вторник, 8 марта 2011 г.

პირველი სამი ნაბიჯი


ბოლო ათი წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართული მედიის განვითარებისთვის, დაახლოებით, რვა მილიონი დოლარი გამოყო. მიღებულმა სურათმა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არ დააკმაყოფილა. ეს ნათლად იკითხებოდა საქართველოში აშშ-ს ელჩის ჯონ როდნი ბასის განცხადებაში, რომელიც მან გასული წლის მიწურულს, ტელეკომპანია „თრიალეთში“ გააკეთა, ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ. დაუბალანსებელი რეპორტაჟები, ჟურნალისტური გამოძიების ნაკლებობა, რომელიც ხელისუფლების და ბიზნესის გადაკვეთის საკითხებს გააშუქებდა, შესაძლოა, დემოკრატიული პროცესების ხელისშემშლელი იყოს", - ბრძანა მან. შედეგად, აშშ-მ საქართველოში მედიის განვითარების ახალი, ოთხწლიანი პროგრამა დაიწყო.

ახალი პროგრამის შესახებ საზოგადოებამ 18 თებერვალს ბათუმში, აჭარის ხელოვნების მუზეუმში გამართული პრეზენტაციიდან შეიტყო. ზუსტად ერთ კვირაში კი, 25 თებერვალს, პროექტის განმახორციელებლმა, საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX), საქართველოს ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციასთან ერთად, ქართველი ჟურნალისტებისთვის, ახალი პროგრამის ფარგლებში, პირველი სამდღიანი ტრენინგი გახსნა. ამას, შეიძლება, პირობითად, ეწოდოს პირველი სამი ნაბიჯი გზაზე, რომლის ბოლოშიც ქართული მედია ისეთი უნდა გავიდეს, როგორიც, მაგალითად, ამერიკელ დიპლომატს წარმოუდგენია -  პლურალისტურიცოცხალი და მდგრადი. ისეთი, როგორიც დღეს ჩვენი ჟურნლისტიკა, სამწუხაროდ, ვერ არის.

ამბოხებულმა აფრიკამ XXI საუკუნის დემოკრატიებს სერიოზული გამოცდა მოუწყო, ყველას შეახსენა, რომ მოკავშირეები უნდა იყონ ხალხები, არა მხოლოდ მთავრობები. იმას, თუ რამდენად წარმოადგენს კონკრეტული მთავრობა ხალხის ინტერესებს, რამდენად ადეკვატურია იგი, რამდენად დემოკრატიულად მართავს, აჩვენებს მედია და სწორედ ამიტომ იძენს ჟურნალისტიკა, წლევანდელი განსაკუთრებული ზამთრის შემდეგ, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას. ეს ოთხწლიანი პროგრამაც, სახელწოდებით ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას" (G-MEDIA), რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ამ მნიშვნელობის ხელშეწყობაა.

G-MEDIA–ს ამოცანებია: მედია პროდუქტის ხარისხის ამაღლება, შინაარსის გამრავალფეროვნება და მიწოდების არხების გაფართოება; პროფესიონალიზმის ამაღლება ჟურნალისტიკაში, თვითრეგულირება და პროფესიული სტანდარტები; მედიის საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესება და ჟურნლისტთა უფლებების დაცვა; მედია მენეჯმენტისა და ბიზნესის გაუმჯობესება. პირველი ტრენინგი, რომელიც 25–27 თებერვალს გაიმართა, საქართველოში გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების თვალსაზრისით არსებულ პრობლემებსა და თანამედროვე გამოწვევებს განიხილავდა. მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სხვადასხვა მედია საშუალების, სხვადასხვა თაობის 22–მა ჟურნალისტმა მიიღო. ტრენინგს IREX–ის ოფისმა უმასპინძლა.

გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლები; გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საერთაშორისო სტანდარტები; მაუწყებლების, პრესისა და ინტერნეტ მედიის განსხვავებული რეგულირება; ლიცენზირებას დაქვემდებარებული სფეროები, ლიცენზიის სახეები და მათი გაცემის წესები; მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რეგულირების სფერო, კოდექსის სტრუქტურა; ციფრული მაუწყებლობა და თანამედროვე გამოწვევები; ინფორმაციის თავისუფლების არსი, საჯარო ინფორმაციის ცნება; საჯარო დაწესებულებები და საქმიანობის სახეები, რომლებზეც საჯარო ინფორმაციის მოქმედება ვრცელდება; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; პერსონალური მონაცემები – მოქმედი კანონმდებლობა და მოსალოდნელი სიახლეები; სახელმწიფო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის ფარგლები; ინფორმაციის გაცემაზე უარის ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების სავალდებულო მინიმალური მოთხოვნები; ინფორმაციის გაცემაზე უარის გასაჩივრება სასამართლოში – ეს არის საკითხები, რომლებმაც ტრენინგის სამი დღე გააჯერა.

მე ვესწრებოდი ამ ტრენინგს და გულწრფელად შემიძლია გითხრათ, – რომ არა ტრენერების პროფესიონალიზმი და სამი დღის მაქსიმალურად სწორად დაგეგმვა, ამდენი საკითხის გავლას, განხილვას და შესაბამისი პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებას მონაწილეები, უბრალოდ, ვერ შევძლებდით. იმის განცხადება, რომ, ერთი ღონისძიების ფარგლებში, ჩამოთვლილ თემებთან დაკავშირებით არსებული ყველა კითხვის დასმა და მათზე პასუხების მიღება მოხერხდა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, მაგრამ აიხსნა ყველა ძირითადი მომენტი, ყველა აუცილებელი შემადგენელი, რომელიც უმნიშვნელოვანესია მოქმედი კანონმდებლობის, თუ მისი მოსალოდნელი ცვლილებების პირობებში. ერთკვირიანმა პაუზამ, რომელიც ტრენინგის დასრულებიდან ამ წერილის დაწერამდე ავიღე, დამიდასტურა, რომ ყველაფერი ეს ძალიან კარგად აიხსნა.

14 მილიონი დოლარის ფარგლებში, რომელითაც G-MEDIA ფინანსდება, ბევრი ასეთი ხარისხიანი და საინტერესო ტრენინგის ჩატარებაა დაგეგმილი. როგორც პროგრამის ხელმძღვანელი, ჯო რაფელბერგი ამბობს, ყველაფერი ეს თბილისსა და რეგიონებში მედიის განვითარებისთვის კეთდება. საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარება ერთ–ერთია პროგრამის პრიორიტეტებს შორის. სოციალურმა მედიამ უკვე დაამტკიცა, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს, შესაბამისად, პროგრამის პრიორიტეტებში შედის ახალი მედიაც, ინტერნეტ–არხებისა და ახალი საიტების გახსნა, ბლოგინგის განვითარება. G-MEDIA–ს პრიორიტეტია ციფრული მაუწყებლობაც. შესაბამის ტრენინგებთან ერთად, ჩვენი მედიის განვითარებას პროგრამა მრავალფეროვანი გრანტებითაც შეუწყობს ხელს.

„ჩვენ ვდგებით საქართველოს მოსახლეობის მხარეს", – განაცხადა ჯონ ბასმა 18 თებერვალს, G-MEDIA–ს პრეზენტაციისას. Welcome, ბატონებო და ქალბატონებო.

Комментариев нет:

Отправить комментарий