вторник, 6 апреля 2010 г.

პროფესიული დაავადებები: ერთი ამბავი და შემაშფოთებელი სტატისტიკა

გზას სახლიდან სამსახურამდე 40 წუთი მიაქვს. 6 კილომეტრს, სოფელ ითხვისიდან ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატამდე, 55 წლის მერაბ იაკობიძე ფეხით გადის. საერთო შესასვლელიდან მის უშუალო სამუშაო ადგილამდე კიდევ დიდი მანძილია. კლდეში ჰორიზონტალურად გაჭრილი გვირაბი 5-6 კილომეტრი სიღრმისაა და გვირაბგამყვანთა ბრიგადები იქამდე სპეციალური ვაგონებით მიჰყვათ. “იქიდანაც ვაგონებმა უნდა წამოგვიყვანოს, მაგრამ ხანდახან ისე აგვიანებს, აღარც ველოდებით, ფეხით გამოვდივართ ბოლომდე”, - ამბობს. 27 წელია აქ მუშაობს, ჭიათურის პატარიძის სახელობის მაღაროს გვირაბგამყვანია.
პატარიძის სახელობის მაღაროში 385 გვირაბგამყვანია. საერთოდ, ჭიათურის ბასეინში 7 მაღაროა და, მთლიანობაში, იქ 3500-მდე ადამიანია დასაქმებული. მუშაობა სამ ცვლაში მიმდინარეობს: პირველი დილის 9 საათზე იწყება და დღის 4 საათამდე გრძელდება, მეორე – 4-დან – 12 საათამდე, მესამე – 12-დან – დილის 7 საათამდე. “შვიდი, შვისაათნახევარი უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ 8 საათი და მეტი ხანიც ვრჩებით ხანდახან”, – ამბობს მერაბ იაკობიძე, – “დღიურ განაკვეთს 100 პროცენტით თუ არ შევასრულებთ, ხელფასზე დაგვაკლდება. ისედაც ცოტას ვიღებთ და იმასაც რომ მოაკლდეს...”
ცოტა ხელფასი, ხელზე, 280, საუკეთესო შემთხვევაში 300 ლარია. ამისთვის ორმა გვირაბგამყვანმა ცვლაში 30 ტონა ქანი უნდა ააფეთქოს, მოანგრიოს, გაწმინდოს და გვირაბი გაამაგროს. სამუშაო მძიმეა. ხშირად, მუხლამდე ტალახში, დაგლეჯილი რეზინის ჩექმებითაც უწევთ მუშაობა.
მაღაროში მუშაობა მძიმეა იმის გამოც, რომ მანგანუმის წარმოება შრომის მავნე პირობებით, პროფესიული რისკის მაღალი ჯგუფებით ხასიათდება. “ჯორჯიან მანგანეზის” ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მუშები სამუშაო დროის 51,2-79,2% განმავლობაში მავნე ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ ატარებენ. ასეთ დასკვნას ნ. მახვილაძის სახელობის შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი აკეთებს.
ინსტიტუტი 2007 წლიდან ახორციელებს სახელმწიფო პროექტს - “პროფესიული დაავადებების პრევენცია და მონიტორინგი”, რომლის ფარგლებშიც ეპიდემიოლოგიური კვლევები ჩატარდა ჭიათურის მაღაროთა სამმართველოში, კასპის ცემენტის ქარხანასა და “საქართველოს თამბაქოს” წარმოებაში. სპეციალური კითხვარების საშუალებით, შესწავლილ იქნა საწარმოთა ჰიგიენური მდგომარეობა, დასაქმებულების ჯანმრთელობა, მათ შორის რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ქიმიური უსაფრთხოება.
“ამ სამ საწარმოში ჩატარებულმა კვლევამ ავადობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გამოავლინა,” - ამბობს ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიური კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ნანა ჩხაიძე, - “მიღებული შედეგის განზოგადება მთელ წარმოებებზე არ მოგვცემს სწორ სურათს, თუმცა, იმის თქმა შეიძლება, რომ, მაგალითად, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში, სადაც ავადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი დაფიქსირდა, გამოკვლეულთა შორის გამოკვეთილია გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის, კანის, სასუნთქი გზების პრობლემები, პნევმონია, სმენის ნევრიტი და ა.შ. ავადობის ყველაზე მეტი შემთხვევა აქ 50-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში აღმოჩნდა, ადამიანებში, ვისი შრომითი სტაჟი 21 წელი და მეტია.”
სტაჟისა და ავადობის კორელაცია შემაშფოთებელია რეპროდუქციული თვალსაზრისითაც. კვლევის მიხედვით, “კასპიცემენტსა“ და ჭიათურმანგანუმის საწარმოებში დასაქმებულ ქალებში დაფიქსირდა: მენსტრუალური ფუნქციის დაზიანება, სპონტანური აბორტები, მკვდრადშობადობა, თაობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის დარღვევა. ამასთან, “კასპიცემენტში“ 25 წელზე მეტი სტაჟის მქონეებში ყველაზე მაღალი მკვდრადშობადობის მაჩვენებელია, 10 წლამდე სტაჟის მქონეებს კი, ყველაზე ხშირად უჩნდებათ მცირეწონიანი ბავშვები. ჭიათურმანგანუმის საწარმოებში ყველაზე საგანგაშო მაჩვენებლები 5 წლამდე სტაჟის მქონე ქალებს აქვთ. მათთან ყველაზე მაღალია მკვდრადშობადობისა და სპონტანური აბორტების მაჩვენებელი.
დღეისთვის გაურკვეველია, როგორია დასაქმებულთა დაავადებების დინამიკა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტო სამთო და დამამუშავებელ მრეწველობაში 15509 სუბიექტია რეგისტრირებული; მრეწველობაში დასაქმებულთა მთლიანი რიცხვი კი 80531-ს აღწევს. თუმცა, შრომის მედიცინის სისტემა საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში დაირღვა. ოთხი წელია, რაც ქვეყანაში ეპიდზედამხედველობის სამსახურიც გაუქმდა, შესაბამისად, აღარ მოქმედებს ბევრი სააღრიცხვო ფორმა, რომელიც დასაქმებულთა ჯანმრთელობის დარღვევების ანალიზის ინდიკატორი იყო.
სისტემის მოშლამდე, საწარმოებში გამართულად მუშაობდა სამედიცინო პუნქტები, ტარდებოდა დასაქმებულთა გეგმიური სამედიცინო შემოწმებები, სამუშაოზე აყვანიდან დაწყებული, მთელი მუშაობის განმავლობაში. საწარმოებში არსებულ მდგომარეობას პერიოდულად ამოწმებდა სანიტარიული და ეპიდზედამხედველობის სამსახური. საბოლოოდ, ანალიზდებოდა ამ შემოწმებების შედეგად დაგროვილი დოკუმენტაცია და მუშავდებოდა შესაბამისი რეკომენდაციები, აღმოჩენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად.
