понедельник, 22 ноября 2010 г.

პოზა


„ჩვენ არ გვჭირდება პოზა, ჩვენ გვაქვს პოზიცია - ვემსახუროთ ხალხს." ეს საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის გზავნილია. მისი ამოკითხვა შეიძლება სპეციალურ ბროშურაში „რეკომენდაციები საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტისთვის", რომელიც 2005 წლის სექტემბერში მომზადდა და საჯარო სამსახურების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების, პრესსამსახურებისა და PR-ის წარმომადგენლებს დაურიგდა.
განვაგრძოთ: "ხალხი რამდენადაც კრებსითია, იმდენადვე კონკრეტულად ერთ ადამიანს გულისხმობს. ამიტომ საქმე ბევრი გვაქვს. ყველა წერილი,ყველა განცხადება, ყველა ზარი, ყველა შემთხვევა, ყველა წამოწყება, ყველა ინიციატივა მოქმედების იმპულსს უნდა გვიჩენდეს. ჩვენი მოქმედება ადეკვატური და რეზულტატურიც რომ იყოს, მონდომების გარდა, მიდგომების ცოდნაც გვჭირდება. ამიტომ წამოვიწყეთ დიალოგი ჩვენი საქმიანობის სპეციფიკაზე. ჩავუღრმავდეთ პროფესიულ რეკომენდაციებს."
ამ 38-გვერდიან გამოცემაში მოკლედაა მიმოხილული პრესსამსახურის სტრუქტურა, მიზნები და ფუნქციები, მისი გარე საკონტაქტო აუდიტორია, პრეს-კონფერენიცებისა და ბრიფინგების ორგანიზება, საინფორმაციო მომსახურების ძირითადი ინსტრუმენტები, PR-ის მართვის ფორმები, ანტიკრიზისული PR-მენემენტი და ა.შ. ერთი სიტყვით, გარკვეულ წარმოდგენას პრესამსახურის დანიშნულებაზე ეს ბროშურა ქმნის.
ყველაზე ფასეული ამ გამოცემაში ლოიდ ჯორჯის სიტყვებია; „საზოგადოების მხარდაჭერითა და გაგებით გაცილებით ადვილია მიაღწიო დასახული მიზნის წარმატებით განხორციელებას, ვიდრე საზოგადოების გულგრილობითა და ოპოზიციაში ყოფნით." კერძო კომპანიებისგან განსხვავებით, სახელმწიფო სამსახურებისთვის, ამ სენტენციას მეტი დატვირთვა აქვს, იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელსაც მას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა სძენს.
სამწუხაროდ, საჯარო ორგანიზაციების ნაწილში ამ ვალდებულებას ვერ აცნობიერებენ. მაგალითად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, რომელზეც, ბოლო დროს, ყველაზე მეტი კრიტიკა ისმის. ჟურნალ „ლიბერალის" ჟურნალისტმა ნათია ახალაშვილმა, 17 ნოემბერს, ამაზე თავის ბლოგშიც დაიჩივლა. პასუხი, რომელიც მან სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროს ნინო პოტრჟებსკაიასგან მიიღო, ასეთი გახდათ:
"დღის განმავლობაში გიპასუხებთ. აა, ერთი წუთი, პრინციპში თქვენთვის პასუხის გაცემას რა აზრი აქვს! თქვენ ხომ ჩვენთან მხოლოდ ცალმხრივად თანამშრომლობთ. დღე არ გავა, რომ რამე საშინელება არ დაგვიწეროს "ლიბერალმა". თუკი ორმხრივ თანამშრომლობაზე წამოხვალთ, კი, ბატონო, გიპასუხებთ. ისე თქვენთვის დროის დაკარგვა არ ღირს..." სამინისტროს პრესამსახურისგან პასუხი ჟურნსლისტმა ვერც ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილზე მიიღო. ისევე, როგორც, მაგალითად, მე, ამ უწყებისთვის ჯერ კიდევ 13 ოქტომბერს გაგზავნილ წერილზე.
შეიძლებოდა, ჩაგვეთვალა, რომ ეს დამოკიდებულება ნაწილია იმ გულგრილობისა, რასაც ჩვენი ხელისუფალნი, ძირითადად, ბეჭდური მედიის მიმართ იჩენენ, მაგრამ, როგორც ნათია ახალაშვილი ყვება, არსებობს გამონაკლისებიც. "გოგონი!!! იცი რას გეტყვი? რამხელაც შენ ხარ, იმხელა სტაჟი მაქვს ჟურნალისტიკაში, ასე რომ, რო მოდიხარ უნდა იცოდე ვისთან მოდიხარ!" - ასე პროფესიონალურად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, თურმე, სწორედ ტელეჟურნალისტისთვის მიუმართავს.
ამ ქალბატონთან ურთიერთობის პირადად ჩემი გამოცდილება (გამონაკლისი რომ ვყოფილიყავი, ამაზე ხმასაც არ ამოვიღებდი) მეტად ხანმოკლე, მაგრამ შთამბეჭდავია. როცა გაიგო, ჟურნალისტი ურეკვადა და კითხვები ჰქონდა, დამელოდეთო, მითხრა, სხვა ტელეფონზე დაწყებული საუბარი გააგრძელა, მერე კიდევ ერთ ზარს უპასუხა, შემდეგ მომიბრუბდა, რა გინდოდათო და ისე, რომ პასუხი არ დამამთავრებინა, შეკითხვები ელექტრონულ მისამართზე უნდა გამოაგზავნეთო, განმიცხადაა. ეს ყველაფერი - ისეთი ტონით, თითქოს, პატივს მდებდა, საერთოდ რომ მელაპარაკებოდა.
ეს ყველაფერი ძალიან სასაცილო იქნებოდა, საუბარი იმ ხალხზე რომ არ იყოს, ვისაც ხელფასს საკუთარი ჯიბიდან ვუხდით და ჟურნალისტების მუშაობას ხელს რომ არ უშლიდეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთ-ერთ ყველაზე დახურულ სტრუქტურად რომ იქცა, ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ სკოლები, როგორც ბატონი შაშკინი ამბობს, დამოუკიდებელი სუბიექტებია და სამინისტრო მათ საქმეებში არ ერევა, სკოლის დირექტორის ან მასწავლებლისგან კომენტარის სამინისტროსთან შეუთანხმებლად მიღება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
ასე დამოუკიდებელი საქართველოც იყო საბჭოთა კავშირის დროს. იმ დროს, რომელზეც გვეუბნებიან უკან მოვიტოვეთო. ჩვენ, როგორც დაგვპირდნენ, სხვა ქვეყანას ვაშენებთ, დემოკრატიულს, სადაც პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ, ჟურნალისტებს, გვესმის, რომ პრესსამსახურს, თავისი, ამ შემთხვევაში, უწყებრივი ინტერესი ამოძრავებს და ყველაფერი, რასაც გეუბნება, კარგად უნდა გააანალიზო იქამდე, ვიდრე საზოგადოებამდე მიიტან. აქ მთავრდება ყველა „გადახვევა", რომელიც შეიძლება პრესსამსახურისგან დაუშვა.
სხვა დანარჩენი - უპასუხოდ დატოვებული ზარები თუ წერილები, კანონით დამოუკიდებელი სტრუქტურების საქმიანობაში ჩარევა, უხეშობა და ა.შ. მისი წარმომადგენლების არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს, რაც ისეთ სფეროში, როგორიც მედიასთან ურთიერთობაა, დაუშვებელია. ახირებული ადამიანები, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარესაც მოიძებნებიან, მაგრამ საბოლოო სურათს მაინც, ამგვარ ურთიერთობებში, ერთ ადამიანთან ურთიერთობის გამოცდილება არ ქმნის.
პოზა, რომელიც დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კიდევ სხვა საჯარო უწყებების პრესამსახურების წარმომადგენლებს უჭირავთ, ძალიან შორსაა პოზიციისგან - „ვემსახუროთ ხალხს" და, იქამდე, ვიდრე ისინი ამ პოზას შეინარჩუნებენ, მედია, მთლიანად საზოგადოება ღრმად იქნება დარწმუნებული, რომ ეს მხოლოდ მათი, შედარებით დაბალი რანგის ჩინოვნიკების ახირება ან არაპროფესიონალიზმი კი არა, მათი ხელმძღვანელების, მაღალი და კიდევ უფრო მაღალი რანგის ჩინოვნიკების დამოკიდებულებაა საკუთარი ქვეყნისადმი, ადამიანებისადმი, რომლებმაც მათ სახელმწიფოს მართვა ჩააბარეს.

