, - თუკი საქალაქო დონეზე დაფიქრდებიან და შემოქმდებითად მიუდგებიან, შეიძლება, ეს პროექტი მოულოდნელად იქცეს თანამედროვე კულტურის ავანგარდული მიმართულების განვითარებაში ესტონეთის დედაქალაქის მიერ შეტანილ წვლილადო.

ოსტატურად დაწერილი წერილია, ისეთი, ტენდენციურობაში ბრალს რომ ვერ დასდებ, მაგრამ ამ დასკვნაში ბოლომდე ეჭვი რომ გეპარება, განსაკუთრებით - ყველაფერ რუსულთან დაკავშირებით, ბალტიისპირეთის ქვეყნებში მომხდარი ამბების კონტექსტში. მასალის დახვეწილობა არის დამსახურება პროფესიონალი ჟურნალისტებისა, რომლებიც რუსულენოვან მედიაში  მრავლად არიან და, არც თუ იშვიათად, „ჟურნალისტიკადაპროპაგანდასინონიმებად მიაჩნიათ. პორტალის რედაქტორს არც დაუმალავს, რომ სახალხო ჟურნალისტებისგან შემოსული წერილები მოქმედი ჟურნალისტების მხრიდან რედაქტირებას გაივლიდნენ იმისთვის, რომმრავალმხირივი და საინტერესო განხდარიყვნენ“. 

რუსულენოვანი აუდიტორია, ტრადიციულად, აქტიურია. ამასთან, მასში გაცილებით მაღალია სამოქალაქო საზოგადოებისითვის საჭირო თვისებები, ვიდრე, სამწუხაროდ, ჩვენში. საკუთრივ რუსები ყოველთვის ინტერესიანები იყვნენ, ყოველთვის ცდილობდნენ, საერთო ფულის ხარჯვა გაეკონტროლებინათ, ყოველთვის ითხოვდნენ მათი, როგორც მოქალაქის დაფასებას და ამის ყოფით ნიუანსებში გამოხატვას. მოკლედ, აკეთებდნენ იმას, რაც ჩვენ, ქართველებს, რატომღაც, უხერხულად მიგვაჩნდა. რუსულენოვანებს, ძირითადად, ეთნიკურ უმცირესობებს, საკუთარი აქტიურობით ისინი პოზიციების განმტკიცებას ცდილობდნენ, რაც, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, გასაგები მომენტია.          

მეორე აუცილებლობა სახალხო ჟურნალისტიკისთვის, მედიის სანდოობა. დასავლეთ ევროპაში, განვითარებული სამოქალაქო საზოგადოების პირობებში, როცა მედია კონტროლის მძლავრი მექანიზმია, სახალხო ჟურნალისტიკაც აქტიურია. ცოტა სხვა საქმეა საქართველო, სადაც ნდობა მედიისადმი შერჩევითია. Human Rights Watch–ის 2008 წლის ანგარიშის მიხედვით, მედიასივრცე საქართველოში არაერთგვაროვანიაბეჭდვითი მედია აქტიურია, საინფორმაციო ტელემაუწყებლობა კი სულ უფრო იზღუდება, სავარაუდოდ, ხელისუფლების ზეწოლის შედეგად.

გაურკევლობა, რომელიც ქართული მედიის მფლობელებთან დაკავშირებით არსებობს, ნდობის საკითხს კიდევ მეტ ბუნდოვანებაში ხვევს. მიუხედავად ამისა, აქტიურობა საქართველოს მოსახლეობაშიც იზრდება. ამაზე, ძირითადად, მეტყველებს ზარები, რომელიც პირდაპირ ეთერებში გაისმის (სამწუხაროდ, გადაცემები, სადაც მაყურებელს პირდაპირ ეთერში შესვლა შეუძლია, სულ უფრო ცოტა რჩება) და კომენტარები, რომელსაც ადამიანები საინფორმაციო პორტალებში, სოციალურ ქსელებში, ბლოგებში ტოვებენ.

თვითმმართველობის ბოლო არჩევნებისთვის, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა მოქალაქეებს შესთავაზა, მთთვის მოსახელრხებელი ნებისმიერი ფორმით მიეწოდებინათ ინსტიტუტისთვის ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეს კომუნიკაცია საზოგადოებასთან არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა. დღეს, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ვებგვერდზე მოქალაქეების მიერ მოწოდებული ახალი ამბები 22 გვერდს იკავებს.

