суббота, 22 января 2011 г.

ღირსების საკითხი

რამდენიმე დღეში, საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია საერთო კრებაზე ქარტიის წესდებაში ცვლილებების შეტანის საკითხს განიხილავს. პროექტის მიხედვით, მედია საშუალებამ, რომლის რედატორიც საქართველოს ჟურნალისუტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერია, ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების ვალდებულება უნდა აიღოს. გარდა ამისა, ქარტიის საბჭო მიიღებს საჩივრებს იმ ჟურნალისტებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არიან საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერები.

ეს ის ცვლილებებია, რომელმაც ქართულ მედიას ერთგვარი რეაბილიტაციის საშუალება უნდა მისცეს, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე შინ. ამის აუცილებლობა ნამდვილად არსებობს. გასული წლის ივნისში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, კორეის დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოსახლეობისთვის ეროვნული გუნდის დამარცხება დაემალა და ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც გუნდმა, პირიქით, გამარჯვება მოიპოვა.

ეს ამბავი „იმედმა“ გვამცნო. წამყვანმა დამამუნათებელი მზარითა და მკაცრი დიქციით განგვიცხადა, ჩრდილო კორეის ტელევიზიამ მაყურებელი მოატყუაო. პირადად ჩემზე, ამან წარუშლელი შთაბეჭდილებ მოახდინა. მარტო იმიტომ არა, რომ კორეაში საკუთარ ხალხს ასე მოეპყრნენ, იმის გამოც, რომ კრიტიკულ სიუჟეტს ამ თემაზე ვისმენდი არხიდან, რომელმაც სამი თვის წინათ ფსიქოლოგიური ტერორი მოგვიწყო. იმის პარალელურად, რა აზრიც  ჩრდილო კორეულ მედიაზე შემექმნა, წარმოვიდგინე, რა შთაბეჭდილება უნდა ჰქონოდა მსოფლიოს ქართულ მედიაზე.  

ქართული მედიის „შედევრი“, 2010 წლის 13 მარტის „მოდელირებული ქრონიკა“ ამერიკულმა ჟურნალმა „ტაიმმა“ „შოკისმომგვრელ სიცრუეთა ტოპ ათეულის“ სათავეში მოაქცია. მეტიც, ჟურნალის სარედაქციო მინაწერის მიხედვით, ამგვარი ათეულის შედგენა სწორედ ქართული გადაცემის შემდეგ გაჩნდა. ამ ათეულში შესული ტყუილები სათავეს ნაპოლეონის ეპოქიდან იღებს, 1814 წლიდან, როცა კოლინ დე ბორგმა ინგლისში ბონაპარტის სიკვდილის შესახებ ცნობა გაავრცელა, მაშინ ეს ომის დასრულებას ნიშნავდა. „იმედმა“ ომი „დაიწყო“ და პირველიც გახდა.

დანარჩენი რვა ამბავი – 1999 წელს ცენტრალური ორეგონას შტატის რადიოეთერით გავრცელებული ინფორმაცია კაშხლის დანგრევისა და წარმოუდგენელი წყალდიდობის შესახებ; ორსონ უელსის რადიოადაპტაცია, სახელწოდებით "სამყაროთა ომები", რამაც 1938 წელს დედამიწაზე უცხოპლანეტელების გამოჩენის ილუზია შექმნა; ეშლი ტოდის ტყუილი აშშ–ს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას, თითქოს მას ჯონ მაკკეინისთვის ხმის მიცემას აიძულებდნენ; თვითმარქვია ანასტასია რომანოვები; კოლორადოელი 6 წლის ბიჭუნას ჰელიუმით სავსე საჰაერო ბურთით გაპარვის თვალის დევნება „ეი–ბი–სის“ ეთერით, როცა ბავშვი საკუთარი სახლის სხვენში იყო დამალული – ჩვენ „მიგნებასთან“ არაფერია.  

ტყუილი ჟურნალისტიკაში საპატიო მხოლოდ 1 აპრილსაა, ისიც – უმტკივნეულო. მატყუარა მედიას ყველგან ისე უყურებენ, როგორც ჩრდილოეთ კორეის, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და სხვა, მსგავსი ტიპის მედიას. „იმედის“ წყალობით, ახლა ამ რიცხვში ქართული მედიაც შევიდა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ  „პრესის ქართულ ჯარისკაცებს“ სახელი „მოდელირებულ რეალობამდეც“ გაუტყდათ. იმავე „იმედმა“, „რუსთავი 2“–მა, „პირველმა არხმა“ ისე საინტერესოდ თარგმნეს ნატო–ს ოფიციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის კომენტარები, რომ ამ უკანასკნელს სპეციალური განცხადების გაკეთებაც მოუხდა.