среда, 17 ноября 2010 г.

Where are you going, Georgia? - ერთი კონფერენციის ქრონიკა

„საქართველომ, შეიძლება, ვეღარ მიიღოს 10 მილიონი, რომელსაც საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებს ფოთის პორტისთვის სთხოვს,“ – განაცხადა იაპ ვიენენმა, პროფესიული კავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) გენერალური მდივნის მოადგილემ, პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე, სახელწოდებით „სოციალური დიალოგი და შრომითი სტანდარტები საქართველოში“, რომელიც 4 ნოემბერს თბილისში გაიმართა, – „თუკი საქართველომ არ შეასრულა ევროპის მოთხოვნები, იგი ვერ გახდება მისი სრულუფლებიანი პარტნიორი.

ევროპა არ წავა დათმობაზე ისევე, როგორც არ წავიდა დათმობაზე ბელარუსთან, რომელსაც GSP+–ით სარგებლობის უფლება ჩამოართვა. ჩვენი რეკომენდაციები ამ შემთხვევაშიც იქნება გათვალისწინებული ევროპის ორგანიზაციების მხრიდან.

გაკვირვებული ვარ მინისტრის მოადგილის გამოსვლით, რომელმაც გვითხრა, რომ საქართველოს შრომის კოდექსს ცვლილებები არ სჭირდება. იმედი მაქვს მინისტრ ურუშაძისა, რომლის განცხადებითაც, ბიბლიის გარდა, ცვლილებას ყველაფერი შეიძლება დაექვმდებაროს. სოციალური დიალოგი გულისხმობს პატივისცემას პარტნიორებს შორის და აქ მე ვერ ვხედავ პატივისცემას პროფკავშირების, როგორც პარტნიორისადმი. მე არ ვამბობ ამას კონფრონტაციისთვის. მე მინდა, ქართულ საზოგადოებაში პარტნიორები პატივს სცემდნენ ერთმანეთს.

ჩვენ არ მოგვწონს თქვენი შრომის კოდექსი და ეს  საერთაშორისო ორგანიზაციების არა ერთ დოკუმენტში აღინიშნა. იგი არ შეესაბამება ევროპულ მოთხოვნებს. წაიკითხეთ ევროპის ქარტია. საქართველოში მუშობენ ევროპის წარმომადგენლობის ელჩები, რომლებსაც შეუძლიათ მოგვცენ სიღრმისეული ანალიზი და არა ის, რაც ზედაპირზეა. ჩვენ გაწბილებულები ვართ იმით, თუ როგორ მიდის სოციალური დიალოგი თქვენ ქვეყანაში, თუმცა, ჯერ კიდევ არის დრო, რომ ვითარება გამოსწორდეს.“

ეს ვრცელი და საყურადღებო კომენტარი იაპ ვიენენმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ლაშა გოცირიძის გამოსვლის შემდეგ გააკეთა. ამ უკანასკნელის გამოსვლა კი, შემდეგ განცხადებებს შეიცავდა: კანონის ცვლილება არ უნდა იყოს მოთხოვნა და სამმხრივი დიალოგი მიმართული უნდა იყოს ხედვების გაცვლისა და დაახლოებისკენ; საქართველოს შრომითი კანონმდებლობა, მთლიანობაში, არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისი; კარგი იქნება, თუკი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს ხელისუფლების პასუხებს უკეთესად წაიკითხავს.

მინისტრის მოადგილის შეუვალი ტონის გარდა, ეს გამოსვლა საინტერესო იყო იმითაც, რომ იქამდე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა კარი ტაპიოლა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნის განსაკუთრებული მრჩეველი და გარკვევით ილაპარაკა საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე. „ცვლილებები აუცილებელია“, – თქვა მან, – „მეუბნებიან, რომ ეს დააფრთხობს ინვესტორებს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომელ ინვესტორებზე ვსაუბრობთ? საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღებით უნდა წაიკითხოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2010 წლის კონფერენციის დასკვნა. ვიმედოვნებ, რომ მთავრობა გაითვალისწინებს მის მოთხოვნებს, დაწყებული სოციალური დიალოგი გაღრმავდება და მიღწეული იქნება ცვლილებები, რომელიც უცილებელია ჯანსაღი, სრულყოფილი ეკონომიკის განვითარებისთვის.“

სოციალური დიალოგის განვითარების, მოქმედი შრომის კოდექსის შეცვლის აუცილებლობაზე საქართველოს სახალხო დამცველმაც ისაუბრა. შრომის პირობები, სამსახურის დაკარგვის შიშით გაჩუმებული დასაქმებული, ხელშეკრულებების მოშლის საშუალებები, საბოლოო ანგარიშსწორების პრობლემურობა – ეს ის საკითხები აღმოჩნდა, რომელზეც გიორგი ტუღუშმა გაამახვილა ყურადღება. ის, რის მოსმენასაც ხელისუფლება აქამდე პროფკავშირებისგან იყო მიჩვეული, ახლა ახალი სახალხო დამცველის პირიდანაც გაისმა, თუმცა, სათანადო რეაქცია ამას მათში არ გამოუწვევია.        