ინფორმაციები, რომელიც ამ გვერდებზე შეიძლება ამოიკითხოთ, უდავოდ, საინტერესოა. მაგალითად: „ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთუბნიდან და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ყელეთიდან ბავშვებს სკოლაში სიარული 3-4 კილომეტრის მოშორებით უხდებათ. ორთუბნელები ზღუდერში სასიარულოდ ზოგჯერ თუ ტრანსპორტით სარგებლობენ, დიდ ყელეთში მცხოვრები ბავშვები წრომის სკოლამდე სავალ გზას მუდამ ფეხით გადიანდიდი ყელეთში ადგილობრივი მაცხოვრებლების კუთვნილი ავტომანქანების გარდა, ტრანსპორტი არ მოძრაობს.“

დიდი ყელეთის მოსახლეობას, ისევე, როგორც სხვა სოფლების მოსახლეობას, როგორც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისთვის მიწოდებული ინფორმაციებიდან ვიგებთ, კიდევ არა ერთი პრობლემა აწუხებს, მაგალითად, უკვე დიდი ხანია იქ სოფლის ექიმი თვალით აღარავის უნახავს. ეს არის თემები, რომელზეც გაცილებით მეტის დაწერა შეიძლება, თემები, რომელიც სახალხო ჟურნალისტიკის საფუძველს უნდა წარმოადგენდეს.

ჯერჯერობით, ჩვენი მოქალაქეები სათქმელს მოკლე ინფორმაციებში ატევენ. ჩავთვალოთ, რომ ეს, მათ მიერ სამოქალაქო საზოგადოების ამ მიმართულების განვითარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებია.       

ზიარჭურჭლის პრინციპი

ლიცენზიის გაცემის სიმარტივე, თავისუფლების კანონით განმტკიცებული   გარანტიები, თავისუფლება ცენზურისა და ხელისუფლების ჩაევისგან, კონკურენტული გარემო - ეს ის კრიტერიუმებია, რომელთა მიხედვითაც ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მედიის თავისუფლების ყოველწლიურ ინდექსს ადგენს.

ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის 2010 წლის რეიტინგში საქართველომ 18 საფეხურით ქვევით დაიწია. ჩვენმა ქვეყანამ წელს 27 ქულა მიიღო და, 178 ქვეყანას შორის, 99-ე ადგილზეა. ეს არ არის ერთადერთი უკუსვლა ამ მიმართულებით. ამავე რეიტინგში, 2007 წელს, საქართველოს 66-ე ადგილი ეკავა, მაგრამ ერთ წელიწადში 120-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა. ამ ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ ის, რომ აგვისტოს ომის დროს საქართველოში სამი ჟურნალისტი დაიღუპა.

გასული წლის ანგარიშის მიხედვით, წინ 39 საფეხურით წავიწიეთ, 81-ე ადგილზე გადავინაცვლეთ. როგორც აღმოჩნდა, ესეც სულ სხვა დამსახურების გამო. ორგანიზაცია "ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე" საქართველოს ეს დაწინაურება ასე განმარტა: "საქართველომ შეძლო 39 ადგილით დაწინაურება, რადგანაც მას საანგარიშო პერიოდში არ უომია, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური დაძაბულობა საინფორმაციო საშუალებებზე კვლავაც ახდენდა ზემოქმედებას".

ახდენდა და ახდენს. საქართველოში დღესაც პოლიტიკური დაძაბულობაა, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე საკნები არ დგას. ქართული მედია ისევ ორ საქართვველოზე გვიყვება. ერთში ზეიმია - საერთაშორისო აღიარებების, კრიზისის მიუხედავად პროფიციტული ბიუჯეტის, ოქტომბერშიც კი ყველაზე თბილი ზღვის, სხვათა და სხვათა გამო; მეორეში განგაშია - მორყეული სახელმწიფოებრიობის, დაუცველი კერძო საკუთრების, არარეალურად გაძვირებული ცხოვრების, სხვათა და სხვათა გამო.

ამ ორი დღის წინათ, ლილოს ბაზრობაზე დიდი აურზაური იყო. შემოსავლების სამსახურმა ბაზრობის მოვაჭრეები დააჯარიმა და, მათივე განცხადებით, მაღაზიები დაულუქა. ამას მოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა. ადგილზე პროფკავშირების, ეროვნული ფორუმის წარმომადგენლები მივიდნენ. ვითარების გარკვევის მცდელობამ შეხლა-შემოხლა გამოიწვია, „ფორუმის“ ერთ-ერთი წევრი პოლიციამ დააკავა. ყველაფერ ამასთან ერთად, დაზიანდა ტელეკომპანია „კავკასიისა“ და ინტერნეტტელევიზია „Itv“-ის კამერები. „კავკასიის“ წარმომადგენლის განცხადებით, ტექნიკას მისთვის მოქნეული ხელი მოხვდა.