როგორ ასახავენ ჩვენი მედიის წარმომადგენლები ქართულ რეალობას აქ, შიგნით, ცალკე საუბრის თემაა. შალვა ნათელაშვილის ფრაზა, – ჰიტლერს „რუსთავი 2“ რომ ჰყოლოდა, გერმანიას დღესაც არ ეცოდინებოდა ომი რომ წააგოო, – სამწუხაროდ, სიმართლესთან ახლოსაა. ამასთან, ნათელაშვილის პერიფრაზი ორი დანარჩენი ნაციონალური არხის მიმართაც წარმატებით გამოიყენება. საოცარი დამთხვევების შედეგად, „პირველი არხი“, „რუსთავი 2“ და“იმედი“, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტები არიან, ერთსა და იმავე ამბებს ერთი და იგივე თანმიმდევრობით გადასცემენ საინფორმაციო გამოცემებში და ერთმანეთის სახეებსაც „აპიარებენ“.

ერთსულოვანი იყო ეს სამი არხი და, ხელისუფლებისადმი ლოიალური სხვა მედია საშუალებები, აშშ–ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჯონ როდნი ბასის მიმართ. ის შეხვედრები, რომელიც ახალმა ელჩმა ხელისუფლებისათვის, თუ შეიძლება ასე ითქვას, სახიფათო ადგილებში გააკეთა, ამ არხებმა ან საერთოდ გამოტოვეს, ან მხოლოდ ნაწილობრივ გააშუქეს. განსაკუთრებით უყურადღებოები ისინი იმ განცხადებების მიმართ აღმოჩნდნენ, რომელიც ჯონ ბასმა ქართულ მედიასთან დაკავშირებით გააკეთა. ამ საკითხს კი, ელჩი არაერთგზის შეეხო.

აშშ–ს ელჩი, რომელმაც კარიერა პატარა რეგიონულ გაზეთში ჟურნალისტად დაიწყო, ქართველ ჟურნლისტებს, ფაქტობირვად, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუმრობდა. აჭარელ ჟურნალისტებთან მან მრგვალი მაგიდა გამართა; ეწვია ტელეკომპანია „თრიალეთს“ და გორელ ჟურნალისტებს ესაუბრა; მრგვალი მაგიდა გამართა ჟურნალისტებთან ტელეკომპანია „გურიაში“; სტუმრობდა რეგიონული მედიის ასოციაციას, სადაც რეგიონულ ჟურნლისტებს მოუსმინა; პირადად გაეცნო საგამომცემლო სახლ „პალიტრას“. ყველაზე საყურადღებო სწორედ ის განცხადებებია, რომელიც ამ შეხვედრების შემდეგ გაკეთდა.

ჯონ ბასის შეფასებით, ქართული მედიის მთავარი პრობლემა დაუბალანსებელი რეპორტაჟები და ჟურნალისტური გამოძიების ნაკლებობაა. აშშ–ს ელჩმა ეს დმეოკრატიისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებად დაასახელა. შედეგად, ქართული მედია, მისი სიტყვებით „სამუშაო პროექტის სტადიაზე რჩება". „ვფიქრობ, არის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ნაკლებობა, რომელიც გააშუქებდა მთავრობის ქმედებებს, ან მთავრობისა და ბინზესის ისეთ კავშირებს, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე შეიძლება ცუდად აისახოს", – ეს მან „თრიალეთში“ სტუმრობისას განაცხადა.

ქართული მედიის მნიშვნელოვან ნაწილად აშშ–ს ელჩმა დაასახელა რეგიონული მედია. მედიის ეს ნაწილი კი, საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე კრიტიკულია. ამ კონტექსტში საინტერესოდ ჟღერს ჯონ ბასის კიდევ ერთი განცხადება: „ხშირად კრიტიკა გახლავთ ძალიან ძლიერი ფორმა პატრიოტიზმისა“. ელჩმა, ასევე, გამოყო ნაციონალური მედია, როგორც ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო, რომელიც გაუმჯობესებას საჭიროებს. ზოგადად, ჯონ როდნი ბასი სტოვებს მეტად აქტიური ადამიანის შთაბეჭდილებას და, უპირობოდ, მნიშვნელობან განცხადებებს აკეთებს.