ყველაზე ნიშანდობლივი ამ მნიშვნელოვან ფორუმზე გახლდათ სწორედ  საქართველოს მთავრობის ხისტი და არაერთგვაროვანი დამოკიდებულება საკითხისადმი, რომელიც საერთაშროსო საზოგადოებას, საქართველოს პრემიერ–მინისტრისგან მიღებული პრობის შემდეგ, უკვე გადაწყვეტილი ეგონა. შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა ნიკა გილაურმა კარი ტაპიოლას შარშან ოფიციალურად აღუთქვა. ამიტომ იყო, რომ იაპ ვიენენმა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძეს გაუმეორეს გასატარებელ ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვები.

„აქვს საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება, შეცვალოს შრომის კანონმდებლობა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად?“ – იკითხა იაპ ვიენენმა. „შეგიძლიათ დაასახელოთ კონკრეტული დრო – თვე, წელი, რაც ცვლილებების განხორციელებას სჭირდება?“ – ეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლის შეკითხვა გახლდათ. პირველის პასუხად მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ნება არსებობს, მეორეს პასუხად კი, თქვა, რომ ვადები სამივე მხარის დიალოგით უნდა დადგინდეს. რამდენიმე წუთის შემდგე, ლაშა გოცირიძემ კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება: „ჩვენ მიგვაჩნია, რომ შრომითი კანონმდებლობა არის მოთხოვნების შესაბამისი.“  

საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენიანი წარმომადგენლების გაოგნება კიდევ  უფრო თვალშისაცემი კონფერენციის რამდენიმე სხვა მონაწილის გამოსვლის შემდეგ გახდა. ესენი იყვნენ მოქმედი შრომის კოდექსის ერთ–ერთი ავტორი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე (ლადო ჭიპაშვილის დროს) ვახტანგ მეგრელიშვილი, რომელიც, ამ შემთხვევაში, „ცოდნის ფონდს“ წარმოადგენდა და მიხეილ თავხელიძე – შავი ზღვის პრესის ასოციაციიდან.

პირველმა განაცხადა, რომ არ ესმის, საერთოდ რა საჭიროა სოციალური დილოგი მთავრობის მონაწილეობით, რადგან ეს იქნება სახელმწიფოს ჩარევის გაზრდა კერძო ურთიერთობებში, მეორემ კი, შრომის კოდექსის შემცირება მოითხოვა. ამ უკანასკნელის შეხედულება ასეთი გახლდათ: შრომის კოდექსი სულ ორი აბზაცი უნდა იყოს, ერთი უნდა განსაზღვრავდეს, რომ იგი ეხება ადამიანს, რომელიც სასამართლოს გიჟად არ უღიარებია  და მეორე უნდა ამბობდეს, რომ ასეთი ადამიანი საკუთარ შრომით ურთიერთობს თავად არეგულირებს.  

ვახტანგ მეგრელიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც ახლა ევროპაში ხდება პროფკავშირების ბრალია, მიხეილ თავხელიძე კი, ITUC–ის გენერალური მდივნის მოადგილეს შემდეგი სიტყვებით შეეხმიანა, – ნამდვილად 180 მილიონი წევრი გყავთ, თქვენი წევრი ევროპაში მე არ შემხვედრიაო. მთავრობის არც ერთ წევრს (მთავრობა სოციალური დიალოგის ერთ–ერთი მონაწილეა) სოციალური დიალოგის მნიშვნელობის ასეთი ინტერპრეტაცია არ გაუპროტესტებია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მორის წამალაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ასეთი ჩარევა და პროფკავშირებისადმი მხრდაჭერა დიალოგს  შეუშლის ხელს.         

„აქ გაისმა სერიოზული და პროვოკაციული რეაქციები. ჩვენ არ ვართ მიჩვეული ასეთ რეჟიმში მუშაობას“, – ასეთი იყო იაპ ვიენენის პასუხი, – „თქვენ გინდათ ევროპასთან თანამშრომლობა, თანაც, რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ გეუბნებით, რა არის ამისთვის საჭირო. თუ ევროპასთან თანამშრომლობა გინდათ, არსებული შენიშვნები უნდა გაითვალისწინოთ. თქვენ ევროპასთან სრულ პარტნიორობას ითხოვთ, ეს თქვენი არჩევანია და არა ჩვენი. ჩვენ გეუბნებით, რომ, ამ შემთხვევაში, დაგჭირდებათ საბაზრო ეკონომიკის სოციალური მოდელი – ის, რაც აირჩია ევროპამ.“

ეს არჩევანი ევროპამ 25 წლის წინათ გააკეთა და, როგორც ევროპელი სტუმრები ამბობდნენ, იგი წარმატებული აღმოჩნდა. ამაზე საუბრობენ დამსაქმებლებიც. ჰენრი ციმერმანმა, დამსაქმებელთა ორგანიზაციის პარტნიორობის პროექტის მენეჯერმა, მაგალითად, განაცხადა, რომ ფინანსური კრიზისიდან გერმანიის ყველაზე სრაფად გამოსვლის მიზეზი სწორედ სოციალური დიალოგი იყო, ის რომ სამი მხარე – მთავრობა, დამსაქმებმები და პროფკავშირები ერთად მართავდნენ ვითარებას.

„ამის წყალობით, გერმანიამ მოსალოდნელზე მილიონ–ნახევრით ნაკლები უმუშევარი მიიღო,“ – თქვა ჰენრი ციმერმანმა, – „სოციალური დიალოგი არის ეკონომიკური წინსვლის საფუძველი. ამის გაცნობიერება ჭირდებათ დამსაქმებლებს, რომლებიც ამ პროცესს დამატებით ტვირთად წარმოიდგენენ. სოციალური დიალოგი ნიშნავს იმას, რომ შენი დასაქმებული არა მხოლოდ ხელფასს იღებს შენგან, არამედ აქვს შეგრძნება, რომ მის პიროვნებას აფასებენ, რაც კარგ ხელფასზე არანაკლები სტიმულია ნაყოფიერი და თავდადებული შრომისთვის.“

სოციალური დიალოგი სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფოს (როგორც მომრიგებლის), დამსაქმებლებისა და დასაქმებულების წარმომადგენლების თანამშრომლობა ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს ერთგვარი სათათბირო ორგანოა, რომელიც განიხილავს დასაქმებულების, დამსაქმებლების წინაშე მდგარ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის სახელმწიფოებრივად გამართლებულ გზებს ეძებს. ეს ის გზაა, რომელსაც მიყვება ევროპა და უნდა მიყვეს ყველა, ვინც განვითარების ევროპულ მოდელს ირჩევს.