ცენტრალურ არხებს - „პირველ არხს“, „რისთავი2“-ს, „იმედს“ - ეს ამბავი, ფაქტობრივად, უყურადრებოდ, სიღრმისეული ანალიზის გარეშე დარჩათ. მათი საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემები საერთაშორისო ეკონომიკური დანაშაულები, სასტუმრო-ციხეები, თბილისობა და სხვა, ამ ტიპის ინფორმაციები იყო. სამაგიეროდ, იმ დღის მთავარი თემა დაწვრილებით განიხილეს „კავკასიაზე“, „მაესტროზე“, „Itv“-ზე. იგივეა ბეჭდურ მედიაშიც - ტრადიციაულად „ფხიზლებს“, ტრადიციაულად „მიძინებულებისგან“ განსხვავებით, მომხდარი არ გამოპარვიათ.

შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში ზიარჭურჭლის პრინციპი ამოქმედდა - ამბავმა მეორე გასასვლელი იპოვა. ეს პრინციპი იმასაც გვეუბნება, რომ გზა ყოველთვის მოინახება და მასაც - რაც უფრო დიდი იქნება დაწოლა, მით უფრო სწრაფი და ძლიერი გახდება სწრაფვა თავისუფლებისკენ. ეს წესი გასული კვირის ბოლოსაც გამახსენდა, როცა „კვირის რეპორტაჟს“ ვუყურებდი.

„კვირის რეპორტაჟის“ 17 ოქტომბრის გამოშვებამ ორი სიუჟეტი შემოგვთავაზა, ორი სხვადასხვა საქართველოს შესახებ. ერთი დიღომი 8–ში, ყოფილი ტყე–პარკის ტერიტორიაზე, სიხარულის ქუჩაზე, მდიდრულ ვილებში ცხოვრობს; მეორე – ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში და სუფთა წყალი ენატრება. სიხარულის ქუჩაზე ჩინოვნიკებს დაუდიათ ბინა, მათი გაწკრიალებული ეზოები მაღალი ალაყაფის კარიდანაც ჩანს; აწყურში გლეხები ცხოვრობენ, ტალახიანი ჩექმები აცვიათ და ტალახიან წყალზე ჩივიან.

აწყურში სასმელი წყალი ტალახიანია, ტალახიანი და ქვეწარმავლებიანი, მკვდარი ბაყაყებით სავსე. რეზერვუარი, რომელშიც სოფლისთვის მისაწოდებელი წყალი გროვდება, ჭაობის საცავს გავს, წარმოუდგენელია იფიქრო, რომ იმ სითხის თუ მასის დალევა, რომელიც მასშია მოქცეული, ვინმეს შეიძლება შესთავაზო. სახლებამდე წყალი რეზინის, კუსტარულად დამაგრებული მილებით მიდის. ამ საოცრების – აწყურის წყალმომარაგების სისტემის შექმნაში სახელმწიფომ რამდენიმე ათეული ათასი ლარი დახარჯა.

სიხარულის ქუჩიდან აწყურში მოხვედრა ცივი შხაპივით იყო, თუმცა გლეხების დამოკიდებულება, მათი პროტესტი, სოფლის ხელისუფლებასთან გამართული მწვავე კამათი „კვირის რეპორტაჟის“ 17 ოქტომბრის გამოშვების ძირითადი სათქმელი გახდა. ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სიუჟეტით, ემოციისგან თავისუფალი თხრობით, თემის ობიექტური გაშუქებით, გადაცემის ავტორებმა ნათლად დაგვანახეს უფსკრული, რომელიც ერთი ქვეყნის – საქართველოს მოქალაქეებს შორის არსებობს და, საუბედუროდ, ღრმავდება.

„კვირის რეპორტაჟი“ იმ მცირერიცხოვან ტელეგადაცემებს შორისაა, რომელიც საზოგადოებას პროფესიონალურ დონეზე შესრულებულ ჟურნალისტურ გამოძიებებს სთავაზობს. ეს ის გადაცემაა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილმა ჯორჯ სოროსთან რომ უჩივლა, ტენდენციურია და დაფინანსება შეუწყვიტეთო.

ამგვარი დამოკიდებულება ერთი მიზეზია იმ მიზეზებიდან, რომელმაც ჩვენი ქვეყანა მედიის თავისუფლების რეიტინგში, ერთ წელიწადში, 81–დან 99–ე ადგილზე გადაისროლა. პოსტსაბჭოთა სივრცეში პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მე-5 ადგილზეა და მის შემდეგ სომხეთი, უკრაინა, რუსეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნები მოდიან. პრესის თავისუფლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, პოსტსაბჭოთა სივრციდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებს აქვთ.

