четверг, 23 сентября 2010 г.

სიკვდილის ამხანაგები

მიზდონ ონიან, გიორგი ბრეგაძე, მურმან კუბლაშვილ, ჯუმბერ ჯიშიაშვილი, პაატა მოდებაძე, სოსო ობოლაძე, ლაშა ბოჭორიშვილი, მალხაზ ჭანტურიძე - ეს ის მაღაროელები არიან, რომელებიც ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში წელს მომხდარი აფეთქებების დროს დაიღუპნენ.

მიზდონ ონიან, გიორგი ბრეგაძე, მურმან კუბლაშვილ, ჯუმბერ ჯიშიაშვილი 2 მარტის აფეთქებამ იმსხვერპლა, პაატა მოდებაძე, სოსო ობოლაძე, ლაშა ბოჭორიშვილი, მალხაზ ჭანტურიძე - 28 აგვისტოს მომხდარმა. მალხაზ ჭანტურიძე, მძიმე დამწვრობითა და დაზიანებებით, აფეთქებიდან 4 დღის შემდეგ, 2 სექტემბერს, დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. ამ ორი აფეთქებისას, მძიმე დამწვრობა და სხეულის დაზიანება მიიღეს: ბესიკ ზოსიაშვილმა, თემურ ქურციკიძემ, თემურ დალაქიშვილმა, სერგო აშოთიამ, ოლეგ ობოლაძემ.

ამ ადამიანებს იმ დღეებშიც ისევე, როგორც ყველა სხვა დღეს, შინ ოჯახები, შვილები, შვილიშვილები ელოდნენ.

ოფიციალური განმარტებები

მარტში, როცა მომხდართან დაკავშირებით პირველი კომენტარები გაკეთდა, მინდელის სახელობის მაღაროს ტექნიკურ დირექტორ ბადრი არაბიძე ირწმუნებოდა, რომ ეს ტრაგედია პირველი იყო ამ მაღაროში. თუმცა, გაზის, ნავთობისა და ნახშირის მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გოჩა კვიტატიანმა, 4 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მინდელის სახელობის მაღაროში ტრაგედია 2009 წლის 4 დეკემბერსაც მოხდა, როცა მეშვიდე უბანზე ჩამოწოლილმა ლავამ ჯებირი გაარღვია და ოთხი ადამიანი დააზიანა, აქედან ერთი – სასიკვდილოდ.

კიდევ ერთი ნიშანდობლივი კომენტარი, რომელიც მაშინ გაკეთდა, მაღაროს მფლობელი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის აღამსრულებელ დირექტორ ზაზა სადუნაშვილს ეკუთვნოდა. “მაღაროელის პროფესია ყველაზე რისკიან პროფესიათა ჯგუფს განეკუთვნება და უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვის მიუხედავად, უბედური შემთხვევების ალბათობა მთელ მსოფლიოში მაღალია”, - განაცხადა მან. დაუდევრობა, როგორც აფეთქების მიზეზი, გამორიცხა პრემიერმა ნიკა გილაურმა.  

დასკვნა, რომელიც საქმის შემსწავლელმა კომისიამ ტრაგედიიდან 12 დღეში დადო ამბობს: „კომისია ვარაუდობს, რომ მზადებითი უბნის ცვლის პერსონალის მიერ დარღვეულ იქნა „ნახშირის შახტების უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნები“. ამ კომისიაში შედიოდნენ: ღია სამთო სამუშაოებისა და აფეთქებების სპეციალისტები, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მშენებარე ობიექტების დისტანციის უფროსი, საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის სამთო საწარმოთა და ბურღვა-აფეთქებით სამუშაოთა ზედამხედველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ტყუბულის რაიონის გამგებლის თანაშემწე იურიდიულ საკითხებში, ს.ს. „მადნეულის“ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, „საქნახშირის“ („ჯი-აი-ჯი ჯგუფი“) კორპორაციული მართვის დირექტორი და ამავე საწარმოს შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურის უფროსი.

კომისიაში მონაწილეობის სურვილით, პრემიერ-მინისტრს სპეციალური წერილით მიმართეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების სპეციალისტებმა, მაგრამ უშედეგოდ. პროფკავშირების გაერთიანების შრომის მთავარი ინსპექტორ ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ მომხდარი არ იყო მაღაროელების ბრალი და აფეთქება მოხდა იმიტომ, რომ მაღაროში  არ იყო ჩატარებული შესაბამისი განგაზვითი სამუშაოები. „ჩვენ მაშინვე განვაცხადეთ, რომ, თუ მაღაროში შრომითი უსაფრთხოების ზომები არ გამოსწორდებოდა, მსგავსი უბედურების განმეორება შესაძლებელი იქნებოდა,“ - ამატებს ვიქტორ დოლიძე.   

