пятница, 29 июля 2011 г.

ფოტორეპორტიორების გაუგებარი საქმე


„ყველაზე გაუგებარი ღრმა შეთქმულების თეორია" - ასე უწოდა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ საზოგადოების ვარაუდს, რომ ქართველი ფოტორეპორტიორების დაკავება 26 მაისს რუსთაველზე განხორციელებული დარბევის კადრების გავრცელებას უკავშირდებოდა. ეს განცხადება მან 12 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა, გადაცემაში „დიალოგი". როგორც გადაცემის მსვლელობისას გაირკვა, გიგა ბოკერიასთვის, ასევე, გაუგებარი აღმოჩნდა „ის შეთქმულების ფორმები", რომელიც ფოტორეპორტიორების დაკავებას პრესის თავისუფლების შეზღუდვასა და მედიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიასთან აიგივებდა.
ამ პასუხებით, უშიშროების საბჭოს მდივანი იმ ვარაუდების გაბათილებას შეეცადა, რომელსაც საზოგადოება ოთხი ქართველი ფოტორეპორტიორის  - ნათია და ირაკლი გედენიძეების, გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის დაპატიმრების დღიდან განიხილავდა, თუმცა, ეს მაინც არასრული სიაა ვარაუდებისა, რომელიც, 7 ივლისიდან მოყოლებული, პირადი თუ ოფიციალური საუბრების, საგაზეთო წერილების, რადიო თუ სატელევიზიო ეთერების მთავარი თემა იყო. ჟურნლისტები, ექსპერტები, პოლიტიკოსები - არა მარტო ქართველები და არა მარტო საქართველოში, გასაიდუმლოებული საქმის გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვდნენ და გაცხოველებით მსჯელობდნენ იმის თაობაზე, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო ამ ხმაურიანი დაკავების მიზეზი.
ამგვარი კითხვის არსებობა, როგორც ფაქტი, მიუთითებს იმაზე, რომ ე.წ. კომპრომატები, რომელიც შსს-მ ფოტორეპორტიორების ჯაშუშობის დამადასტურებლად წარმოადგინა, არ იყო დამაჯერებელი. მართლაც, რთულია, კოლეგების საუბარს, რომელიც საბანკო ანგარიშის გახსნისა და გასამრჯელოს ჩარიცხვის ირგვლივ ტრიალებს, სტაჟიანი ჯაშუშების (გამოძიების საბოლოო ვერსიით, ეს ადამიანები 6-10 წელი მაინც ჯაშუშობდნენ) კომუნიკაცია უწოდო. საზოგადოებისთვის დამარწმუნებელი არ აღმოჩნდა არც პირველი აღიარებითი ჩვენებები, რომელიც პრეზიდენტის პირადმა ფოტოგრაფმა, ირაკლი გედენიძემ და გაზეთ „პრაიმ-ტაიმის" ფოტორეპორტიორმა, ნათია გედენიძემ დაპატიმრებიდან მეორე დღეს გააკეთეს. აღიარებითი ჩვენების შინაარსის გარდა, ეჭვი იმანაც გააძლიერება, რომ ნათია გედენიძე წინასწარი პატიმრობიდან ამის შემდეგ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, გამოძიების განმავლობაში, დაპატიმრებულების თავდებით გათავისუფლება საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ყველა აქციაზე, რომელიც 7 ივლისიდან მოყოლებული, ფოტორეპორტიორების გათავისუფლებამდე, სხვადასხვა ადგილას პერმანენტულად იმართებოდა. შესაბამისად, ნათია გედენიძისა თუ დანარჩენების ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ, საზოგადოებაში ინტერესს სულ სხვა კუთხით - „ფოტორეპორტიორების საქმის" ანალიზის თვალსაზრისით იწვევს. ვარაუდი, რომელიც ნათია გედენიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საზოგადოების კრიტიკულად განწყობილ ნაწილში გამოითქვა, ასე ჟღერდა: გედენიძეების აღიარება გამოძიებამ ამ გათავისუფლების სანაცვლოდ მიიღო. ამ აზრს ჰქონდა არსებობის საფუძველი, რადგან დაპატიმრებიდან ერთი კვირის განმავლობაში, გამოძიებას დანარჩენი დაპატიმრებულები დაკითხული არ ჰყავდა, მეტიც - საქმეს არ იცნობდნენ დაკავებულების ადვოკატები. სწორედ ასეთ, ბუნდოვან ფონზე გაჩნდა ყველა დანარჩენი ვარაუდიც.
პირველი 26 მაისის დარბევას უკავშირდებოდა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ფასეული ფოტოები იმ ღამეს ირაკლი გედენიძემ გადაიღო, შემდეგ კი, ზურაბ ქურციკიძის საშუალებით, „ევროპის პრესფოტო სააგენტოს" გადასცა. 26 მაისის ღამეს იღებდნენ გიორგი აბდალაძეც და ზურაბ ქურციკიძეც. გიორგი აბდალაძემ გაიხსენა, რომ 28-29 მაისს მას სახელმწიფო დაცვიდან დაუკავშირდნენ და ამ ფოტოების მიტანა სთხოვეს. „ამ საკითხს სერიოზულად არ შევხედე და ვუთხარი, ფოტოები წავშალე-მეთქი", - იხსენებს იგი, - „ალბათ მაშინ უნდა მივმხვდარიყავი, რომ ამ ფოტოების ამბავი ასე უბრალოდ არ ჩაივლიდა". იმის გათვალისწინებით, თუ როგორი სიმწვავით რეაგირებს ხელისუფლება მისი კრიტიკის ნებისმიერ საფუძველზე, ვარაუდი 26 მაისთან დაკავშირებით უხერხემლო არ არის.
მეორე ვარაუდი ქართულ ტაბლოიდებში დაბეჭდილ პიკანტურ ისტორიას უკავშირდება, რომელიც, მედიის ამ ნაწილის რწმუნებით, საქართველოს პრეზიდენტს თავს ბათუმში გადახდა. ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ფოტორეპორტიორების დაპატიმრების პირველივე დღეს ამბობდა -  მათ გადაიღეს რაღაც ისეთი, პიკანტური, რაც, მავანთა აზრით, საზოგადოებისთვის ცნობილი არ უნდა გამხდარიყო. ნათია და ირაკლი გედენიძეები ამ დროს ბათუმში იყვნენ. შესაბამისად, ეჭვიც გაჩნდა.
მესამე ვარაუდი იმ საკანონმდებლო ცვლილებას უკავშირდება (რელიგიური უმცირესობების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირება), რომელიც საქართველოს პარლამენტმა უსწრაფესად მიიღო, საქართველოს ეკლესიის მოწოდების მიუხედავად, ცოტა გაეხანგრძლივებინა დებატები. გაჩნდა აზრი, რომ ეს სკანდალური დაპატიმრებები ამ ცვლილებების მიღებით გამოწვეული პროტესტის გადასაფარად გახდა საჭირო. უნდა ითქვას, რომ ეს ვარაუდი ყველაზე იშვიათად განიხილებოდა საზოგადოებაში. თუმცა, იყო რეალობა, რომელიც მასაც უქმნიდა საფუძველს. კერძოდ, ის, რომ მსვლელობები, რომელიც მართლმადიდებლებმა კანონპროექტის ამ სახით მიღების საწინააღმდეგოდ გამართეს, ნაციონალურმა მედიამ საზოგადოებას დაუმალა.
საქართველოს მოსახლეობის 83%-ზე მეტი, როგორც ოფიციალური სტატისტიკა გვეუბნება, მართლმადიდებელია. ამ ადამიანების ნაწილმა, შეიძლება ითქვას, მათმა წარმომადგნლებმა, იმდენმა, რამდენიც კოლმეურნეების მოედნის, ბარათაშვილის ხიდისა და ახვლედიანის აღმართის ერთბაშად შევსებას ეყო, გამოხატა დამოკიდებულება პრეზიდენტისა და პარლამენტის გადაწყვეტილებისადმი, მაგრამ მათ, ვინც „კავკასიასა" და „მაესტროს" არ ან ვერ უყურებს, ვინც თბილისში არ ცხოვრობს, ამის შესახებ მხოლოდ ჭორად გაიგო. რაში დასჭირდა მედიის ნაწილს, რომელსაც ხელისუფლების მიერ კონტროლორებადს უწოდებენ, ამომრჩევლის 83%-ზე მეტის პროტესტის დამალვა? რა მოსაზრებით მოპარა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთ-ერთი მთავარი ამბავი ხალხს, რომელიც მის არსებობას 83%-ზე მეტით უზრუნველყოფს? პასუხი ბევრნაირი არსებობს. ერთ-ერთია შიში იმ წინააღმდეგობისა, რომელიც ადამიანებმა ხელისუფლებას ზედიზედ ორი დღე (ვიდრე ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გარკვეული შეთანხმება შედგა) აჩვენეს.
შიში, როგორც სასურველი შედეგი, ფიგურირებს, ასევე, ვარაუდებში, რომელიც ფოტორეპორტიორების დაკავებას ეხება. რაც უნდა იდგეს ამ საქმის უკან, ხელისუფლება გვეუბნება, რომ შეუძლია, ნებისმიერი ჩვენგანი დააკავოს; ხელისუფლება გვაფრთხილებს, რომ შეუძლია ჩვენი დისკრედიტაციისთვის გამოიყენოს საერთაშორისო მედია საშუალებებთან ჩვენი კავშირები; ხელისუფლება გვაჩვენებს, რა შეიძლება დაემართოს მას, ვინც მის კრიტიკას გაბედავს - ეს მოსაზრებები არაერთი ჟურნალისტისა თუ მედია ექსპერტის პირიდან გაისმა იმ დღეებში. უთუოდ ეს გახდა მთავარი მამოძრავებელი უპრეცედენტო პროტესტისა, რომელიც ქართველი ჟურნალისტების ნაწილმა საზოგადოებას მთელი ივლისის განმავლობაში აჩვენა. სამწუხაროდ, ნაწილმა, რადგან მედიის სხვა წარმომადგნელები, „ჯაშუში ფოტორეპორტიორების" ბრალდების მხარდამჭერი სიუჟეტების მომზადებით იყვნენ დაკავებულნი, გაზეთი „პრაიმ-ტაიმი" კი, მთელი შემადგენლობით, ქობულეთში გაემგზავრა, საკუთარი არსებობის 2 წლის იუბილეს ხმაურიანად აღსანიშნავად.
ამ დროს თბილისში და არა მარტო თბილისში, დაპატიმრებულების მხარდასაჭერად აქციები ეწყობოდა, გაზეთები ფოტოების გარეშე, საპროტესტო განცხადებებით იბეჭდებოდა, ელექტრონული მედიის აქტიური ნაწილი საპროტესტო მარათონს მართავდა... ქართულმა მედიამ პროტესტი ხმამაღლა გამოხატა და იყო საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია პროცესების განვითარებაზე. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა ამ გამოძიების გამჭვირვალობის აუცილებლობას, იგივე მოითხოვა ყველა საერთაშორისო მედია ორგანიზაციამ, თემას დიდი ინტერესით აშუქებდა მსოფლიოს წამყვანი მედია - ერთი სიტყვით, ვითარებამ აჩვენა, რომ საქმე ეხებოდა არა სახელმწიფო ჩინოვნიკების დაპატიმრებას, რასაც მუდმივად უსვამდა ხაზს გამოძიება, არამედ მეორე და მეოთხე ხელისუფლებების ჭიდილს. ამ შემთხვევაში, ხელისუფლებამ ერთგვარი გამონაკლისიც დაუშვა - მედიის წარმომადგენლებს შსს მინისტრი შეხვდა, თუმცა შეხვედრას შედეგი, ფაქტობრივად, არ მოჰყოლია. ვანო მერაბიშვილისგან გამოსულმა ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ვერ მიიღეს დაკავებულების ჯაშუშობის დამადასტურებელი ვერანაირი საბუთი, მაგრამ მიიღეს მინისტრის დაპირება, რომ საქმეს გრიფი „საიდუმლო" მოეხსნებოდა.
საქმეს გრიფი არ მოხსნია, ფოტორეპორტიორებმა კი ჯაშუშობა აღიარეს. ღია სასამართლო პროცესი, რასაც ხელისუფლება საზოგადოებას დაპირდა, არ შემდგარა. დაკავებულებთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და ისინი პირობითი სასჯელით, თანხის გადახდის გარეშე (რაც, რბილად რომ ვთქვათ, მეტად უცნაურია საპროცესო შეთახმებისთვის), სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ვინ გაიმარჯვა? და შეიძლება თუ არა, საერთოდ, ამ შემთხვევაში ვინმე გამარჯვებულად ჩაითვალოს? შეიძლებოდა, მეტის მიღწევა, მედია მთლიანად სოლიდარული რომ ყოფილიყო?  შეიძლებოდა, შედეგი მართლაც უფრო ნათელი ყოფილიყო, ქართული მედიის იმ ნაწილს, რომელიც გამოძიების ვერსიას უაპელაციოდ იღებდა და ავრცელებდა, დაესვა კითხვები, რომელსაც თავის კომენტარებში მაშინ საქართველოში მყოფი „ეხო მასკვის" მთავარი რედაქტორი, ალექსანდრე ვენედიქტოვი ითხოვდა. „შესაძლოა, ისინი მართლაც არიან ჯაშუშები, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რაც ოფიციოზმა წარმოადგინა, ძალიან ბევრი რამ გაუგებარია. ვფიქრობ, ჩვენი კოლეგები შსს-ს განცხადებების ტრანსლირების ნაცვლად, კითხვებს უნდა სხვამდნენ, ეს არის ჩვენი სამსახური", - თქვა მან.
ოთხი ქართველი ჟურნალისტი დღეს ჯაშუშადაა ცნობილი; ქართულმა გამოძიებამ, რომელიც, ზოგადად, არ ერიდება მტკიცებულებების გამოქვეყნებას (რაც უნდა საიდუმლო ჩანდეს ისინი) ამის დამდასტურებელად წარმოადგინა მხოლოდ აღიარებითი ჩვენებები (ის, რასაც ცივილიზებულ მსოფლიოში სერიოზულ მტკიცებულებად არ მიიჩნევა), რომელიც, თავისი შინაარსით, აქამდე არსებულზე მეტ კითხვას ბადებს; საზოგადოებას არ მიეცა გამჭვირვალე სასამართლო პროცესის ხილვის შესაძლებლობა; გამოძიებამ საზოგადოებას გაუგზავნა „მესიჯი", რომ აღიარებითი ჩვენებების მიცემისას, დაკავებულებმა საქართველოში მოქმედი სხვა ჯაშუშებისა და მათი გეგმების შესახებ ინფორმაციები გამოააშკარავეს...
ყველაფერი ეს ნამდვილად ჰგავს „ყველაზე გაუგებარ ღრმა შეთქმულების თეორიას", მაგრამ არა ქართველი ფოტორეპორტიორებისა - საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ.

