суббота, 25 декабря 2010 г.

რუსეთი სტრიქონებს შორის

ორ კვირაზე მეტია, მოსკოვი შფოთავს. დემონსტრაციებს, დემონსტრაციები ცვლის, ადამიანებს კლავენ („სპარტაკის“ გულშემატკივირის მკვლელობას მოჰყვა კიდევ ერთი მსხვერპლი – 11 დეკემბერს, ახალგაზრდების ხუთკაციანმა ჯგუფმა ყირგიზეთის მოქალაქე მოკლა), სცემენ, რუსეთის მილიცია და საგანგებო დანიშნულების რაზმები საკუთარი ძალების დემონსტრირებას ახდენენ. მოსკოვი დიდია, რუსეთი – კიდევ უფრო დიდი და მისი უდიდესი წილი, მაქსიმალური უმრავლესობა, მომხდარის შესახებ მედიის საშუალებით იგებს.

რუსული მედია, ერთი შეხედვით, მოვლენების მშრალი აღწერით იფარგლება, თუმცა, ამ აღწერებში, სტრიქონებსა და სტრიქონებს შორის, სხლტება სიტყვები, რომელიც, თავისუფლად შეიძლება, ხვალ ან ზეგ, ახალი დემონსტრაციებისა და წინააღმდეგობების საფუძველი გახდეს. საყურადღებოა, რომ ასეთი ქვეტექსტები ობიექტური იმიჯის მქონე გამოცემების პუბლიკაციებში გვხვდება. მაგალითად, გაზეთში „Аргументы и Факты“ მრავლად შეხვდებით სიტყვებს: „კავკასიელები“, „სამხრეთელები“, „მთიელები“, „თანატომელები“ და „მოსკოველები“.

ეს სიტყვები, თავისთავად, ცალკე აღებული, საფრთხეს არ შეიცავს, გეოგრაფიულ კუთვნილებას აღნიშნავს, მაგრამ ამ კონტექსტში, როცა „მოსკოველები“ და ყველა დანარჩენი (“Коммерсантъ“ ამ ჩამონათვალს ამატებს „დაღესტნელებს“) პუბლიკაციების მიხედვით, ერთმანეთის პირისპირ დგანან, ზოგადად, „კავკასიელების“, „სამხრეთელების“, „მთიელების“ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება, შეიძლება, შეიცვალოს. „მოსკოველებისთვის“ ისინი, სულ მცირე, მოწინააღმდეგეები ხდებიან. განსაკუთრებით, იმ ფონზე, როცა მედია გაფრთხილებს:

„ახლახან, ქსელში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, მოსკოვში სამხრეთიდან – ჩეჩნეთიდან, ადიღედან, ყარაჩაი–ჩერქეზეთიდან და სხვა ნაციონალური რესპუბლიკებიდან, მოემართება ათობით მანქანა სავსე კავკასიელებით, რომლებსაც განზრახული აქვთ სამაგიერო გადაუხადონ რუსეთის დედაქალაქის მცხოვრებლებს“ (სტატია სათაურით – „ჩვენ მივდივართ მოსკოვში, რომ ჩვენი ძმები დავიცვათ“, „Аргументы и Факты“, 14 დეკემბერი).

სტატიაში ისიცაა ნათქვამი, რომ დიასპორების წარმომადგენლები მოუწოდებენ ახალგაზრდებს, არ აყვნენ პროვოკაციებს, თუმცა, სტატიის ბოლო აბზაცში ასეთ წინანდადებას ვაწყდებით: დამნაშავეების დაპატიმრება „ვერ დაამშვიდებს მოსკოველებს, რომელთაგან ბევრი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეჯახებია ეთნიკურ დანაშაულს“. ამის წაკითხვისას, პირადად მე გამიჩნდა სურვილი გამერკვია, რა განმარტებას უძებნიან რუსეთში „ეთნიკურ დანაშაულს“?