„როგორც ჩანს, საქმე უფრო სერიოზულადაა, ვიდრე გვგონია,“ – განაცხადა კონფერენციაზე გია ჟორჟოლიანმა, ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, – „ურთიერთგაგებას აქ ხელს უშლის ის, რომ ევროპის სოციალურ–ეკონომიკური მოდელი ჩვენი ხელისუფლების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. ამ შემთხვევაში უნდა პირდაპირ ითქვას, რომ საქართველოს სხვა გზა აქვს აღებული და შემდეგ გავარკვიოთ, როგორ ჯდება მასში სოციალური დიალოგი.“

მართლაც, რა გზა აქვს აღებული ქვეყანას? რაც დრო გადის, რაც უფრო მცირდება დადებული პირობების შესრულების ვადები, მით უფრო ნათელი ხდება, რომ სიტყვა და საქმე საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთმანეთისგან ძალიან შორს დგას. ეს უკვე მხოლოდ ჩვენ აღარ ვიცით. მარტო ამ კონფერენციას, ქართული მხარის გარდა, ესწრებოდნენ: ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, პოლონეთის, ესტონეთის ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები, შრომის საერთშორისო ორგანიზაციის, დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული კავშირების საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო ფონდების წარმომადგენლები.

გარდა იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება, დროდადრო, ემსგავსებოდა მინისტრის მოადგილის კაბინეტში გამართულ თათბირს, სადაც ახალგაზრდა ფუნქციონერი მისგან განსხვავებული აზრის მქონე ყველა დამსწრეს ტუქსავდა, იგი ტოვებდა შემაშფოთებელ განცდას იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა თანდათან ემსგავსება ჭირვეულ მეზობელს, რომელთან ურთიერთობაც მალე აღარავის მოუნდება.

საით მიდიხარ, საქართველო?

ჟურნალისტის პური


ქართულ ჟურნალისტიკას, ფაქტობრივად, პურის გარეშე ტოვებენ. მიუხედავად ხელისუფლების ხმაურიანი განცხადებებისა, მედიის გამჭვირვალობის გაზრდის თაობაზე, მთავარი - ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ჟურნალისტებისთვის ისევ პრობლემად რჩება. როგორც ჩანს, საქართველოს დღევანდელ მმართველებს პრესა მხოლოდ ყვითელი ფერისა მოსწონთ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას მედიის თავისუფლების პრეტენზია ჰქონდა. საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც, დავით ბაქრაძის განცხადებით, ორ კვირაში უნდა მომზადებულიყო, მისი სიტყვებით, უკავშირდებოდა „მედიის თავისუფლებას და, კონკრეტულად, მედიასაშუალების მფლობელთა ვინაობის გამჭვირვალობასა და გასაჯაროებას" საზოგადოებისთვის.
ამ ნაბიჯისკენ ჩვენ ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე წლებია მოუწოდებენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" 2009 წელს სპეციალური კვლევაც ჩაატარა („სატელევიზიო სივრცე საქართველოში, მფლობელები, მაკონტროლებლები და საკანონმდებლო გარემო") და დადო სურათი, რომელიც ბევრ კითხვას სცემდა პასუხს, მაგრამ კიდევ უფრო მეტზე პასუხს ითხოვდა. მედიის მფლობელების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა ის თემა გახდა, რომლის გახსნას უცხოელი ექსპერტები უკვე ღიად მოითხოვდნენ. საქართველოს ხელისუფლებაც დათმობაზე წავიდა.
როგორ სახეს მიიღებს ეს დათმობა საბოლოოდ, ჯერ არავინ იცის, მაგრამ ის უკვე ცნობილია, რომ, ამ ეტაპზე, ქვეყნის მმართველები მეტი „ბარტყის" გადმოგდებას არ აპირებენ. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნებოდა, ამ ინიციატივით, ჩვენ გადავალთ „ყველაზე მაღალ, ყველაზე დემოკრატიულ სტანდარტებზეო" და საქართველოს პრეზიდენტი ამას საფრანგეთიდან ადასტურებდა, ქართველ მედიაექსპერტებს, მედიის გამჭვირვალობისთვის მომზადებული ინიციატივის გაზიარებაზე უარი უთხრეს. თანაც - მეტად ნიშანდობლივი მიზეზით.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მედიაექსპერტების საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებული კანონპროექტი რვა მიმართულებას მოიცავს, მაშინ, როდესაც პარლამენტის თავმჯდმოარის განცხადება და შეთავაზება მხოლოდ მედიამფლობელების გამჭვირვალობას ეხებოდა. იმისთვის, რომ გავარკვიოთ, რაზე ამბობს ხელისუფლება უარს, კიდევ ერთელ მივუბრუნდეთ ინიციატიცას, რომელიც კონსტიტუციოლოგმა ვახტანგ ხმალაძემ, იურისტმა გიორგი ჩხეიძემ, მედიამკვლევარმა ნინო დანელიამ, გაზეთ „რეზონანსის" მთავარმა რედაქტრომა ლაშა ტუღუშმა, ჟურნალისტმა ელისო ჩაფიძემ მოამზადეს.
მედიამფლობელთა გამჭვირვალობის გარდა, ამ ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი მედიასაშუალებების ფინანსურ გამჭვირვალობას, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, სწრაფ და იაფ მართლმსაჯულებას ეხება. სახელმწიფოსთვის, რომელიც ისწრაფვის „ყველაზე მაღალ, ყველაზე დემოკრატიულ სტანდარტებს" აკმაყოფილებდეს, ეს საკითხები უპირობოდ უნდა იყოს მნიშვნელოვანი. დემოკრატიული სახელმწიფო ვერ იარსებებს ძლიერი და თავისუფლალი მედიის გარეშე, ამგვარი მედიის არსებობა კი, დახურული საჯარო ინფორმაციის, სწრაფი და იაფი მართლმსაჯულების გარეშე წარმოუდგენელია.
რამდენად ხელმისაწვდომია საჯარო ინფორმაცია საქართველოში ორშაბათის „რეზონანსში" ელისო ჩაფიძე გვიამბობს. ჟურნალისტის მიერ მომზადებული ინფორმაციის თანახმად, 2009-2010 წლებში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გასაჩივრების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 54-ჯერ მიმართეს, მაგრამ აქედან მხოლოდ 1 მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანა შესაბამისი ბაჟის, 100 ლარის, გადახდის შემდეგაა შესაძლებელი, ეს თანხა კი, ქართველი ჟრუნალისტებისთვის ცოტა არ არის.
თანხა, როგორც წინაღობა საჯარო ინფორმაციის მიღებაში, წერილის მიხედვით, ქართველ ჟურნალისტებს საჯარო რეესტრთან ურთიერთობაშიც უქმნის პრობლემებს. ჩვენ ქვეყანაში დღეს მოქმედი წესებით, ადამიანს იმაშიც კი უწევს ფულის გადახდა, რაც მისთვის კანონით არის ხელმისაწვდომი. ასეთ მოთხოვნებს, როგორც რეალობა აჩვენებს, ყველაზე კარგად დაფინანსებული უწყებები აყენებენ, თანაც, იმ მოტივით, რომ გამოთხოვილი ინფორმაციების მომზადება ხარჯებთანაა  დაკავშირებული.
ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რა ინფორმაციის მიღებაზე ეუბნებიან უარს ჟურნალისტებს საქართველოში (ამ შემთხვეაში უარად შეიძლება ჩაითვალოს კანონით დადგენილ ვადებში გაუცემელი პასუხებიც). როგორც წერილიდან ჩანს, ასეთია: პრეზიდენტის ვიზიტების, ვიზიტების დროს თანმხლების პირების, მათი მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯები; პრეზიდენტის ოჯახის ხარჯები; ბიუჯეტით დაფინანსებული გასართობი ღონისძიებების ნუსხა და ხარჯები; სახელმწიფო მოხელეების ხელფასები და პრემიები (საგარეო საქმეთა სამინისტროში პრემიები პირად საიდუმლოდაც მიუჩნევიათ); თბილისის მერიის სატელეფონო ხარჯები.
იქ, სადაც ჟურნლისტები საჯარო ინფორმაციას დაჟინებით მოითხოვენ, საქმეში აბსოლუტურად არადემოკრატიული, არაკანონერი ქმედებები იჩენს თავს. როგორც საბა წიწიკაშვილის შემთხვევაში იყო. ქალაქ გორის გამგეობის შენობაში, გასული წლის დასაწყისში, დღის 12 საათზე, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს შენობის დაცვის სამსახურის ორმა თანამშრომელმა გააკეთა მაშინ, როცა ჟურნალისტი შენობაში შესვლას გამგეობის კანცელარიაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის ასაღებად ცდილობდა.
საჯარო ინფორმაცია ის პურია, რომელიც სერიოზულ ჟურნალისტიკას კვებავს. ფაქტზე უკეთესი საშუალება რეალობის დასამტკიცებლად კაცობრიობას ჯერ არ მოუგონია. საქართველოს ხელისუფლება, თავისი დამოკიდებულებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან, ქართულ ჟურნალისტიკას ტოვებს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტების გარეშე, რითაც ყველა საუბარი ქვეყანაში არსებული რეალობის შესახებ ჭორების დონეზე გადაჰყავს. ეს ის მოედანია, სადაც დემაგოგიც კი, შეიძლება, მართალი გამოჩნდეს. და, ყველაფერი ეს - საზოგადოების სავალალოდ, რომელსაც განსჯისთვის სხვა საგანი აღარ რჩება.
ყველაზე მეტ წინააღმდეგობას ქართველი ჟურნალისტები სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის მოღებისას აწყდებიან. არადა, სახელმწიფო ბიუჯეტი სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი - ქვეყნის მოქალაქეების შრომით შექმნილი ყულაბა, რომელსაც იმ ჯერზე მოქმედ ხელისუფლებას სახელმწიფოს (რომელსაც მისი მოქალქეები წარმოადგენენ) სწორი და სამართლიანი მართვისთვის გადავცემთ. სახელმწიფო ბიუჯეტის ნებისმიერი ნაწილის ხარჯვის შესახებ ინფორმაციის დამალვა, მისი მიღების ხელის შეშლა არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც ურთიერთობას ქვეყნის მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის სულ სხვა სიბრტყეზე ანაცვლებს.
თუკი ხელისუფლება უარს მეუბნება ვიცოდე, რაში იხარჯება ფული, რომელსაც იგი ჩემგან, ტრადიციული თუ ახალი და ახალი გადასახადების გამოყენებით, იღებს, ე.ი. არა მარტო მიმალავს, რომ არასწორად დახარჯა ფული, რომელიც მივაბარე, არამედ მაჩვენებს, რომ თანასწორ პარტნიორობაზეც მეუბნება უარს. ამ შემთხვევაში, ჩვენი ურთიერთობა იღებს ბატონ-ყმურ ელფერს. ეს კი ის პირობებია, რომლის ჩარჩოებშიც ყმები ბატონების სიამოვნებისთვის არსებობდნენ.
„საქართველოში დღემდე მოქმედებს სტანდარტი, რომელიც მოქმედებს და მუშაობს მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენი ამოცანა არ არის ვიყოთ ბევრიდან ერთ-ერთი, ჩვენი ამოცანაა, ყველაგან, სადაც ვართ, ვიყოთ მოწინავეთა რიგებში," - განაცხადა 26 ოქტომბერს დავით ბაქრაძემ. ასეთი მონდოებით საქართველო მოწინავეთა რიგებში აუცილებლად აღმოჩნდება. საკითხავი ის არის, რისი მოწინავეების რიგები იქნება ეს.