ეს უცნაური ციფრები


სოციოლოგიის ლექტორისგან ყველაზე ნათლად დამამახსოვრდა ის, რომ სოციოლოგიურ კვლევებს არ აქვს რეალობის ზუსტად აღწერის პრეტენზია, ისინი მხოლოდ მიახლოებით რეალობას აჩვენებენ. რაც უფრო დახვეწილია კვლევა, მით უფრო ახლო შეიძლება იყოს იგი რეალობასთან და პირიქით. ბუნებრივია, სოციოლოგიური კვლევებისას, დიდი მნიშვნელობა აქვს მკვლევარების პროფესიონალიზმს, რაშიც ლომის წილს მათი მიუკერძოებლობა იკავებს. ასეა თუ ისე, ნებისმიერ კვლევაში ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ის ნაწილია, სადაც ჩანს, მონაწილეთა რამდენმა პროცენტმა დატოვა კითხვა უპასუხოდ.
კვლევა, რომელიც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა წელს,აპრილში ჩაატარა, მხოლოდ ამით არ არის საინტერესო. თბილისსა და დანარჩენ საქართველოში, სტრატიფიკაციული და კლასტერული შერჩევის კომბინაციით, 2009 წელს ოქტომბერში გამოიკითხა 1768, 2011 წლის მარტსა-აპრილში კი - 2009 სრულწლოვანი, ქართულენოვანი მოქალაქე. კვლევის მიზანს წარმოადგენდა გაერკვია საზოგადოების აზრი ქართული მედიის შესახებ. ამ წერილის მიზანსაც ამ თემაზე საუბარი წარმოადგენს, თუმცა, იქამდე, არ შემიძლია არ აღვნიშნო ის, რამაც ყველაზე მეტად შემძრა - როგორ ვატარებთ ქართველები თავისუფალ დროს.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 83% (2009-ში ასეთი 80% იყო) თავისუფალ დროს ტელევიზორის ყურებაში ატარებს; 49% (37% - 2009-ში) - ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან; 22% ჟურნალ-გაზეთების კითხვაში; 20% (9% - 2009-ში) - ინტერნეტში; 19% (18% - 2009-ში) - წიგნებს კითხულობს; 17% (13% - 2009-ში) ბაღს ამუშავებს; 16% - აქეთ-იქით დაყიალობს (Hang out); 14% (13% - 2009-ში) მუსიკას უსმენს; 13%-ს (9% - 2009-ში) ძინავს, 9% (6% - 2009-ში) სავაჭროდ მაღაზიებს სტუმრობს; 7% (3% - 2009-ში) კომპიუტერული თამაშებით ერთობა; 4% (2% - 2009-ში) ვარჯიშობს; 3% (2% - 2009-ში) ხელოვნებითაა დაკავებული; 10% (6% - 2009-ში) - რაღაც სხვით; 5%-ს (3% - 2009-ში) თავისუფალი დრო არ აქვს.
არ ვიცი, ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის ეს პასუხები, რომელიც 18 წლიდან ზემოთ ასაკის ადამიანებმა დააფიქსირეს, ნიშნავს იმას, რომ გამოკითხულთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს შესაძლებლობა ან სურვილი იკითხოს წიგნები, განიახლოს გარდერობი, იზრუნოს საკუთარ სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. სანაცვლოდ, ისინი სხედან ტელევიზორებთან, ერთობიან კომპიუტერული თამაშებით, სძინავთ ან, უბრალოდ, ქუჩებში დაყილობენ... თუმცა, ამ შედეგების მიზეზები და მომავალი შედეგები სულ სხვა საუბრის თემაა.
რაც შეეხება მედიისადმი დამოკიდებულებას, ამ კონკრეტული კვლევის მონაწილეებს ამაზე კარგად ჩამოყალიბებული აზრი უნდა ჰქონდეთ - მათი 83% ხომ მთელს თავისუფალ დროს სწორედ ტელეეკრანის წინ ატარებს. ამასთან, კვლევის შედეგების მიხედვით კი, გამოკითხულთა 88%-ისთვის მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროს სწორედ ტელევიზია წარმოადგენს. არანაკლებ საინტერესოა ის, რომ, 2009-დან 2011 წლამდე, 37%-დან 43%-მდე გაზრდილა იმათი რიცხვი, ვინც „რუსთავი2"-ს ენდობა, 17%-დან 25%-მდე - იმათი, ვინც საზოგადოებრივ მაუწყებელს, 43%-დან 42%-მდე შემცირებულა „იმედისადმი" ნდობით განწყობილი ადამიანების რაოდენობა, 20%-დან 13%-მდე - „კავკასიისა", უცვლელად 9%-ია „მაესტროსადმი" ნდობით აღჭურვილთა რაოდენობა.
სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაურკვეველია, რატომ არ მოხვდნენ ჩამონათვალში ტელეკომპანიები: „აჭარა", „რეგიონტვ", რეალტვ", „პიკი", რომლებსაც, ასევე, აქვთ საინფორმაციო გამოშვებები, მაგრამ გაცილებით საინტერესოა იმათი რაოდენობა, ვინც „ნეიტრალურია", „არ ენდობა" ან „პასუხი არ აქვს" ამ კითხვაზე. „რუსთავი2"-ის შემთხვევაში, წელს ასეთია, შესაბამისად, 42-9-7%, „იმედის"  შემთხვევაში - 44-9-10%, საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში - 43-11-21%, „კავკასიის" შემთხვევაში - 22-10-55%, „მაესტროს" შემთხვევაში - 18-8-65%. კვლევა არ მიუთითებს, ეს კონკრეტული კითხვა მხოლოდ თბილისში გამოკითხულებს დაუსვეს, თუ სხვებსაც - საქართველოს მასშტაბით, შესაბამისად, „თავშეკავებულთა" ყოველთვის საინტერესო სეგმენტი აქ კიდევ მეტ იდუმალებას იძენს.
ძალიან საინტერესოდ მეჩვენა კითხვები, რომელიც კვლევაში ხელისუფლებისა და მედიის ურთიერთობის კონტექსტით დაისვა. „აქვს ხელისუფლებას უფლება შეამოწმოს, რა ინფორმაციას ავრცელებს მედია?" - ამ შეკითხვას 2011 წელს 2%-ით იმაზე მეტი გამოკითხული აძლევს უარყოფით პასუხს (61%), ვიდრე 2009-ში და 1%-ით იმაზე ნაკლები - დადებითს, ვიდრე 2009-ში (25%). ასეთი კითხვა, წესით, XXI საუკუნეში არც უნდა ისმებოდეს, თუმცა, თანამედროვეობა აჩვენებს, რომ მსოფლიოს რიგ ქვეყნებში, მათ შორის, სამწუხაროდ, საქართველოც აღმოჩნდა, ამის საჭიროება არსებობს. ჩვენში ჯერაც არსებობს ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციის გავცელებაზე კონრტოლი უნდა არსებობდეს.
უდავოდ საინტერესო დამოკიდებულებაა ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ტელევიზიების მიერ ფავრცელებული ინფორმაციის შინაარსთან დაკავშირებით. წელს გამოკითხულთა 10% მიიჩნევს, რომ ასეთი ტელევიზიები პრო-ხელისუფლოები უნდა იყვნენ. საინტერესოა, რომ 2009 წელს ასეთი 8% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ორ წელიწადში ამ აზრზე, დამატებით, 2% დამდგარა. 75% აცხადებს, რომ, ამ ტიპის დაფინანსების მიუხედავად, ტელევიზიები მიუკერძოებლები უნდა იყვნენ (ამ ორი წლის განმავლობაში, ასეთთა რაოდენობამაც 2%-ით მოიმატა). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების, ანუ ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული ტელევიზია, კვლევაში არსებულ ჩამონათვალში, ერთია - საზოგადოებრივი მაუწყებელი. მიუხედავად ამისა, კითხვაშიც და პასუხებშიც საუბარი რამდენიმე ტელევიზიაზეა. სავარაუდოდ, ეს ერთგვარი აღიარებაა იმისა, რაზეც საზოგადოებაში დიდი ხანია საუბრობენ - ნაციონალური ტელეარხები, ფაქტობრივად, მთელი შემადგენლობით, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ფინანსდება.