ამ აქტიურობის სიღრმეებში იკითხება აშშ–ს ახალი ადმინისტრაციის სრულიად ახლებური დამოკიდებულება საქართველოსადმი, ინტერესი ჩვენ ქვეყანაში რეალურად დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისადმი. თავის მხრივ, ამ ფონზე, ნაციონალური არხების მხრიდან გამოჩენილი უყრადღებობა, შეიძლება ხელისუფლების დამოკიდებულებად წავიკითხოთ. გაღიზიანებას დავარქმევთ მას, თუ სხვა სახელს, მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ სტრატეგიული მოკავშირის სურვილმა, ღრმად გაცნობოდა ვითარებას, მოწონება ყველაში ვერ დაიმსახურა.

რაოდენ სასიამოვნოდაც უნდა ჟღერდეს აშშ–ს ელჩის განცხადებები, დემოკრატიის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენის – მედიის ღირსებაზე, ჩვენ, მედიის წარმომადგენლებმა, საზოგადოებამ, თავად უნდა ვიზრუნოთ. სწორედ ამიტომ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლის შეტანაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წესდებაში იგეგმება. ეს ყველას მისცემს საშუალებას, აქტიურად გამოხატოს დამოკიდებულება ეროვნული მედიის საქმიანობისადმი, მიუთითოს ხარვეზებზე, რომელიც ამ საქმიანობას ახლავს და ამ გზით, ორგანიზებულად დაადასტუროს, რომ რეალობის მოდელირება, როგორი ფორმითაც უნდა იყოს იგი მოწოდებული, ქართული მედიის სახე არ არის.  

განსხვავებული 2010

ჟურნალისტების დაცვის ნიუ იორკის კომიტეტმა, ახლახან, თავისი ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, წელს მსოფლიოში 44 ჟურნალისტი მოკლეს. ყველაზე მეტი – 8 ჟურნალისტი პაკისტანში დაიღუპა. კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტების მკვლელობების 90% კვლავ გაუხსნელია. ნუგეშის მომცემი ამ კვლევაში არის ის, რომ, გასულ წელთან შედარებით, მოკლული ჟურნალისტების რიცხვი შემცირდა. შარშან მსოფლიომ 72 ჟურნალისტი დაკარგა.

ჯოელ საიმონი, ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი, ამაზე პასუხისმგებლობას ნაწილობრივ ხელისუფლებებს აკისრებს, აცხადებს რა, რომ  ისინი  ხელს უწყობენ დაუსჯელობის განწყობას, რაც  ახალ ძალადობებს იწვევს". ამის წაკითხვისას ლეონიდ პარფიონოვის გამოსვლა გამახსენა: „ჟურნალისტს არ სცემენ იმის გამო, რაც დაწერა, თქვა ან გადაიღო, სცემენ იმისთვის, რომ ეს სხვებმა წაიკითხეს, გაიგონეს ან ნახეს.“

ღვთის წყალობით,  წელს საქართველოში ჟურნალისტი არ დაღუპულა, ოფიციალური სტატისტიკით, არც პროფესიული საქმიანობისთვის დაუკავებიათ ვინმე, თუმცა, ნოემბრის ბოლოს ყაჩაღობის ბრალდებით ხელბორკილები გაზეთ ,,ყველა სიახლის" ჟურნალისტ დაადეს. ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის ანგარიშის შესაბამისად, 1 დეკემბრისთვის გისოსებს მიღმა, მსოფლიოში, 145 ჟურნალისტი, რედაქტორი და ფოტჟურნალისტი იყო.

მათი ძირითადი ნაწილი ირანსა და ჩინეთში დააპატიმრეს, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი ამ კვლევაში დასკვნაა, რომელსაც კომიტეტი აკეთებს: ღალატი, ძირგამომთხრელი საქმიანობა, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლა – ეს წარმოადგენს ჟურნალისტების დატუსაღების საფუძვლებს, დღეისთვის, მინიმუმ 72 ჟურნალისტს მთელ მსოფლიოში ამგვარი ბრალდება აქვს წაყენებული. კომიტეტი ამბობს, რომ „მოტივი ყოველთვის თითქმის ერთი და იგივეა: ჩაახშო ისინი, ვინც ხელისუფლების ავტორიტეტს უკეთებს გამოწვევას.“