რითი განსხვავდება რუსი ეროვნების მკვლელი, მაგალითად, ჩეჩენი ეროვნების მკვლელისგან? მკვლელობის მეთოდებით? იმის შემდეგ, რაც რუსეთის არმიამ ჩეჩნეთში გააკეთა, როცა მიზანში ბავშვები იყვნენ ამოღებულები, საეჭვოა, მკვლელობის მეთოდებში პირველობა რუსმა ჯარისკაცმა ჩეჩენ კრიმინალს დაუთმოს. ასეც რომ არ იყოს, ჯერ არ შემხვედრია რაიმე მეცნიერული დასაბუთება იმისა, რომ კრიმინალს ეთნიკური საფუძველი აქვს. ერებს არ ყოფენ კრიმინალებად და ინტელიგენტებად, თუმცა, „მოსკოველები“, როგორც ჩანს, სხვანაირად ფიქრობენ.

დიმიტრი ლეკაი, Коммерсантъ“, სტატიაში „საპროტესტო აქციებმა უფროს კლასებში გადაინაცვლა“, წერს, რომ ნაციონალისტურ აქციებში სულ უფრო მეტი სკოლის მოსწავლე იღებს მონაწილეობას, „საყოფაცხოვრებო ნაციზმი“ (ძალიან საინტერესო დეფინიციაა) კი, რუსეთის სკოლებში ლამის ჩვეულებრივი მოვლენაა. ერთ–ერთი სკოლის მე–11 კლასელი ჟურნალისტს ეუბნება, რომ არ ჰგონია, უმაღლეს სასწავლებელში მოწყობას თუ შეძლებს, რადგან „იქ მხოლოდ კავკასიელები არიან“.

არის თუ არა (მორალური) დანაშაული, როცა კავკასიაში მცხოვრები რუსეთის უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს? თუ იგი ამას საკუთარი ცოდნის საშუალებით აღწევს, რა თქმა უნდა – არა; თუკი ქრთამის საშუალებით – დამნაშავე მარტო იგი ვერ იქნება, დამნაშავეები არიან ქრთამის ამღებებიც. შესაბამისად, საკუთარი რისხვა მე–11 კლასელმა იმათკენ უფრო უნდა მიატრიალოს, ვინც მათ ადგილებს ჰყიდის – მისი თანამოქალაქე ლექტორებისკენ, დეკანებისკენ, რექტორებისკენ, განათლების სამინისტროს მუშაკებისკენ, სხვა უფრო მაღალი თანამდებობის პირებისკენ.

მე–11 კლასელმა ამის ანალიზი, შეიძლება, ვერ გააკეთოს და, თანატოლებთან ერთად (რომელთა დიდი ნაწილი, იმავე რუსული მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ნაციონალისტური ორგანიზაციების რიგებშიაა), ამიტომაც მიადგა ოსტანკინოს ლოზუნგით „Е...ть Кавказ!“. ეს უფროსებს უნდა ესმოდეთ მათ ვისაც სწორი ანალიზის გაკეთება და ახალგაზრდების აღზრდა ევალება. როგორც ჩანს, მათი, მინიმუმ, უმრავლესობის ანალიზი ვერ წყდება იმპერიალისტური იდეოლოგიის ჩარჩოებს და ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს. 20 დეკემბრის „Независимая Газета“-ში გამოქვეყნებული წერილი „თუკი ნაციონალისტების ვარსკვლავები სულ უფრო კაშკაშებს, ესე იგი ეს ვიღაცას სჭირდება“, რომლის ავტორი კარნეგის მოსკოვის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი ალექსეი მალაშენკო გახლავთ, ამის ერთი–ერთი დადასტურებაა.

სათაურში გაჟღერებული იდეა ამ ვრცელი სტატიის ბოლო აბზაცში იშლება შემდეგი ფორმულირებით: „თუკი რუსეთის ქალაქებში „შიდა საზღვარგარეთიდან“ ჩამოსული სტუმრები სულ უფრო თავხედდებიან, ნაციონალისტების ვარსკვლავები კი სულ უფრო კაშკაშებენ, ე.ი. ეს ვიღაცას სჭირდება? ჩვენ ხომ გვახსოვს, ბესლანის ტრაგედიის შემდეგ, ტერორიზმთან ბრძოლის გამო, როგორ გააუქმეს გუბერნატორების არჩევნები. რატომ არ შეიძლება, საფეხბურთო–კავკასიური არეულობის შემდეგ, ყველაფერი იმის აკრძალვა და გაუქმება, რაც აკრძალული ჯერაც არ არის?“    

აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვაა, თუმცა, ჩვენი ამოცანის კონტექსტში გაცილებით საინტერესოა ფორმულირება „შიდა საზღვარგარეთიდან“ ჩამოსული და  სულ უფრო „გათავხედებული“ სტუმრების შესახებ და ყველაფერი ის, რაც მათთან დაკავშირებით, სტატიაში, მისი სათაურიდან, ვიდრე ბოლო აბზაცამდე იკითხება. მაგალითად: „რატომ ემალება ფედერალუ „სტრაუსი“ ქვიშაში რეალობას და იგნორირებას უკეთებს პრობლემების მთელ თაიგულს – მზარდ ქსენოფობიას, ნაციონალისტების სოციალური ბაზის გაფართოებას, კავკასიელი მიგრანტების არაადეკვატურ საქციელს, კავკასიური ბიზნესის ეკონომიკურ შეღწევას რუსეთში?“

სხვა მაგალითი: „ხელისუფლება, თითქოს, ვერ ხედავს, რომ კავკასიიდან მასობრივი მიგრაცია საერთოდ, „კავკასიური ენერგია“, ხანდახან, მართლაც აღიზიანებს და პროვოცირებას უკეთებს ადამიანებს – დედაქალაქებში, ქვეყნის სამხრეთში, სხვა ქალაქებში. ჩვენთან მიღებულია მილიციის ლანძღვა ქრთამის აღებისთვის, მაგრამ, პირველ ყოვლისა, ჩამოსულები უკვე მიეჩვივნენ ქრთამის მიცემას და მათსა და სმართალდამცავებს შორის ამაღელვებელი კონსენსუსი დამყარდა. მეორე – ობივატელს უჩნდება ეჭვი: საიდან აქვს ზოგიერთ კავკასიელ ბელადს ფედერალური ხელისუფლების ასეთი ნაზი სიყვარული, რომ მზად არიან, ხმების 120% „Единная Россия"–ს მისცენ? ტყუილად ხომ არა?“

სხვა მაგალითი: „რა ვუყოთ კავკასიელებს?.. ამ ხალხმა უნდა შეითვისოს, რომ ისინი აულში არ არიან, რომ მთელი მათი ერთიანობისა და სოლიდარობის მიუხედავად, რაც ნებისმიერი უმცირესობისთვისაა დამახასიათებელი... უფრო ჭკვიანურად უნდა მოიქცნენ... ჯიგიტები უნდა მიეჩვივნონ აზრს, რომ მრავალეროვან საზოგადოებაში დაცული უნდა იქნას უმრავლესობის უფლებები, ჩვევები, მათი ცხოვრების წესი. ეს მათ უნდა ვასწავლოთ. არ არის საჭირო ღამ–ღამობით ლეზგინკის ცეკვა, არ არის საჭირო სროლა მოსკოველი ტროლეიბუსის მძღოლისთვის და რუსული დროშის დაწვა. ადრე თუ გვიან, ეს მიუბრუნდებათ.“   

როგორია სურათი, რომელიც ალექსეი მალაშენკომ დახატა? უბირი და კრიმინალური უმცირესობა, რომელიც ველურივით იქცევა ცივილიზებულ ქვეყანაში; შეიძლება, ხელისუფლების ხელშეწყობითაც, თუმცა, ეს ის ხელუსფლებაა, რომელსაც ისინი 120%–ით უწყობენ ხელს. ისინი და მათი „თანატომელები“. ამ სიტყვას ალექსეი მალაშენკოც იყენებს, თითქოს, პირველყოფილ თემურ წყობილებაში მცხოვრებლებზე საუბრობდეს. „კავკასიელები“ მან ერთ ქვაბში ჩაყარა და ისეთი რამეებით „შეაზავა“, გულს მხოლოდ პირტიტველა მე–11 კლასელს რომ არ აუფორიაქებს.