„ახდენს გავლენას მფლობელთა ინტერესები იმაზე, თუ როგორ გადაიცემა ახალი ამბები?" - ასეთია შემდეგი კითხვა და აქ ძალიან საინტერესო პასუხებს ვაწყდებით. 36-დან 29%-მდე შემცირებულა იმათი რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ მფლობელთა ინტერესები მნიშვნელოვანწილად ზემოქმედებს ამაზე, 28-დან 32%-მდე გაზრდილა იმათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ეს გავლენა უმნიშვნელოა, 4-დან 5%-მდე - იმათი, ვინც მიიჩნევს, რომ ასეთი გავლენა არ არსებობს, 32-დან 34%-მდე - იმათი, ვისაც კითხვაზე პასუხი არ აქვს. ამ ფონზე და იმის გათვალისწინებით, თუ რომელ ტელევიზიებს უნდა მიიჩნევდნენ ხელისუფლების მიერ დაფინანსებულად გამოკითხულები, გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება პასუხები კითხვაზე, რომელიც ტელევიზიებისადმი ნდობას ეხება. გამოდის, რომ გამოკითხულთა 25-დან 42%-მდე სახელისუფლო არხებს (ფაქტობრივად - ხელისუფლებას) უცხადებს ნდობას.
შეიძლება, მიგვეღო ეს, როგორც რეალობა, რომ არა შემდეგი შეკითხვა: „არის თუ არა ქართულ მედიაში სიტყვის თავისუფლება?" წელს გამოკითხულთა 46% აცხადებს, რომ - არა (42% - 2009 წელს), 36% - რომ არის (34% - 2009 წელს). ცუდია, რომ კვლევა მეტ კონკრეტიკას არ გვთავაზობს მედია საშუალებების გამოყოფის თვალსაზრისით, სამაგიეროდ, გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ თუ რას ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქისა და რეგიონების მცხოვრებლები. თურმე, რეგიონის მცხოვრებლები მეტად არიან დარწმუნებულები მედიაში სიტყვის თავისუფლების არსებობაში, ვიდრე დედაქალაქელები (შესაბამისად, 34-33%). დედაქალაქელების 47% ფიქრობს. რომ მედიაში არ არის სიტყვის თავისუფლება (რეგიონში - 40%).
საინტერესოა, რომ მედიაში სიტყვის თავისუფლების არსებობას ეჭვქვეშ არ აყენებს ნაციონალური მოძრაობის (UNM) 48%, 30% მიიჩნევს, რომ ეს ასე არ არის, 22%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს. ოპოზიციონერთა 31% ამბობს, რომ მედიაში სიტყვის თავისუფლებაა, 45%-ს ამისი არ სჯერა, 30% კითხვას უპასუხოდ ტოვებს. უპარტიო გამოკითხულებში პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა - შესაბამისად, 25-45-30%. საინტერესო სურათი იკვეთება: მათი ნაწილი, ვინც სახელისუფლო არხებს ენდობა (ასეთი 25-დან 42%-მდეა), არ არის დარწმუნებული, რომ ქართულ მედიაში სიტყვის თავისუფლებაა, მეტიც, ამაში თავად ხელისუფლებაც არ არის დარწმუნებული (30% - უარყოფითი პასუხითა და 22% - პასუხის გაცემაზე თავის შეკავებით).
კიდევ ორი, ჩემი აზრით,  განსაკუთრებით საინტერესო კითხვა კვლევიდან. კითხვაზე - „ითვალისწიენებენ თუ არა ქართველი ჟურნალისტები ხელისუფლების, პარტიების ინტერესებს?", პასუხები შემდეგნაირად განაწილდა: ნაციონალური მოძრაობა - დიახ - 31%, კითხვისადმი ნეიტრალური - 41%, არა - 12%, არ ვიცი - 16%; ოპოზიცია -  დიახ - 46%, კითხვისადმი ნეიტრალური - 41%, არა - 6%, არ ვიცი - 7%; უპარტიო - დიახ - 37%, კითხვისადმი ნეიტრალური - 40%, არა - 4%, არ ვიცი - 19%. კითხვაზე - ვის ინტერესებს უფრო ითვალისწინებენ ქართველი ჟურნალისტები?" - პასუხები ასეთი გახლავთ: თქვენგვარი ადამიანების - დიახ - 26%, კითხვისადმი ნეიტრალური - 44%, არა - 18%, არ ვიცი - 12%; მედია მფლობელების - დიახ - 32%, კითხვისადმი ნეიტრალური - 38%, არა - 7%, არ ვიცი - 23%; ხელისუფლების - დიახ - 37%, კითხვისადმი ნეიტრალური - 41%, არა - 7%, არ ვიცი - 16%.
ჭეშმარიტად, უცნაური ციფრებია.

пятница, 17 июня 2011 г.

სახიფათო კავშირები



90–იან წლებში, როდესაც თავისუფალი მედია საქართველოში ჯერ მხოლოდ ცდილობდა თავის დამკვიდრებას, ერთმა ჩემმა თანამშრომელმა უცნაური რამ მითხრა. ერთ რედაქციაში ვმუშობდით და ჩვენი გაზეთის გამავრცელებელზე მელაპარაკებოდა. ყველაფერი დავთვალე – გაზეთის ტირაჟი, შემოსავლები, გამოცემის პოპულარობა და მივედი დასკვნამდე, რომ გვატყუებსო. რას გვატყუებს–მეთქი? გაზეთი გაცილებით მეტი იყიდება, ფული კი ცოტა შემოაქვს, ალბათ, სტამბასთანაა გარიგებული, მეტ ტირაჟს აბეჭდინებს, იმას იყოფენ, ჩვენთან კი, ვითომ გაუსაღებელ ეგზემპლარებს აბრუნებსო... და მერე თქვა ის, რაც აქამდე მახსოვს და, ვატყობ, კარგა ხანს კიდევ არ დამავიწყდება: მის ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი, მაგრამ... როგორ ბედავს ამას, ჰაა–ო?!

რაც ჩვენ თანამედროვე საქართველოში მოხდა და ხდება (ვილაპარაკოთ იმის შესახებ, რასაც ვხედავთ და რაც გვახსოვს), დიდწილად, სწორედ ასეთი დამოკიდებულების დამსახურებაა. ადამიანების, სამწუხაროდ, დიდ ნაწილში, აღშფოთებას მხოლოდ სხვის მიერ ჩადენილი უკანონობა იწვევს, ისიც იმ შემთვევაში, თუკი უშუალოდ შეეხეო მათ. ზოგადად კი, დამოკიდებულება უკანონობისადმი ლოიალურია, რადგან, ჩემი ძველი თანამშრომლისა არ იყოს, ბევრი ოცნებობს, თავად მოხვდეს კანონდამრღვევის ადგილზე, თავადაც მიეცეს კანონის დარღვევის, მთელი თავისი მარიფათის გამოვლენის საშუალება... ბუნებრივია, ვიკითხე მაშინ, როგორ შეიძლება, ერთი შეხედვით, განათლებული ადამიანი უკანონობის მხარეზე იდგე-მეთქი? პასუხი საინტერესო იყო: ცხოვრება ასეთია, შეეგუე...