ნ. მახვილაძის სახელობის შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ეს კვლევა საქართველოში შრომის მედიცინის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას უნდა დაედოს საფუძვლად.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზუსტი შედარების გაკეთება შეუძლებელია, ნანა ჩხაიძე ამბობს, რომ მდგომარეობა გაუარესებულია ჩანს. “დასაქმებულების რაოდენობამ იკლო, საწარმოების ნაწილი დახურულია, ნაწილი ისეთი დატვირთვით არ მუშაობს, ბევრგან ახალგაზრდა თაობა დასაქმდა, მაგრამ ჭიათურაში, ჩვენდა გასაოცრად, სწორედ ახალგაზრდები იყვნენ მაღალი წნევის მატარებლები,” – ამბობს იგი, - “თუმცა, ყველაზე საინტერესო გახლავთ ის, რომ ავადობა სუბიექტური ჩივილებით და დოკუმენტაციით, ბევრად უფრო ნაკლები გამოვიდა, ვიდრე რეალურად გამოვიკვლიეთ. ადამიანები მალავენ, რომ ავად არიან. მათ ეშინიათ, რომ სამსახურს დაკარგავენ და არ ამხელენ ამას. სიღრმისეულმა კვლევამ გვაჩვენა, რომ ავადობა ორჯერ იმაზე მეტია, ვიდრე არსებული დოკუმენტაციით ფიქსირდება.”
მერაბ იაკობიძეს მარცხენა ფეხი პროტეზირებული აქვს. ოპერაცია რამდენიმე წლის წინათ, ქუთაისში გაუკეთეს. როგორც ამბობს, ფეხის პრობლემა “მაღაროში ასეთი ჯაფისგან შეექმნა“. “აქ ბევრი ფილტვების ანთებითაც დადის სამუშაოდ,“, - ყვება იგი, - “ბიულეტინს 30 დღეზე მეტს არ იძლევიან და სამსახურს ხომ არ დაანებებს კაცი თავს?“
ამ ადამიანების შიში გასაგებია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2009 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 2019.5 ათასი შრომისუნარიანი ადამიანი იყო, დასაქმებული, მათგან – 1690.5 ათასი, უმუშევარი კი – 329.0 ათასი. უმუშევრობის დონემ, პროცენტებში, 16.3-ს მიაღწია და, წინა კვარტალთან შედარებით, 0.3%-ით გაიზარდა. იმავე სამსახურის მონაცემებით, საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე სოფლად, 2008 წლის მონაცემებით, 492,3 ლარია. როგორ უნდა გაანაწილოს თანხები, ვთქვათ, მერაბ იაკობიძემ, თუკი მისი ორსულიანი ოჯახის ბიუჯეტს გვირაბგამყვანის მცირე ხელფასი და დედის პენისია შეადგენს? ერთხელ სცადა სამსახურის გამოცვლა, მაგრამ ჭიათურაში არჩევანი, ფაქტობრივად, არ არის. ქალაქის მთელი ინფრასტრუქტურა მაღაროზეა მიბმული. ამას გარდა კი, ორი საავადმყოფო, რამდენიმე სკოლა, თსუ-სა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა) და სტუ-ს (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების) ფილიალები, დრამატული თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მხატვრის სახლი და რამდენიმე რესტორანი ფუნქციონირებს.
მოქმედი კანონმდებლობით (შრომის კოდექსის 35-ე მუხლი), დამსაქმებელი ვალდებულია, მიიღოს ყველა გონივრული ზომა დასაქმებულის ჯანმრთელობის დასაცავად, თუმცა, მექანიზმი, რომელიც გაარკვევდა, რამდენად ასრულებს იგი ამ ვალდებულებას, საქართველოში არ არსებობს. 2007 წლიდან აღარ მოქმედებს პროფესიული დაავადებების გამო პენსიის დანიშვნის წესიც. ამ წესის მიხედვით, პროფესიულ უნარის დაკარგვის შემთხვევაში, ადამიანს, პენსიის სახით, სრულად, 100%-ით ენიშნებოდა ხელფასი, რომელსაც იღებდა. იმ შემთხვევაში, როცა ფაქტი შრომითი ტრავმით მიღებულ ინვალიდობას ადასტურებდა, მაქსიმალური პენსია 120 ლარს შეადგენდა. თუკი, ორივე სახის დარღვევას ჰქონდა ადგილი, დაზარალებულს ეძლეოდა უფლება, ამ ორიდან უფრო მაღალი პენსია აერჩია.
2007 წლამდე, ვიდრე ეს წესი (საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 3 მარტის ბრძანება #48) მოქმედებდა, ამ ტიპის პენსიას დაზარალებულს ქვეყნის ბიუჯეტი უხდიდა. ახლა წარმოებები კერძო მფლობელობაში გადავიდა და არც ერთი საკანომნმდებლო აქტი არ ამბობს, პროფესიული დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, ვინ უნდა იხადოს დაავადებულისთვის დანიშნული პენსია. შესაბამისად, ამ საკითხების წამოწევას დაზარალებულებისთვის აზრი ეკარგება.
ნ. მახვილაძის სახელობის შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კვლევამ დაადგინა კორეალცია შრომით სტაჟსა და შრომის პირობებს შორის: ავადობა სტაჟისა და ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. გამოკვლეულ საწარმოებში, განსაკუთრებით ჭიათურის მაღაროთა სამმართველოსა და “კასპიცემენტში” (თამბაქოს წარმოებაში, შედარებით ახალი დანადგარებია და ვითარებაც უკეთესია), ავადობის მაღალი დონე აღინიშნა იმ სამუშაო ადგილებზე, სადაც, ჰიგიენური თვალსაზრისით, შრომის არადამაკმაყოფილებელი პირობებია. ტექნოლოგიური პროცესების თავისებურებები, მორალურად მოძველებული, ტექნიკურად გაცვეთილი, არაჰერმეტული მანქანა-დანადგარები, სამუშაო ადგილების არასწორი ორგანიზება, სავენტილაციო სისტემების არაეფექტური მუშაობა, ზოგან მათი არარსებობაც კი – ეს ის მიზეზებია, რომელიც სამუშაო გარემოს რისკის ფაქტორების დასაშვები ნორმებიდან გადახრას განაპირობებს.
ინსტიტუტში სიამოვნებით აღნიშნავენ, რომ საწარმოებმა გაითვალისწინეს კვლევის შედეგად მომზადებული რეკომენდაციები, – ჭიათურის მაღაროთა სამმართველოში ხორციელდება სამუშაო გარემოს მავნე ფაქტორების დონეთა კონტროლი, გამაგრდა და გაიწმინდა სავენტილაციო სისტემები; “კასპიცემენტში” დაიდგა ხმაურის სპეციალური მაყუჩები, დამონტაჟდა ახალი დანადგარები, გაუქმდა 10-მდე მავნე სამუშაო ადგილი; შემუშავების პროცესშია რეკომენდაციები თამბაქოს წარმოებისთვის. ყველაფერი ეს და ყველა სხვა ღონისძიება, რომელსაც ქართველი მეწარმეები დასაქმებულების ჯანმრთელობის დასაცავად გაატარებენ, შედეგს მომავლისთვის გამოიღებს. მათი აქტიურობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პროფესიული დაავადებებისა და საწარმოო ტრავმების შედეგად, ევროპაში, ყოველწლიურად, 327 ათასი ადამიანი იღუპება. ამავე მიზეზით, ყოველ წელს იკარგება მშპ-ის 2,4%.

