четверг, 3 июня 2010 г.

მედია და არჩევნები

ეს არის ორი უმნიშვენლოვანესი ბერკეტი, რომელიც თანამედროვე სახელმწიფოს წარმატებას განაპირობებს.  
არჩევნები ხელისუფლებაში მყოფთა შეცვლის ან მათი ხელისუფლებაშივე დატოვების ყველაზე უმტკივნეულო პროცესია; ცივილიზებული და ღირსეული საშუალება, უარი უთხრა მას, ვინც არჩევნებიდან არჩევნებამდე ვერ გაგიმართლა და შესაძლებლობების გამოჩენის საშუალება მისცე სხვას. ეს არის პროცესი, რომელიც, რამდენიმე საათით, ყველა ადამიანს აქცევს ხელისუფლად და უდასტურებს, რომ მთავარი როლი, სახელმწიფოს მართვაში, სწორედ მისია. გარდა ამისა, არჩევნები არის სარკე, რომელშიც ყველაზე კარგად ჩანს, რას ფიქრობს ხალხი, რა უჭირს მას, რომელ გზას ირჩევს, როგორ მომავალს; შესაბამისად, ჩანს სამუშაო შემდეგი და შემდეგი არჩევნებისთვის.
მედია არის გზა სწორ არჩევანამდე. ის არის საზოგადოების თვალი და ყური, ენა, მეხსიერება; ასახავს ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია, სვამს კითხვებს და ეძიებს პასუხებს. მედია არის ადგილი, სადაც არჩეული და ამომრჩეველი ერთმანეთს ესაუბრება; სამუშაო სივრცე, რომლის საზღვრებშიც ირკვევა, ისე მართავს თუ არა ხელისუფლება, როგორც დაუკვეთეს. მედია კავშირია ამ ორ სუბიექტს შორის, მათი თანამშრომლობის პირობა; მის გარეშე შეუძლებელია სახელმწიფო სწორად ვითარდებოდეს, რადგან იქ, სადაც ასეთი კავშირი არ არსებობს, სადაც ხალხსა და ხელისუფლებას ერთმანეთის არ ესმით, სადაც ისინი ერთად არ მართავენ, არჩევნების ადგილს რევოლუციები იკავებს.   
ეს ესმით და ანგარიშს უწევენ ყველგან, სადაც ხელისუფლება გონიერია, საზოგადოება - ძლიერი. რა ხდება ამ მხრივ საქართველოში?  მაგალითისთვის, ავიღოთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში №2 (4–15 მაისი, 2010 წელი), რომელიც საქართველოს ადგილობრივი არჩევნებისთვის მომზადდა.
„OSCE/ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ ჩატარებული მედია მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ იმ ტელე არხების უმრავლესობაში, რომელზეც მისია დაკვირვებას აწარმოებს, შეინიშნება ბალანსის ნაკლებობა პრაიმ-ტაიმის ახალი ამბებში პოლიტიკური სუბიექტებისა და კანდიდატების გაშუქებისას. მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი (სსმ1) სთავაზობს მაყურებელს საარჩევნო კამპანიის შედარებით დაბალანსებულ სურათს. წამყვან ტელე არხებზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ძალიან მაღალი ტარიფი კანდიდატებს მედია საშუალებებში საარჩევნო კამპანიის წარმოების საშუალებას უზღუდავს,“ ,“ - ვკითხულობთ ანგარიშში. იქ, ასევე, წერია, - „OSCE/ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას ბევრმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს არასაკმარისი გამჭვირვალობა მედია საშუალებების მფლობელთა ვინაობასთან დაკავშირებით, რადგანაც არსებობს იმის ვარაუდი, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი პირადად იყოს დაკავშირებული ზოგიერთ ეროვნულ ან ადგილობრივ ტელევიზიასთან.“
პროექტი, რომeლიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, USAID-ის დაფინანსებითა და ხელშეწყობით, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის დახმარებით, წელს შემოგვთავაზა, მართლაც სამაგალითო იყო. დებატებმა თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, რომელიც 8-9 მაისს გაიმართა, აჩვენა, ინფორმაციულად, რამდენად მოგებული რჩება საზოგადოება, როცა მედია რესპოდენტებს თანაბარ პირობებში აყენებს, ყველას ერთნაირ დროს აძლევს, როგორც საკუთარი თავის წარმოჩენის, ისე ოპონენტის კრიტიკისთვის და პირველი და ბოლო სიტყვის მთქმელის ვინაობასაც კენჭისყრა განსაზღვრავს. ზოგადად, „მოამბე+“-ით, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების, თუნდაც მშრალი, მიმოხილვითაც, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აჩვენა, რომ ასე მუშაობაც შეუძლია.    