26 მაისის მოვლენებმა ყველაზე ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში ცოტა ადამიანი არ ფიქრობს ასე. რაც ყველაზე სახიფათოა, ცოტა ჟურნალისტი არ ფიქრობს, რომ ცხოვრება „ასეთია“ და უნდა შეეგუო. სხვაგვარად ვერ ახსნი იმას, რაც 26–მდე, 26–ში და 26–ის შემდეგ ე.წ. სახელისუფლო მედიაში ხდებოდა. მიტინგის ლიდერთა რუსული კავშირები, მათი არასანდოობა, რაც შეუსრულებელ დაპირებებში გამოიხატება, აქცია, როგორც აგრესიული მუხტის მატარებელი, შეიარაღებული მარგინალების ერთობა – ასეთი იყო გმირი, რომელსაც „რუსთავი 2“ და „იმედი“ აქციების დაწყების დღიდან ძერწავდნენ. სიუჟეტები, ხშირად – კადრები, რიტორიკა, ფაქტობრივად ერთნაირი იყო. ეს ტელევიზიები ერთნაირად არ დაინტერესებულან პრობლემებით, რომელიც აქციის მონაწილეებს თბილისისკენ გზაზე შეხვდა.    

ამ საკითხებზე კითხვების დასმისთვის არც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გარჯილა. ჟურნალისტების ინტერესი, აქაც, აქციის აგრესიულ ხასიათსა და მისი ორგანიზატორების რუსულ კავშირებს არ გასცილებია. თუმცა, არა, იყო კიდევ ერთი თემა: ისტერიული მტკიცება იმისა, რომ საზოგადოებრივი არხი ინტერესდება აქციით და მას ეთერს პერმანენტულად უთმობს. ერთ–ერთ მაგალითად, ამ მტკიცებისას, მოჰყავდათ მეორე არხი, რომელიც აქციას პირდაპირ ეთერში უკომენტაროდ გადასცემდა. მაგრამ, აქცენტები, რომელიც ნაციონალურ არხებს ამ დღეებში ერთ მონოლითურ პროპაგანდისტულ ორგანიზმად აქცევდა, პირდაპირი ტრანსლირების დროსაც იკითხებოდა.     

ვინც იმ დღეებში მეორე არხის პირდაპირ ეთერებს უყურა, დამეთანხმება, რომ კამერა ხშირად და მსხვილი პლანით აჩვენებდა აქციის ჯოხებით მოსიარულე მონაწილეებს, მონაწილეების პატარ–პატარა ჯგუფებს, ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიის ცარიელ ადგილებს, ნაგავს ქუჩაზე და შენობებთან. არხს მაყურებლისთვის ერთხელაც არ შეუთავაზებია სრული პანორამა, რომელიც აჩვენებდა, რამდენი ადამიანი იდგა აქციაზე, მაგალითად, მისი პიკის დროს. ყველაფერი ეს, ნაციონალური არხების საქმიანობასთან ერთად, გავდა ერთი გეგმის სხვადასხვა ნაწილებს, ერთ თარგზე მოჭრილ სცენარს, ერთგვარ შეთქმულებას, რომელსაც უნდა გაემართლებინა ყველაფერი, რაც შემდეგ ამ ხალხს დაემართებოდა. მაშინ ამ ბმის დანახვა არ იყო ადვილი, თუმცა 26–ის ადრიანმა დილამ და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა წრე შეკრა.    

26 მაისს, როცა რუსთაველზე აქციის დარბევა (პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილის განმარტებით, აქციის „დაშლა“ და „დარბევა“ ერთი და იგივეა) დაიწყო, საზოგადოებრივი მაუწყებელი მაყურებელს მხატვრული ფილმით ართობდა, „რუსთავი 2“–ზე ინტელექტუალები მაყურებლებს ცოდნაში ეჯიბრებოდნენ, „იმედი“ კი, პოკერის მორგ რეკლამირებას ეწეოდა. მხოლოდ მოგვიანებით გაჩნდა იმ დილის მთავარი ამბავი (რომელიც მსოფლიოს ერთ–ერთ მთავარ ამბადაც იქცა) ამ ტელევიზიების ეთერში. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამჯერადაც გამორჩეული იყო – საათნახევრის შემდეგ გვაჩვენა რუსთაველი, უფრო სწორად დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც რუსთაველს ალაგებდნენ.

არანაკლებ საინტერესო იყო ის, რაც ქართულმა ნაციონალურმა არხებმა 26–ის შემდეგ შემოგვთავაზეს. შსს–ს მიერ ოპოზიციურ–რუსული კავშირების შესახებ შექმნილი მორიგი ფილმით დაწყებული, აქციის დარბევისას ადამიანების გარდაცვალების მიზეზებით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლის ნოემბერში შექმნილი მსგავსი ფილმების გმირები, რომლებიც, ფაქტობრივად, რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში იყვნენ დადანაშაულებული, დღემდე დაკითხვაზეც კი არავის დაუბარებია, ნაციონალურ არხებს არ გასჩენიათ სურვილი, დაესვათ კითხვები ახალი ფილმების ირგვლივ. მათ არ გასჩენიათ კითხვები დარბევის დროს ადამიანთა გარდაცვალების მიზეზებზე, მეტიც, „რუსთავი 2“ „კვალში“ ჩაუდგა გადაცემა „კვირის რეპორტაჟს“, რომ აქციის მონაწილე ნიკა კვინტრაძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია დაეცვა.   

არის თუ არა ბურჯანაძე რუსეთის მეკავშირე, მის მანქანას ემსხვერპლა თუ არა პოლიციელი, ცემით  თუ მაღაზიის სახურავზე მოშიშვლებული ელექტოროსადენით დაიღუპნენ აქციის მონაწილეები,რატომ არის დღემდე დაკარგული ათეულობით ადამიანი (როგორც არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია ამტკიცებს), აქციის დარბევა ჰქონდა განზრახული ხელისუფლებას, თუ მშვიდობიანი დაშლა, ეუბნებიან თუ არა აქციის დროს დაზარალებულებს მკურნალობის ანაზღაურებაზე უარს სადაზღვევო კომპანიები და კიდევ ბევრი სხვა რამ, საკითხთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა ირგვლივ კითხვები უნდა ჩნდებოდეს და ისმებოდეს იქამდე, ვიდრე საზოგადოება უტყუარ პასუხებს არ მიიღებს. ეს არის ჟურნალისტის პირდაპირი მოვალეობა, მისი საქმე. იქ, სადაც ასე არ ხდება, სადაც ჟურნალისტები ხელისუფალს უპირობოდ ენდობიან, უჯერებენ, თამაშის მისეულ წესებს თანხმდებიან და ყველაფერი ეს მხოლოდ იმიტომ რომ იგი ხელისუფალია, ჟურნალისტი აღარ არის ჟურნალისტი, იგი ხდება მხარე, რაც ძალიან საშიშია.

„აქ ორკვირიანი მუშაობისას მიღებული შთაბეჭდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჟურნალისტიკა ძალიან პოლარიზებულია. ჩემი აზრით, ეს ნომერი პირველი შემაშფოთებელი ფაქტორია... გრძელვადიანი პერსპექტივისვის, ყველაზე მნიშვნელოვანია ზუსტი, მიუკერძოებელი, ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაციის გაშვება...“ – განუცხადა „რეზონანსს“ მაისის ამბების შეფასებისას, ამერიკელმა მედია სტრატეგმა ჯეიმს სტრენგოვმა, რომელიც საქართველოში აშშ–ს საელჩოს მოწვევით იმყოფებოდა, – „სააკაშვილი წავა, ყველა წავა, ყველა შეიცვლება, მაგრამ ძლიერი ჟურნალისტიკა რჩება, რაც საჭიროა ამ ქვეყანაში ძლიერი დემოკრატიისთვის. ხალხს სჭირდება ზუსტი ინფორმაცია. თუ მედია პოლარიზებულია, მაშინ საზოგადოებაც პოლარიზებულია. ტელევიზიამ, ალბათ, ითამაშა ამაში გარკვეული როლი... იმის ნაცვლად, რომ ყოფილიყვნენ ნეიტრალურები, შეეხედათ, რა ხდებოდა და მოეხდინათ მისი ანალიზი, გაემართათ დისკუსიები, ისინი დიდწილად იყვნენ ამ მოვლენის ნაწილი, რაც არ მგონია, რომ სწორი იყოს.“

ეს რომ სწორი არ არის, ჩვენმა არცთუ შორეულმა საბჭოთა წარსულმა ნათლად დაგვანახა. ხელისუფლებაში გათქვეფილი მედია, როგორც კომუნისტური პარტიის დანამატი, კრიმინალურ საბჭოეთს, წლების განმავლობაში, მსოფლიოს ნომერ პირველ სახელმწიფოდ წარმოაჩენდა. საბჭოთა კავშირი სულ რაღაც 20 წლის წინათ დაინგრა. 20 წელი ისტორიისთვის თვალის დახამხამებაა. ჩვენი და ჩვენი მშობლების მეხსიერებაში საბჭოთა კავშირი ჯერაც ცოცხლობს. ცოცხლობს მაშინდელი ურთიერთობები, წესები – ცხოვრება, რომელიც „ასეთია“ და უნდა შეეგუო. ესეც საბჭოური პოსტულატია, ადამიანების დასამორჩილებლად გამოგონებული.  ცხოვრება კი ისეთია, როგორსაც ჩვენ მას ვქმნით და ეს რეალობა სწორედ ძლიერმა ჟურნალისტიკამ უნდა თქვას, აჩვენოს, დაამკვიდროს.

воскресенье, 12 июня 2011 г.

შენ დაუკარ?


ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაკვეთით, 2009 წლის აგვისტო-ნოემბერში, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) საქართველოს მედიის მრავალმხრივი სიღრმისეული კვლევა განახორციელა. კვლევა მოიცავდა: საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლას მედიისადმი; 8 ფოკუს ჯგუფს საქართველოს ორ ქალაქში; ინტერვიუს 47 წამყვან მედია პროფესიონალთან; მედია მონიტორინგს, რომელიც ქართული სატელევიზიო ახალი ამბების ანალიზს ისახავდა მიზნად.
კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 84% ყოველდღე უყურებდა სატელევიზიო ახალ ამბებს. მათი უმრავლესობა ამაზე ნახევარი საათიდან ორ საათამდე დროს ხარჯავდა. ამასთან, რესპოდენტთა 86% თვეშ ერთხელ მაინც კითხულობდა ყოველკვირეულ გაზეთს, ხოლო 80% - ჟურნალს. საინტერესოა, რომ ბევრი რესპოდენტის განცხადებით, ბეჭდურ მედია საშუალებას ისინი მათი სიძვირის ან იმის გამო ვერ კითხულობდა, რომ ისინი მათი საცხოვრებელი ადგილის სიახლოვეს არ იყიდებოდა. 33%-მა განაცხადა, რომ ყოველდღიურად იღებდა ინფორმაციას რადიოს მეშვეობით, 12%-მა - რომ ამისთვის ყოველდღიურად იყენებდა ინტერნეტს.
კვლევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შედეგი იყო ინფორმაციის მიღების ხერხი, რომელსაც ფოკუს ჯგუფების მონაწილეები ხშირად აღნიშნავდნენ: ისინი სხვადასხვა არხებზე უყურებდნენ ახალ ამბებს და შემდეგ წყვეტდნენ, რომელი ინფორმაცია იყო სანდო და რომელი - არა. ეს, როგორც კვლევაში აღინიშა, იყო შედეგი იმისა, რომ ქართველი ახალი ამბების მომხმარებლები აცნობიერებენ, - სატელევიზიო ახალი ამბები პოტენციურად მიკერძოებულია და გამოსავალს სხვადასხვა არხის ყურება წარმოადგენს. ამ კონტექსტში საინტერესო იყო ისიც, რომ, მაგალითად, თბილისში ჩატარებული ფოკუს ჯგუფების მონაწილეებმა „რუსთავი 2", „იმედი" და „პირველი არხი" მთავრობის, „კავკასია" და მაესტრო" კი ოპოზიციის ინტერესების გამომხატველად მიიჩნიეს.
ის, რომ გამოკითხულებმა ბოლომდე ობიექტურად არც ერთი სატელევიზიო არხი არ მიიჩნიეს და ინფორმაციის მიღების, ასევ ვთქვათ, გადამოწმებითი მეთოდი შეარჩიეს, ახალი ამბებისადმი მოსახლების ინტერესზე მიუთითებს. მეტიც, კვლევის შედეგად, გამოიკვეთა ნუსხა თემებისა, რომელსაც, გამოკითხულთა აზრით, მედია ძალიან ცოტა ყურადღებას უთმობდა. უმრავლესობის მიერ, ასეთად დასახელდა: სოციალური საკითხები (50%), ადამიანის უფლებები (39%), სიტყვის თავისუფლება (38%), ჯანდაცვის საკითები (37%), სასამართლოს მუშაობა (34%). ცხადია, ადამიანებს აინტერესებდათ ეს საკითხები და მათი გამოყოფა ამიტომაც მიიჩნიეს აუცილებლად. უფრო მეტიც, რესპონდენტების 75%-ზე მეტმა განაცხადა, რომ ჟურნალისტებმა უნდა აწარმოონ გამოძიება ჯანდაცვის, სასამართლოს, არჩევნების, სიტყვის თავისუფლების დაცვისა და სხვა საკითხების შესახებ.
CRRC-ის მიერ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის  (NDI)  დაკვეთით, 2011 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი განწყობის კვლევის მიხედვით, ეს თემები საქართველოს მოსახლეობისთვის კვლავაც აქტუალურია. გაირკვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ეროვნული მასშტაბით, საქართველოში სამუშო ადგილებია - გამოკითხულთა 61%. ფასების ზრდა მნიშვნელოვანია გამოკითხულთა 39%-ისთვის (ორჯერ მეტი წინა გამოკითხვასთან შედარებით). 33-დან 36%-მდეა გაზრდილი სიღარიბით შეწუხებულთა რიცხვიც. ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების ჩამონათვალშია: პენსიები, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, ხელფასები. ამ პრობლემების ფონზე, მხოლოდ მესამე ადგილზეა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი (გამოკითხულთა 38 პროცენტი).
კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 91% მიიჩნევს, რომ 2008 წლის იანვართან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუარესდა ფასები, 63% - სიღარიბის დონე, 53% - მედიცინის ხელმისაწვდომობა, 46% - სამუშაო ადგილების რაოდენობა, 30% - ხელფასები. ამასთან, ეს თემები პოლიტიკოსების მხრიდან არასათანადოდ განხილულად მიაჩნია, შესაბამისად, 62%, 59%, 55%, 48%, 41%-ს. ეს სხვა არაფერია, თუ არა მაჩვენებელი იმისა, რომ ამ საკითხებზე საუბარს გამოკითხულები, მოსახლეობა მნიშვნელოვნად მიიჩნევს,  შეიძლება, აქვე დავამატოთ - მედიით, ძირითადად, ტელევიზიით, რადგან ეს მათთვის ყველაზე ხელმისაწვდომი, საზოგადოდ კი, ყველაზე აპრობირებული მეთოდია.
NDI-ის კვლევის მიხედვით, დასაქმება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ადგილობრივ საკითხებს შორისაც. ეს გამოკითხულთა 81%-ს აწუხებს. 15%-დან 33%-მდეა გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების შემცირებით შეწუხებული ადამიანების რიცხვი, 27-დან 32%-მდე - ტრანსპორტის ღირებულების ზრდით შეწუხებულებისა. 46%-ისთვის პრობლემად რჩება კომუნალური მომსახურების ღირებულება. ადგილობრივ დონეზე ადამიანები მიიჩნევენ, რომ, 2008 წლის იანვართან შედარებით, მდგომარეობა ყველა ამ მიმართულებით გაუარესდა.
გამოკითხულთა მხოლოდ 13% აბობს, რომ 2008 წლის იანვრის შემდეგ, მათი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ამ მხრივ ვითარება არ შეცვლილა გამოკითხულთა 49%-ისთვის (წინა კვლევის მიხედვით, ასეთი 54% იყო), მდგომარეობა გაუარესდა გამოკითხულთა 37%-ის ოჯახისთვის. NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 73% თავს არ თვლის დასაქმებულად, 41%-ის მდგომარეობა კი, შეესაბამება მდგომარეობას - „უმუშევარი ვარ და ვეძებ სამსახურს".
NDI-ის კვლევამ ასევე დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკურად აქტიურია. გამოკითხულთა 89%-მა განაცხადა, რომ ინფორმაციას, პირველადად, ტელევიზიით იღებს, მეორადად მედიის ამ საშუალებას 7% მიმართავს; პირველად ინტერნეტით იღებს ინფორმაციას გამოკითხულთა 4%, მეორადად - 8%; ჟურნალ-გაზეთებეით, შესაბამისად - 2% და 24%. ამასთან, რესპონდენტთა 71% პროცენტს აღელვებს საქართველ-რუსეთის დამოკიდებულება და მიიჩნევს, რომ მეზობელი ქვეყნის ამჟამინდელი პოლიტიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს. უნდა ითქვას ისიც, რომ კვლევაში მონაწილეთა 59%-მა უყურა სატელევიზიო პროექტს „პრეზიდენტი პასუხობს ხალხის კითხვებს", 67%-მა კი განაცხადა, რომ წამყვან ოპოზიციურ ფრაქციებს უნდა ჰქონოდათ შესაძლებლობა, ამავე არხზე გაეცათ ოფიციალური პასუხები.
სხვადასხვა დროს ჩატარებული ეს ორი კვლევა ნათელს ხდის, რომ სოციალური პრობლემები ქვეყანაში პირველ ადგილზე დგას და საზოგადოების ინტერესი სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური თემებისადმი დიდია. ამ ფონზე, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად ჩანს დოკუმენტი, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საზოგადოებას წარუდგინა და სახელმძღვანელოდაც მიიღო - მაუწყებლობის თაობაზე საზოგადოებრივი აზრის კვლევის კონსოლიდირებული ანგარიში. იგი, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით, BCG Research-მა 2008-2010 წლის განმავლობაში მოამზადა.
კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიგნებაა ის, რომ „ქართულ ეთერში დამატებით საინფორმაციო გადაცემების მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელი ძალზედ მოკრძალებულია. გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტებს ეთერში მეტი გასართობი ტიპის გადაცემების - მხატვრული ფილმის, იუმორისტული და სპორტული გადაცემების ხილვა სურთ. უფრო მეტიც, თვლიან, რომ დღეს სატელევიზიო სივრცე ამ მხრივ დეფიციტსაც განიცდის", ხოლო „რეგიონის მოსახლეობიდან გამოკითხულთა 65% არ თვლის აუცილებლად რეგიონული სატელევიზიო არხების არსებობას".
სიმართლე ითქვას, ამ დასკვნების დამადასტურებელი სრულფასოვანი მონაცემების პოვნა თავად ამ დოკუმენტშიც რთულია. მაგალითად, დიაგრამაში „რა ტიპის გადაცემების დეფიციტს განიცდის დღეს ქართული სატელევიზო არხები" გამოკითხულთა 55,4%-ის პასუხია „არ ვიცი", იქ კი, სადაც საუბარია რესპოდენტებისთვის სასურველ სატელევიზო თემატიკაზე (4. გადაცემები), ვკითხულობთ: „ყველაზე მაღალი მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან ქართველ ერზე, ტრადიციებსა და მენტალიტეტზე და დასაქმებისა და მის მომიჯნავე თემატიკაზე შექმნილ გადაცემებზეა".
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ახალი სახელმძღვანელო დოკუმენტი EURASIANET.org-ის ყურადღების ცენტრში მოხვდა. სტატიაში „საქართველო: ინფორმაციას მუსიკა ჩაახშობს" (www.foreignpress.ge) ჟურნალისტი მოლი კორსო წერს: „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) ახალი პოლიტიკის შესახებ 18 აპრილს გამოაცხადა და აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგებით დაასაბუთა, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართული სოციოლოგიური კომპანია BCG Research ატარებდა, კომპანია რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევებს ასევე ატარებდა მიხეილ სააკაშვილის მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის".
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, 3 ათასი რესპონდენტიდან 28.5%-მა პირად ინტერვიუებში ქვეყანაში მუსიკალური პროგრამების „დეფიციტზე" დაიჩივლა, მაშინ როდესაც საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების ნაკლებობის გამო მხოლოდ 10.5%-ი წუხს, ხოლო გამოკითხულთა 11.3%-ის აზრით, რადიოებსა და ტელევიზიებში საინფორმაციო პროგრამების ნაკლებობაა." ამასთან, - „BCG Research რესპონდენტთა გამოკითხვის მონაცემებს ქვეყნის 23 რეგიონიდან აწარმოებდა, პასუხები განისაზღვრა თითოეული რაიონის მცხოვრებთა მთლიანი რაოდენობის „პროპორციულად", თუმცა BCG-ის ხელმძღვანელმა რუსუდან ნადირაძემ ამ დროს გამოყენებული მეთოდოლოგია ვერ ახსნა".
მედია ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოება ეჭვობს, რომ ამ „ახალ რეალობას" ხელისუფლება მოახლოებული არჩევნების წინ, ინფორმაციის ნაკადის კონტროლისთვის ქმნის. ეს კვლევა შეიძლება გახდეს (და, ალბათ, გახდება) ლიცენზიის გაცემაზე უარის დასაბუთება იმ პრეტენდენტებისთვის, ვისაც საინფორმაციო პროგრამების წარმოების სურვილი ექნება. ზემოთ მოყვანილი ყველა ციფრის, ხელისუფლებისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლებს შორის არსებული საყოველთაოდ ცნობილი „თბილი" დამოკიდებულების გათვალისწინებით, ეს აბსოლუტურად საფუძვლიანი ეჭვია.
ამის კიდევ ერთი დასტური BCG Research-ის წინამდებარე კვლევიდან ჭრის თვალს. დოკუმენტის მიხედვით, იუმორისტულ გადაცემებზე ორიენტაციით ყველაზე მეტად, 59,3%-ით, მე-15 ზონა გამოირჩევა. თანდართული სიის მიხედვით, მე-15 ზონა ტყიბულია. მეშახტეების ამ პატარა ქალაქში, სადაც მთელი ყოფა და ცხოვრება ორი ძველისძველი შახტის ირგვლივ ტრიალებს, მარტო გასული წლის 9 თვის განმავლობაში, შახტაში მომხდარი აფეთქებების შედეგად, დაიღუპა 10 და დაშავდა 12 ადამიანი. მათ, როგორც ყველა მეშახტემ, იცოდნენ, რომ შრომა მძიმე, სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში უხდებოდათ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. დავიჯეროთ, რომ ცეკვა-თამაში მათი არჩევანია?