რისკიანი ხელფასი

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების გამომწვევი მიზეზების შემსწავლელი სამთავრობო კომისია ჯერ ისევ მუშაობს, მაგრამ მთავარი კითხვა, – რამ გამოიწვია მაღაროელების დაღუპვა, მათივე შეცდომამ თუ შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ, – ისევ ჰაერშია გამოკიდებული.
ყველაზე უკეთ იმის ახსნა, თუ რა მოხდა 3 მარტს მინდელის სახელობის მაღაროში, გადარჩენილ მაღაროელ ბესო ზოსიაშვილს შეუძლია. მაგრამ, დღეს იგი, მრავლობითი დაზიანებებით, ფილტვების დაჟეჟილობით, ლავიწისა და სახის ძვლების მოტეხილობით, სასუნთქი გზების დამწვრობით, ქუთაისის ინტერვენციის მედიცინის ცენტრში, გონზე მოუსვლელად წევს. ახლა, მხოლოდ იმის თქმა თუ შეიძლება, რომ ბესო ზოსიაშვილს ცოტა მეტად გაუმართლა, ვიდრე მის დაღუპულ თანამშრომლებს: მიზდონ ონიანს, გიორგი ბრეგაძეს, მურმან კუბლაშვილს, ჯუმბერ ჯიშიაშვილს.
აფეთქება, რომელმაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 3 მარტს, დილის 5 საათზე მოხდა. იმავე დღეს, ექვსსაათიან გამოშვებაში, ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტყიბულში მყოფი ექსპერტები აფეთქების ადგილზე ჩასვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან მაღაროში ჯერ კიდევ იყო დაგროვილი მეთანი და უბანი განიავებას საჭიროებდა. მეორე დილით, საინფორმაციო სააგენტო GHN, ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ ექსპერტები მაღაროში ვენტილაციის არარსებობის გამო ვერ შედიოდნენ.
ტრაგედიის ადგილზე ჩასულმა პრემიერმა გილაურმა დაუდევრობა, როგორც აფეთქების მიზეზი, გამორიცხა. ცოტა მოგვიანებით, განცხადება გააკეთა მაღაროს მფლობელი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის აღამსრულებელმა დირექტორმა, ზაზა სადუნაშვილმა. მისი სიტყვებით, “მაღაროელის პროფესია ყველაზე რისკიან პროფესიათა ჯგუფს განეკუთვნება და უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვის მიუხედავად, უბედური შემთხვევების ალბათობა მთელ მსოფლიოში მაღალია” (საინფორმაციო სააგენტო “პირველი”, 04.03.10).
მაინც, რამდენად იყო დაცული უსაფრთხოების ზომები ტყიბულის მაღაროში? ზოგადად, რამდენად უსაფრთხოა შრომა, რისკიანი თუ ნაკლებად რისკიანი პროფესიის ადამიანებისთვის, საქართველოში? ვის უნდა ვენდოთ? – მინდელის სახელობის მაღაროს ტექნიკურ დირექტორ ბადრი არაბიძეს, რომელიც ირწმუნება, რომ ეს ტრაგედია პირველია ამ მაღაროს ისტორიაში (საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი”, 04.03.10); თუ გაზის, ნავთობისა და ნახშირის მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გოჩა კვიტატიანს, რომელიც აცხადებს, რომ მინდელის სახელობის მაღაროში ტრაგედია სამი თვის წინათ, 4 დეკემბერსაც მოხდა (საინფორმაციო სააგენტო “მედიანიუსი”, 04.03.10), როცა მეშვიდე უბანზე ჩამოწოლილმა ლავამ ჯებირი გაარღვია და ოთხი ადამიანი დააზიანა, აქედან ერთი – სასიკვდილოდ?
უახლესი კვლევა, ქვეყანაში შრომის დაცვისა და სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ, საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დაფინანსებით, პროფესიული კავშირების გაერთიანებამ განახორციელა. კვლევა შეიცავს შესაბამის სტატისტიკასაც, რომელიც შსს-გან მოთხოვნილ და გაერთიანების შრომის დაცვის სამსახურის მიერ მოპოვებულ ინფორმაციებს ეყრდნობა.
ამ სტატისტიკის მიხედვით, 2006-09 წლებში, შენობა-ნაგებობებიდან და ამწე მექანიზმებიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი, ელექტროობასთან მუშაობისას – 5, წყალში დაიხრჩო – 3. კონკრეტულად 2007 წელს, საწარმოებში მოხდა 54 სასიკვდილო და 26 მძიმე ტრავმული შემთხვევა; 2009 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, დაფიქსირებულია 31 სასიკვდილო უბედური შემთხვევა. როგორც კვლევიდან ჩანს, მზარდია ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა – ასეთი 8 შემთხვევაა, მათ შორის ერთი – ჯგუფური, რომლის დროსაც, სამორიგეო ჯიხურებში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა.
კვლევის ერთ-ერთი ავტორი, გაერთიანების შრომის დაცვის სამსახურის სპეციალისტი ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ ეს ციფრები უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და შესაბამისი კონტროლის უგულებელყოფის შედეგია, – “ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მოქმედი შრომის კოდექსით რეგულირდება შრომითი ურთიერთობები და მისი თანმდევი პროცესები, მათ შორის შრომის დაცვა და სამუშაო გარემო. დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოთი, მაგრამ არ არსებობს ზედამხედველობის რაიმე სახელმწიფო ორგანო, რომელიც ამ და სხვა ვალდებულებების შესრულების კონტროლს შეძლებდა. 2008 წლიდან საქართველოში მოქმედებს მძიმე, მავნე და საშიშპირობიან სამუშაოთა ნუსხა, შრომის უსაფრთხოების წესები, მათ შორის, დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევები და წესები, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, თუმცა ეს ნუსხა არანაირ მავალდებულებელ იურიდიულ ნორმას არ შეიცავს.
ერთი შეხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს სამუშაო პროცესისას მიყენებული ზიანი, ეს ვალდებულება გამყარებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408, 409, 410, 411 მუხლებით, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 მუხლით. როგორია რეალობა? – ამ დროისთვის არ არსებობს საწარმოო უბედური შემთხვევების გამომკვლევი შესაბამისი კომისია. 2005 წლიდან გაუქმებულია შრომის ინსპექცია, უკვე გაუქმებულია “სახელმწიფო ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციაც”. დასაქმებულს, თითქოს, აქვს უფლება, უარი განაცხადოს სამუშაოზე, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას, ამ დროს კი, შრომის კოდექსის ცნობილი 37-ე მუხლის “დ” პუნქტი დამსაქმებელს აძლევს უფლებას, დასაქმებულის უკმაყოფილება რეაგირების გარეშე დატოვოს, ხოლო, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მიზეზის ახსნის გარეშე დაითხოვოს იგი სამსახურიდან.”
მაკონტროლებელი ორგანოების გაუქმების მთავარ მოტივად საქართველოში ამ ორგანოების კორუფციული შეფერილობა, ბიზნესისთვის ბარიერების მოხსნა და ლიბერალური ღირებულებები სახელდება. თუმცა, ის, რასაც სახელმწიფო კონტროლისა და ლიბერალიზმის თანაცხოვრებასთან დაკავშირებით საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენელი მათიას იობელიუსი ამბობს, სხვა სურათს ხატავს: “ევროპაში არ არსებობს ქვეყანა, სადაც შრომის უსაფრთხოების საკითხებს სახელმწიფო არ არეგულირებს. ჩანს, რომ ამ სფეროში ჯერ კიდევ ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელი. შეინიშნება წინააღმდეგობა ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ მზადყოფნასა, დაუახლოვდეს ევროსტანდარტებს და რეალურ მდგომარებას შორის. თუ საქართველოს მართლაც სურს ევროპის ერთიან ოჯახში იცხოვროს, აუცილებლად უნდა შეასრულოს შესაბამისი მოთხოვნები. იმედს ვიტოვებ, რომ 2010 წელი იქნება მნიშვნელოვანი გარღვევის წელი ამ თვალსაზრისით.”
ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს მთავრობის ამასწინანდელი გადაწყვეტილება, “სახელმწიფო ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციისა” და “არქმშენინსპექციის” გაერთიანების და ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ტექნიკურ და სამშენებლო საქმიანობაზე საზედამხედველო ერთიანი სამსახურის შექმნის თაობაზე. შესაბამისი კანონი “ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით მიიღო. პროფკავშირებს ამ კანონთან დაკავშირებითაც აქვს ბევრი შენიშნვა, რომელთაც ახლა საკანონმდებლო ორგანოში ეცნობიან.
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე ფიქრობს, რომ არ იქნებოდა ურიგო, თუკი პარლამენტთანაც შეიქმნებოდა სათათბირო ორგანო, საკანონმდებლო ხელისუფლების, დამსაქმებლებისა და პროფკავშირების მონაწილეობით, რომელიც ყველა მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიცაიტივას შესაბამის კომიტეტებთან გაივლიდა. “ეს მოგვცემს საშუალებას, უფრო ნაყოფიერი გავხადოთ მუშაობა,” – ამბობს იგი.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებული ნორმების შემუშავებაზე მუშაობენ ქართველი ბიზნესმენები. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელმა მიხეილ კორძახიამ ამ მუშაობაში მთავრობისა და პროფკავშირების წარმომადგენელებიც მიიწვია. დიდია იმედი, რომ ამ საკითხვებზე მომუშავე ყველა სუბიექტს ერთნაირად კარგად აქვს გაცნობიერებული, ადამიანურის გარდა, რამდენად დიდი ეკონომიკური ზარალი მოაქვს საწარმოო ტრავმებს და პროფესიულ დაავადებებს. თუმცა, ეს უკანასკნელი უკვე ცალკე საუბრის თემაა.

შავ-თეთრი სურათი: სოციალური დახმარების ახალი სისტემა სამი წლისაა

მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის დადგენილებით, საქართველოში სოციალური დახმარებების სრულიად ახალი, საჭიროებებზე დაფუძნებული დახმარებების სისტემა ამოქმედდა. იქამდე, ქვეყანაში მოქმედებდა მხოლოდ კატეგორიებზე დაფუძნებული დახმარებების სისტემა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ტიპის სოციალური დახმარება გათვლისწინებული იყო: ზოგადად, პენსიონერებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისთვის, ომის ვეტერანებისა და სხვა კატეგორიის ადამიანებისთვის.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე მორის წამალაშვილის განმარტებით, კატეგორიებზე დაფუძნებული სოციალური დახმარების შეცვლას საჭიროებაზე დაფუძნებული სოციალური დახმარებით არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. “სოციალური დახმარება, თავისი არსით, სწორედ საჭიროებაზე დაფუძნებული ბენეფიტია, კატეგორიების მიხედვით სოციალური დახმარების გაცემამ კი, შეიძლება, მისი არსი შეცვალოს,” – ამბობს მორის წამალაშვილი, - “შეიძლება, ადამიანი იყოს მარტოხელა პენსიონერი, მაგრამ იყოს შეძლებული, შეიძლება, შეძლებული იყოს ინვალიდი ბავშვის ოჯახი და ა.შ. ამ დროს, შეიძლება, რეალურად გაჭირვებული ადამიანები ვერ იღებდნენ დახმარებას იმის გამო, რომ არც ერთ არსებულ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან. ძნელია, მათ გამოსაყოფად დამატებითი კატეგორიების შემოღება, ამდენად, თუ გვსურს სოციალური დახმარება რეალურად იყოს მიმართული საჭიროებაზე, იგი უნდა გაიცეს არა კატეგორიის, არამედ ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.”
გატარებული ცვლილებების აუცილებლობას ეჭვქვეშ არ აყენებს ორგანიზაცია “პარტნიორობა სოციალური ინციატივებისათვის” გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი, - “ადრე, ახალი სისტემის შემოღებამდე, კატეგორიებზე დაფუძნებული დახმარებების დროს, რეალური სურათი სიკეთის გადანაწილებისა აჩვენებდა, რომ მიზნობრიობა იყო ძალიან დაბალი, ყველაზე ღარიბები არ იღებდნენ ყველაზე მეტს. სოციალური დახმარებების არსი კი არის სწორედ ის, რომ ყველაზე სუსტებმა მიიღონ ყველაზე მეტი. ბოლო წლებში ჩატარებული კვლევები პირდაპირ ამბობს, რომ მიზანი, რომელიც იყო დასახურლი ამ სამი წლის წინათ, მიღწეულია. ახალმა სისტემამ გაამართლა.”