ამგვარი კვლევები მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს საშიშროების იმ ზღვარს, მედიის დამოუკიდებლობის შედეგად გაუცხოებული საზოგადოების ნაწილებს შორის რომ არსებობს. ეს ზღვარი დევს ბალანსზე, რომელიც ქვეყნის მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის მუდმივად  უნდა იყოს დაცული. საკმარისია, იგი დაირღვეს და ზიარჭურჭლის პრინციპი ამოქმედდება.

среда, 13 октября 2010 г.

ეპიზოდი

პირველი ეთერი, პირველი გადაცემა, პირველი ნომერი - ამბობენ, რომ საუკეთესო უნდა იყოს. იმიტომ, რომ პირველი ეფექტი დღეგრძელია.
დამოკიდებულების შეცვლა ყველაფრის მიმართ შეიძლება, მაგრამ ეს უნდა გინდოდეს. თუ, მაგალითად, რომელიმე მაღაზიაში ვინმე ნოქარი უხეშად მომექცა, გამორიცხული არ არის, ჩემზე უკეთესი შთაბეჭდილების მოხდენის შანსი არც მივცე, უბრალოდ, აღარ შევალ მაღაზიაში, სადაც ნოქრებს საკუთარი სამუშაოს ხარისხიანად შესრულებას არ ასწავლიან. ჩემი სახით იქ კლიენტს დაკარგავენ და, ალბათ, არა ერთს, რამდენიმე ახლობელს მაინც ხომ მოვუყვები, როგორი დახვედრა იციან იქ?
დაახლოებით ასეა მედიაშიც. მოისმენ, უყურებ, წაიკითხავ და დაახლოებით იცი, რომელში რით და როგორ გაგიმასპინძლდებიან. მერე, ამ გამოცდილებას სხვებს უზიარებ და საზოგადოებრივი აზრიც იქმნება.
მე, პირადად, ჟურნალ „ეპიზოდი & HISTORY"-ს მეორე შანსს მივცემ. ორი მიზეზის გამო. პირველი - ბაზარზე ყველა ახალი გამოცემის გამოჩენა მიხარია, მეორე - მის რედაქტორს ნიჭიერ ადამიანად მივიჩნევ.
რაც შეეხება პირველ ნომერს, მან გაურკვეველი შთაბეჭდილება დამიტოვა. თითქოს, ნაჩქარევად იყო გაკეთებული. ეს აზრი მარტო იმიტომ არ გამჩენია, რომ რედაქციის რეკვიზიტებს ვერსად წავაწყდი, არც მისამართი, არც ტელეფონი, არც ელექტრონული ფოსტა - ერთი თვე მაინც, მადლობის სათქმელადაც კი ვერავინ მიაწვდენს ხმას ჟურნალის შემქმნელებს.
გაუაზრებელი მეჩვენა ჟურნალის დიზაინი. გვერდები გაჭედილია ტექსტით, ფოტოებით და უზარმაზარი წითელი გამოტანებით, რომელიც მათემატიკურ ფრჩხილებშია მოქცეული. ქართული შრიფიტი პრეტენზიულია, „ეპიზოდი & HISTORY"-ში შრიფტი კი, ძალიან დიდია და საკითხავად ძალიან დამღლელი. ამის თქმა თამამად შემიძლია, რადგან ჟურნალის პირველი ნომერი თავიდან ბოლომდე წავიკითხე. უფრო სწორად, თავი ვაიძულე წამეკითხა.
გურამ წიბახაშვილის „მოგზაურობა დროში", რომელიც ქართული ვარიანტია ეკატერინა როჟდენსტვენსკაიას პროექტისა „ცნობილები ფოტოპროექტებში", იმის აშკარა ნიშანი იყო, რომ ხელთ ქართული "Караван Историй" მეჭირა. ამ ჟურნალის რამდენიმე ნომერი მაქვს წაკითხული და, სიმართლე გითხრათ, დიდად არ აღვფრთოვანებულვარ. მიუხედავად ამისა, ქართული გამოცემა ინტერესით გადავფურცლე.
160-გვერდიან ჟურნალში შვიდი ამბავია მოთხრობილი: უმცროსი ილიკოსა და უფროსი სუხიშვილების, ია ნინიძის, თედო ბექაურის, ბაია დვალიშვილისა და მარინე თბილელის, ქართველი იუნკერების, „ქველმოქმედი თაღლითის" - მიხეილ წერეთლის, კომუნისტებისგან დევნილი მიხეილ ჯავახიშვილის. მასალები 16-18-20-22 გვერდზეა გადაჭიმული, ამ გვერდებს ფოტოებიც ავსებს, მაგრამ შთაბეჭდილება მაინც დამთრგუნველია. იწყებ კითხვას და საკითხავი აღარ მთავრდება. კითხვა მიყვარს, ძალიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემმა სიყვარულმა არ გაამართლა.