მძიმე ბავშვობა – რამდენს იწონის მოსწავლის ჩანთა?

ცუდი განათება, სტრესი, არარეგულარული კვება, სხეულის არასწორი მდებარეობა, ტრავმატიზმი – ეს სასკოლო სწავლების პროცესის რისკებია. მალე ამ ჩამონათვალს, შეიძლება, მოსწავლის ჩანთაც მიემატოს. 

საუბრები იმის შესახებ, რომ თანამედროვე მოსწავლის ჩანთა იმაზე მძიმეა, ვიდრე შეიძლება, ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანში მიმდინარეობს, თუმცა, ყველაზე მეტი სალაპარაკო, როგორც რეალობა აჩვენებს, ქართველი მოსწავლეების მშობლებს აქვთ. 
 
მარინა მელქაძის ქალიშვილი მერვე კლასელია. „ყოველ დღე, ცხრილის მიხედვით რა ჩანთაც მიაქვს – მხოლოდ წიგნები, რვეულები და კალამი, არაფერი ზედმეტი – წონა ექვს კილოგრამსა და 800–900 გრამს არ ჩამსოცდა. ამაზე მეტს იწონის, ამაზე ნაკლებს – არასდროს,“ – ამბობს მარინა, – „ამსიმძიმე ჩანთის ტარება საშინელებაა. მეც კი მიჭირს, სანამ სკოლამდე მივუტან. მერვეკლასელია კია, მაღალი, ჯანმრთელი ბავშვია, მაგრამ, ასე თუ გაგრძელდა, ამოდენა ჩანთის თრევა ფიზიკურად გაანადგურებს. მისი თანაკლასელის დედა ექიმია, მან თქვა, რომ ამან, შეიძლება, ზემოქმედება იქონიოს მხედველობაზე, ფეხის ტერფებზე, ნერვულ სისტემაზე, ხერხემალზე, გამოიწვიოს თავის ტკივილები, ბევრი სხვა პრობლემა. ხერხემლის პრობლემა ხომ ისედაც ყველა ბავშვს აქვს, ამ საშინელი მერხების გამო და ახლა ეს თუ დაემატა, ჯანმრთელობა კიდევ უფრო გაუუარესდებათ.“

შვიდ კილოგრამამდე ჩანთა ახალი ქართული რეკორდია. მეზობელ აზერბაიჯანში, მცხოვრები საბირა მამედზადე, მაგალითად, ჩიოდა, რომ მისი გოგონას ჩანთა ხუთ კილოგრამამდე იწონის („ცოდნის მძიმე ტვირთი“, საბინა ალიევა, ინტერნეტპორტალი „ზერკალო“). მისი მონათხრობის მიხედვით, თუკი ტვირთის შემსუბუქების მიზნით, ბავშვი რომელიმე სახელმძღვანელოს სახლში ტოვებს, მასწავლებლისგან მკაცრ შენიშვნას იღებს. 