ამ დასკვნის გასაკეთებლად, მან გააანალიზა კომისიის მიერ დადებული დასკვნა, შესაბამისი საკანონმდებლო აქტები და დაასკვნა, რომ: კომისიამ უბედური შემთხვევის სამუშაო პროცესი თანმიმდევრობის დარღვევით აღწერა; არ დაურთო გამოკვლევის მასალებს ორივე ცვლის განრიგ-დაშვების ასლები, რადგან ამით დოკუმენტურად დადასტურდებოდა მაღაროში, გამშვები მოწყობილობის დაზიანების გამო გამორთული სავენტილაციო დანადგარის პირობებში, მესამე ცვლის ჩაშვების ფაქტი; ასევე - არ მიუთითა აუცილებლად შესასრულებელი მოთხოვნები, რაც მაღაროში უსაფრთხოების ზომების დარღვევებს დაადასტურებდა.

აქედან გამომდინარე, ვიქტორ დოლიძე ასკვნის: „კომისიის არსებული დასკვნით, არ დასტურდება, რომ აფეთქება დაღუპული და დაზარალებული პირების მიერ ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევამ გამოიწვია. მეტიც, სპეციალური გამოკვლევის აქტისა და თანდართული მასალების ნორმატიულ აქტებთან შედარებითი ანალიზით დგინდება, რომ შ.პ.ს. „საქნახშირის“ („ჯი-აი-ჯი ჯგუფი“)  მინდელის სახელობის მაღაროს ხელმძღვანელობამ დაარღვია საქართველოს  „საშიში საწარმოო ობიექტების უსაფრთხოების შესახებ“ კანონი და „საქართველოს შრომის კოდექსი“.

არაოფიციალური რეალობა

საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაფინანსებით, 2009 წელს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ჩაატარა კვლევა „უსაფრთხო შრომა და დასაქმებულთა ჯანმრთელობა“. სტატისტიკის მიხედვით, რომელიც კვლევაშია მოცემული, 2006-09 წლებში, შენობა-ნაგებობებიდან და ამწე მექანიზმებიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი, ელექტროობასთან მუშაობისას – 5, წყალში დაიხრჩო – 3. კონკრეტულად 2007 წელს, საწარმოებში მოხდა 54 სასიკვდილო და 26 მძიმე ტრავმული შემთხვევა; 2009 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, დაფიქსირებულია 31 სასიკვდილო უბედური შემთხვევა. როგორც კვლევიდან ჩანს, მზარდია ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა – ასეთი 8 შემთხვევაა, მათ შორის ერთი – ჯგუფური, რომლის დროსაც, სამორიგეო ჯიხურებში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა.

ამ ტრაგედიების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, კვლევის მიხედვით, საკანონმდებლო ხარვეზებია. შრომის კოდექსის მე-8 თავის 35-ე მუხლის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოთი; გონივრულ ვადაში მიაწოდოს დასაქმებულს მის ხელთ არსებული სრული, ობიექტური და გასაგები ინფორმაცია ყველა იმ ფაქტორის შესახებ, რომელიც მოქმედებს დასაქმებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებაზე. ამ დროს, არ არსებობს ზედამხედველობის რაიმე სახელმწიფო ორგანო, რომელიც შეძლებდა აღნიშნული ვალდებულებების შესრულების კონტროლს.
  
შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს იმ სამუშაოს ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს ან შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მის ან მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას. პარალელურად, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის “დ” პუნქტი დამსაქმებელს ანიჭებს უფლებას, ნებისმიერ,  მიზეზის ახსნის გარეშე, დაითხოვოს დასაქმებული სამსახურიდან.  

შრომის კოდექსი ავალებს დამსაქმებელს, სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და აუცილებელი მკურნალობის ხარჯები. ამას მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული კოდექსებს შესაბამისი მუხლებ. თუმცა, საქართველოში არ არსებობს საწარმოო უბედური შემთხვევების გამომკვლევი კომისია. შრომის ინსპექცია გაუქმებულია 2005 წლიდან. “სახელმწიფო ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია”, რომელიც ამ მომენტისათვის ასევე გაუქმებულია, იყო ერთადერთი ორგანო, რომელიც იკვლევდა საწარმოების ტექნიკურ მდგომარეობას და იქ მომხდარ ავარიებს, ამასთან, მხოლოდ საშიშ საწარმოებში.  

საქართველოს კანონმდებლობით, განისაზღვრება, ასევე, მძიმე, მავნე და საშიშპირობიან სამუშაოთა ნუსხა, შრომის უსაფრთხოების წესები, მათ შორის, დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევები და წესები. თუმცა, ეს ნუსხა, რომელიც 2008 წელს დამტკიცდა, არანაირ მავალდებულებელ იურიდიულ ნორმს არ შეიცავს.