ქართული ველოსიპედი


ბეჭდური მედიისგან განსხვავებით, ტელე-რადიო მედია მედიის რეგულირებად სფეროებს მიეკუთვნება. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სიხშირეები, რომელიც მათი არსებობისთვის არის საჭირო, ამოწურვადია. ამდენად, მხოლოდ ფული, ადამიანური რესურსი და სურვილი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რადიო ან ტელევიზია აამუშავო, უნდა ფლობდე სიხშირეს, შესაბამის ლიცენზიას, რასაც გასცემენ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები, საქართველოს შემთხვევაში - კომუნიკაციების ეროვნული  კომისია.
ქაღალდი, საღებავი და ჟურნალ-გაზეთებისთვის საჭირო სხვა რესურსი, ღვთის წყალობით, ამოუწურავია, შესაბამისად, მათი გამოშვების რეგულირებაც დაუშვებელია. ამდენად, თუკი გაქვთ ფული, გყავთ საჭირო შტატი და გინდათ მედიის რომელიმე ბეჭდური სშუალება გქონდეთ, ამისთვის სპეციალური ლიცენზიის ქონას ვერავინ მოგთხოვთ. აქვე ვთქვათ, რატომ „დაუშვებელია" და არა, მაგალითად, „არ ხდება" ან „აუცილებელი არ არის". ინფორმაციის მიღების უფლება ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა, მედია კი, ამ უფლების განხორციელების, ფაქტობრივად, შეუცვლელი საშუალებაა.
ამოუწურავია ინტერნეტიც. მისი დეფინიცია, რომელიც, მაგალითად, ვიკიპედიაში შეგიძლიათ მოიპოვოთ, ასეთია: ინტერნეტი არის „მსოფლიო ქსელი", ერთმანეთზე მიერთებული კომპიუტერების საჯაროდ ხელმსაწვდომი ქსელი. ინტერნეტს, ზოგჯერ, ეძახიან, უბრალოდ „ქსელს" (The Net), ანუ ქსელთა ქსელს, სადაც მომხმარებელს, თუკი მას აქვს უფლებები, შეუძლია, ნებისმიერი კომპიუტერიდან მიიღოს ინფორმაცია. ინტერნეტი აღნიშნავს გლობალურ კომპიუტერულ ქსელს, რომელიც ეფუძნება TCP/IP პროტოკოლს. ინტერნეტი ქმნის გლობალურ საინფორმაციო სივრცეს და წარმოადგენს მსოფლიო ქსელის საფუძველს.
ყველაფერი აქედან გამომდინარე, ინტერნეტმედიის რეგულირება, მსოფლიოს მასშტაბით, არსად ხდება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას ვებ გვერდი და გაავრცელოს ინფომაცია. თანაც, ამის სხვადასხვა და ასევე ამოუწურავი შესაძლებლობა არსებობს, ინფორმაციის ტიპის, შინაარსის, ზომის, რაოდენობის თვალსაზრისით. განუსაზღვრელი თავისუფლების გარდა, რაც ინტერნეტმედიას ახასიათებს, ინტერენეტის საძიებო სისტემების (რომელთა რაოდენობა, ასევე, შეუზღუდავია) საშუალებით, იგი მომხმარებელს, ერთი დაწკაპუნებით, აწვდის ქსელში არსებულ ყველა ინფორმაციას, კონკრეტული ფაქტის თუ სახელის შესახებ.
ფართო საძიებო და საცნობარო სისტემის, ინფორმაციის გადაცემის სისწრაფის, მომხმარებელთა მზარდი რაოდენობის, ინტერაქტიურობის (ორმხრივი კავშირის), ინფორმაციის განთავსების (შესაბამისად - გავრცელების) შეუზღუდავი შესაძლებლობების წყალობით, ინტერნეტი ქმნის ცოცხალ სივრცეს, რომელიც დღეს უკვე რეალურ ზემოქმედებას ახდენს საზოგადოებაზე. ჟულიენ ასანჟის WeekyLeaks, რომელმაც მსოფლიო შოკში ჩააგდო და ეგვიპტე, სადაც რევოლუციის შესახებ ინფორმაციას ადამიანები სოციალურ ქსელებში ტოვებდნენ, ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დადასტურებაა.
ამ უკანასკნელი მაგალითის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ სოციალური მედიის გაძლიერებისა და მხარდაჭერის შესახებ საპროგრამო განაცხადი გააკეთა. ამ ამბამდე ერთი თვით ადრე, საქართველოს ხელისუფლებამ სულ სხვა ტიპის განაცხადი გააკეთა - Ge დომენების სამართლებრივი რეგულირება ეროვნული კომუნიკაციების კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია იქნებაო. ელექტრონულიკომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში დაუყოვნებლივ შევიდა. კანონპროექტის ავტორების განმარტებით, ეს იმისთვის კეთდება, რომ, Ge დომენის ზონაში ვებგვერდების რეგისტრაციისას, საკითხისადმი სუბიექტური და დისკრიმინაციული მიდგომები გამოირიცხოს.
Ge დომენის ზონაში ვებ-გვერდების რეგისტრაციას  და ჰოსტინგის გამოყოფას ძირითადად    „კავასუს ონლაინი" უზრუნველყოფს. სხვადასხავ ქვეყანაში ამ საკითხს სხვადასხვაგვარად წყვეტენ. ზოგან (და, ძირითადად,) ეს საკითხი საერთოდ არ რეგულირდება და დომენებს ინტერნეტ-პროვაიდერების გაერთიანება გასცემს, ზოგ ქვეყანაში სახელმწიფო ამას ანგარიშგასაწევ ორგანოს ავალებს, პარალელურად, აკისრებს ვალდებულებებს, იხელმძღვანელოს თანასწორობის, სამართლიანობის პრინციპებით და არ დაუშვას დისკრიმინაცია. იმ რეპუტაციის მიხედვით, რომელიც კომუნიკაციების კომისიას საქართველოში აქვს, შედეგი, შესაძლოა არ იყოს ამ პრინციპების თანაწონადი.
ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" კვლევის („ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის ამოცანების შესრულება", 2010 წელი) მიხედვით, საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისია დამოუკიებელი სამაუწყებლო კომპანიების მცირედი ნდობით სარგებლობს და პოლიტიზირებულად აღიქმება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბევრი გამოუყენებელი სიხშირე აქვს, კომისიამ, ორი წლის განმავლობაში, არ დააკმაყოფილა არ ერთი მოთხოვნა ახალი ტელევიზიის ლიცენზიაზე. ცალკე თემაა მისი მიდგომა ტელეკომპანია „მაესტროს" ლიცენზირებისადმი.
არათანაზომიერია სანქციები, რომელიც კომისიას გამოაქვს ხელისუფლებისადმი ლოიალური ტელეკომპანიების მიმართ. მაგალითად შეიძლება ამავე კვლევაში მოყვანილი „იმედის" ცნობილი მოდელირებული „ქრონიკა" მოვიყვანოთ. მიუხედავად მაუწყებელთა ქცევის კოდექსის აშკარა დარღვევისა, კომისიამ „იმედს" მობოდიშება დაავალა. ცნობილი ფაქტია ისიც, რომ საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისია კმაყოფილდება ხელისუფლებისადმი ლოიალური ტელეკომპანიების ერთგვერდიანი ფინანსური ანგარიშებით, რომელიც ფინანსური გამჭვირვალობის ცუდ იმიტაციასაც კი არ წარმოადგენს.
კვლევის მიხედვით, საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელები არიან სარეკლამო კომპანია „მაგისტილის" თანადამფუძნებლები. მედია სექტორის დამკვირვებლების დასკვნით კი, სარეკლამო კომპანიებისა და სარეკლამო გაყიდვების ორგანიზაციები (ისინი, ვინც ეროვნულ ტელეარხებზე სარეკლამო დროს ჰყიდიან) მჭირდოდ არიან დაკავშირებული მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებთან, რაზეც მედია ბაზარზე რეკლამის განაწილება მეტყველებს. ძირითადად სარეკლამო შემოსავალს ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი მედია იღებს.
„პირველი მერცხალი" ინტერნეტზე კონტროლის დამყარების თვალსაზრისით იყო ის, რაც „ნეტგაზეთთან" დაკავშირებით მოხდა. საიტი გაითიშა მას შემდეგ, რაც იქ ვახტანგ კომახიძის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გადაღებული ფილმი აიტვირთა. „კავკასუს ონლაინმა" ეს ტექნიკური პრობლემებით ახსნა. საიტმა სხვა გზით მოახერხა ამოქმედება, თუმცა, ეჭვი იმისა, რომ ეს „ტექნიკური პრობლემა" არ იყო, დღემდე აქტიურად განიხილება. ამ ეჭვის საფუძველს ქმნის ბიზნესში მთავრობის ჩარევის ფაქტები, რაზეც, როგორც აღმოსაფხვრელ რეალობაზე, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ხსენებული კვლევა მიუთითებს.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლება ახალ ველოსიპედს  იგონებს, იმისთვის, რომ აკონტროლოს მედიის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი, ყველაზე მობილური საშუალება, რომელიც საქართველოშიც ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ბუნებრივად შეუზღუდავი თავისუფლებით ხასიათდება.
http://www.media.ge/ka/node/40742