საქართველო პატარა ქვეყანაა, მისი ყველა ცნობილი შვილი საზოგადოებისთვის დიდი ხანია კარგადაა ცნობილი და მათი ამბავთან კიდევ ერთხელ მიბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მომინდეს, თუკი მათზე რამე ახალს ან ახლებურად მეუბნებიან. ამბები, რომელსაც „ეპიზოდი & HISTORY" თავის პირველ ნომერში გვთავაზობს, ახალს, ფაქტობრივად, არაფერს ამბობს, მაგრამ თუ ამბობს, ისე გრძლად, მონოტონურად, რომ ბოლომდე, შეიძლება, აღარც მიყვე.
გრძელ-გრძელი ამბები"Караван Историй"-შიც იწერება, თუმცა, ერთი მხრივ, დიზაინის, ფერადოვნების, მეორე მხრივ კი, საინტერესო თხრობის გამო, ასე გულისგამაწვრილებლი არ გეჩვენება. ფერები „ქართულ ქარავანს" ნამდვილად აკლია, არადა, ჟურნალი ფერადია. ყველაზე ფერადი ამ გამოცემაში ისევ ფოტოპროექტი „მოგზაურობა დროშია", მიუხედავად იმისა, რომ ფოტოების ნაწილი არღვევს იმ ხაზს, რომელიც ამ ტიპის პროექტებს, ზოგადად, აქვს.
ფოტოპროექტში ცხრა წყვილი ფოტოა. პირველია ინგლისის წარმომადგენელი საქართველოში ოლივერ უორდროპი და საქართველოში საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე; მეორე - ევროპულ სამოსიანი ქალი და ელენე გუნცაძე, ნუცა გედევანიშვილთან ერთად; მესამე - ქართველი დიდვაჭარი ზაქარია დავითის ძე სარაჯიშვილი და მსახიობი ჯემალ ღაღანიძე; მეოთხე - თავადი წულუკიძე და მომღერალი აჩიკო გულედანი; მეხუთე - ყარაჩოღელები და „ქსოვრელები"; მეექვსე - უცნობი ქართველი მანდილოსანი და მსახიობი ლალი ბადურაშვილი; მეშვიდე - 84-ე ქვეითი პოლკის ჯარისკაცები და მწერალი ირაკლი სოლომანაშვილი; მერვე - ფოთის ქალთა გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლეთა ჯგუფი და თაკო ჯაფარიძე, ლიზა კალანდაძე, ელენე სააკაშვილი; მეცხრე - ტრადიციულ ქართულ ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი და კულტურის ფონდის თავმჯდომარის მოადგილე ფერდინანდ ლორთქიფანიძე.
მიუხედავად იმისა, რომ სამოსი, ანტურაჟი, შეძლებისდაგვარად მსგავსია, კითხვები ამ პროექტთან დაკავშირებითაც ჩნდება. მაგალითად, ელენე გუნცაძისა და ნუცა გედევანიშვილის შემთხვევაში, რომლებიც ევროპულ ტანსაცმლიან ერთ ქალბატონთან არიან დაწყვილებულნი და 84-ე ქვეითი პოლკის 8 ჯარისკაცების შემთხვევაში, რომელთა წყვილშიც მწერალი ირაკლი სოლომანაშვილი მარტო დგას.
ორი სიტყვით სათაურებსაც უნდა შევეხო. „ბედთან მოცეკვავე", „ფართოდ დახუჭული თვალები", „ყველაფერი დედაჩემის შესახებ", „ომი და მშვიდობა" - ცალკე ან რამდენიმე სხვა სიტყვასთან ერთად, ისინი უკვე წარმატებულთან, აღიარებულთან ასოცირებას ახდენენ. მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი ვერ იქნება იმისთვის, რომ ახალი ქართული ჟურნალი ჩვენ მახსოვრომაში ეპიზოდად არ დარჩეს.