მიღწეული მიზანი

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საჭიროებეზე დაფუძნებული დახმარება სოციალური დაცვის სისტემის მთავარი ნაწილია, ძალაშია კატეგორიებზე დაფუძნებული დახმარებების ნაწილიც, საოჯახო დახმარებებისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიების სახით. საოჯახო დახმარების ოდენობა 22-დან 35 ლარამდე მერყეობს, იგი თვეში ერთხელ გაიცემა და მისი მიმღები, 2009 წლის ივნისის მონაცემებით, 23964 ბენეფიციარია. საყოფაცხოვრებო სუბსიდია (ყოველთვიური ფულადი გასაცემი სოციალური შეღავათებით მოსარგებლე პენსიონერებისთვის დაწესებული საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროების ხარჯების გასაწევად), 7-22-44 ლარის ოდენობით, თვეში ერთხელ გაიცემა და მას, 2009 წლის ივნისის მონაცემებით, 70930 ბენეფიციარი იღებს.
საჭიროებებზე დაფუძნებული სისტემის მიხედვით, სოციალური დახმარების მიღების მსურველი ოჯახი (ადამიანი), რომელიც მიიჩნევს, რომ უკიდურესი სღატაკის ზღვარს მიღმა იმყოფება, სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივ განყოფილებაში სპეციალურ ფორმას ავსებს. ამის შემდეგ, მასთან მიდის სოციალური აგენტი, რომელიც, საოჯახო მეურნეობის დათვალიერების, ოჯახის წევრებთან გასაუბრების, მათ შესახებ ინფორმაციის შეკრების შედეგად, ავსებს ოჯახის დეკლარაციას (დეკლარაციას ხელს ოჯახის წარმომადგენელიც აწერს). სარეიტინგო ქულა, რომელიც გადამწყვეტია დახმარების მიღებისთვის, დეკლარაციის საფუძველზე ითვლება და ოჯახს მიეცემა “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა”. დახმარება ეძლევა ოჯახებს, რომელთა ქულა 57001 და უფრო დაბალია.
სოციალური დახმარების ახალი ტიპი – ყოველთვიური საარსებო შემწეობა, ინიშნება განაცხადის შევსებიდან მეოთხე თვეს და შეაგენს: 30-დან 390 ლარს, ოჯახის სულადობის მიხედვით (ერთსულიანიდან – თექვსმეტსულიანი ოჯახის ჩათვლით). 2009 წლის ივნისის მონაცემებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 531 273 ოჯახიდან საარსებო შემწეობას იღებს 161 264 ოჯახი (30,4%). აქედან ერთწევრიანი ოჯახია 51 572 (30 ლარი), ორწევრიანი – 36 226 (54 ლარი), სამწევრიანი – 19 525 (78 ლარი), ოთხწევრიანი – 21 166 (102 ლარი), ხუთწევრიანი – 15 560 (126 ლარი), ექვსწევრიანი – 9 457 (150 ლარი), შვიდ და მეტწევრიანი – 7 758 (174 ლარი და მეტი). ამასთან, თუკი ოჯახი იღებს საოჯახო დახმარებას ან/და დევნილობის ყოველთვიურ შემწეობას (28 ლარი დევნილზე), არჩევანის გაკეთება მოუწევს – საარსებო შემწეობის დანიშვნის შემთხვევაში, ეს დახმარებები მას შეუწყდება.
საარსებო შემწეობა სოციალური დახმარების მობილური სახეა და მუდმივი არა არის. ოჯახის განმეორებით შემოწმებისა და დახმარების შეწყვეტის მიზეზი შეიძლება გახდეს: ის, რომ ოჯახის ფაქტობრივი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ შეესაბამება მინიჭებულ სარეიტინგო ქულას; ოჯახის წევრის დაბადება ან გარდაცვალება, დასაქმება; მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა; სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსება; იძულებით სამკურნალოდ გაგზავნა და ა.შ. ოჯახის მდგომარეობის შეფასება – არის საკითხი, რომელიც მოსახლეობაში დღემდე დიდ ვნებათაღელვას იწვევს.
ერთი ასეთი ფაქტის შესახებ, რომელიც ივლისის შუა რიცხვებში მოხდა, “გურიის მოამბე” წერდა, – ლურსმანაშვილების შვიდსულიან ოჯახს, ხელახალი გადამოწმების შედეგად, სოციალური დახმარება მას შემდეგ შეუწყდა, რაც ციხიდან ოჯახის კიდევ ერთი წევრი გამოვიდა. ოჯახი, რომელიც სამ ავარიულ ოთახში ცხოვრობს, მთელ მის მეურნეობას 20 ძირი თხილი შეადგენს და ორი – პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდი ჰყავს, სოციალური დახმარების მოხსნას აპროტესტებს და უვადო შიმშილობით იმუქრება. სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივი განყოფილების ხელმძღვანელი, ოთარ რევიშვილი კი განმარტავს, რომ დეკლარაციაში ჩანს ლურსმანაშვილების მძიმე მდგომარეობა, მაგრამ ოჯახს ქულები არ ეყო იმისთვის, რომ დახმარება შეენარჩუნებინა.
სამი წლის განმავლობაში, ამ ტიპის პრეტენზია ქართულ მედიაში არაერთხელ დაფიქსირებულა. მოქალაქე ქეთო შიხაშვილი, მაგალითად (“სამომხმარებლო კალათა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები”, გაზეთი “მონიტორი”, www.polity.ge), ცდილობდა გაერკვია, რატომ იქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა მისი ქულების რაოდენობაზე მცირეხელფასიან სამსახურში ქალიშვილის დასაქმებამ, – “ერთ პატარა, დაობებულ კედლებიან, 10 კვადრატულ ოთახში შვილთან ერთად ვცხოვრობ, ასთმა მაქვს და თვეში 70 ლარის წამლები მჭირდება. როგორ შეიძლება ჩემი პენსია და ჩემი შვილის 150 ლარი საარსებოდ გვეყოს? ოჯახისთვის არაფერი შემიმატებია და როგორ უნდა გამხდარიყო ჩემი ქულა 126150? არაფერი მესმის...”
იმავეს ჩიოდა იქვე მოქალაქე ჟუჟუნა გაჩეჩილაძე, – “ოჯახში სამი წევრი ვართ, შვილი მეორე ჯგუფის ინვალიდია და 62 ლარსაც კი არ გვაძლევენ. მეზობლების ნაჩუქარი ძველებური ტელევიზორი და სარეცხის მანქანა მაქვს, “ფანერკების მინები” მაქვს ჩასმული და აბანოდან წყალი ვედრით გამაქვს, ისე ჟონავს. მომანიჭეს 79920 სარეიტინგო ქულა. ვერ ვხვდები, ამ ქულას როგორ ანგარიშობენ, ჩემს მეზობელს “მარშრუტკა” ჰყავს, კარგად ცხოვრობს და ის იღებს სოციალურად დაუცველი ოჯახის დახმარებას.”
ძირითადი პრეტენზიები (გულგრილობა, მიკერძოებულობა) მოდის სისტემის ყველაზე დაბალ რგოლზე – სოციალურ აგენტზე, რომელსაც ოჯახთან უშუალო კონტაქტი აქვს და დეკლარაციას ავსებს. რამდენი იყო ასეთი პრეტენზია ან საჩივარი და გათავისუფლდა თუ არა ვინმე მათ საფუძველზე, – სოციალური მომსახურების სააგენტოში ვერ აზუსტებენ. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროს ეკა ალავიძის ინფორმაციით, სოციალური აგენტების ქსელის განახლება პერმანენტულად მიმდინარეობას. თავად სოციალური აგენტები კი აცხადებენ, რომ ოჯახების დეკლარაციებს ისინი არსებული მოთხოვნებისა და მითითებების შესაბამისად ავსებენ.

შეფასების კრიტერიუმები

კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური სურათი დგება, ქართველმა სპეციალისტებმა მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად დაამუშავეს. “საქართველოში არ არსებობს სისტემა, რომელიც ინდივიდუალურ შემოსავლებს აღრიცხავს, შესაბამისად, ჩვენ ვიყენებთ სპეციალურ სტატისტიკურ მეთოდს, მიახლოებით შეფასების სისტემას. მისი სიზუსტე, შეიძლება, ჩამოუვარდებოდეს შემოსავლების აღრიცხვაზე დაყრდნობილ მეთოდს, მაგრამ საკმაოდ აპრობირებულია მსოფლიოში,” – ამბობს მორის წამალაშვილი, – “ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც ვაფასებთ ოჯახის შინამეურნეობას, როგორც ეკონომიკურ ერთეულს. 160-მდე ინდიკატორი მონაწილეობს ამ შეფასებაში და მოიცავს, ფაქტობრივად, ყველაფერს. აქ არის ოჯახის წევრთა დაემოგრაფიული მონაცემები – ასაკი, სქესი, განათლება, საცხოვრებელი ადგილი და მისი დაშორება კომუნიკაციის საშუალებებთან, რაიონულ ცენტრთან, სავაჭრო ცენტრთან, საავადმყოფოსთან, აღინიშნება, მაღალმთიანია თუ არა დასახლება, შემოსავლის რა წყაროები და ხარჯები აქვს ოჯახს, რა მდგომარეობაშია მის მეურნეობა, საცხოვრებელი და ა.შ.”
მორის წამალაშვილი ამბობს, რომ თავად ეს ინდიკატორები 2004-2005 წლებში ჩატარებული სპეციალური კვლევებით, გაჭირვებულ ოჯახებზე დაკვირვების შედეგად დადგინდა. მისი განცხადებით, როგორც ყველა სტატისტიკურ მეთოდს, ამ მეთოდსაც აქვს ცდომილება, თუმცა, მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევის შედეგად, ამ ტიპის იმ ხუთ პროგრამას შორის, რომელიც ახლა ხორციელდება, ქართული პროგრამის შეფასებისას, ცდომილების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლი – 20% დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, კრიტერიუმები, რომლითაც სახელმწიფოში სიღარიბის დონე განისაზღვრება, ექსპერტების ნაწილისთვის მიუღებელია.
ეკონომიკის ექსპერტ ნოდარ კაპანაძის განმარტებით (“სიღარიბესთან ბრძოლაში მეთოდლოგიის ცვლა უსარგებლოა”, გაზეთი “რეზონანსი”, 2009 წლის ივლისი), სიღარიბის რამდენიმე ზღვრის გამოყენებაა რეკომენდებული: უკიდურესი – ფიზიოლოგიური სიღარიბის ზღვარი; დაცულობის – საშემოსავლო სიღარიბის ზღვარი, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს ფიზიოლოგიური, ანუ უკიდურესი სიღარიბისგან დაცულობის ზღვარს; დეპრივაციული სიღარიბის ზღვარი, რომელიც, იმავ დროულად, წარმოადგენს საშემოსავლო სიღარიბისგან დაცულობის ზღვარს და მისი შემადგენლობა უკვე შეიცავს როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო კომპონენტებს. არსებობს, ასევე, სიღარიბის ე.წ. იერარქიული საფეხურები – სტრუქტურული და მენტალური სიღარიბე, რომელიც დღევანდელი საქართველოსთვის ნაკლებად აქტუალურია. ზოგადად კი, სიღარიბის ზღვარი, თავისი შინაარსით, ექსპერტის განმარტებით, წარმოადგენს მინიმალურ სამომხმარებლო კალათს, რომელიც შეიცავს როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო ნაწილს.
სოციალური დახმარების სისტემის რეფორმის შედეგად, სახელმწიფომ აქცენტი ღატაკების (და არა ღარიბების) არსებობისთვის საჭირო კალორაჟის შევსებაზე გააკეთა, თუმცა, კრიტიკა სასურსათო კალათის შემადგენლობის ცვლილებასთან დაკავშირებითაც არაერთხელ გაისმა. მაგალითად, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (ეს საკითხი ორგანიზაციამ მინიმალური ხელფასის გამოყვანის კონტექსტში შეისწავლა) სპეციალისტი გულად ლომინაშვილი მიიჩნევს, რომ სასურსათო კალათის ცვლილება ხელოვნურია და ადამიანისთვის საჭირო კალორაჟს არ ასახავს. “სასურსათო კალათის ახალი ნორმატივები 2003 წლის 8 მაისს, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #111/ნ ბრძანებით დამტკიცდა,” – აცხადებს ბატონი ლომინაშვილი, - “შედეგად, ძველი ჩამონათვალიდან ამოღებული იქნა არაჟანი, ცხვრის ხორცი, დამარილებული და შებოლილი თევზი, კიტრი, მწვანილი, ციტრუსი, ყურძენი. ისინი ჩაანაცვლა: ბურღულმა, მაწონმა, ნადუღმა, კარალიოკმა, საზამთრომ, ნესვმა, გოგრამ, ბედრიჯანმა, კაკალმა, თხილმა, მზესუმზირამ, საკონდიტრო ნაწარმმა. გარდა ამისა, ახალი გაანგარიშების პირობებში, თითქმის ორჯერ შემცირდა ხორცის საერთო მოხმარების ნორმა, 2,2-ჯერ – რძისა, 30%-ით – ხორბლის პურისა, 2-ჯერ – თესლოვანი ხილისა, 33%-ით – მცენარეული ზეთისა და ა.შ.”