არ დაგვავიწყდეს: ისინი საუბრობენ ადამიანებზე, რომლებსაც მრავალწლიანი ომების შედეგად წაართვეს სამშობლო, არ მისცეს ბუნებრივი განვითარების საშუალება, დღემდე იბრძვიან მათი სრული ასიმილირებისთვის და „კავკასიელებს“ უწოდებენ მხოლოდ მაშინ, როცა ცუდ კონტექსტში უნდათ მოიხსენიონ, გამარჯვების ნებისმიერ პიედესტალზე შემდგარი ყველა კავკასიელი კი, მათთვის უკვე „რუსია“.  

суббота, 11 декабря 2010 г.

თითქმის უკომენტაროდ

პირდაპირ დავიწყებ:

 

ამ დილით ნაცემი ჟურნალისტის სანახავად ვიყავი, მორიგი ოპერაცია გაუკეთეს. ქირურგიულად აღადგინეს, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ჟურნალისტის სახე. აქამდე იგი ფედერალური ეთერისთვის არ არსებობდა, რადიკალურ ოპოზიციაზე წერდა, საპროტესტო გამოსვლებზე, ახალგაზრდულ მოძრაობებზე, მათ მეთაურებზე, ეს თემები და მათი გმირები კი, ამ ტელევიზიებისთვის საინტერესო არაა.     

 

ჯერ – მედია ოლიგარქების, შემდეგ კი – კონტრტეორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანობისთვის, ფედერალური ტელევიზიები თანდათან განსახელმწიფოვდა. ჟურნალისტური თემები და მათთან ერთად მთელი ცხოვრება საბოლოოდ გაიყო ტელევიზიაში გამსვლელ და აკრძალულ ნაწილებად. პოლიტიკურად მნიშვნელოვან ყველა ეთერში იგრძნობა ხელისუფლების მიზნები და ამოცანები, მისი განწყობა, დამოკიდებულება, მისი მეგობრები და მოწინააღმდეგეები. ინსტიტუციურად, ის, რასაც ეს ტელევიზიები გვთავაზობენ, ინფორმაციაც არაა, ხელისუფლების „პიარია“ ან „ანტიპიარი“.

ფედერალური ტელეარხების კორესპონდენტისთვის უმაღლესი თანამდებობის პირები „ნიუსმეიკერები“ კი არა, მათი ხელმძღვანელების ხელმძღვანელები არიან. ინსტიტუციურად, ამ დროს კორესპონდენტი ჟურნალისტიც არაა, ჩინოვნიკია, რომელიც მსახურებისა და მორჩილების ლოგიკას მიყვება. ხელმძღვანელის ხელმძღვანელთან არ შეიძლება, მაგალითად, ინტერვიუს ჩაწერა, ამ ჟანრის ნამდვილი გაგებით: გახნა ის, ვისაც, შეიძლება, არც უნდა, რომ გახსნან.    

ჩნდება შთაბეჭდილება, რომ წამყვანი საზოგადოებრივ–პოლიტიკური გაზეთები და ფედერალური ტელევიზიები ერთზე კი არა, სხვა და სხვა ქვეყნებზე ყვებიან. ხელისუფლების შესახებ, ფედერალურ ტელევიზიებში, არ ისმის კრიტიკული, სკეპტიკური ან ირონიული განსჯები. უმაღლესი ხელისუფლება წარმოდგენილია ძვირფას მიცვალებულად – მასზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერი. ეს მაშინ, როცა აუდიტორიაში აშკარად არსებობს სხვა განწყობებიც.  

მომრავლდა მარადმწვანე მიღებები, ნაცნობი ყველასთვის, ვინც საბჭოთა ტელევიზიას მოესწრო, როცა რეპორტაჟს ოფიციალური შეხვედრების პროტოკოლური გადაღება ცვლის, ტექსტი ინტონაციურ მხარდაჭერას შეიცავს, პირველი პირი იღებს მინისტრს, ან რეგიონის თავს, გადის ხალხში, ატარებს სამმიტს უცხოელ კოლეგებთან. ეს არ არის ახალი ამბები, ძველი ამბებია, გამეორება იმისა, თუ რას ნიშნავს ასეთ დროს მაუწყებლობა. ბევრია ჩვენება საინფორმაციო მიზეზის გარეშე. ასე კი, ეკრანზე რეგულური გამოჩენის გზით, ფიგურა ნებისმიერი გახდება.