ციფრული მომავლის პირისპირ


"საქართველოს მთავრობა აპირებს, რომ 2014 წლის ბოლოსთვის ანალოგური სისტემიდან ციფრულ ტელევიზიაზე გადავიდეს. თუმცა, ჯერ არც საქართველოს მთავრობას და არც სხვა ინსტიტუციებს, საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის ჩათვლით, კანონის ფარგლებში ამ პროცესის მოსამზადებლად არანაირი ნაბიჯი არა გადაუდგამთ. არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური ვალდებულება არ არსებობს, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ციფრულ პლათფორმაზე გადასვლა. ასევე უცნობია რა თანხასთან იქნება დაკავშირებული ანალოგური სისტემის გამორთვა.
მაღაზიებში, სადაც ტელევიზორები იყიდება, უმეტესად არ ვაჭრობენ ციფრული ტელევიზიებით და ისევ ანალოგურ მოდელებს ყიდიან. საზოგადოება ამის შესახებ არ არის ინფორმირებული და არ იცის, რომ თავიანთი ტელევიზორები ახალ მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს. ანალოგური ტელევიზორები იაფია და ამიტომაც ქართველები ხშირად სწორედ მასზე აკეთებენ არჩევანს, მაგრამ არ იციან, რომ ოთხ წელიწადში ის სრულიად უსარგებლო იქნება. აქამდე საზოგადოებისთვის ტექნიკური ან ფინანსური დახმარების გაწევა არც არავის განუხილავს და არ შეუთავაზებია."
ეს არის ამონაწერი ანგარიშიდან „ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის ამოცანების შესრულება", რომელიც ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველო" საზოგადოებას გასულ კვირაში წარუდგინა. ახალ ტექნოლოგიებზე გადასვლა არის ამ ანგარიშის მხოლოდ ერთი სეგმენტი, სადაც მედიასთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ ვითარებაზეა საუბარი. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ქართული მედიის წინაშე არსებული გამოწვევების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია და, ფაქტობრივად, ყველაფერი, რაც მასთან ასოცირდება, ამ წუთისთვის, სამწუხაროდ, მხოლოდ კითხვის ნიშნებს ბადებს.
დავიწყოთ იმით, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა არ არის დაპირება, რომელიც შეიძლება ხელისუფლებამ ხალხს მისცეს და შემდეგ აღარ შეასრულოს. ციფრული მაუწყებლობა არის აუცილებლობა, გარდაუვალი მომავალი, რომელიც უკვე კარზე გვიკაკუნებს და რომლის შესახებაც საქართველოს ხელისუფლება, სხვა ქვეყნების მსგავსად, კარგა ხნით ადრე გააფრთხილეს, კერძოდ, 2006 წელს, ჟენევის რეგიონულ კონფერენციაზე. სწორედ იქ დაითქვა, რომ 2015 წლისთვის საქართველო, რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, სრულად უნდა გადავიდნენ ციფრულ მაუწყებლობაზე. ევროგაერთიანების ქვეყნებისთვის ეს ვადა 2012 წლამდეა.
მედია ექსპერტი სანდრო ბარამიძე განმარტავს, რომ ეს არ არის ვისიმე ახირება, მსოფლიო ახალ ტექნოლოგიებზე გადადის და, თუკი არ გვინდა, აუტსაიდერებად დავრჩეთ, საერთო ინფორმაციული ველიდან ამოვვარდეთ, მას ფეხი უნდა ავუწყოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ მსოფლიომ ახალი სიხშირეები გადაანაწილა და, თუკი საქართველო კუთვნილ 175 ციფრულ სიხშირეს დროულად არ გამოიყენებს, გამორიცხული არ არის, ისინი სხვის ხელში აღმოჩნდეს. მაგალითად, რუსეთის ხელში, რომელიც ჩვენი გეოგრაფიული მეზობელია და ამის გაკეთება, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, არც ტექნიკურად გაუჭირდება.
ყველაფერ ზემოთქმულთან ერთად, ციფრულ მაუწყებლობას აქვს ბევრი პლუსი, რომელიც ქვეყანას მეტ შესაძლებლობებს აძლევს, შესაბამიად, მისი დანერგვა, აუცილებელთან ერთად, სასურველიც უნდა იყოს. გარდა იმისა, რომ ციფრული გამოსახულების ხარისხი ანალოგურზე (ახლა არსებულზე) უკეთესია და ადამიანს აქვს საშუალება მიმდინარე სანახაობა შეაჩეროს ან გადაახვიოს, ერთი  ანალოგური სიხშირის ნაცვლად 8 ციფრული არხი  განთავსებაა შესაძლებელი. ეს იმას, ნიშნავს, რომ საქართველოს, რეალურად, ექნება დღეს არსებულზე  8-ჯერ მეტი  ტელეარხი, რაც ელექტრონულ მედიაში, ზოგადად, ელექტრონულ ინდუსტრიაში, გაცილებით კონკურენტუნარტუნარიანი გარემოს არსებობის პირობას ქმნის.
იგი ქმნის, ასევე, ახალ არეალს ბიზნესის განვითარებისთვის. მედიასამართლის სპეციალისტი  სანდრო ბარამიძე (რომელმაც ამ საკითხზე ვრცლად ისაუბრა IREX-ისა და GYLA-ს ერთობლივ ტრენინგზე), გამოყოფს რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის დეკოდერებს, რომელიც ანალოგურ აპარატურას ციფრული გამოსახულების მიღების შესაძლებლობას მისცემს და საკუთრვ ციფრული აპარატურას, რომელიც, სულ რამდენიმე წელიწადში, საქართველოსთვის ჰაერივით აუცილებელი იქნება. იმის გამო, რომ საზოგადოება არ არის ინფორმირებული მოსალოდნელი ცვლილების შესახებ, მოთხოვნა ციფრულ აპარატურაზე, ჯერ-ჯერობით, არ არსებობს.
სავარაუდოდ, ახალ ციფრულ აპარატურაზე მეტად, მოთხოვნა იქნება დეკოდერებზე, რომელიც ახალ ციფრულ ტელევიზორებზე შეუდარებლად იაფი ღირს. აშშ-ში, მაგალითად, დეკოდერის ღირებულება 10 დოლარს არ სცდება. ამასთან, ქვეყნებმა, რომლებიც უკვე გადავიდნენ ციფრულ მაუწყებლობაზე, შეიმუშავეს სპეციალური პროგრამები სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის. 1 მილარდი დოლარი - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და 600  მილიონი ფუნტი სტერლინგი - ინგლისმა დახარჯეს იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველი მათი მოქალაქეები შესაბამისი ტექნიკით უზრუნველეყოთ.
ახირება არც ამგვარი დანახარჯია. ინფორმაციის შეუფერხებლად მიღების უფლება ნებისმიერი მოქალაქის ფუნდამენტური უფლებაა, ამ უფლების უზრუნველყოფა კი - ყველა სახელმწიფოს ვალდებულება, მათ შორის საქართველოსიც, რომელსაც ამას, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის გარდა, საკუთარი კონსტიტუციაც ავალდებულებს. საქართველოს უკვე უნდა ჰქონდეს შემუშავებული შესაბამისი გეგმა, რომელშიც გაწერილი იქნება, რას და როგორ აპირებს, დათვლილი უნდა ჰქონდეს, რა დაუჯდება ყველაფერი ეს სახელმწიფოს, მაგრამ, როგორც მედია ექსპერტები ამბობენ და როგორც ციტირებულ კვლევაში ვკითხულობთ, მსგავსი ჯერ არაფერი აქვს.
ეს გაურკვევლობა ყველაზე მტკივნეულად რეგიონულ მედიაზე აისახება, რომელსაც, ფინანსური და ტექნიკური თვალსაზრისით, ყველაზე მეტი პრობლემა შეიძლება შეექმნას. ამის გამო, რეგიონული ტელემაუწყებლობების წარმომადგენლები თავად მუშობენ შესაბამის ცვლილებებზე, რომელსაც მთავრობას, კონკრეტულად, ამ საქმეზე გაპიროვნებულ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადასცემენ. მოლოდინში არიან სხვა მაუწყებლებიც, რომლებსაც მუშაობის გასაგრძელებლად, ახალი, ციფრული სიხშირე დასჭირდებათ. ლოგიკურად, მათ, ვინც უკვე ფლობს ანალოგურ სიხშირეს, ციფრული სიხშირე უპრობლემოდ უნდა გადაეცეთ.
ლოგიკურად, ასეა, თუმცა, აქ კიდევ ერთი შემადგენელი არსებობს: ერთი სამაუწყებლო ზონა  მინუმუმ  8 ციფრული არხის მაუწყებლობის შესაძლებლობას იძლევა, შესაბამისად, იქმნება მულტიპლექსები და არხებზე ლიცენზიის გაცემა და/ან გადაცემა სწორედ მათი, 8-არხიანი სამაუწყებლო ზონის  ფარგლებში მოხდება. ქვეყნებში, რომლებიც ციფრულ მაუწყებლობაზე უკვე გადავიდნენ (ასეთები არიან: ფინეთი, შვედეთი, ბელგია, ნიდერლანდები, გერმანია, დიდი ბრიტანეთი), სხვადასხვა ვარიანტი მოქმედებს. ჩვენთვის საინტერესოა ნებისმიერის გამოცდილება, მით უმეტეს, რომ საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიას ამ კუთხით ჯერ არაფერი მოუმზადებია.
ჩამოთვლილი ქვეყნების ნაწილში, ლიცენზია, კონკურსის შედეგად, გაიცემა მულტიპლექსის ოპერირებაზე და შემდეგ თავად ოპერატორი განსაზღვრავს, ვის მისცეს სიხშირე და ვის - არა. ზოგ ქვეყანაში  მულტიპლექსის შიგნით სიხშირეებზე ლიცენზიის გაცემა  შესაბამისი სხელმწიფო კომისიის დონეზე რეგულირდება. ზოგან მულტიპლექსის მფლობელს აქვს საკუთარი სატელევიზიო არხის ქონის უფლება, ზოგან - არა. აფრიკული ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებიც ციფრულ მაუწყებლობაზე 2020 წლისთვის უნდა გადავიდნენ, საქართველომ უკვე უნდა იცოდეს, რას აპირებს და როგორ.
ამ კითხვებზე დღეს ჩვენ პასუხები არ გავაქვს. გარკვეული არც ისაა, ფასიანი გახდება ციფრული მაუწყებლობა თუ - არა. საზოგადოებრივ მაუწყებელს ეს არ ემუქრება, დანარჩენებს კი, გამორიცხული არ არის, ამგვარი არჩევანის გაკეთება მოუწიოთ. წინასწარ ვერც იმას დავიჩემებთ, რომ დამატებითი რესურსის გაჩენა ქართველ მაყურებელს მეტი არჩევანის საშუალებას მისცემს - როგორც სანდრო ბარამიძე ამბობს, გამოყენებული არც ის რესურსია, რომელსაც საქართველო ანალოგური მაუწყებლობის პირობებში ფლობს. მოკლედ, ახალი და გარდაუვალი რეალობის პირისპირ ჩვენი ქვეყანა ამჯერადაც მოუმზადებელი დგას.