მასწავლებლისგან შენიშნვნას, სავარაუდოდ, არ მიიღებს მარინა მელქაძის ქალიშვილი, რომელის კლასის დამრგებელმაც, გაღიზიანებულ მშობლებს სახელმძღვანელოების დაშლა და ისე ტარება შესთავაზა, თუმცა, ამაზე უარს უკვე ბავშვები ამბობენ. „არ იციან, ამას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს საბოლოოდ და იმიტომ, – ამბობს მარინა, – ასეც რომ არ იყოს, ამდენი ფული სახელმძღვანელოებში იმისთვის გადავიხადეთ, რომ საკუთარი ხელთ დაგვეშალა? ავიღებდით ერთ წიგნს, ქსეროქსით გავამრავლებდით და უფრო იაფი დაგვიჯდებოდა. არ შეიძლებოდა, წიგნები ამსიმძიმე არ ყოფილიყო? რაღაც სტანდარტი ხომ უნდა არსებობდეს, რომელიც იტყვის, რა წონას არ უნდა გადააჭარბოს მოსწავლის ჩანთამ! მე ამის გარკვევა ვერ მოვახერხე. საქსტანდარტში მითხრეს, რომ არანაირი ნორმატივი ამაზე არ არსებობს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კი, თუ არ ვცდები, იურიდიულ განყოფილებაში, დამამშვიდეს, შრიფტს შევამცირებთო. როდის იქნება ეს, ან როგორ შემცირდება სახელმძღვანელოების შრიფტი, არავინ ამბობს“.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მანანა რუხაძე განმარტავს, რომ ნორმატივი, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებდა, საქართველოში არ მოქმედებს. მოხერხდა მხოლოდ ერთი წიგნის („ბავშვთა ჰიგიენა“) მოძიება, რომლის მიხედვითაც, 9 წლამდე ასაკის ბავშვის ხელჩანთა 2–3, ზურგჩანთა კი 3–5 კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა, „სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესში“ (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება #19/ნ, 2010 წლის 15 მარტი) სახელმძღვანელოს წონის შესახებ არაფერი წერია, მოთხოვნების გრძელ ჩამონათვალში ეს პუნქტი არ შედის. 

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ერთ–ერთი ხელმძღვანელი, თინათინ მამულაშვილი ამბობს, რომ, მართალია, წონის შეზღუდვა სახელმძღვანელოებზე წელს არ იყო, მაგრამ, შესაძლოა, იგი მომავალ წელს დაწესდეს. სახელმძღვანელოებს საქართველოში სხვადასხვა გამომცემლობები ამზადებენ, დაზუსტებით იმის თქმა კი, გაჩნდება თუ არა გრიფირების წესში რაიმე ტიპის პირობა სახელმძღვანელოს წონასთან დაკავშირებით, მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეუძლიათ. მაგრამ იქ დუმან. სამინისტროს პრეს–სამსახურის უფროსმა, ნინო პოტრჟებსკაიამ კითხვების ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნა მთხოვა. მათზე პასუხები ჯერაც არ ჩანს.  

უფრო წარმატებული აღმოჩნდა ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგა საბინა ალიევა, რომელმაც საკუთარი განათლების სამინისტროსგან კომენტარის მიღება მოახერხა. როგორც აღმოჩნდა, არც აზერბაიჯანში აქვთ პასუხი იმაზე, თუ რამდენს უნდა იწონიდეს მოსწავლის ჩანთა. სულ სხვა სურათია ესტონეთში, ერთ–ერთ ყველაზე განვითარებულ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. ესტონეთის ხელისუფლება აწესებს, რომ მეორე–მესამე კლასელის ჩანთა, სახელმძღვანელოებთან და სხვა შიგთავსთან ერთად, სამ, მეოთხეკლასელისა კი სამნახევარ კილოგრამზე მძიმე არ უნდა იყოს (http://www.delfi.ee/). 

როგორც ამ ინტერნეტპორტალმა გაარკვია, მოსწავლეთა 30 პროცენტი ოთხ კილოგრამზე მძიმე ჩანთას ატარებს, მე–12 კლასელების ჩანთები კი, ხშირ შემთხვევაში, ხუთნახევარ კილოგრამს აღწევს. განგაშის ზარს ისევ ესტონეთის ხელისუფლებამ შემოჰკრა და მშობლებს მოუწოდა, ყურადრებით შეამოწმონ თავიანთი შვილების ჩანთები და იქიდან ამოიღონ სწავლისთვის უსარგებლო ნივთები, რომელსაც ბავშვები, ხშირად, თან დაატარებენ. 

ესტონეთში არ დგას მძიმე სახელმძღვანელოების პრობლემა, იქ ადამიანებზე – დიდებსა თუ პატარებზე – ერთნაირად ზრუნავენ. კანონი ძირითადი სკოლისა და გიმნაზიების შესახებ, რომელიც ამ ქვეყანაში მოქმედებს, ასევე, განათლებისა და სოციალურ საქმეთა სამინისტროების დადგენილებები არეგულირებენ, პრაქტიკულად, ყველა საკითხს – სასკოლო დატვირთვას, სწავლების პროცესს, გაკვეთილების ხანგრძილობასა და თანმიმდევრობას, სკოლაში მიღებას, კვებას, დღის განრიგს, სასკოლო პროცესის ორგანიზებას, მერხების სიმაღლეს, კაბინეტების განათებას, ზომას, ვენტილაციის სისტემის მოწყობილობებს...  

ერთ–ერთი დადგენილების მიხედვით, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობის დაცვას ეხება, სასკოლო ჩანთებისა და ზურგჩანთების წონა შემდეგნაირადაა რეგლამენტირებული: პირველი–მესამე კლასები – მაქსიმალური წონა სამი კილოგრამი, მეოთხე–მეექვსე კლასები – მაქსიმალური წონა სამნახევარი კილოგრამი, მეშვიდე–მეცხრე კლასები – მაქსიმალური წონა ოთხნახევარი კილოგრამი. ამასთან, განსაზღვრულია, რომ ამ წონის ტვირთი ბავშვმა აუცილებლად ზურგჩანთით უნდა ატაროს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნას. 