ჩვენი ტელევიზია სულ უფრო მეტად გვართობს, გვაცინებს, გვახსენებს თავს, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ინსტიტუტს მას ვერ უწოდებ. დარწმუნებული ვარ: ეს, მოსახლეობის ყველაზე აქტიური ნაწილის მხრიდან ტელევიზორის ყურების დონის დაცემის ერთ–ერთი მთავარი მიზეზია. რისთვის ჩავრთო, ამ გადაცემებს ხომ ჩემთვის არ აკეთებენ – ასე ფიქრობენ დამიანები.  

უფრო უარესი ისაა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ჟურნალისტიკა უკვე აღარ ესაჭიროება. იმასაც ამბობენ: „კარგი, სცემეს ჟურნალისტი, დიდი ამბავი, ცოტას სცემენ ჩვენთან, მის გამო რატომ უნდა ავტეხოთ ამბავი?“. ადამიანებს არ ესმით, რომ პროფესიულ რისკზე ჟურნალისტი თავისი აუდიტორიის გამო მიდის. ჟურნალისტს არ სცემენ იმის გამო, რაც დაწერა, თქვა ან გადაიღო, სცემენ იმისთვის, რომ ეს სხვებმა წაიკითხეს, გაიგონეს ან ნახეს.  

ყველაფერი, რაც ახლა წაიკითხეთ, ნაცემი ჟურნალისტის ამბიდან დაწყებული, ტელეკომპანია НТВ ყოფილმა წამყვანმა, რუსული Newsweek-ის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა ლეონიდ პარფიონოვმა, 26 ნოემბერს, ვლად ლისტევის პრემიის მინიჭების ცერემონიალზე, თავის გამოსვლაში თქვა.

ჩვენ უკვე ვიცით, ვისზე აუღია სწორება საქართველოს.

 

სულ ეს არის, რაც დღეს მინდოდა მეთქვა.

четверг, 2 декабря 2010 г.

„პრაიმ ტაიმში“

ჭორი საუკეთესო საშუალებაა სასურველი ინფორმაციის გასავრცელებლად. არის ჭორი, რომელსაც, რესპექტაბელურობის გამო, ამბავს უწოდებენ. დახვეწილი ჭორის ანუ ამბის ტექნოლოგია, ისეთისა, მსჯელობას რომ გამოიწვევს და ფაქტად ქცევის პრეტენზია ექნება, სხვაა, რიგითისა, ძირითადად, ენის  მოსაქავებლად რომ იყენებენ, ისიც, საყველპურო საუბრებში – სხვა.

როდესაც Prime Time იწყებდა გამოსვლას, იმ განაცხადის მიხედვით, რომელიც მისმა დამფუძნებლებმა გააკეთეს (და, იმ ამბების დამსახურებითაც, რომელიც ამ გამოცემასთან დაკავშირებით ისმოდა), დავასკვენი, რომ, მავანი და მავანი ქართულ მედიაბაზარზე სერიოზულ და კარგად გააზრებულ ნაბიჯს დგამდა.

იმ დროს, თითქმის ორი წლის წინათ, აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ გავრცელებითა და ფინანსური თვალსაზირისით ყველაზე დიდმა ტელევიზიებმა საზოგადოების ნდობის სერიოზული ნაწილი დაკარგეს. ადამიანები გაზეთებისკენ მიტრიალდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი შეძენის სახსარი ყველას არ გააჩნდა, ხალხის ეს რაქცია გამოიწვია ბუნებრივმა სურვილმა, გაეგოთ, ხედავდა თუ არა ვინმე კიდევ, მათ გარდა, იმას, რაც ქვეყანაში, მინით მოპირკეთებულ შენობებზე შებმული წითელი ლენტების გაჭრისა და ზამთარშიც კი მოჩუხჩუხე შადრევნების მიღმა ხდებოდა.