რაც შეეხება ცემას. ქართველი ჟურნალისტებისთვის წლევანდელი წელი ამ თვალსაზრისით დატვირთული იყო. სცემეს ტელეკომპანია „თანამგზავრის“ დირექტორი, ტელეკომპანია „მაესტროს“ ოპერატორი და გადაცემა „ყოველდღიური აბების“ სცენარისტი, ტელეკომპანია „თრიალეთის“ გენერალური დირექტორი. „თანამგზავრისა“ და „თრიალეთის“ ხელმძღვანელები, როგორც დაზარალებულები თავად აცხადებენ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სცემეს. ამასთან, ექიმი, რომელმაც ტელეკომპანია „თრიალეთის“ გენერალური დირექტორის ცემის ფაქტი დაადასტურა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ჟურნალისტური საქმიანობისას დაზარალებული ჟურნალისტი საქართველოში უფრო მეტია. ლილოს ბაზრობაზე მომხდარი ჩხუბის დროს სცემეს ტელეკომპანია „კავკასიის“ ჟურნალისტი და ვიდეოკამერა დაუმტვრიეს ინტერნეტ–ტელევიზიას; სცემეს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელიც აფხაზეთიდან დევნილების გამოსახლებას იღებდა; მასვე წაართვეს და დაუზიანეს ვიდეოკამერა დედოფლისწყაროს გამგეობაში; სტალინის ძეგლის დემონტაჟის გადაღების დროს, კამერა წაართვეს და სცემეს ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტი; დევნილების აქციის გადარების დროს სცემეს ტელეკომპანია „მაესტოროს“ ოპერატორი; შიდა ქართლის ადმინისტრაციაში სცემემს ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი.

ყველა ამ ამბავს ერთი საინტერესო საერთო აქვს – ხელისუფლებისადმი განსაკუთრებული ლოიალობით არც ერთი დაზარალებული არ გამოირჩეოდა. ხელისუფლებისადმი ლოიალობა ის მახასიათებელი არ არის, ჟურნალისტს წონას რომ მატებს. ეს ანბანური ჭეშმარიტება, ქართულ მედიას წელს აშშ–ს ელჩმაც შეახსენა. დეკემბრის ბოლოს ჯონ ბასი გორის რაიონს სტუმრობდა. არბოსა და ტირძნისის მონახულების შემდეგ, იგი ტელეკომპანია „თრიალეთს“ ეწვია და მის თანამშრომლებს დახურულ კარის მიღმა ესაუბრა.

„დაუბალანსებელი რეპორტაჟები, ჟურნალისტური გამოძიების ნაკლებობა, რომელიც ხელისუფლების და ბიზნესის გადაკვეთის საკითხებს გააშუქებდა, შესაძლოა, დემოკრატიული პროცესების ხელისშემშლელი იყოს, - ეს განცხადება აშშ–ს ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართული მედიის შეფასებისას გააკეთა. ნაციონალური არხები ამ განცხადებით არ დაინტერესებულან. ქართული მედიის ამ ნაწილმა, თითქოს, საბოლოოდ ჩაიქნია ხელი საკუთარ თავზე. ეს და სხვა არა ერთი მსგავსი მაგალითი ამას, სამწუხაროდ, აშკარას ხდის.

ქართული ჟურნლისტიკისთვის 2010 იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ქართველმა ჟურნალისტმა შვეიცარიის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. მიზეზად – ხელისუფლების მხრიდან მასზე განხორციელებული ზეწოლა დასახელდა. ვახტანგ კომახიძის გადაწყვეტილება ერთგვარი წყალგამყოფია საქართველოს დემოკრატიულ თუ არადემკრატიულ ქვეყნად მიჩნევისთვის მათთვის, ვინც ჩვენს შესახებ ინფორმაციას, ძირითადად, სატელევიზიო რეკლამებიდან იღებს.

ამ კატეგორიის წყალგამყოფად იქცა გაზაფხულის თვითმმართველობის არჩევნებიც, რომლის გამშუქებელ ქართულ მედიას საერთაშორისო ორგანიზციებმა სერიოზული შეცდომები აღმოუჩინეს. ნებით შეცდნენ ისინი, თუ უნებლიედ, ამჯერად ნაკლებად საინტერესოა. ფაქტია ის, რომ ყველაზე „აქტიურები“ ამ მხრივ ისევ ნაციონალური ტელეარხები აღმოჩნდნენ. თუმცა, მთავარი სიურპრიზი ქართულმა მედიამ სრულიად მსოფლიო თანამეგობრობას და არა მარტო მას, წელს, ადრიან გაზაფხულზე მოუმზადა, „მოდელირებული რეალობის“ სახით.