пятница, 8 октября 2010 г.

სამი შეკითხვა საქართველოს პრეზიდენტს

„რამდენიმე წლის წინ რაჭის ერთ-ერთ სოფელში ვიყავი. მათი შრომისმიყვარეობით პირდაპირ აღვფრთოვანდი - ციცაბო ფერდობზე თესავდნენ სიმინდს. ორი წლის შემდეგ ისევ იმ სოფელში ავედი და სიმინდი აღარ დამხვდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მადლიერებით მომახსენეს, რომ სიმინდი აღარ სჭირდებათ, ვინაიდან სოციალურ დახმარებას იღებენ და პურს ყიდულობენ.

ეს მაგალითია იმისა, რომ სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამები ქრონიკურ სიღარიბეს აჩენს. დახმარების მიმღებს უყალიბდება დამოკიდებულება - კმაყოფილდება იმით, რასაც იღებს და მეტის მისაღებად შრომა აღარ უნდა. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნების უფლება, რომ საზოგადოების ერთი, შრომისმოყვარე ნაწილის ხარჯზე ვარჩინოთ ამავე საზოგადოების მეორე, ასევე შრომისუნარიანი ნაწილი, რომელსაც საკუთრი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად მუშაობა არ უნდა. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მხოლოდ იმათ, ვინც საკუთარი თავის დახმარების უნარს მოკლებულია.“

საქართველოს პრეზიდენტმა ეს განცხადება ჟურნალ „ტაბულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა („ტაბულა“ 20-26 სექტემბერი, 2010 წელი, #24). ამ ორ აბზაცში ორი მნიშვნელოვანი რამ ითქვა: პირველი ის, რომ ქრონიკურ სიღარიბეს სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამები აჩენს და მეორე - ამ პროგრამების ფარგლებში ისეთი დახმარება გაიცემა, რომ ადამიანი „კმაყოფილდება იმით, რასაც იღებს და მეტის მისაღებად შრომა აღარ უნდა“.

კმაყოფილი ქართველების გამოძახილი

„თელავის რაიონის სოფელ აკურაში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული ნატო მოსაშვილი, სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის რაიონულ განყოფილებას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს და დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს. რადიო „ჰერეთთან“ საუბარში 70 წლის მოსაშვილი ამბობს, რომ სააგენტომ ერთი თვის წინათ სოციალური დახმარება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოუხსნა. „ჩემთვის გაუგებარია, ეს სამსახური რა დანიშნულებას ასრულებს.

მაშინ, როდესაც ოჯახში არც მე და არც ჩემი შვილი არ ვართ დასაქმებული და ერთადერთი საარსებო წყარო სწორედ 54-ლარიანი დახმარება იყო, დღეს ესეც აღარ გვაქვს და, ფაქტიურად, შიმშილის ზღავრზე ვართ,“ - აღნიშნა ნატო მოსაშვილმა. სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის რაიონული საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მოსაშვილისთვის სოციალური პაკეტის შეჩერება ოჯახში დასაქმებული წევრის არსებობამ გამოიწვია. „ინფორმაცია ადგილზე გადამოწმდება, შემდეგ კი მოსაშვილის სტატუსი განისაზღვრება,“ - განმარტა ლევან ახალაურმა.“

ეს ინფორმაცია სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენმა“ ამ კვირაში გაავრცელა. ერთი წლის წინათ კი, 2009 წლის აგვისტოში, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საზოგადოებას სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში მცხოვრები ალექსანდრე სიყმაშვილის ოჯახის ამბავი უამბო. ცენტრის ინფორმაციით, სიყმაშვილების ოჯახი იმდენად გაჭირვებული იყო, რომ, სიცივისა და შიმშილისგან, ბავშვი მოუკვდა. ოჯახის მთელი ქონება დანგრეული სახლი, ორი რკინის საწოლი, ფეხმოტეხილი სკამი, რკინის ღუმელი, ერთი მაგიდა, მეზობლების მიერ ნაჩუქარი 70-ლარიანი შავ-თეთრი ტელევიზორი და რამდენიმე თეფში გახლდათ, შემოსავლი კი - თვეში სამჯერ, მეზობლის საქონლის მწყემსვით მიღებული 21 ლარი. ამ ინფორმაციის გავრცელების დროისთვის სიყმაშვილები ყოველთვიური საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვში არ ირიცხებოდნენ.

ყოველთვიური საარსებო შემწეობა სოციალური დახმარების ახალი ტიპია და საქართველოში 2006 წლის ზაფხულიდან მოქმედებს. ამასთან, ოჯახი, რომელსაც იგი დაენიშნა, პერიოდულად მოწმდება (ოჯახის წევრის დაბადების, გარდაცვალების, დასაქმების - მიუხედავად ხელფასის ოდენობისა; მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის; სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების; იძულებით სამკურნალოდ გაგზავნის და სხვა შემთხვევებში) და, შეიძლება, დანიშნული დახმარება გაუუქმონ კიდეც.

ამგვარი ფაქტებს ქართული მედია უკვე წლებია აშუქებს. მაგალითად, „გურიის მოამბე“ წერდა, რომ ლურსმანაშვილების შვიდსულიან ოჯახს, ხელახალი გადამოწმების შედეგად, სოციალური დახმარება იმიტომ შეუწყდა, რომ ციხიდან ოჯახის კიდევ ერთი წევრი გამოვიდა. არადა, ოჯახი სამ ავარიულ ოთახში ცხოვრობდა, მთელ მის მეურნეობას 20 ძირი თხილი შეადგენდა და ორი - პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდი ჰყავდა.

