2008 წლის სექტემბერში, როცა მიხეილ სააკაშვილმა "დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის" შესახებ განაცხადა, თქვა, რომ საქართველოს "დემოკრატიის ძირითად გამოწვევად" მედიის არასაკმარისი თავისუფლება რჩებოდა. პრეზიდენტმა იქვე გვამცნო, რომ ამ საქმის გამოსწორებას აპირებდა, - კერძო მედიაკომპანიების საქმეში "ცხვირს არ ჩაყოფდა“, საზოგადოებრივი მაუწყებელის რეფორმირებას მოახდენდა და ოპოზიციური პარტიებისთვის ტელეეთერის მეტ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფდა.
თითქმის ერთი წლის თავზე, ევროკავშირი სააკაშვილს ამ დაპირებას ახსენებდა, წერდა რა თავის დოკუმენტში („ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, საქართველს მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში“, 2009 წლის აპრილი), რომ "მედიის თავისუფლება და პლურალიზმი კვლავ პრობლემატურ სფეროდ რჩება".
კიდევ ერთი წლის თავზე, უკვე წელს, ნათელი გახდა, რომ ობიექტურობა, ბოლომდე, თითქმის რეფორმირებულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც კი ვერ შეინარჩუნა: წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ჩატარებულმა მედია მონიტორინგმა და ხარისხობრივმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე “ნაციონალური მოძრაობა ოდნავ უფრო პოზიტიურად იქნა წარმოჩენილი, ვიდრე „ალიანსი საქართველოსთვის“ (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისიის არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მოხსენება წინასწარი შედეგებისა და დასკვნების შესახებ, 2010 წლის 30 მაისი).
აქ მნიშვნელოვანი არ არის, „ალიანსი საქართველოსთვის“ დაჩაგრა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, თუ, ვთქვათ, „თორთლაძე-დემოკრატები“. მნიშვნელოვანია, ვის სასარგებლოდ დაიჩაგრნენ ისინი. სარგებელი (მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად დიდი) ამით მმართველმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნახა და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საკითხი ე.წ. კერძო მედიაკომპანიების მფლობელებისა, ვის საქმეში „ცხვირის არ ჩაყოფასაც“ პრეზიდენტი ყველას დაგვპირდა, ჩვენ, გამჭვირვალე შენობებით მოამაყე ქვეყანაში, ერთ-ერთ ყველაზე გაუმჭვირვალე საკითხად რჩება.
მფლობელი ყოველთვის განაპირობებს მედიის ხაზს. ყველაზე მკვეთრად - ისეთ ქვეყნებში, რომელთაც აქვთ ჩვენგვარი: მონოპოლიზებული ბაზარი, დამსაქმებელზე მორგებული შრომითი კანონმდებლობა, მაღალი დონის უმუშევრობა. ასეთ პირობებში განსაკუთრებით საგანგაშოა, როცა „მედია საშუალებები დაყოფილია პოლიტიკური ხაზით და ბევრი მათგანი საკუთარი მფლობელის ძლიერი ზეგავლენის ქვეშ იმყოფება“ (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისიის არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მოხსენება წინასწარი შედეგებისა და დასკვნების შესახებ, 2010 წლის 30 მაისი). მით უმეტეს, თუკი „ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზოგჯერ ბუნდოვანია, სახელმწიფო მოხელის ოფიციალური და პარტიული ფუნქციები კი, ყოველთვის არ არის მკვეთრად გამიჯნული“ (იგივე დოკუმენტი).
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის („სატელევიზიო სივრცე საქართველოში, მფლობელები, მაკონტროლებლები და საკანონმდებლო გარემო“, 2009 წლის 20 ნოემბერი) მიხედვით, „რუსთავი 2“-ისა და „მზის“ ერთ-ერთი მფლობელი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანია Degson Limited-ია; ტელეკომპანია "საქართველოს" (თავდაცვის სამინისტროსთან ასოცირებული არხის) 100%-ს და ტელეკომპანია "ევრიკის" 51%-ს Denal Union ფლობს; "იმედის" 90%-ს ფლობს Rakeen და მისი შვილობილი კომპანია – Rakeen Georgia Holding. ამ მედიამფლობელების სამართლებრივი სტრუქტურა ბუნდოვანია და არსებობს ეჭვები, რომ მათი რეალური მფლობელები ხელისუფლებასთან დაახლოებული ქართველები არიან.
ამავე კვლევის მიხედვით, "რუსთავი 2-ის" აქციების 30%-ს, "მზის" 45%-ს და "პირველი სტერეოს" 65%-ს ფლობს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი". "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" დამატებით ფლობს "საქართველოს ბიზნეს-კონსალტინგს", რომელიც ინგლისურ გაზეთს “Georgian Business Week”-ს უშვებს და სააგენტო GBC.Ge-ს. ამ კომპანიის დამფუძნებელია დავით ბეჟუაშვილი – მმართველი პარტიის წევრი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, რომელიც საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი თავჯდომარისა და ყოფილი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის ძმაა. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპანია – Georgian Media Intercorporated, ამჟამად, "იმედის" აქციების მფლობელიც არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფი მედია ბაზრის ორ მესამედს ფლობს და აკონტროლებს.