კითხვის ნიშნები

ექსპერტების მოსაზრებები მოქმედი საარსებო მინიმუმისა და მინიმალური სასურსათო კალათის თაობაზე აჩენს კითხვას: რა დოზით ასახავს რეალობას განცხადება, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე აკეთებს, – “თუ 2004 წელს სოციალური პროგრამებით უკიდურესად ღატაკი მოსახლეობის 20% იფარებოდა, დღეს ეს ციფრი 78%-მდეა ასული. მსოლფიო ბანკის ბოლო მონაცემებით, ახალი კრიტერიუმების მიხედვით, სიღატაკისა და სიღარიბის დონეები მკვეთრად არის შემცირებული. თუ 2004 წლის მონაცემებით, სიღარიბის მაჩვენებლი 52% იყო, დღეს იგი 5%-მდეა შემცირებული.”
ორგანიზაცია “პარტნიორობა სოციალური ინიციატივებისათვის” გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემების ნაწილი, რომელმაც ამ სამი წლის განმავლობაში იჩინა თავი, შესაძლოა, სწორედ იმით იყოს გაპირობებული, რომ სოციალური დახმარების ახალმა სისტემამ, მისი ფულადი შემწეობის ნაწილმა, მიზნად დაისახა შიმშილისგან ეხსნა ადამიანი. “ახალი კრიტერიუმებით, სიღატაკის მაჩვენებელი 12%-დან 9%-მდე შემცირდა. ეს 9% კალორაჟული სიღარიბეა, მაგრამ პრაქტიკაში ვერ ვხედავთ ამას – როცა არარეზენტატულ თვისობრივ კვლევას აკეთებ, ამ 9%-ში მყოფი არ გეუბნება, რომ პურს ვერ ჭამს, სულ სხვა პრობლემაზე გელაპარაკება, ძირითადად – წამალზე. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს უკიდურესად არ უჭირთ, უბრალოდ, შეიძლება, კალორაჟული სიღარიბე სულაც არ არის საქართველოში წამყვანი.”
ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001-ს არ აღემატება, სამედიცინო დაზღვევას იღებენ. მათ საკმაოდ კარგი სამედიცინო მომსახურების პაკეტი ეძლევათ, მაგრამ მასში არ შედის წამლების მომსახურება, რაც მნიშვნელოვნად არყევს, ისედაც რთულ მატერიალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ბიუჯეტს. “დღეს ოჯახი ღატაკდება და კალორაჟს ვერ იღებს იმიტომ, რომ სხვა რამეზე ეხარჯება ფული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აქ სამედიცინო ხარჯებია,” – განმარტავს დევი ხეჩინაშვილი, – “იყო ასეთი შემთხვევა: ახალგაზრდა ქალი დაავადდა ძალიან ღარიბი ოჯახიდან. დიდი ფული დაჯდა მისი ჰოსპიტალური მკურნალობა და, სახლში რომ გაეწერა, ერთ თვეში გარდაიცვლა, რადგან ვერ მიხედა ოჯახმა. საავადმყოფოდან რომ გაწერეს, მძიმე, გრძელი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ, დიეტა, მოვლა, რეაბილიტაცია სჭირდებოდა. ოჯახმა ვერ მოახერხა ეს და ქალი გარდაიცვალა.
ჯანმრთელობის დაზღვევის, როგორც გაღატაკებისგან დამცავი საშუალების მნიშვნელობა წარმოუდგენლად მაღალია, თუმცა, ახლანდელი კვლევები აჩვენებს, რომ მასში წამლის კომპონენტის არარსებობა სერიოზული დეფიციტია. წამლის ხარჯი ღარიბი ოჯახისთვის სწორედ ის მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც აგდებს კალორაჟის მოხმარებას – ადამიანები არჩევენ, წამალზე დახარჯონ ფული და არა კვებაზე.”
ზოგადად, ჯანდაცვაზე სახელმწიფო იმაზე ბევრად ნაკლებს გამოჰყოფს, ვიდრე საჭიროა – სახელმწიფო ბიუჯეტის 5%-ს, საერთაშორისოდ აღიარებული 20%-ის ნაცვლად. ვითარებას ამძიმებს სამედიცინო მომსახურების ფასების ინფლაცია და წამლების ფასების ზრდა, ყველაფერი ეს კი, ჯამში, ართულებს საქართველოს უღარიბესი ადმაიანების მდგომარეობას. დევი ხეჩინაშვილის აზრით, ცვლილებები, რომელიც სოციალური დახმარების სისტემის მეტად გაუმჯობებსებას შეუწყობს ხელს, კერძო და სახელმწიფო სუბიექტების უფრო ქმედით თანამშრომლობასა და ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიურ გამოყენებაშია. ამ მიმართულებით ფიქრობენ სოციალური მომსახურების სააგენტოშიც.
მორის წამალაშვილი აცხადებს, რომ მიახლოებითი შეფასების მეთოდი პერიოდულ დახვეწას ითხოვს, რადგან კრიტერიუმი, რომელიც სამი წლის წინათ სიღარიბესთან იყო დაკავშირებული წელს, შეიძლება, მოძველებული აღმოჩნდეს, – “მაგალითად, მობილური ტელეფონი სამი წლის წინათ ფუფუნების საგნად ითვლებოდა, ახლა კი ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომია. ამ სამი წლის განმავლობაში ვითარება შეიცვალა, შესაბამისად, ინდიკატორებიც შესაცვლელია.” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაკვეთით, უკვე მიმდინარეობს პროგრამის სამწლიანი მოქმედების შეფასება. რეკომენდაციები, რომელიც შეფასების შედეგად დაიდება, არსებული ინდიკატორების გადახედვის საფუძველი გახდება.
მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრომ დიდი შრომა გასწია, სამუშაო კვლავ ბევრია. უკვე მოყვანილი მაგალითების გარდა, ამაზე ის ინფორმაციაც მეტყველებს, რომელიც “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” აგვისტოს შუა რიცხვებში გაავრცელა (“ახალი თაობა”, 15-16.08, 2009 წელი). ცენტრმა სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში მცხოვრები ალექსანდრე სიყმაშვილის ოჯახისთვის საარსებო შემწეობის დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვა. ოჯახი, ცენტრის მონაცემებით, იმდენად გაჭირვებულია, რომ, სიცივისა და შიმშილისგან, ბავშვი მოუკვდა. სიყმაშვილების მთელი ქონება დანგრეული სახლი, ორი რკინის საწოლი, ფეხმოტეხილი სკამი, რკინის ღუმელი, ერთი მაგიდა, მეზობლების მიერ ნაჩუქარი 70-ლარიანი შავ-თეთრი ტელევიზორი და რამდენიმე თეფშია, შემოსავლი კი – თვეში სამჯერ, მეზობლის საქონლის მწყემსვით მიღებული 21 ლარი. ამ ინფორმაციის გავრცელების დროისთვის ისინი ყოველთვიური საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვში არ ირიცხებოდნენ.

მათი ინტიმი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, 3 დეკემბერს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღო “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (ინვალიდთა) სოციალური ინტეგრაციის” კონცეფცია, რომელიც სტრატეგიულ დოკუმენტს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა სოციალურ გარემოში ინკლუზიური ჩართვის, არადასიკრიმინაციის, თანაბარი პირობების უზრუნველყოფისა და სრულფასოვანი ადაპტაციისათვის. ვიცე-სპიკერის გაცხადებით, უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი შესაბამის სამოქმედო გეგმასაც დაამტკიცებს. “მთავარია ამოცანა არის, რომ ინვალიდები დასაქმდნენ, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება მიეცეთ, რომ მხოლოდ სოციალურ დახმარებაზე არ იყვნენ დამოკიდებულები,” – განაცხადა გიგი წერეთელმა. მისი სიტყვებით, – “არსებული პრობლემებისა და გლობალური კრიზისის მიუხედავად, ქვეყნის მთავრობა უარს არ ამბობს მის მიერ აღებულ არც ერთ სოციალურ ვალდებულებაზე, პირიქით, გარკვეულ კატეგორიას, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახები და ინვალიდები, სახელმწიფო დახმარებას უზრდის.” საქართველოში მოქმედი შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ თანამშრომლობა ხელისუფლებასთან ნაყოფიერი გახდა. თუმცა, მთავარი საკითხი თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად ჯერ ისევ გადაუჭრელი რჩება.