თავშეკავებულ განცხადებებშიც კი აღშოთებული დიპლომატიური კორპუსი, გაოგნებული საზოგადოება, გულგახეთქილი –ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – მოსახლეობა, წარბშეუხრელი ხელისუფლება – ასეთი იყო შედეგი, რომელიც საქართველომ „მოდელირებული „ქრონიკის“ შედეგად მიიღო. ეს რეპორტაჟი მაქსიმალურად ახლოა რეალობასთანო, – ბრძანა საქართველოს პრეზიდენტმა, ინტერნეტში გადაცემის ავტორების ფარული ჩანაწერები გამოქვეყნდა, „იმედმა“ დავალებული ბოდიში მოიხადა და საკითხიც დაიხურა.

იქამდე, იყო ჟურნლისტთა ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილება მისი ერთ–ერთი პირველი ხელმომწერის, „სპეციალური რეპორტაჟის“ წამყვანის მიმართ. საბჭომ დაადგინა, რომ ჟურნალისტმა ქარტიის წესდების ერთ–ერთი პრინციპი დაარღვია. როგორ მოიქცა ჟურნალისტი? საბჭოს შეკრებას არ დაესწრო, მის გადაწყვეტილებას ტენდენციური უწოდა და ჟურნლისტთა ეთიკის ქარტიაზე საკუთარი ხელმოწერა გააუქმა. ფრიად ნიშანდლობლივი საქციელია.

ყველაფერი ამის და კიდევ იმის შემდეგ, რომ საქართველოში სკოლის დირექტორებს ჟურნალისტებთან ურთიერთობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს–ცენტრის ინფორმირების გარეშე უკრძალავენ; ჟურნლისტებს ღია შეკრებებზე დასწრებას უზღუდავენ, როგორც ეს სტუდია „მონიტორის“ გადამღები ჯგუფის შემთხვევაში იყო; ჟურნალისტზე ზემოქმედების მიზნით, მის მცირეწლოვან შვილზე სისხლის სამართლის საქმეს იწყებენ – დედოფლისწყაროელი თამილა გურაშვილის საქმე, გასაკვირი აღარ უნდა იყოს, რომ საქართველო, პრესის თავისუფლების მხრივ, 18 საფეხურით ჩამოქვეითდა.

ორგანიზაციის, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე", ანგარიში, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ეს ახალი ინდექსი დაფიქსირდა, შეიძლება, ჩაითვალოს ერთგვარ მიძგად ხელისუფლებისთვის, რომელსაც, ოქტომბრის ბოლოს მედიასთან დაკავშირებით ინიციატივები მოუმწიფდა. ასეთი გახლდათ პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვა მედია მფლობელების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება დიდი ენთუზიაზმით ალაპარაკდა მედიის მეტ გამჭვირვალობაზე, მედიის ექსპერტებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ იმისთვის, რომ იგი ამაზე დაეყოლიებინათ.

მაგალითად, უმრავლესობამ გაიკვირვა, როცა მედიის მფლობელების გამჭვირვალობასთან ერთად, ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა ინფორმაციის ხელმისწვდომობისა და მედია საშუალებების დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხები წამოსწიეს. იმ საკითხშიც კი, რომელიც მათივე ინიცირებული იყო, უმრავლესობა მედიის ფლობის 10%–ს მაინც ოფშორებისთვის სტოვებდა. საბოლოოდ, მას ამ 10%–ის დათმობაც მოუხდა და მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზეც – თანხმობის მიცემა, თუმცა, ჯერ მხოლოდ სიტყვიერად.

წელს ქართულ მედიას რამდენიმე ახალი მედია შეემატა, მათ შორის – ახალი მედიის სფეროდან. ეს სფერო, ზოგადად, ქართული და მთელი მსოფლიოს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ჟულიენ ასანჟის WikiLeaks–ის წყალობით აღმოჩნდა. ფენომენმა, სახელად WikiLeaks მსოფლიოს დაანახა, რომ იგი სრულიად ახალი რეალობის პირისპირ დგას, რეალობისა, რომელიც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის აქადე არარსებულ შესაძლებლობებს ქმნის.

ასანჟმა მსოფლიოს დაანახა, რომ  დაფარული დღეს აღარაფერია, საზოგადოებამ კი, რომელიც მის დასაცავად გამოვიდა – ის, რომ არ დათმობს უფლებას, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. საუკუნეში, რომელსაც დიდიწილად სწორედ ინფორმაცია მართავს, ეს მნიშვნელობანი განაცხადიყო. ამ თვალსაზრისით, 2010 ნამდვილად განსხვავებული წელი გამოდგა მედიის და არა მარტო მის ისტორიაში.