გაჭირვების გამო, ახალ ქართულ რეალობაში გაჩნდა და დღემდე მოქმედებს გაზეთის 10–15 თეთრად წაკითხვის წესი იქვე, მის რეალიზატორთან. კითხვაზე: რა უფრო საყურადღებოა აქ – გაზეთის გამყიდველის მოგება თუ ის, რომ ინფორმაცია ადამიანამდე მიდის, პირადად მე, ერთი პასუხი მაქვს – ის, რომ ინფორმაცია ადამიანამდე მიდის. მესმის, არაკომერციული განცხადებაა, მაგრამ ეს ყველაფერი დაახლოებით იმას ჰგავს, რასაც ბალახი აკეთებს, როცა გზას იკვალავს – ქვასაც კი ხვრეტს და სინათლეზე გამოდის.

ის, რომ ხალხმა ინფორმაციის მიღების ასეთი გზა იპოვა, ინფორმაციის მართვით დაინტერესებული ფიგურებისთვის გააქტიურებული ბაზრის ათვისების ნიშანი უნდა ყოფილიყო. როგორ უნდა დააინტერესო ადამიანი ახალი გაზეთით იქ, სადაც გაზეთების ნაკლებობა არ არის? დაახლოვებით მაინც უნდა იცოდე, რითი შეიძლება მისი მიზიდვა. მაგალითად, ჭორით. ჭორი ხომ ყველას აინტერესებს. კარგია თუ ცუდი, ერთხელ ყურს ყველა მიუგდებს, შეიძლება, აბსოლუტურად გაუმიზნავად გაავრცელოს კიდეც, მიუხედავად იმისა, დაიჯერა თუ არა იგი.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ინტერესში სწორედ ეს არის – შესაძლებლობა, ადამიანები აალაპარაკო იმაზე, რაც შენთვისაა მნიშვნელოვანი. თუ დახვეწილ ჭორს მიაწვდი, მეტია შანსი, იგი ბევრმა დაიჯეროს. მით უმეტეს – საქართველოში, სადაც, წესით, ყველაზე გამჭვირვალე თემის – საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესახებაც კი, მნიშვნელოვანწილად, ამბის დონეზე გვიწევს საუბარი.

ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარია ხალხი აალაპარაკო. ვინ დაიჯერებს, ვინ – არა, მეორეხარისხოვანია. ის უკვე გარანტირებულია, რომ, ვიღაცაზე თუ რაღაცაზე საუბრისას, ჭორი, რომელიც მიმოქცევაში გაუშვი, ქვეცნობიერში ამოყოფს თავს. თუ შენი პირიდან ისეთი ამბებიც გასულა, რაც მოგვიანებით დადასტურებდა, მთლად უკეთესი. ამ შემთხვევაში, ადამიანს აუცილებლად გააწველებს აზრი, ის ჭორი თუ მართალი გამოდგა, რატომ არ შეიძლება ესეც მართალი აღმოჩნდესო.      

Prime Time–მა პირდაპირ განაცხადა, რომ ტაბლოიდია. შესაბამისად, მოლოდინი იმისა, რომ ჭორებსა და ჭორებს შორის, მასში გაცილებით მნიშვნელოვანი რამეებიც გაჟონავდა, არსებობდა. იმის გათვალისწინებით, ვის გაზეთადაც მოიზრება ეს გამოცემა, მიზანში ისინი უნდა ამოეღოთ, ვინც ხელისუფლებას, უფრო ზუსტად, ქალაქის მერს არ ეპიტნავებოდა. ეს ყველაფერი – ვარაუდების დონეზე, თუმცა, Prime Time საკუთარ თავზე თავისი ფურცლებიდანვე საუბრობს.

ამ გაზეთის სულ სამი ნომერი მაქვს შეძენილი: პირველი – იმიტომ, რომ ყველა ახალი გამოცემა მაინტერესებს; ის, რომელშიც პრეზიდენტის ინტერვიუ იყო ორ ქსენიასთან და წინა კვირისა – რადგან Prime Time–ზე დაწერა გადავწყვიტე. პირველ ორზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, პირველი გადავათვალიერე, მეორეში მხოლოდ ის ინტერვიუ წავიკითხე. რაც შეეხება მესამეს... ყველა ე.წ. სერიოზული მასალა, რომელშიც მთავარ სათქმელს სტრიქონებს შორის მსუბუქად და დასამახსოვრებლად უნდა გაეჟონა, თავიდან ბოლომდე წავიკითხე.

