ის, რაც რელიგიასთან დაკავშირებით გამართულ პოლემიკებში ყველაზე მეტად არ მსიამოვნებს, რწმენის წარსულის გადმონაშთად გამოცხადება, მორწმუნეთა რეტროგრადებად წარმოდგენაა.
რელიგია, მართლმადიდებლობა იქნება ეს, კათოლიციზმი, იუდაიზმი, ისლამი, ბუდიზმი, თუ სხვა ძირითადი (ეს მნიშვნელოვანი დაზუსტებაა) რელიგია, არ არის საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია, რომელიც შეიძლება რამდენიმე საუკუნეში დასრულდეს, წარსულმა წაიღოს.
მართლმადიდებლობა (ამ შემთვევაში) გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ პირჯვრის გადაწერა, ან აღსარებისთვის რიგში დგომა. ეს ჩემი რწმენაა, განვიხილო სამყარო ჭეშმარიტებაში. ეს ჩემი არჩევანია არ მყავდეს კერპები, თაყვანი არ ვცე და არ ვემსახურო მათ; პატივი ვცე მშობლებს; არ მოვკლა; არ ვიმრუშო; არ მოვიპარო; ცილი არ დავწამო; გული არ მეთქმოდეს სხვისი ქონებისთვის და მერე, როცა გულით გონიერით (უცნაურია, მაგრამ ზოგიერთები მართლმადიდებლობას აზროვნებასთან, რატომღაც, არ აკავშირებენ, სულ პირიქით :)) მივხვდები, რომ სამყარო იმაზე გაცილებით დიდია და იმაზე გაცილებით პატარა, ვიდრე წარმოგვიდგენია, რომ ჩვენი არსებობა, ცხოვრება, პატარ-პატარა სასწაულები, რომლებიც გვეძლევა, როცა ვიმსახურებთ და გვაკლია, როცა ცოდვაში ვართ, გული, რომელიც სულ ფეთქავს, სისხლი, რომელიც ჩვენში მოძრაობს, სიყვარული, რომელიც სურნელებად იღვრება, ერთი დიდი სასწაულია, ვთქვა: შენ ხარ უფალი ღმერთი ჩემი, და არა იყვნენ ჩემდა ღმერთნი უცხონი, შენსა გარეშე.
რელიგია ყველაზე ინტიმური რამაა. რწმენაში მოცემული სიყვარული ის მოცემულობაა, რომელსაც მეცნიერული დეფინიციებით, ქიმიური ფორმულებით ვერ ახსნი. ამიტომ არ უნდა ვაიძულებდეთ ერთმანეთს გვიყვარდეს მაინც და მაინც "ჩვენი" ღმერთი ან არ გვიყვარდეს საერთოდ. ამიტომ არ უნდა ვაძლევდეთ თავს უფლებას, შეურაცხვყოთ ერთმანეთის გრძნობები. ამიტომ არ უნდა ვურევდეთ ერთმანეთში იმას, რაც წარმავალია და იმას, რაც იყო, არის და იქნება.
Комментариев нет:
Отправить комментарий