ტელევიზიებზე მეტი ყურადღების გამახვილება დღეს უპრიანია - მათ ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ „მედია სივრცე საქართველოში არ არის ერთგვაროვანი, ბეჭდვითი მედია აქტიურია, საინფორმციო ტელემაუწყებლობა კი იზღუდება, სავარაუდოდ, ხელისუფლების ზეწოლის შედეგად“ (Human Rights Watch-ის 2008 წლის ანგარიში), მწირი მატერიალური შესაძლებლობები ადამიანებს არ აძლევს საშუალებას, პრესას აქტიურად გაეცნონ. ბეჭდურ გამოცემებთან ურთიერთობის ინტიმი ისევ პროფესიონალებისა და ამ საქმის „გურმანების“ პრეროგატივად რჩება, მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კი, ინფორმაციას ტელეეკრანებიდან იღებს. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, არჩევნების სადამკვირვებლო მისიის, ზემოთ ნახსენები, შუალედური ანგარიშის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ტელემედია ამომრჩეველს ყოველთვის პატიოსნად არ ექცევა.
„ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი, დღეისთვის ყველაზე პოპულარული ორი კერძო სატელევიზიო არხი – “რუსთავი 2” და “იმედი“ გამოხატავენ მმართველი პარტიისა და მის მიერ წარგენილი თბილისის მერობის კანდიდატის მხარდაჭერას,“ – ვკითხულობთ ანგარიშში - „ორივე არხი ფართოდ და დადებითად აშუქებს ხელისუფლების საქმიანობას საარჩევნო კამპანიის კონტექსტის გარეშეც, რითაც, არაპირდაპირი გზით, სამსახურს უწევს სამთავრობო კანდიდატებს. თვალშისაცემია სახელმწიფო მოხელეთა საქმიანობის დადებითი კუთხით გაშუქების ტენდენცია, მათი მიღწევებისა და წარმატებების წინა პლანზე წამოწევა. თბილისის მერისა და მთავრობის წარმომადგენელთა გამოჩენა სხვადასხვა ცერემონიების, მათ შორის ავტობუსის ახალი სამარშრუტო ხაზის, სპორტული მოედნებისა და სავაჭრო ცენტრების გახსნის, აგრეთვე თბილისის ლიფტების შეკეთების (თბილისის მერიის თანადაფინანსებით) გაშუქებისას, როგორც წესი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების თანდასწრებით, არაპირდაპირ ემსახურება ენმ-ს საარჩევნო კამპანიას.
კიდევ ერთი სატელევიზიო არხი – „აჭარა,“ რომელიც აგრეთვე ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს და რომელსაც ფლობს აჭარის რეგიონული ხელისუფლება, ისეთივე მიდგომას იჩენს როგორსაც „რუსთავი 2“ და „იმედი.“ „აჭარა“ პრაიმ-ტაიმში პოლიტიკური და საარჩევნო ახალი ამბების გაშუქებისას უდიდეს დროს უთმობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ხელისუფლების საქმიანობას. თბილისის ადგილობრივი არხი „რეალ ტვ“ დაუფარავ არაობიექტურობას იჩენს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ და ოპოზიციის საწინააღმდეგოდ. თბილისის ადგილობრივი ტელე სადგურები „კავკასია“ და „მაესტრო“ კი პირიქით, დღემდე ოპოზიციის, კერძოდ კი „ალიანსი საქართველოსთვის“ პლატფორმის როლს ასრულებენ. ორივე არხი ასევე აკრიტიკებდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ხელისუფლებას.“
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნამუშევარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ და ოპოზიციის საწინააღმდეგოდ, ტელეკომპანია „იმედმა“, 22 მაისს, 8-საათიან „ქრონიკაში“ შემოგვთავაზა. ზურაბ ხვისტანის სიუჟეტს ერქვა - „წინასაარჩევნო დაპირებები და რეალობა“. „რა არის ის, რასაც გვპირდებიან - დანაპირები ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად, თუ სწორი ეკონომიკური გათვლა?“ - დასვა კითხვა ჟურნალისტმა და პასუხებისთვის ექსპერტ კახა ჯაყელს მიმართა, თუმცა, იქვე, თავად გვამცნო, რომ ექსპერტის შეფასებით, „დანაპირების უმრავლესობის განხორციელება ან შეუძლებელია, ან სხვა სფეროების უგულებელყოფითაა შესაძლებელი.“
მივყვეთ სიუჟეტს. კახა ჯაყელი შეფასებას იწყებს ეროვნული საბჭოს დანაპირებით, რომელიც ყველაზე არარეალურად მიაჩნია, - „მხოლოდ დედაქალაქში უფასო ჯანდაცვა, განათლება და მედიკამენტები, ყოველწლიურად, 400 მილიონი ლარის ინვესტიციას მოითხოვს, რაც თბილისის ბიუჯეტის ნახევარზე მეტია.“ ამას მოჰყვება ზურაბ ნოღაიდელის სინქრონი: „თანხები უნდა ავიღოთ თავდაცვიდან, - იარაღის ჟღარუნის დრო აღარ გვაქვს, - და პოლიციის თანხებიდან“. შთაბეჭდილება, რომელიც ამის შემდეგ უნდა დაგრჩეს ასეთია: ეროვნული საბჭო, ნოღაიდელის თამადობით (ვინც პუტინს ეახლა და „Единная Россия“-სთან ხელშეკრულება გააფორმა) საქართველოს თავდაცვასა და უსაფრთხოებას ემუქრება.