მეტიც – დღეს ესტონეთში უკვე ამ წონის შემცირებაზე მსჯელობენ. საუბარია სკოლებში სახელმძღვანელოების დამატებითი კომპლექტების არსებობაზე, რაც მოსწავლეებს მისცემს საშუალებას, მძიმე ჩანთის ტარება თავიდან აიცილონ. იქაურ სკოლებში ახლაც დევს სახელმძღვანელოები, რომელთა გამოყენება ბავშვებს ადგილზე შეუძლიათ. დღის წესრიგში მათი რაოდენობის გაზრდაა, თუმცა, ამას, როგორც ესტონელი სპეციალისტები მბობენ, თავად სკოლების ფინანსური შესაძლებლობა განსაზღვრავს. 

ცოტა უფრო შორეულ საზღვარგარეთში, ავსტრიაში, განათლების სამინისტრომ ჯერ კიდევ 1996 წელს მიიღო გადაწყვეტილება სასკოლო ჩანთებისა და ზურგჩანთების მაქსიმალური წონის შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, მათი წონა ბავშვის წონის 10%–ს არ უნდა აჭარბებდეს. ასეთი დასკვნა ავსტრიაში ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ მიიღეს. ექიმები იმ დროისთის უკვე მეცნიერულად ადასტურებდნენ, რომ მძიმე სასკოლო ჩანთები იყო სკოლის ასაკის ბავშვების კისრის, ბეწებისა და წელის ტკივილის ძირითადი მიზეზი. 

იმ დროს მოსწავლისთვის ყველაზე საუკეთესოდ ზურგჩანთა აღიარეს. ამასთან, მეცნიერებმა მშობლებს ურჩიეს, შვილებისთვის შეეძინათ ზურგჩანთები ორთოპედიული ზურგით, რომ ბავშვის ჩამოუყალიბებელი ხერხემალი, ჩანთაში უწესრიგოდ განთავსებული წიგნების გამო არ გამრუდებულიყო. 

გასული საუკუნის მიწურულს, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: მოსწავლეების ზურგჩანთები სპეციალური სენსორებით აღჭურვეს და შედეგებს დააკვირდნენ. დაკვირვების ობიექტები იყვნენ ბავშვები, რომელთა ჩანთები მათივე წონის 10, 20 და 30 პროცენტს აღწევდა. აღმოჩნდა, რომ 20 პროცენტით მძიმე ზურგჩანთებიდან დაწყებული, წნევა მოსწავლეების მარცხენა მხარზე აღწევდა ვერცხლისწყლის 70, მარჯვენაზე კი 110 მმ–ს, რაც 2–3–ჯერ აღემატება წნევას, რომელმაც, შეიძლება, სისხლის მიმოქცევის დარღვევა გამოიწვიოს.  

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოწოდებულია, საზოგადოების მონაწილეობით ჩამოაყალიბოს თანამედროვე და ინოვაციური საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემო. ეს გარემო ეფუძნება არჩევანის თავისუფლებისა და თანამშრომლობის, სამართლიანი კონკურენციისა და თანაბარი შესაძლებლობების, სამოქალაქო ერთიანობისა და კულტურული თვითმყოფადობის პატივისცემის პრინციპებს და ხელს უწყობს ადამიანებს, შეიძინონ და განავითარონ სოციალური წარმატებისთვისა და თვითრეალიზებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები“ – ასეთი გახლავთ ამ უწყების მისია (http://www.mes.gov.ge).

შეიძლება, მასალის მომზადებისას გამოჩენილი გულცივობის ბრალია, მაგრამ ეს განაცხადი ისეთივე ტრაფარეტული ჩანს, როგორიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ვებ–გვერდი, რომელიც არ ტოვებს ბავშვზე ორიენტირებული უწყების წარმდგენის შთაბეჭდილებას. განსხვავებით ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინსტორის ვებ გვერდისა (http://www.hm.ee), რომელზეც, ვერც მთავარ, ვერც სხვა გვერდებზე მინისტრის და მისი აქტივობის ამსახველ ფოტოებს ვერ იპოვით – იქ სულ ბავშვები არიან.

მარინა მელქაძისთვის, ისევე, როგორც ყველა მშობლისთვის, ვინც საკუთარი შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, მნიშვნელობა არ აქვს, დღეში რამდენ შეხვედრას გამართავს ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. მისთვის მთავარია შედეგები, რომელიც ამ შეხვედრებს, მინისტრისთვის აუცილებელ ღრმა და შინაარსიან საქმიანობას უნდა მოჰყვეს. ჯერჯერობით კი შედეგები შემაშფოთებელია. 