მეტი ინფორმაცია ოფშორებში დარეგისტრირებული მედიაკომპანიების შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ვერ მოიპოვა. ეს ინფორმაცია, ზოგადად, ხელმიუწვდომელია, რაც მხოლოდ ამყარებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ ამ ორგანიზციების უკან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ან თავად ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან. მით უმეტეს, რომ ამგვარი ბუნდოვანების საშუალებას ბოლო წლებში კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები იძლევა. არსებული ნორმები, ასევე, ხელს უწყობს მედიის ერთ ან რამდენიმე ხელში კონცენტრირებას. საბოლოო ჯამში, ამას ინფორმაციის, აზრის მონოპოლიზებამდე მივყავართ.
ამ ფონზე, განსაკუთრებით საინტერესოა, რომ კომუნიკაციის ეროვნული კომისია - ორგანო, რომელიც ამგვარი პრობლემების რეგულირებისთვის შეიქმნა, ერთობ საინტერესო წესით კომპლექტდება. კომისია ხუთწევრიანია. მაუწყებლის შესხებ კანონის მე-9 მუხლის თანახმად, კომისიის წევრები ღია კონკურსის წესით შეირჩევიან. ყოველ თავისუფალ ადგილზე, პრეზიდენტი არჩევს, მინიმუმ, სამ კანდიდატს, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს, ეს უკანასკნელი კი, უბრალო უმრავლესობით ამტკიცებს მათ. პარლამენტის მიერ დამტკიცებულ წევრებს, საბოლოოდ, ნიშნავს პრეზიდენტი, აქედან ერთს - კომისიის თავმჯდომარედ. ამ პროცედურას კრიტიკულად აფასებს Freedom House, მიიჩნევს რა, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, დაკომპლექტების არსებული წესის გათვალისწინებით, ხელისუფლების გავლენის ქვეშ ექცევა („პრესის თავისუფლება, საქართველო“, 2009 წელი).
ერთი მხრივ, ოფიციალურად, კერძო მფლობელობაში მყოფი მედია, რომლის ყველაზე გავლენიანი ნაწილის რეალური მფლობელები ისევ ჩრდილში რჩებიან, მეორე მხრივ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ბოლომდე ვერ გახდა „საზოგადოებრივი“, რადგან მისი სამეურვეო საბჭოს სავარაუდო წევრებს ირჩევს და მერე ამტკიცებს ხელისუფლება (რომლის პირობებშიც „საქართველოს სატელევიზიო სივრცე ნაკლებად დამოუკიდებელია, ვიდრე ის 2003 წელს იყო“ - “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „სატელევიზიო სივრცე საქართველოში, მფლობელები, მაკონტროლებლები და საკანონმდებლო გარემო“, 2009 წლის 20 ნოემბერი), პლუს - კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც ხელისუფლების გავლენის ქვეშ ექცევა (Freedom House, „პრესის თავისუფლება, საქართველო“, 2009 წელი) - იძლევა შედეგს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას არ გვაახლოებს. ამას ბოლო არჩევნების გაშუქებაც ადასტურებს.
არც ერთი ნაციონალური არხი არ ჩაუღრმავდა პრობლემებს, რომელიც ხაზგასმულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისიის არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის 2010 წლის 30 მაისის მოხსენებაში წინასწარი შედეგებისა და დასკვნების შესახებ. მაგალითად:
„ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ძალიან მაღალმა საფასურმა კანდიდატების მიერ ტელევიზიით კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა შეზღუდა“;
„ის დებულებები, რომლებიც გარკვეული საჯარო მოხელეების საარჩევნო კამპანიაში შეუზღუდავი მონაწილეობის და ასევე საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საშუალებას იძლევა, არ უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტისთვის“;
„პროცედურების და კომპეტენციის შესახებ კონკრეტიკის ნაკლებობამ საარჩევნო კომისიებს საჩივრების განხილვების მხრივ დიდი დისკრეციული უფლებამოსილება მისცა, რაც არათანამიმდევრულ პრაქტიკაში გადაიზარდა“;
„ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა სხვადასხვა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან ერთი და იმავე ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულშიც კი, ზოგჯერ ეს განსხვავება 1,000%-აც კი აღემატება. ასეთი დიდი დევიაციები ხმის თანასწორობას არღვევს“;
„ხმების დათვლის პროცესი უფრო ნეგატიურად შეფასდა. საშუალოდ ხუთიდან ერთ შემთხვევაში ხმების დათვლის პროცესი შეფასდა როგორც ცუდი ან ძალიან ცუდი, მნიშვნელოვანი პროცედურული შეცდომები და გამორჩენები იქნა დაფიქსირებული ხმების დათვლის შემთხვევებიდან ერთ მეოთხედზე მეტ შემთხვევაში საშუალოდ ხუთი საუბნო საარჩევნო კომისიიდან ერთში დაფიქსირდა პრობლემები ოქმების შევსების დროს, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიების ერთ მესამედზე მეტში ოქმები არ გამოქვეყნებულა, მიუხედავად იმისა რომ ამას კანონი ითხოვს“ და ა.შ.
სამწუხაროდ, „ქართული დემოკრატიის ძირითადი გამოწვევა“ ისევ გამოწვევად რჩება და იქამდე, ვიდრე ასე იქნება, ქართული მედიის ინტერესს ადამიანის უმთავრესი უფლების - არჩევანის თავისუფლების დაცვა კი არა, ისეთი ახალი ამბავი დააკმაყოფილებს, როგორიც 4 ივნისის 9-საათიან „კურიერში“ ნოდარ ქუმარიტაშვილის შესახებ ისტორიას მიაბეს - მსოფლიოში ყველაზე დიდი კვერცხი ქართულია.
http://www.media.ge/ka/node/37624
http://www.media.ge/ka/node/37624
Комментариев нет:
Отправить комментарий