  შემდეგი, სიუჟეტში, გოგი თოფაძეა. ჟურნალისტი ამბობს: „გოგი თოფაძე დედაქალაქის მოსახლეობას თითო ოჯახიდან ერთი ადამიანის დასაქმებას ჰპირდება. ეს კი, ექსპერტის აზრით, დაახლოებით 4 მილიარდი ლარის ინვესტიციას მოითხოვს, რაც დანაპირების შესრულებას შეუძლებელს ხდის.“ თოფაძის სინქრონი: „მეუბნებიან, საბაზრო ეკონომიკაო... იცი, რაა? პირველი მოვალეობაა, შენ მოსახლეობაზე იფიქრო, იმაზე, თუ როგორ გამოხვიდე ამ ჩიხიდან.“ ესპერტის დასკვნა: „ლაპარაკია 400 ათასი კაცის დასაქმებაზე დაახლოებით, რადგან ამდენი ოჯახი გვაქვს. ეს საარჩევნო დაპირებაა“. შთაბეჭდილებაც ასეთი უნდა დაგრჩეს: ეს მხოლოდ საარჩევნო დაპირებაა, თუმცა, რატომ არის მისი განხორციელება შეუძლებელი, ამას ექსპერტი სიუჟეტში ვერ ან არ ასაბუთებს.
მომდევნო პარტია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაა, რომლის საარჩევნო დაპირებები სიუჟეტში შედარებით რეალისტურად შეაფასეს. „ექსპერტის აზრით, ტარიფებზე ფასების დაწევა შესაძლებელია, თუმცა, ეს სხვა პრიორიტეტული სფეროებისთვის დაფინანსების შემცირებას მოითხოვს“, - გვეუბნება ჟურნალისტი. აქვეა ინგა გრიგოლიას სინქრონი: „თუ არ ვიფიქრეთ ტარიფების გაიაფებაზე, შეუძლებელია, ისე ვისაუბროთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე.“ ამას მოჰყვება ექსპერტის განმარტება: „დღეს მსოფლიოში არის უამრავი პოლიტიკური და სამხედრო რისკი და რომელიმე რომ ამოქმედდეს, თუნდაც, კავკასიაში და ჩვენ ქვეყანაში, მაშინ ვერ შეძლებს გამარჯვებული პარტია ამ ტარიფების შენარჩუნებას“. სავარაუდო შთაბეჭდილება: რომც გაიმარჯვოს, პარტია დანაპირების შესრულებას ვერ შეძლებს - სად პოლიტიკური და სამხედრო რისკები, სად - მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. ამასთან, ექსპერტი არ აკონკრეტებს, რა კორელაციაშია ტარიფების შემცირება პოლიტიკურ და სამხედრო რისკებთან.