მოქალაქე ქეთო შიხაშვილი, მაგალითად, ცდილობდა გაერკვია, რატომ იქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა მისი ქულების რაოდენობაზე მცირეხელფასიან სამსახურში ქალიშვილის დასაქმებამ, - „ერთ პატარა, დაობებულ კედლებიან, 10 კვადრატულ ოთახში შვილთან ერთად ვცხოვრობ, ასთმა მაქვს და თვეში 70 ლარის წამლები მჭირდება. როგორ შეიძლება ჩემი პენსია და ჩემი შვილის 150 ლარი საარსებოდ გვეყოს? ოჯახისთვის არაფერი შემიმატებია და როგორ უნდა გამხდარიყო ჩემი ქულა 126150? არაფერი მესმის...“ („სამომხმარებლო კალათა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები“, გაზეთი „მონიტორი“, www.polity.ge).

იმავეს ჩიოდა იქვე მოქალაქე ჟუჟუნა გაჩეჩილაძე, - „ოჯახში სამი წევრი ვართ, შვილი მეორე ჯგუფის ინვალიდია და 62 ლარსაც კი არ გვაძლევენ. მეზობლების ნაჩუქარი ძველებური ტელევიზორი და სარეცხის მანქანა მაქვს, „ფანერკების მინები“ მაქვს ჩასმული და აბანოდან წყალი ვედრით გამაქვს, ისე ჟონავს. მომანიჭეს 79920 სარეიტინგო ქულა. ვერ ვხვდები, ამ ქულას როგორ ანგარიშობენ, ჩემს მეზობელს „მარშრუტკა“ ჰყავს, კარგად ცხოვრობს და ის იღებს სოციალურად დაუცველი ოჯახის დახმარებას.“

შეკითხვა საქართველოს პრეზიდენტს: ეს კმაყოფილი ადამიანების ნაამბობს ჰგავს?

სოციალური დახმარების პროგრამები

ახალი ტიპის, ე.წ. საჭიროებებზე დაფუძნებული დახმარებების სისტემით საქართველოში სოციალური დახმარებების არსებული, კატეგორიებზე დაფუძნებული სისტემა ჩაანაცვლეს. კატეგორიებზე დაფუძნებული სისტემის ფარგლებში, დახმარებას ადამიანები იღებდნენ იმ შემთხვევაში, თუკი იყვნენ პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირები ან ომის ვეტერანები. სისტემაში ცვლილებების მთავარ მიზეზად მთავრობაში სწორედ ეს დასახელდა – შესაძლებლობა, ადამიანი ყოფილიყო მარტოხელა პენსიონერი, მაგრამ - შეძლებული და მაინც მიეღო დახმარება მაშინ, როცა რეალურად გაჭირვებული ადამიანი, იმის გამო, რომ ჩამოთვლილ კატეგორიებში ვერ მოხვდა, დახმარების გარეშე რჩებოდა.

საჭიროებეზე დაფუძნებული დახმარება, დღეს, სოციალური დაცვის სისტემის მთავარი ნაწილია, თუმცა, ძალაშია კატეგორიებზე დაფუძნებული დახმარებების ნაწილიც, საოჯახო დახმარებებისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიების სახით. საოჯახო დახმარების ოდენობა 22-დან 35 ლარამდე მერყეობს, იგი თვეში ერთხელ გაიცემა და მისი მიმღები, იმ პერიოდისთვის, რომელზეც ჩვენი პრეზიდენტი საუბრობდა, საშუალოდ, 23964 ბენეფიციარი იყო. საყოფაცხოვრებო სუბსიდია (ყოველთვიური ფულადი გასაცემი სოციალური შეღავათებით მოსარგებლე პენსიონერებისთვის დაწესებული საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროების ხარჯების გასაწევად), 7-22-44 ლარის ოდენობით, თვეში ერთხელ გაიცემა და მას, იმავე პერიოდის მონაცემებით, 70930 ბენეფიციარი იღებდა.

საჭიროებებზე დაფუძნებული სისტემის მიხედვით, სოციალური დახმარების მიღების მსურველი ოჯახი (ადამიანი), რომელიც მიიჩნევს, რომ უკიდურესი სღატაკის ზღვარს მიღმა იმყოფება, სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივ განყოფილებაში სპეციალურ ფორმას ავსებს. ამის შემდეგ, მასთან მიდის სოციალური აგენტი, რომელიც, საოჯახო მეურნეობის დათვალიერების, ოჯახის წევრებთან გასაუბრების, მათ შესახებ ინფორმაციის შეკრების შედეგად, ავსებს ოჯახის დეკლარაციას (დეკლარაციას ხელს ოჯახის წარმომადგენელიც აწერს).

