„გამჭვირვალობა მედიის მფლობელის ვინაობის შესახებ – განხორციელების პროცესშია“, „მედიის მრავალფეროვნება და პლურალიზმი – განხორციელების პროცესშია, თუმცა საკითხი კვლავაც აქტუალური რჩება“, „მედია გარემოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი – არ განხორციელებულა“, „მედიის დაფინანსება – არ განხორციელებულა“, „თავისუფლად ხელმისაწვდომი ინფორმაცია – ნაწილობრივ ხორციელდება“, „ახალ ტექნოლოგიებსა და კომუნიკაციების ელექტრონულ საშუალებებზე შეხედულებათა გაცვლისა და მათი გამოყენების განვითარება; ანალოგური სისტემიდან ციფრულ სისტემებზე გადასვლის პროცესი – არ განხორციელებულა“, „ახალი ტექნოლოგიები – ნაწილობრივ განხორციელდა“ – ასეთი გახლავთ შედეგები, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ, 2006 წლის ნოემბრიდან 2011 წლის იანვრამდე, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აჩვენა.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით განისაზღვრა ძირითადი სფეროები, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და ევროკავშირს, 5 წლის განმავლობაში, მჭიდროდ უნდა ეთანამშრომლათ. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს, ევროკავშირის დახმარებით, უნდა მიეღწია პროგრესისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება, ეკონომიკური განვითარება, სიღარიბის დაძლევა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შიდა კონფლიქტების მოგვარება და სხვა. 2009 წელს, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ხუთწლიანი გეგმის პარალელურად, ამოქმედდა აღმოსავლეთ პარტნიორობაც, პოსტ საბჭოთა სივრცის 6 ქვეყანასთან – ბელარუსთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან. ამ უკანასკნელის აქცენტები, კონკრეტულად, დემოკრატიასა და მმართველობაზე, ეკონომიკურ დაახლოებაზე, მდგრად განვითარებასა და ადამიანებს შორის კონტაქტებზე გაკეთდა.
მთელი ეს ვალდებულებები ერთი მიზნისკენაა მიმართული – საქართველო, ისევე, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები, ევროპას რაც შეიძლება მოკლე დროში დააახლოვოს, უზრუნველყოს მათში დემოკრატიული, ლიბერალური პროცესების შეუქცევადობა. მოკლედ რომ ვთქვათ, ხუთი წლის წინათ, საქართველოს ოფიციალურად უბიძგეს გზაზე, რომელზეც მისი ხელისუფლების ხმამაღალი განცხადებების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა, ასე ვთქვთ, დაბადებიდანვე იდგა. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ამოცანები, რომელთა შესრულებამაც დეკლარირებულ ევროპულ ღირებულებებს უნდა დაგვაახლოოს აქ ან ჯერაც არ განხორციელებულა, ან განხორციელების პროცესშია, ან მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა. ამაზე მეტყველებს შედეგები მონიტორინგისა – „ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: ევროკავშირ–საქართველოს სამოქმედო გეგმის ამოცანების შესრულება“, რომელიც ფონდმა „ღია საზოგადოება – საქართველო“, 15 მარტს, სასტუმრო „მარიოტში“ წარმოადგინა.
მაინც რას გულისხმობს ამოცანების „ნაწილობრივი განხორციელება“ და „განხორციელების პროცესში ყოფნა“? შედეგების მიხედვით, განხორციელების პროცესში ყოფნად ითვლება, მაგალითად, ის, რომ 2010 წლის დეკემბერში, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი მედიამფლობელების ვინაობის გამჭვირვალობის შესახებ. ამ წუთისთვის ეს პროცესი გაყინულია. საკანონმდებლო ორგანომ ვერა და ვერ მოიცალა იმისთვის, რომ დანარჩენი ორი მოსმენაც ჩაეტარებინა და საქმე დაესრულებინა. ნაწილობრივ ხორციელდება, მაგალითად, ინფორმაციის თავისუფლად ხელმისაწვდომობის ვალდებულება. თუმცა, 2008 წელთან შედარებით, ვითარება დამძიმებულია, – 2008–ში ზოგადადმინისტრაციულ კოდექსში ინფორმაციის შეზრუდვის შესახებ ორი შესწორება შევიდა. ერთის მიხედვით, სასამართლოში საქმის აღსაძვრელად, 30–ის ნაცვლად 100 ლარის გადახდაა საჭირო, მეორემ კი, სასამართლომდე საქმის მიტანა საჯარო დაწესებულებაში, ოფიციალურ პირთან მის გასაჩივრებამდე აკრძალა.
ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, რაც არ განხორციელებულა. მაგალითად, ის, რომ საქართველოს ჯერ ისევ არ ჰყავს მედია გარემოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი. მოქმედი, რბილად რომ ვთქვათ, ნდობით არ სარგებლობს, რადგან, როგორც მონიტორინგის ანგარიშში ვკითხულობთ, ბოლო ორი წლის განმავლობაში არ დააკმაყოფილა არც ერთი ახალი ტელევიზიის მოთხოვნა მაუწყებლობის ლიცენზიაზე და ძალიან ცოტა რამ გააკეთა, არსებული წესების გასატარებლად. ეს განსაკუთრებით საინტერესო იმ ფონზე, როცა ტელეკომპანიები, რომლებიც კრიტიკულად აშუქებენ მთავრობის ქმედებებს მხოლოდ თბილისს ფარავენ, ნაციონალური არხების მფლობელები ან მენეჯმენტი კი, პირდაპირ უკავშირდება სახელისუფლო წრეებს. მაგალითად, „რუსთავი 2“, რომლის 30%–ის მფლობელი GIG ჯგუფის ერთ–ერთი დამფუძნებელი საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ძმაა.
განუხორციელებელ ამოცანათა სიაშია მედიის დაფინანსება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ყურადსაღებია მედიის დამოუკიდებლობის გამაპირობებელი სეგმენტის – სარეკლამო ბაზრის ფაქტობრივი მონოპოლიზების საკითხი. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სარეკლამო კომპანიები და სარეკლამო გაყიდვების ორგანიზაციები, რომლებიც ეროვნულ ტელეარხებზე სარეკლამო დროს ყიდიან, მჭიდროდ არიან დაკავშირებული მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებთან და მმართველ პარტიასთან, შესაბამისად, რეკლამის გადანაწილებაც ხელისუფლებისადმი ლოიალურ ტელეკომპანიებში ხდება. ამასთან, ხაზგასასმელია ისიც, რომ ეროვნული კომუნიკაციების კომისიისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ხელმძღვანელები სარეკლამო კომპანია „მაგისტილის“ დამფუძნებლები არიან. ცალკე და გაცილებით მძიმე თემაა ბეჭდური მედიის წილი სარეკლამო ბაზარზე.
ყველაფერი ეს და კიდევ ბევრი სხვა რამ, მთლიანობაში – მედიის დამოუკიდებლობა, მეტად აქტუალური ხდება იმ ფონზე, როცა ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლოს განცდა – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთ–ერთი ბოლო საქმე ეხება არასრულწლოვანს, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში 8–ლარიანი კალმის ქურდობის გამო მისცეს; როცა კიდევ ერთხელ სახეცვლილი კონსტიტუციის წყალობით, პარლამენტი მთავრობაზე ადრინდელზე უფრო დამოკიდებული ხდება; როცა საარჩევნო კოდექსი, თბილისის გარდა, ყველა ქალაქს ეუბნება უარს, მერი თავად აირჩიოს; როცა ისევ პრობლემად რჩება შრომითი კანონმდებლობა, არაკონკურენტუნარიანი გარემო, სურსათის უვნებლობისა თუ საკუთრების დაცვის საკითხები; როცა ხელისუფლება აგერ უკვე მერამდენედ დებს სამომავლოდ ქვეყანაში ჯანმრთელობისთვის ნაკლებად საზიანო საწვავის შემოტანის დაკანონებას. ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია პრობლემებისა, რომელიც მონიტორინგის შედეგების სხვა ბლოკებში შევიდა.
ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, დამოუკიდებელი მედია, საარჩევნო სისტემა, სახელმწიფო ადმინისტრაციული სისტემის ინსტიტუტები, ეკონომიკური განვითარება, სამშვიდობო პროცესი და შიდაკონფლიქტები – ასეთი გახლდათ წარმოდგენილი მონიტორინგის მიმართულებები. ამ დოკუმენტს უკვე იცნობენ ბრიუსელში, ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროპის მასშტაბით მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თბილისურ პრეზენტაციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის შთამბეჭდავი შემადგენლობა ესწრებოდა.