среда, 16 марта 2011 г.

ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან


„გამჭვირვალობა მედიის მფლობელის ვინაობის შესახებ – განხორციელების პროცესშია“, „მედიის მრავალფეროვნება და პლურალიზმი – განხორციელების პროცესშია, თუმცა საკითხი კვლავაც აქტუალური რჩება“, „მედია გარემოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი –  არ განხორციელებულა“, „მედიის დაფინანსება – არ განხორციელებულა“, „თავისუფლად ხელმისაწვდომი ინფორმაცია – ნაწილობრივ ხორციელდება“, „ახალ ტექნოლოგიებსა და კომუნიკაციების ელექტრონულ საშუალებებზე შეხედულებათა  გაცვლისა და მათი გამოყენების განვითარება; ანალოგური სისტემიდან ციფრულ სისტემებზე გადასვლის პროცესი – არ განხორციელებულა“, „ახალი ტექნოლოგიები – ნაწილობრივ განხორციელდა“ – ასეთი გახლავთ შედეგები, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ, 2006 წლის ნოემბრიდან 2011 წლის იანვრამდე, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აჩვენა.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმი განისაზღვრა ძირითადი სფეროები, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და ევროკავშირს, 5 წლის განმავლობაში, მჭიდროდ უნდა ეთანამშრომლათ. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს, ევროკავშირის დახმარებით, უნდა მიეღწია პროგრესისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება, ეკონომიკური განვითარება, სიღარიბის დაძლევა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შიდა კონფლიქტების მოგვარება და სხვა. 2009 წელს, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ხუთწლიანი გეგმის პარალელურად, ამოქმედდა აღმოსავლეთ პარტნიორობაც, პოსტ საბჭოთა სივრცის 6 ქვეყანასთან – ბელარუსთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან. ამ უკანასკნელის აქცენტები, კონკრეტულად, დემოკრატიასა და მმართველობაზე, ეკონომიკურ დაახლოებაზე, მდგრად განვითარებასა და ადამიანებს შორის კონტაქტებზე გაკეთდა.

მთელი ეს ვალდებულებები ერთი მიზნისკენაა მიმართული – საქართველო, ისევე, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები, ევროპას რაც შეიძლება მოკლე დროში დააახლოვოს, უზრუნველყოს მათში დემოკრატიული, ლიბერალური პროცესების შეუქცევადობა. მოკლედ რომ ვთქვათ, ხუთი წლის წინათ, საქართველოს ოფიციალურად უბიძგეს გზაზე, რომელზეც მისი ხელისუფლების ხმამაღალი განცხადებების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა, ასე ვთქვთ, დაბადებიდანვე იდგა. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ამოცანები, რომელთა შესრულებამაც დეკლარირებულ ევროპულ ღირებულებებს უნდა დაგვაახლოოს აქ ან ჯერაც არ განხორციელებულა, ან განხორციელების პროცესშია, ან მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა. ამაზე მეტყველებს შედეგები მონიტორინგისა – „ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: ევროკავშირ–საქართველოს სამოქმედო გეგმის ამოცანების შესრულება“, რომელიც ფონდმა „ღია საზოგადოება – საქართველო“, 15 მარტს, სასტუმრო „მარიოტში“ წარმოადგინა.

მაინც რას გულისხმობს ამოცანების „ნაწილობრივი განხორციელება“ და „განხორციელების პროცესში ყოფნა“? შედეგების მიხედვით, განხორციელების პროცესში ყოფნად ითვლება, მაგალითად, ის, რომ 2010 წლის დეკემბერში, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი მედიამფლობელების ვინაობის გამჭვირვალობის შესახებ. ამ წუთისთვის ეს პროცესი გაყინულია. საკანონმდებლო ორგანომ ვერა და ვერ მოიცალა იმისთვის, რომ დანარჩენი ორი მოსმენაც ჩაეტარებინა და საქმე დაესრულებინა. ნაწილობრივ ხორციელდება, მაგალითად, ინფორმაციის თავისუფლად ხელმისაწვდომობის ვალდებულება. თუმცა, 2008 წელთან შედარებით, ვითარება დამძიმებულია, – 2008–ში ზოგადადმინისტრაციულ კოდექსში ინფორმაციის შეზრუდვის შესახებ ორი შესწორება შევიდა. ერთის მიხედვით, სასამართლოში საქმის აღსაძვრელად, 30–ის ნაცვლად 100 ლარის გადახდაა საჭირო, მეორემ კი, სასამართლომდე საქმის მიტანა საჯარო დაწესებულებაში, ოფიციალურ პირთან მის გასაჩივრებამდე აკრძალა.   

ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, რაც არ განხორციელებულა. მაგალითად, ის, რომ საქართველოს ჯერ ისევ არ ჰყავს მედია გარემოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი. მოქმედი, რბილად რომ ვთქვათ, ნდობით არ სარგებლობს, რადგან, როგორც მონიტორინგის ანგარიშში ვკითხულობთ, ბოლო ორი წლის განმავლობაში არ დააკმაყოფილა არც ერთი ახალი ტელევიზიის მოთხოვნა მაუწყებლობის ლიცენზიაზე და ძალიან ცოტა რამ გააკეთა, არსებული წესების გასატარებლად. ეს განსაკუთრებით საინტერესო იმ ფონზე, როცა ტელეკომპანიები, რომლებიც კრიტიკულად აშუქებენ მთავრობის ქმედებებს მხოლოდ თბილისს ფარავენ, ნაციონალური არხების მფლობელები ან მენეჯმენტი კი, პირდაპირ უკავშირდება სახელისუფლო წრეებს. მაგალითად, „რუსთავი 2“, რომლის 30%–ის მფლობელი GIG ჯგუფის ერთ–ერთი დამფუძნებელი საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ძმაა.   

განუხორციელებელ ამოცანათა სიაშია მედიის დაფინანსება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ყურადსაღებია მედიის დამოუკიდებლობის გამაპირობებელი სეგმენტის – სარეკლამო ბაზრის ფაქტობრივი მონოპოლიზების საკითხი. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სარეკლამო კომპანიები და სარეკლამო გაყიდვების ორგანიზაციები, რომლებიც ეროვნულ ტელეარხებზე სარეკლამო დროს ყიდიან, მჭიდროდ არიან დაკავშირებული მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებთან და მმართველ პარტიასთან, შესაბამისად, რეკლამის გადანაწილებაც ხელისუფლებისადმი ლოიალურ ტელეკომპანიებში ხდება. ამასთან, ხაზგასასმელია ისიც, რომ ეროვნული კომუნიკაციების კომისიისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ხელმძღვანელები სარეკლამო კომპანია „მაგისტილის“ დამფუძნებლები არიან. ცალკე და გაცილებით მძიმე თემაა ბეჭდური მედიის წილი სარეკლამო ბაზარზე. 

ყველაფერი ეს და კიდევ ბევრი სხვა რამ, მთლიანობაში – მედიის დამოუკიდებლობა, მეტად აქტუალური ხდება იმ ფონზე, როცა ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლოს განცდა – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთ–ერთი ბოლო საქმე ეხება არასრულწლოვანს, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში 8–ლარიანი კალმის ქურდობის გამო მისცეს; როცა კიდევ ერთხელ სახეცვლილი კონსტიტუციის წყალობით, პარლამენტი მთავრობაზე ადრინდელზე უფრო დამოკიდებული ხდება; როცა საარჩევნო კოდექსი, თბილისის გარდა, ყველა ქალაქს ეუბნება უარს, მერი თავად აირჩიოს; როცა ისევ პრობლემად რჩება შრომითი კანონმდებლობა, არაკონკურენტუნარიანი გარემო, სურსათის უვნებლობისა თუ საკუთრების დაცვის საკითხები; როცა ხელისუფლება აგერ უკვე მერამდენედ დებს სამომავლოდ ქვეყანაში ჯანმრთელობისთვის ნაკლებად საზიანო საწვავის შემოტანის დაკანონებას. ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია პრობლემებისა, რომელიც მონიტორინგის შედეგების სხვა ბლოკებში შევიდა.   

ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, დამოუკიდებელი მედია, საარჩევნო სისტემა, სახელმწიფო ადმინისტრაციული სისტემის ინსტიტუტები, ეკონომიკური განვითარება, სამშვიდობო პროცესი და შიდაკონფლიქტები – ასეთი გახლდათ წარმოდგენილი მონიტორინგის მიმართულებები. ამ დოკუმენტს უკვე იცნობენ ბრიუსელში, ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროპის მასშტაბით მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თბილისურ პრეზენტაციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის შთამბეჭდავი შემადგენლობა ესწრებოდა.