სარეიტინგო ქულა, რომელიც გადამწყვეტია დახმარების მიღებისთვის, დეკლარაციის საფუძველზე ითვლება და ოჯახს მიეცემა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა“. ამასთან, თუკი ოჯახი იღებს საოჯახო დახმარებას ან/და დევნილობის ყოველთვიურ შემწეობას (28 ლარი დევნილზე), არჩევანის გაკეთება უწევს - საარსებო შემწეობის დანიშვნის შემთხვევაში, ეს დახმარებები მას შეუწყდება.

დაახლოებით იმ პერიოდისთვის, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა, დახმარება ეძლეოდა მას, ვისი ქულა 57001 და უფრო დაბალი იყო და იგი შეადგენდა 30-დან 390 ლარს, ოჯახის სულადობის მიხედვით (ერთსულიანიდან - თექვსმეტსულიანი ოჯახის ჩათვლით). სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში იმ დროისთვის (მაგალითად, გასული წლის ზაფხულში) რეგისტრირებული 531 273 ოჯახიდან საარსებო შემწეობას იღებდა 161 264 ოჯახი. აქედან ერთწევრიანი ოჯახი იყო 51 572 (30 ლარი), ორწევრიანი - 36 226 (54 ლარი), სამწევრიანი - 19 525 (78 ლარი), ოთხწევრიანი - 21 166 (102 ლარი), ხუთწევრიანი - 15 560 (126 ლარი), ექვსწევრიანი - 9 457 (150 ლარი), შვიდ და მეტწევრიანი - 7 758 (174 ლარი და მეტი).

როგორც ხედავთ სოციალური დახმარების მისაღებად დიდი დროისა და ენერგიის დახარჯვაა საჭირო, მიუხედავად ამისა, მისი მიღების სურვილი 531 273 ოჯახმა გამოთქვა. მოსახლეობის ბოლო, საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში, სულ, 1,174,275 ოჯახია და, როგორც ოფიციალური სტატისტიკა გვეუბნება, მათი 45% დახმარებას ითხოვდა. სახელმწიფო დახმარება მთხოვნელების 30,4%-ს დაენიშნა, ამასთან, 80 ლარზე მეტს აქედან 28 924 (ოთხ, ხუთ და მეტწევრიანი) ოჯახი იღებდა, სოციალური დახმარების მიმღებთა 17%. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2010 წლის ზაფხულის მონაცემებით, სოციალურად დაუცველთა შემწეობის მიღებას უკვე 548,907 ოჯახი ითხოვდა. შემწეობის მთხოვნელთა შორის, ამავე სააგენტოს მონაცემებით, 18-დან 65 წლამდე ასაკის 1,070,8 ადამიანია. “საქსტატის” ბოლო, 2009 წლის მონაცემებით კი, საქართველოში ეკონომიურად აქტიური, სულ, 1.991,8 ადამიანია.

შეკითხვა საქართველოს პრეზიდენტს: 80 ლარი ის ფულია, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 53,7%–ს სამუშაოზე ხელს რომ ააღებინებს?

კიდევ ერთი შეკითხვა

მუდმივმა და საგრძნობმა დახმარებამ, შეიძლება მოადუნოს ადამიანი, მაგრამ სიღარიბეს ვერ გააჩენს. სიღარიბეს აჩენს სამუშოს არარსებობა.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში, რომელსაც, ჩვენი უმაღლესი ხელისუფლების არაერთი განცხადებით, მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ვერაფერი დააკლო, სიღარიბის დონემ 16,9 პროცენტი შეადგინა. ეს მაშინ, როცა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, დსთ-სა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, უმუშევრობის დონე 10 პროცენტია.

NDI-ის მიერ, წელს, ივნის-ივლისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომლის დროსაც 2053 ადამიანთან პირისპირი ინტერვიუ შედგა, გამოკითხულთა 65% მათი ოჯახებისთვის უმნიშვნელოვანეს ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილებს მიიჩნევს. გასული წლის დეკემბერში ამაზე გამოკითხულთა 57%, წელს, აპრილში კი – 59% საუბრობდა. ეს არ უნდა ჰგავს იმ ადამიანების პასუხებს, ვისთვისაც სოციალური დახმარება სიმინდის თესვის ალტერნატივად გამოდგება.

შეკითხვა საქართველოს პრეზიდენტს: ასე არ არის?

http://www.presa.ge/new/?m=society&AID=1275