ორგანიზაცია Aconsulting-ის მიერ 2006 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველა შშმ პირი არაადაპტირებულ გარემოს უჩიოდა, იმას, რომ დამოუკიდებლად გადაადგილებას ეტლითაც კი ვერ ახერხებდა. იმ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, უსინათლოთათვის შუქნიშნებთან სპეციალური ხმოვანი სასიგნალო მოწყობილობა თბილისში მხოლოდ ორგან იყო დამონტაჟებული; ფეხით მოსიარულეთა მიწისქვეშა გასასვლელებში კი საეტლე ბილიკები – მხოლოდ ვაკის პარკთან და სამგან – ილია ჭავჭავაძის გამზირზე. საქართველოში მოქმედი 11 საპილოტე სკოლიდან, სადაც ინკლუზიური განათლება მიმდინარეობს, პანდუსებით, სპეციალური ბილიკებით და სველი წერტილებით აღჭურვილი იყო მხოლოდ ორი სკოლა; გადაადგილებისთვის აუცილებელი საშუალებები არც თეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში არსებობდა.
დღეისთვის ვითარება ასეთია: შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის ნაწილობრივ მოსახერხებელია ის 40-მდე ყვითელი ავტობუსი, რომელსაც პანდუსი და დაბალი ასასვლელი აქვს. პანდუსებით უზრუნველყოფილ ტერიტორიებს კი ქალაქში ვერისა და "9 აპრილის" ბაღები ემატება. სპეციალურად მოაწყვეს საპილოტე პროგრამაში ჩართული სკოლებიც. თუმცა, ბევრგან პანდუსი მოშლილია, ლიფტი კი არ მუშაობს. ბილიკების დახრის კუთხისა და სხვა ტექნიკური მიზეზების გამო, დღემდე ჭირს მიწისქვეშა საეტლე ბილიკებით სარგებლობაც. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ყველაფერი ეს იძენს იმიტომ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გაერო-ს კონვენციაზე მიერთების თანხმობა საქართველოს ხელისუფლებამ იმ პირობით განაცხადა, თუკი სასწრაფოდ არავინ მოგვთხოვდა ინფრასტრუქტურის შშმ პირთა საჭიროებების გათვლისწინებით გადაწყობას.
ეს დათქმა ეკონომიკის განვითარების სამინისტროში ასე განმარტეს: გაერო-ს კონვენციის მე-9 და მე-20 მუხლების (ინფრასტრუქტურის შესაბამისობის მოთხოვნა) მოთხოვნების ინპლემენტაცია მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული და, ნაკლებად სავარაუდოა, უახლოეს ხანებში მათი შესრულება მოხერხდეს. სამინისტროში იმასაც ამბობენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის ინფრასტრუქტურის ადაპტირება, გაერო-ს კონვენციაზე მიერთების შემდეგ, თანდათანობით იქნება შესაძლებელი. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს საკითხი ხელისუფლებაში თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესად არ მიაჩნიათ. სულ სხვაგვარად ფიქრობენ ადამიანები, ვისთანაც ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტური პრაქტიკის განმავლობაში მისაუბრია.

ჯაბა ტატიშვილი

ჩვენი საუბარი 2006 წელს შედგა. მის ბინაში, რომელიც ჯაბასთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბევრი სხვა ადამიანისგან განსხვავებით, ციხედ არ ქცეულა. ეს მისი მშობლების დამსახურება გახლდათ, ისინი ბიჭს თავიდანვე დამოუკიდებლობას აჩვევდნენ, უშვებდნენ ეზოში, ქუჩაში, მხარს უჭერდნენ თანატოლებთან მის ურთიერთობას. მაშინ ჯაბამ მითხრა, რომ ცხოვრებისადმი მისი დამოკიდებულება სწორედ ამის დამსახურებაა.
“ინვალიდი ბავშვი არ უნდა ჩაიკეტოს სახლში. კომპლექსი არ უნდა ჰქონდეს არც ბავშვს, არც მშობელს – არავინ იცის, ამ სავარძელში ხვალ ვინ ჩაჯდება. მე გარეთ ვიყავი ხშირად, ირგვლივ მყავდა ბევრი ადამიანი, ჩემზე უფროსები, მათმა მოსმენამ, მათთან ერთად ყოფნამ გამივითარა გონება. ისეთი პირობები უნდა არსებობდეს, რომ ინვალიდი გარეთ უპრობლემოდ გავიდეს, რომ ქვეყანამ დაინახოს – ჩვენ ვართ. აქ ჯერ ისეთი სისტემაა, ინვალიდი სახლშია ჩაკეტილი. უცხოეთში ყველაგან წახვალ და წამოხვალ. აქ... მაგალითად, მყავს მოტორიანი ეტლი. აქედან დიდ დიღომში მაინც ვერ წავალ – აკუმულატორი არ მეყოფა. უცხოეთში ისეთი სისტემაა, ნებისმიერ ადგილას მოახერხებ დატენვას. გზებიც ისეა მოწყობილი, უპრობლემოდ იმოძრავებ. აქ?.. ვთქვათ, მარტო ხარ და არ გინდა ვინმე დაავალდებულო, _ ვერ მოახერხებ, მანც და მაინც ვიღაცას უნდა თხოვო დახმარება. ასე არ შეიძლება. ყოველ დღე მეგობარსაც ვერ სთხოვ დამეხმარეო, მასაც ხომ თავისი ცხოვრება აქვს...”
დიაგნოზი – ცერებრალური დამბლა ხელს არ უშლიდა ჯაბას საკუთარი თავისთვის მიეხედა – ეჭამა, ჩაეცვა. 6 წლის იყო, ჭადრაკი რომ ისწავლა, სწავლაც თავის დროზე დაიწყო, 61-ე სკოლიდან პედაგოგები მასთან სახლში მიდიოდნენ, მე-7 კლასში იყო, “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” რუსულად რომ წაიკითხა, კარგად ერკვეოდა სპორტში, მუსიკაში. იმ დროისთვის, 25 წლის ასაკში, ჯაბამ იცოდა კომპიუტერი, ინგლისური, მაგრამ ამ შესაძლებლობებს ვერ იყენებდა. ამის საშუალებას მას არაადაპტირებული გარემო არ აძლევდა.
იქ, სადაც გარემოსთან ადაპტირების პრობლემა მოხსნილია, ყველას ეძლევა თანაბარი შესაძლებლობა, სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია დენ კიპლინგერი - "მეფე ხეიბარი", რომლის ცხოვრებაზეც ამავე სახელწოდების, არაერთი კონკურსის ლაურეატი ფილმი გადაიღეს. ცერებრული დამბლით დაავადებული დენი ცნობილია თავისი ნახატებით, რომლებსაც სპეციალური მოწყობილობის დახმარებით ხატავს. მისი ნამუშევრები წარმატებით მხოლოდ ავტორის ბიოგრაფიის გამო არ სარგებლობს. დენ კიპლინგერმა სირთულეები დედის, მეგობრების, მასწავლებლების, ლექტორების – მთელი ამერიკის დახმარებით დაძლია. გამართული სისტემის პირობებში, იგივე გზის გავლა ადამიანის ნებისყოფასა და სურვილზეა დამოკიდებული. იქ კი, სადაც სისტემა მოიკოჭლებს, სურვილი და ნებისყოფა საკმარისი არ არის.

ცენტრი “ანიკა”