ორი რეალობის მიზეზები

მარტში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ხელისუფლება დაზარალებულების ოჯახებს გარდაცვლილთა დაკრძალვის ხარჯების დაფარვასა და მნიშვნელოვან სოციალურ დახმარებას დაჰპირდა. ამ დანაპირებიდან მხოლოდ ერთი შესრულდა - დაიფარა გარდაცვლილთა დაკრძალვის ხარჯები. დახმარებას, ჩვეული პათოსით, საქართველოს პრეზიდენტი აგვისტოში დაზარალებულებსაც ჰპირდება. “რაც შეეხება გარდაცვლილთა ოჯახებს, მათი წევრები უნდა დავასაქმოთ, მათ შვილებს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი სწავლაში, თუ ოჯახში ავადმყოფია, მკურნალობის ხარჯები უნდა დავფაროთ. მოკლედ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ისედაც გაუბედურებულმა ოჯახებმა, მარჩენალის დაკარგვის სიმძიმე არ იგრძნონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა მიხეილ საკაშვილმა 29 აგვისტოს, ტყიბულში. 

იმ დღეს მიხეილ სააკშვილმა მომხდარი, მარტივად, შესაბამისი მოკვლევის გარეშე, მაღაროელებს დააბრალა. “როგორც ჩანს, ინსტრუქტაჟი არ ტარდება. სავენტილაციო სისტემები გაკეთებულა, თუმცა, მიმდინარე წელს ეს აფეთქების უკვე მეორე შემთხვევაა. მარტში ოთხი ადამიანი დაგვეღუპა, ახლა – სამი. მსგავსი რამ ერთხელ რომ მოხდება, ეს შემთხვევითობაა, მაგრამ იმავე წელიწადში მეორე ასეთი შემთხვევა, უკვე პრობლემაა. ეს იმას ნიშნავს, რომ დისციპლინა მორყეულია… მაღაროში ყოველი ჩასვლის წინ, თითოეულ თანამშრომელს უსაფრთხოების წესები უნდა გამოვკითხოთ”, – თქვა მან.

მიხეილ სააკაშვილმა 29 აგვისტოს, ტყიბულში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: “ქარხნის გაჩერებას არ ვაპირებთ, რადგან მისი ფუნქცია პიკს აღწევს.“ ეს ის მიზეზი უნდა იყოს, რომლის გამოც საქართველოს ხელისუფლება ყველაზე მთავარზე - ადამიანის უსაფრთხოებაზე ხუჭავს თვალს. მეტი შემოსავალი ბიუჯეტში, მეტი ინვესტორი სახელმწიფოში, მეტი ფული, ფული ფული... პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის წევრი ნათია სამუშია აცხადებს კიდეც, რომ საქართველოში, სადაც არსებობს უმუშევართა პრობლემა და არის მეტი დამსაქმებლის საჭიროება, უნდა იყოს სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესი პირობები, რომელიც ინვესტორებს მოიზიდავს, მაგალითად, შრომითი ურთიერთობები.

ამ მიდგომის გაგება კიდევ შეიძლებოდა, საქართველოს მოსახლეობა სახელმწიფო შემოსავლების მატებას (რასაც მუდმივად უსვამენ ხაზს ჩვენ ხელისუფლებაში) საკუთარ თავზე რომ გრძნობდეს. ბოლო ექვსი წელია, საქართველოში უკეთ და უკეთ, ძირითადად, სახელმწიფო ჩინოვნიკები ცხოვრობენ, ისიც - თანამდებობის პირები. ამის დასადასტურებლად, საკმარისია მათ ქონებრივ დეკლარაციებს გადახედო და ცხოვრების სტილს დააკვირდე. რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, „საქსტატის“ 2010 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, იმერეთში, სადაც ტყიბულის მაღაროები მდებარეობს, ადამიანის შრომა თვეში, საშუალოდ 363,4 ლარი ღირს.

დიდი წილი ამ თანხიდან, გადასახადების სახით, ბიუჯეტს უბრუნდება, დანარჩენით თავის შენახვა კი, მუდმივად მზარდი ფასების, ინფლაციის პირობებში, რთულზე რთულია. რამდენად სამართლიანად ნაწილდება საქართველოს ბიუჯეტი, რაში იხარჯება თანხები და როგორ - ეს ცალკე, ვრცელი საუბრის თემაა. ფაქტია ის, რომ დღევანდელი რეალობა - უმუშევრებით გაჯერებული ბაზარი და სამუშაო ადგილების სიმცირე, ტყიბულელებს, რომლებიც მაღაროსთვის აშენებულ ქალაქში დაიბადნენ, არჩევანს არ უტოვებს. და ისინიც სიკვდილს უამხანაგდებიან.   

http://www.internet.ge/index.php?action=news&category=15&news=84029

Комментариев нет:

Отправить комментарий