გაზეთის ამ ნომერში ასეთი ათი, დიდი თუ მცირე მასალაა. აქედან პირველი ლისაბონის სამიტს ეძღვნება. ხმაურიანი სათაური და მასალის პთეტიკა გვეუბნება, რომ ამერიკა საქართველოს არ მიატოვებს, მოსკოვმა კი ვერ მიიღო ის, რისთვისაც მედვედევი ლისაბონში ჩავიდა. სამ ფოტოზე, რომელიც მასალას ახლავს, მხოლოდ ობამა და სააკაშვილი არიან, მეგობრული ფოტოებია და, თითქოს, მასალაც კეთილგანწყობილი უნდა იყოს, მაგრამ არა ყველასთვის. მაგალითად, როგორც ავტორი წერს „კვადრატში ექსპრეზიდენტი“ და „დაბოღმილი“ ბურჯანაძისთვის.

ნინო ბურჯანაძე ამ ნომრის მთავარი გმირია და ყველაფერი, რაც მასზეა დაწერილი, ამგვარ და უარეს ტონში იკითხება. მეტიც, მის კონტექსტში გალანძღულია ხალხი. „გუშინდელთა დოღი“ – ასე ეწოდება მასალას, რომელშიც ვკითხულოთ: „ისე, ძალიან საინტერესოა, „ქალბატონმა „ხორბალოვნამ“ რატომ 23 ნოემბერს, ესე იგი „ვარდების რევოლუციის“ 7 წლისთავს არ დაამთხვია ე.წ. „სახალხო წარმომადგენლობითი კრება“?“ და – ცოტა ქვევით: „ხორბალოსანთა“ მქუხარე ტაშის აკომპანიმენტით“... „ის ბრბო, ამ სიტყვებზე იქ ტაშით რომ იტყავებდა ხელის გულებს“... და ა.შ.

„ბურჯანაძის ნამატი“ – ასე ეწოდება სხვა მასალას და იგი გვეუბნება: „ნინო ბურჯანაძე „გამდიდრდა“. მასა და მის პროექტს, თემურ შაშიაშვილისა და „მწვანეების“ გარდა, შედარებით მსუყე სახეები უერთდებიან.“ Prime Time–ის ამ ნომერში წაიკითხავთ, რომ, ზოგადად, ოპოზიცია „კატათაგვობანას თამაშს ვერ გადაეჩვია“, მაგრამ ყველაზე „თბილი“ სიტყვები ისევ და ისევ მხოლოდ ნინო ბურჯანაძისთვისაა განკუთვნილი. მაგალითად, ასეთი: „იმდროინდელი პარლამენტის თავმჯდომარე კი მხოლოდ საჭირო და სასარგებლო ბუტაფორიის როლს ასრულებდა და მეტს არაფერს“.

მასალაში „პუტინის „ენვერი“ დასმულია კითხვა: „ვინ არის ბურჯანაძე, რომელიც პუტინს ხელს ართმევს და მის გეგმებს საქართველოში ახორციელებს? რუსეთის გეგმა რომ არ იყოს საქართველოში დესტაბილიზაცია, ნინო ბურჯანაძეს რევოლუციის ფული საიდან ექნებოდა? მხოლოდ ქურდების „ობშიაკის“ იმედად ვერ იქნებოდა?“ და, ცოტა ქვევით აყოლებენ: „როგორც ჩანს, ქუჩაში დგომის მომხრეები არჩევანში თავისუფლები არ იყვნენ. ასეა ყოველთვის, როცა რუსეთზე ხარ დამოკიდებული და არევა გევალება.“

ამ მასალას არ აქვს ჭორაობის მსუბუქი ელფერი, შესაბამისად, იბადება კითხვა: სად არის ბრალდებების დადასტურება? ნინო ბურჯანაძეზე იქნება საუბარი, ირაკლი ალასანიაზე თუ გიგი უგულავაზე, მსგავს შემთხვევებში, ეს კითხვა აუცილებლად გაჩნდება. პასუხი მასალაში არ არის. სამაგიეროდ გაზეთში არის კიდევ ერთი მასალა, სახელწოდებით „ვინ არის „ენვერი“ ოპოზიციაში?“, რომელიც გაფიქრებინებს, რომ „ენვერი“ Prime Time–ის ამ ნომრის კოდური სიტყვაა.