http://www.presa.ge/new/?m=society&AID=1683

მობილური მედია

სულ რაღაც 50 წლის წინათ, კომპიუტერი ერთი ოთახის ხელა მოწყობილობა იყო. დღეს მისი ტარება ხელით შეიძლება, ისინი კი, ვინც „სმარტფონებს" ფლობენ, კომპიუტერს, ფაქტობრივად, ჯიბით ატარებენ. ტექნოლოგიები უსწრაფესად ვითარდება, იცვლება ცხოვრების ტემპი და განსაკუთრებულ მოთხოვნებს, ყველაფერი ეს, კომუნიკაციის საშუალებებს უყენებს. მათ შორის მედიას, კომუნიკაციის ერთ-ერთ ყველაზე მასობრივ საშუალებას.
ექსპერტები ამბობენ, რომ, თუკი მედიას უნდა, დროს არ ჩამორჩეს, „მობილური სტრატეგია" უნდა შეიმუშაოს. ამაზე 29 ოქტომბერს, „ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში დეიან რესტაკი საუბრობდა, სერბულ კომპანიის უკაბელო მედიის ბიზნესის განვითარების დირექტორი. ეს საუბარი შედგა „საქართველოს მედიის ხელშემწყობი პროგრამის", ფარგლებში გამართული სემინარისას - "გაზეთები მობილური მოწყობილობებისათვის".
მსოფლიოში ჩატარებული სხვადასხვა კვლევის მიხედვით, რომელიც დეიანს მოსალოდნელი რეალობის დასტურად მოჰყავს, სულ რაღაც ხუთ წელიწადში, რიცხვი ადამიანებისა, რომლებიც მობლური ტელეფონის ინტერნეტბრაუზერს იყენებს, პერსონალური კომპიუტერის მფლობელთა რიცხვს გადააჭარბებს. დღეს, პერსონალური კომპიუტერების გაყიდვა მობილური ტელეფონების ყიდვის ზრდის პირდაპირპროპორციულად მცირდება. მსოფლიოს 6 877 800 000 მცხოვრებიდან კი, მობილური უკვე მილიარდ ადამიანს აქვს.
სერბი ექსპერტის მიერ წარმოდგენილი კვლევებით, 30%-ით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ინფორმაციას მობილურით იღებს, იზრდება იმათი რიცხვიც, ვინც რეკლამას მობილური ტელეფონის საშუალებით იღებს; მობილური ტელეფონის მფლობელთა, სულ მცირე, 50%-ს, 2014 წლისთვის გადასახადების გადახდა ტელეფონით შეეძლება. მობილურის პოპულარობას ხელს უწყობს ისიც, რომ, ბევრი ოპერატორი კლიენტს, ქსელში ჩართვასთან ერთად, ტელეფონს სიმბოლურ თანახად სთავაზობს.სერბეთში ეს 1 ცენტად ხდება.
რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით საქართველოში? კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის ბოლო მონაცემებით, მობილურ ტელეფონს 3 060 438 ადამიანი ფლობს. 4 400 000-იანი ქვეყნისთვის ეს უზარმაზარი რიცხვია. სტატისტიკა აჩვენებს, ასევე, რომ ინტერნეტის მობილური ტელეფონის საშუალებით გამოყენების დონე საქართველოშიც მზარდია. ცნობილია ისიც, რომ ქართველები უპირატესობას „ნოკიას" ფირმის ტელეფონებს ანიჭებენ (მას მომხმარებელთა 43% ფლობს), შემდეგ მოდის „სამსუნგის", „სონი ერიქსონისა" და „მოტოროლას" ფირმის ტელეფონები.
ამგვარ ნიუანსებს ფასი ედება მაშინ, როცა მედია ბაზარი მობილური ტელეფონის გამოყენებას ახალი კომუნიკაციებისთვის იწყებს. „ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა", - ამბობს დეიან რესტაკი, - „მობილური ტელეფონი არის საგანი, რომლითაც შენთვის სასურველ ინფორმაციას ადამიანს ნებისმიერ ადგილას მიაწვდი. ხალხი მიეჩვია მობილურით ურთიერთობას, განსაკუთრებით ეს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე ითქმის. ჩვენი კომპანიის კვლევებით, სერბეთში 18-დან 24 წლამდე ასაკის მომხმარებლები საათში სამ sms-ს მაინც აგზავნიან".
„B92" - ლოკალური პროგრამა, რომელიც დეიანის კომპანიამ სპეციალურად მობილური ტელეფონებისთვის შეიმუშავა, მომხმარებელს ადგილობრივი და საერთაშორისო ინფორმაციების ოპერატიულად მიღებას სთავაზობს. მთავარი აქ სწორედ ადგილობრივი ინფორმაციებია. „ჩვენი ენა და ჩვენი, ადგილობრივი ინფორმაციები - ეს არის ის, რამაც „B92" განსაკუთრებულად პოპულარული გახადა", - ამბობს დეიანი, - „მის პოპულარობასთან BBC-ც ვერ მივა, რადგან ლოკალური მედია ხალხს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მოუთხრობს."
„B92"-ის ტიპის, ლოკალური პროგრამების შექმნისთვის არის მნიშვნელოვანი იმის ცოდნა, თუ რომელი ფირმის მობილურ ტელეფონებს იყენებენ ქვეყანაში. რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც ამ პროგრამების საშუალებით (ან სხვა უკვე აპრობირებული გზებით, მაგალითად, მოკლე ტექსტური შეტყობინებით) მომხმარებლამდე უნდა მივიდეს: იგი დაწურული უნდა იყოს. „მობილური ტელეფონით სარგებლობა წახემსებას გავს," - ამბობს დეიანი, - „მისი საშუალებით მხოლოდ მოკლე, სხარტი ინფორმაციის მიღებაა კომფორტული."
ისინი, ვინც მობილურით სარგებლობენ, სერბი ექსპერტის დაკვირვებით, რამდენიმე კატეგორიად იყოფიან: პროფესიონალები - ადამიანები, რომლებიც, მუდმივად, ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან და, შესაბამისად, მუდმივად ეძებენ ინფორმაციას. მათ აქვთ შესაბამისი ტექნიკა, მაგრამ აქვთ ცოტა დრო და უფრო თვალს გადაავლებენ ინფორმაციას, ვიდრე დაწვრილებით წაიკითხავენ. ამის გათვალისწინებით, მოკლე ტექსი მათთვის საუკეთესო საკვებია.
მომხმარებელთა შემდეგ კატეგორიას თინეიჯერები შეადგენენ. მათ აქვთ განსაზღვრული ბიუჯეტი და სპეციფიური ინტერესები, რომელიც შორსაა პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური სფეროებისგან, შესაბამისად, ამ მიმართულების სამიზნე ჯგუფს არ წარმოადგენენ. მათთან ახლოს დგას ყველაზე დიდი სეგმენტი - დაოჯახებული პირები, რომლებიც მკაცრად აკონტროლებენ საკუთარ ბიუჯეტს, ფრთხილად ხარჯავენ ფულს, არ იყენებენ უახლეს ტექნიკას და იშვიათად მოიხმარენ ინტერნეტს.
მომდევნო ჯგუფს შეადგენენ ე.წ. მობილური ურთიერთობების ადამიანები. მათ აქვთ იმაზე მეტი ფული, ვიდრე საშუალო მომხმარებლებს (ოჯახიან პირებს), უყვართ ახალი ბრენდები და მათი რიცხვი იზრდება. აქვეა კიდევ ერთი ჯგუფი - ტექნოლოგიებში გაცნობიერებული ადამიანებისა, რომლებიც ყველა ახალ შეთავაზებას ეხმაურებიან, მათ ერთგვარ ტესტირებას ატარებენ და, თავიანთი შეფასებებით, საზოგადოებრივი აზრის საფუძველს ქმნიან. ეს ის კატეგორიაა, რომელსაც მედია ბაზრის ახალმა მოთამაშეებმა ანგარიში უნდა გაუწიონ.
ექსპერტის ეს რჩევები გამოდგება მათთვის, ვინც საქართველოში ახალი მედიის ახალ სახეს - მობილურ მედიას შემოუძღვება. ეს არის ის, რისკენაც ტექნოლოგიების განვითარებას მივყავართ. ინტერნეტი დღეს უკვე აძლევს ადამიანს საშუალებას, ნებისმიერი ადგილიდან, უმოკლეს დროში დაჯავშნოს ადგილი საზღვარგარეთის კურორტზე, მეზობელ ქუჩაზე მდებარე კინოთეატრში, თუ შეუკვეთოს სოსისი, რომელსაც კონკრეტული რესტორანი განსაკუთრებული ფასდაკლებით სთავაზობს.
ყველაფერი ეს ქმნის ახალ ტერიტორიას, რომელიც ქართულ მედიას ჯერჯერობით ათვისებული არ აქვს. ჯერჯერობით, რადგან, უახლოეს დღეებში, ერთი ქართული კომპანია ამ მიმართულებით პირველი განაცხადის გაკეთებას აპირებს. თუ ქვეყანის შესაბამისმა ინფრასტრუქტურამ, სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ, მოსახლოების ინტერესებმა ხელი შეუწყო, მობილური მედია ქართული რეალობის ნაწილადაც იქცევა. სხვა შემთხვევაში, საქართველო მოგვიანებით დააგემოვნებს იმას, რასაც თანამედროვე მსოფლიო თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.