თბილისის იმ იშვიათ შენობებს შორის, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზეა მორგებული, ერთ-ერთია დღის ცენტრი "ანიკა", სადაც 7-დან 22 წლამდე ბავშვები და ახალგაზრდები დადიან, ძირითადად ცერებრული დამბლის დიაგნოზით. "ანიკას" შენობა ჩვენი ქვეყნისთვის უნიკალურია – ეტლიან ადამიანს მის ნებისმიერ კუთხეში უპრობლემოდ შეუძლია მოხვედრა, ტუალეტითა და საცურაო აუზით სხვების დაუხმარებლად სარგებლობა. ცენტრს სპეციალური ლიფტიანი ავტობუსი ემსახურება. თუმცა, ბევრისთვის ამ ავტობუსამდე მისვლაც არ არის იოლი –ეტლიანი ბავშვები სადარბაზოებში მშობლებს ხშირად ხელით ჩაჰყავთ.
ცენტრის ხელმძღვანელი ირინა ინასარიძე ამბობს, რომ ეს ხშირად მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების პრობლემა არ არის: "იყო ასეთი შემთხვევა: არასამთავრობო ორგანიზაციის "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" თხოვნით, სახლებში, სადაც ეტლით მოსარგებლე ადამიანები ცხოვრობდნენ, ერთხანს "თბილისის კორპუსი" ლიფტებს ურიგოდ აკეთებდა, მაგრამ ზოგან სახლების ბინადრებმა უარი განაცხადეს თანადაფინანსების წილის გადახდაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს წილი შეღავათიანი იყო. იგივე ვითარებაა საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და სხვა დაწესებულებებშიც."
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სტრუქტურების განვითარების სააგენტო, როგორც მისი დირექტორის მოადგილე თეა კვინტრაძე ამბობს, აპირებს, ტენდერებში, რომელსაც სააგენტო მომავალში გამოაცხადებს, შენობების ადაპტირების პირობა აუცილებლად ჩადოს. რაც შეეხება კერძო სამშენებლო კომპანიებს, დღეს შენობების ადაპტაცია, ფაქტობრივად, მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" სამშენებლო კომპანიებისთვის ამ თემაზე სპეციალური სემინარებიც გამართა, სახლების პროექტირებისას სემინარზე მოსმენილი საკითხები არავის გაუთვალისწინებია. ახალი შენობების აბსოლუტური უმრავლესობა მთლიანად არაადაპტირებულია. როგორც ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი, რატი იონათამიშვილი ამბობს, გამონაკლისია სამი სახლი, რომელიც ვაკეში აშენდა.
ადაპტირებული გარემოს კლასიკური სურათი ირინა ინასარიძეს სხვა ქვეყნიდან გამოჰყვა: "ამერიკაში, ერთ ჩვეულებრივ სასტუმროში მსოფლიო კონგრესზე შევიკრიბეთ. ერთი მონაწილე გვყავდა, უხელო, უფეხო. მოძრაობდა მოტორიანი ეტლით, რომელსაც მხრით მართავდა. როცა სასესიო დღის შემდეგ დარბაზიდან გამოვედით, დავინახე, რომ ლიფტისკენ წავიდა. წავედი დასახმარებლად. არ დასჭირვებია - ღილაკს ნიკაპი მიაჭირა, ლიფტი გამოიძახა, შევედით, ისევ ნიკაპით მიუთითა, რომელი სართული უნდოდა, გაჩერდა ლიფტი, გავიდა, პირით მოარგო პლასტიკური გასაღები კარს, გააღო და ნომერში შევიდა. მერე დავაკვირდი შენობას - ყველაფერი: ღილაკი, სახელური, გასაღების ბუდე - ისეთ დონეზე იყო გაკეთებული, რომ ნებისმიერი სიმაღლისა და მდგომარეობის ადამიანი მისწვდებოდა; ყველაფერს ბრაილის შრიფტით ჰქონდა მიწერილი, რა იყო და როგორ უნდა მოგეხმარათ. უსინათლოს ყოველთვის ეცოდინებოდა, რომელ სართულზე იყო, რომელ ოთახში, რა ატრიბუტთან... ჩვენთან ასეთ გარემოზე ჯერ ოცნებაც არ შეიძლება".

გიორგი ძნელაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" წევრი, გიორგი ძნელაძე მიიჩნევს, რომ პრობლემა უმტკივნეულოდ მოგვარდება, თუკი სახელმწიფო სამშენებლო სატენდერო პირობებს დახვეწს, თუკი სატენდერო წინადადებაში ჩაიდება მოთხოვნა, რომ მშენებელს შენობის ადაპტირება ევალება, – “ის მაინც ასრულებს სამუშაოს და, კიბის მაგივრად პანდუსს თუ დააყენებს, რაც არ ებეგრება, რა უნდა წააგოს? 60-ის ნაცვლად 80-სანტიმეტრიან კარს თუ გააკეთებს, ერთგვარი ეკონომიაც გამოუვა. რა მნიშვნელობა აქვს მისთვის, კარის სახელურს ცოტა ქვემოთ თუ დაამაგრებს? – არავითარი. ჩვენთვის კი ეს აუცილებელია.
ჯერ რა თანასწორობაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა ტუალეტი და აბაზანაა არაა იმ ზომებში მოქცეული, რომ ეტლიანმა ადამიანმა მისით სარგებლობა შეძლოს? საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2003 წლის ბრძანებით, დატკიცდა შესაბამისი ინსტრუქციები - “საცხოვრებელი გარემო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის”, “საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობები შეზღუდული შესაძლებლობეის მქონე პირთათვის – გეგმარებითი ელემენტების ნორმალებისა და შეზღუდული სესაძლებლობების მქონე პირთა სიცოცხლისუნარიანი სივრცის პროექტირების შესახებ.” ეს ინსტრუქციები მოქმედია, ჩვენთვის საჭირო ყველა მომენტს ითვალისწინებს, მაგრამ არ სრულდება.
ასეთი ნორმალები ქმნის ცივილიზებულ გარემოს ნებისმიერ ქვეყანაში. იგივე პანდუსი, სპეციალური ლიფტი არ არის მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის. მისით შეიძლება სარგებლობა დასჭირდეთ მოხუცებს, ფეხმძიმე ქალებს, საბავშვო ეტლებს, სხვებსა და სხვებს, დროებითი ტრავმა ვისაც აქვს, ისიც ამით სარგებლობს. ეს ინფრასტრუქტურის თანამედროვე დიზაინია და არა სპეცპროექტირება. გონიერი საზოგადოებები მიხვდნენ იმას, რომ არსებობს ისეთი კატეგორიის ადამიანები, ვისთვისაც თანაბარი პირობების შექმნაა საჭირო და ეს მათთვის შეღავათის გაკეთებას არ ნიშნავს.”
“ცხოვრების თანაბარი პირობების შექმნა არ არის შეღვათები – ეს სხვებთან თანაბარ პირობებში ყოფნაა,” – ხაზს უსვამენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები. ამასვე ამბობენ ისტორიები, რომელსაც ისინი ყვებიან. მაგალითად, გიორგი ძნელაძე:
“გერმანიაში, რომ ვიყავი, მომბეზრდა სასტუმროში ყოფნა, ჩემი მეგობარი სადღაც იყო გასული, საღამო ხანი იყო. გამოვედი სასტუმროდან, გავედი გარეთ. გავყევი ქუჩას. ტროტუარიდან ტროტუარზე გადავედი ჩვეულებრივად, წავედი, წავედი, კილომეტრზე მეტი გავიარე. შემცივდა. დავინახე ბარი. შევედი. იყო პატარა კიბე და კიბესთან პატარა ლიფტი. ავედი, დავჯექი მაგიდასთან, მოვითხოვე ყავა, ლიქიორი. დავისვენე, წამოვედი. დამეზარა ამხელა გზის გამოვლა. გავჩერდი ავტობუსის გაჩერებაზე. მოვიდა ავტობუსი. ჩამოუშვა ლიფტი. ავედი. მიმიყვანა ჩემს სასტუმროსთან და გადმომიშვა.
თავი ვიგრძენი აბსოლუტურად დამოუკიდებლად. ჩემი ინტიმი შევინახე. მარტო ვიყავი სადღაც, ისე, რომ არავის არ ვკითხე, არავის არ ვუთხარი, – “მომეხმარე”. დამოუკიდებლად გავაკეთე ის, რისი გაკეთებაც მინდოდა ისე, რომ კაციშვილმა ვერ გაიგო. აქ ხარ თეთრი ყვავივით, – აბა, მომეხმარეთ, წამომაყენეთ, ბიჭებს დამიძახეთ – სხვანაირად ვერ გაინძრევი.
აი, ეს არ მინდა. მინდა ის – წყნარი საღამო კაფეში. ჩემი ცხოვრება მინდა მქონდეს, ჩემი ძმისა და მეგობრების ჩარევის გარეშე. ხომ შეიძლება? ერთხელ ვცხოვრობ და მაცხოვრეთ ადამიანურად.”

რამდენიმე შტრიხი ციტატისთვის

იმას, რაც საქართველოს მიწაზე ბოლო 16 წელია ხდება, ეთნოკონფლიქტები მხოლოდ პირობითად თუ შეიძლება ეწოდოს. ქართველებსა და ოსებს, მით უმეტეს ქართველებსა და აფხაზებს არაფერი გვაქვს გასაყოფი. ამ ეთნოსებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში ტიპური იყო შერეული ქორწინებები, ოჯახურ კავშირზე მყარი კავშირი კი ბუნებაში არ არსებობს. ეჭვ გარეშეა, რაღაც გამოგვრჩა, რაღაცას ყურადღება არ მივაქციეთ, რაღაც ვერ გავთვალეთ... ყველაფერი ეს მავანმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა და მუჭა-მუჭა ნაგროვები კაცუნების საშუალებით, ერთმანეთს წაგვკიდა.