ბოლოსკენ, „ალიანსი საქართველოსთვის“ ჯერი დგება. „საოჯახო და მცირე ბიზნესის ფონდის შექმნა, რომელმაც, პირველ ეტაპზე, 50 ათასი კაცი უნდა დაასაქმოს - „ალიანსი საქართველოსთვის“ ამომრჩეველს, უფასოდ, ოჯახის ექიმს, დაზღვევას, მშობიარობასა და, გარკვეული ჯგუფებისთვის, უფასო მედიკამენტებს პირდება“, - გვამცნობს ჟურნალისტი. თავად ირაკლი ალასანია კი გვეუბნება: „ჩვენ ნაკლებად პრიორიტეტულ, ჩვენი ქალაქისთვის არასაჭირო პროგრამებიდან გადმოვიტანთ ამ თანხას“. ექსპერტი ისევ ეჭვობს: „ერთი ადამიანის დასაქმება, დაახლოებით, 12 ათასი ლარის ინვესტიციას მოითხოვს. შესაბამისად, თუკი ჩვენ დავინახავთ, 50 ათასი ადამიანის დასაქმება მოითხოვს ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 9,7%-ს.“ შთაბეჭდილება გაორებულია: და, რა? ვითომ? რა ვიცი, რა ვიცი...
სიუჟეტს „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც გვეუბნებიან, სამაგალითო დანაპირები ასრულებს. „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“ – „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველს დაწყებული საქმეების დასრულებას და ახალი პროექტების განხორციელებას ჰპირდება“ - ამბობს ჟურნალისტი, - „მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათი პროგრამა საფუძვლიან გათვლებზეა დამყარებული და დღეს ყველაზე რეალისტურია.“ მმართველი გუნდიდან ამას სიუჟეტში არავინ გვიმეორებს, მაგრამ პარტიის საერთო განაცხადს  ადასტურებს ექსპერტი: „რაც დღეს კეთდება, რეალურად იმაზეა ლაპარაკი და აქ მე ვერ ვხედავ არარეალისტურ დაპირებას, რადგანაც 24 საათი წყალმომარაგება, სრული გაზიფიკაცია, გამრიცხველიანება, გზების მთლიანი შეკეთება - ანუ, რასაც ვხედავ, ეს ყველაფერი არის. უბრალოდ, სოფლის პროგრამის სამჯერ გაზრდა - ეს თუ მოხდება და საქართველო აგროსამრეწველო პოტენციალს აღიდგენს, ეს იქნება უდიდესი საქმე.“ რა შთაბეჭდილება უნდა დაგრჩეს? - ისევ ესენი.   
სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი გვეუბნება, რომ საზოგადოება არჩევნებზე გადაწყვეტს, ვის დანაპირებს დაუჯეროს, მაგრამ, აბსოლუტურად გაუგებარია, პირადად მან, როგორც ჟურნალისტმა, რა გააკეთა იმისთვის, რომ საზოგადოებას სწორი გადაწყვეტილება მიეღო? რატომ არ დასვა ამავე სიუჟეტში იგივე კითხვები, რომელიც ჩვენ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით გაგვიჩნდა? რატომ არ მოითხოვა ექსპერტისგან უკეთესი დასაბუთებები, რომ, დაბნევის ნაცვლად, საზოგადოება ვითარებაში მეტად გარკვეულიყო? მაგალითად, იმაში, რატომ არ დაიწია აქამდე ტარიფებმა, თუკი ეს შესაძლებელი იყო? ან, შესაძლებელი იყო თუ არა, უფრო იაფად გაკეთება იმისა, რაც აქამდე გაკეთდა? ან, რა იგულისმება ნაკლებად პრიორიტეტულ, არასაჭირო პროგრამებში, საიდანაც ოპოზიციური პარტიები თანხების მობილიზებას აპირებენ. იქნებ, ისინი მართლაც არ არის პრიორიტეტული და აქამდე სახელმწიფო ფული არარაციონალურად იხარჯებოდა? და, თუკი ეს კითხვები ამ სიუჟეტში არ უნდა დასმულიყო, სად იყო წარწერა, რომელიც ამ შემთხვევაში სრულიად ლოგიკური ჩანს - „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“?      
გასაგებია, რომ დასმული კითხვების დიდი წილის ადრესატი ხელისუფლებაა და სხვაგვარად არც შეიძლება - მათ მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება აქვთ, ხალხმა მათ ანდო სახელმწიფოს მართვა, ქვეყნის ბიუჯეტი. გარდა ამისა, სპეციფიური ინტერესი ხელისუფლების საქმიანობისადმი კარგი მაგალითია მათთვისაც, ვინც ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს - იცოდნენ, რომ ამგვარი ყურადღება არც მათ მოაკლდება.
მედიამ უნდა დაისვას „მწარე“ კითხვები და მათზე პასუხები უნდა მოიძიოს. სხვაგვარად, ხალხს არ დარჩება გზა, რომელიც ქვეყანას არჩევნებამდე მიიყვანს.   

http://www.media.ge/ka/node/37532

Комментариев нет:

Отправить комментарий