„პუტინის „ენვერის“ გვერდით Prime Time ბეჭდავს ინტერვიუს გიგი უგულავასთან. საგაზეთო გვერდი და კიდევ ორი სვეტი ეთმობა მასალას, რომელშიც ქალაქის მერი ბოლო დროს გააქტიურებული ყველა პრობლემის ახსნას ცდილობს. მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემცირებისას. გიგი უგულავას განცხადების მიხედვით, ამის ერთ–ერთი მიზეზი ის გამხდარა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხარდაჭერა ბიუჯეტს 65 მილიონი ლარი უჯდება, აქედან ნაწილი შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის სუბსიდირებაზე იხარჯება.

ქალაქის მერთან ინტერვიუს ბოლოს ვარკვევთ, რომ მერიის ადმინისტრაციული ხარჯი 40 მილიონამდე ყოფილა. მთლიანად ფრაზა უცნაურია, – „ადმინისტრაციული ხარჯი თუ იყო 40 მილინამდე, წარმოდგენილ ბიუჯეტში 22 მილიონი კიდევ შემცირდა“, – ამბობს გიგი უგულავა. ინტერიუში არ დაისმის კითხვები: მაინც რამდენია დღეს მერიის ადმინისტრაციული ხარჯები და რამდენი – საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხარდაჭერისა და როგორ მოხდა, რომ ქალაქის ადმინისტრაციული ხარჯები 40 მილიონს შეადგენდა მაშინ, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შენახვაზე, მძღოლების ხელფასებსა და შეღავათით მოსარგებლე მოსახლეობის სუბსიდირებაზე, მთლიანობაში, სულ 65 მილიონი იხარჯებოდა?

დამოკიდებულებას, რომელსაც ეს მომენტები ქმნის, არაფერი აქვს საერთო სიმსუბუქესთან და ადვილად დამახსოვრებასთან. ისინი უფრო გაღიზიანებას იწვევს, ზოგან – გამოტოვებული კთხვებისა და ზოგან – შეურაცხმყოფელი შეფასებების გამო. შესაბამისად, ხელს არ უწყობს იმ შედეგის მიღებას, რომელსაც ჭორების საშუალებით აზრის მანიპულირების მსურველი შეიძლება ელოდეს. ასეთი შედეგი ამ ნომერში დაბეჭდილ ერთი მასალას თუ ექნება, ინტერვიუს ეკა ბესელიასთან.

მასში, სრულიად უბრალო და უმტკივნეული კითხვებზე მიღებულ პასუხებს შორის, ასეთი რამეები შეგიძლიათ ამოიკითხოთ: „შარშან პარლამენტის შენობიდან ავლაბრის რეზიდენციამდე იმდენი ვიარეთ ფეხით, რომ დავიკელი. მინდოდა მიტინგები კიდევ გამეგრძელებინა. მართლა მარტო აქციებზე კი არ ივლი, არადა ისე ფეხით სიარულის საშუალება არ მაქვს. მანქანით ვმოძრაობ და კაბინეტში ვზივარ“; „რთულია თავზე ზრუნვა, როდესაც მიტინგები იწყება. ყოველი დაბადების დღისთვის ვიჭრიდი თმას. მაგრამ ამ წელს  ეს ტრადიცია დავარღვიე და თმა არ შევიჭერი, რადგან გავითვალისწინე, რომ 25 ნოემბრიდან ქუჩაში ყოფნა მომიწევდა, მოკლე თმა კი არაპრაქტიკულია“.

რაზე ფიქრობს ეკა ბესელია?