- ვფიქრობ, რომ ყველაფერი სოციალური მოლოდინების არევ-დარევის გამო მოხდა - ამბობს ფსიქოლოგი მზია გომელაური, - ეს, ალბათ, არ არის ერთადერთი ფაქტორი, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძალზე ძლიერი მომენტია - მან საფუძველი შექმნა.
იურიდიული კანონებისგან განსხვავებით, მოლოდინების სისტემა არაა დაწერილი, მაგრამ, თავისთავად, ქვეცნობიერად, ქცევით სისტემაშია ჩართული და ჩვენც ვიცით, რას უნდა მოველოდეთ ერთმანეთისგან.
აი, თქვენ შემოხვედით ჩემთან, როგორც სტუმარი. ბუნებრივია, არ შეიძლება მოიქცეთ ისე, როგორც მასპინძელი. თქვენ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ, როგორც სტუმარს: შეგიძლიათ ადგეთ, შეგიძლიათ სხვა სავარძელში გადაბრძანდეთ და ა.შ. მაგრამ არ შეგიძლიათ გამოაღოთ ჩემი კარადა. მოლოდინებს გარკვეული ამპლიტუდა აქვვთ, გარკვეული საზღვარი, რომლის იქით მოქმედება უკვე არასწორი იქნება.
- სტუმარს, რომელიც შენ მიწაზე სახლდება და, თანაც, დროებით არა, ალბათ, პრეტენზიაც გაცილებით მეტი აქვს და სურვილიც?
- მოდელი იგივე რჩება.
როდესაც სხვა ეთნოსი მოდის ჩემთან საცხოვრებლად, არ არის საჭირო იმაზე ლაპარაკი, თუ ვინ რა უნდა გააკეთოს. თავისთავად, ჩვენ მათ მიმართ მოლოდინები გვაქვს, ისევე, როგორც მე თქვენს, როგორც სტუმრის მიმართ და იმათაც აქვთ გარკვეული მოლოდინები ჩემს, როგორც მასპინძლის მიმართ. საკმარისია დაირღვეს ეს მოლოდინები, რომ ჩვენ მაშინვე რეაქციას ვიძლევით.
მაგრამ ამ ჭრილში უკვე ეროვნებათშორის ურთიერთობებთან გვაქვს საქმე და ნახეთ, რა ხდება: როდესაც სტუმარი ჩემ სახლში ბევრის უფლებას აძლევს თავს, მე შემიძლია იგი მოვიკვეთო, მოვიწყვიტო, სკანდალი გავუმართო - ეს არ იქნება საშიში, მაგრამ როდესაც სხვა ერი აკეთებს იგივეს ჩემ ტერიტორიაზე, მდგომარეობა საშიში ხდება, რადგან იგი ჩემ სამშობლოს ეხება.
1993 წელს, აფხაზეთის ომის დროს, გამოკვლევა ჩავატარე, რომლის შედეგად მოხდა სამშობლოს, როგორც ფენომენის არსის განსაზღვრა. აღმოჩნდა შემდეგი: სამშობლო - ერი არის ჩემი და ჩემ მსგავსთა (ფსიქოლოგიური წყობით, კულტურით, ისტორიით, ადათ-წესებით, ენით გენეტიკური მსგავსებით) სამყაროში დაცულად ყოფნის დაბადებამდე მოცემული ადგილი, რომელთანაც (სამშობლო) და ვისთანაც (ერი) მყარდება იდენტობა (მსგავსების განცდა). სამშობლო - ერი წარმოადგენს მძლავრ მოტივაციურ ბერკეტს, ხოლო, რაც შეეხება იდენტობას, მის საფუძველზე ხდება ფინალობის (სიკვდილის) პრობლემის ერთგვარი დაძლევა.
ესე იგი, სამშობლო ჩემთვის უმთავრესია, ვინაიდან, არსებობის გარკვეულ გარანტიას მაძლევს, - ამასთან, თურმე, არაა აუცილებელი ეს არსებობა მაინც და მაინც უშუალო შთამომავალში გრძელდებოდეს - დგება სიკვდილ-სიცოცხლის, ჩემი ძალიან შორეული, თვალს რომ ვერ მივაწვდენ ისეთი მომავლის არსებობის საკითხი. ამიტომაა სამშობლოსთვის თავის გაწირვა ბუნებრივი, ამიტომ ხდება ყველაფერი გაცილებით საშიში და სერიოზული, როდესაც სამშობლოს გეცილება ვინმე.
- კონფლიქტები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს, თითქოს, სწორედ ამ ნიშნებით მიდიოდა - ოსებიც და აფხაზებიც «თავიანთ ისტორიულ მიწა-წყალს» იცავდნენ...
- მთავარი აქ ის არის, თუ რატომ ჰგონიათ მათ, რომ თავიანთ ძირძველ ტერიტორიას იცავდნენ. ეს ხომ ისევ ჩვენს გამო. ჩვენი პოლიტიკა იყო ასეთი - ოღონდ შენ კარგად იგრძენი თავი, ოღონდ შენ ჩემთან კარგად იყავი და მე შენ ყველაფრის უფლებას მოგცემ, დავარქმევ, რომ ეს შენია!.. აი, რომ დავარქვით, მანაც ასე გაზარდა თავისი შვილი, რომელიც ახლა მიიჩნევს, რომ მიწას ქართველი ართმევს. ოსებსაც და აფხაზებსაც - თუ ამ სიტყვაში აფსუას ვგულისხმობთ - აქვთ თავიანთ ისტორიული სამშობლო ჩრდილოეთ კავკასიაში. რაც შეეხება აფხაზს, რომელიც, ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხის შვილების მსგავსად, ქართველია, სხვა სამშობლო მას არ სჭირდება.
მე ძალიან მიყვარს ქართველ ებრაელთა მაგალითის მოყვანა. ჩვენს შორის არასდროს არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. მათზე ხანგრძლივად და მრავლად არავის უცხოვრია საქართველოში. განა, ისინი არ სახლობდნენ კომპაქტურად? მაგრამ არც ერთს არ მოსვლია აზრად მიწა მოეთხოვა, მაშინაც კი, როდესაც ისრაელის, როგორც სახელმწიფოს აღდგენაზე საუბარიც არ იყო. ებრაელებს არასდროს დაურღვევიათ სტუმრის შესატყვისი მოლოდინები და ჩვენ - მასპინძლისა.
- რამდენადაც ვიცი, კვლევაში, რომელიც ახსენეთ, აჩვენა, რომ დევნილებს ურთიერთობის მზაობა ისევ და ისევ აფხაზებთან ჰქონდათ.
- დიახ. ქართველს არ აქვს კონფლიქტი სხვა ეთნოსთან, რომელიც მის ტერიტორიაზე ცხოვრობს და, თუნდაც, თავისი ისტორიული სამშობლოსთვის ზრუნავს, თუკი იგი არაფერს აკლებს, არაფერს ვნებს საქართველოს. იზრუნოს სომეხმა თავისი სომხეთისთვის, ოღონდ ნუ იტყვის, თამარ მეფე სომეხი იყოო.
არის მეორე მომენტიც: სხვა მოდის ჩემ ადგილზე, ჩემი მსგავსების გვერდით და ჩემზე ზრუნავს. ეს, რატომღაც დიდ აღფთოვანებას, მადლიერების განცდას იწვევს ქართველში. რატომ? რა მოხდა ასეთი? ის სხვა ჩემ ადგილზე მოდის, ჩემსას იყენებს და, განა, ბუნებრივი არ არის, ჩემზე, ჩემ სამშობლოზე იზრუნოს? იგი ხომ სწორედ არსებულ მოლოდინებს ამართლებს, მისი სამშობლოც ხომ ეს არის?
- ქართველის მადლიერების ამ გამახვილებულ გრძნობას პატარა ერის კომპლექსს აწერენ.
- მე არა მგონია, რომ ეს სიღრმისეული ახსნა იყოს. ზედაპირზე დევს მადლიერება, მაგრამ, ჩემი აზრით, მისი საფუძველი ძალიან ქვეშმდებარეა და, ფენომენალურად, საკმაოდ საინტერესო საკვლევი.
- როგორ უნდა მოხდეს შერიგება, დაბრუნება?
- მე დიდ აქცენტს ვაკეთებ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სწორედ ფსიქოლოგიურ მომენტს - ცოდნა უნდა შევიდეს მათ ფსიქიკაში, ცნობიერებაში, ამასთან, მეთოდურად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ჩვენი დღევანდელი ყოფა იმითაა გამორჩეული, რომ ადამიანები პროცესით ნაკლებად ინტერესდებიან, ყველას პირდაპირ შედეგი აინტერესებს, არადა, სწრაფად არაფერი ხდება. ნელ-ნელა ყველაფრის მიღწევა შეიძლება.
არ არსებობს აზრი, არ არსებობს იდეა, რომელიც შეიძლება არ იქნას გაგებული, მიღებული, თუ მას სწორად შევიტანთ, ისეთი დოზებით, რომელთა მონელება, რომელთა გადახარშვა ადვილი იქნება. ამიტომ, თავად ჩვენ, ქართველები უნდა ავეწყოთ საიმისოდ, რომ ვთქვათ: დანაშაულის თანაავტორები ჩვენც ვართ, ჩვენც და უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებით, იდეით, ცოდნით.

კვლევის მიხედვით, რომელიც ჩვენმა რესპოდენტმა მაგალითად მოიყვანა, იქ სადაც მოსახლეობის უმრავლესობას სხვა ეროვნებები შეადგენდნენ, ურთიერთობისთვის მზაობას ქართველები, ქართველების შემდეგ, სწორედ ამ ერების მიმართ გამოხატავდნენ. სწორედ აქ დადგინდა, რომ ურთიერთობებისთვის მზაობას ერთმანეთის შესახებ ცოდნის დონე განაპირობებდა.
სახელმწიფოს საშინაო პოლიტიკა ამგვარ კვლევებს უნდა ეყრდნობოდეს, ისინი არსებული სიტუაციების რეალურ სურათებს ქმნიან და ყველა თეთრ ლაქაზეც მიუთითებენ. საქართველოში ბევრი ეთნოსი ცხოვრობს, ცხოვრობს კომპაქტურად, ხშირად, კონკრეტულ ადგილზე მათი ოდენობა ქართველებისას აღემატება. თუ აქამდე ვერ მოვახერხეთ მეცნიერების შესაძლებლობების გამოყენება, ახლა მაინც დავინტერესდეთ, - ზოგიერთები ხომ დღესაც ცდილობენ საქართველოს ახალი ავტონომიებით “გამდიდრებას”.

1910 წლის 1 იანვარს გაზეთი «დროება» თავის პირველ ნომერში, პუბლიკაციაში «ცოცხალი სინემატოგრაფი» ასეთ რამეს წერდა:
“... ჩვენ ბედნიერება გვქონდა, ვივონ ედისონთანაც გველაპარაკა, აღტაცებულია ქართველებით. თქვენისთანა ალტრუისტი და კაცთმოყვარე ხალხი დედამიწაზე არ მინახავს, ყველფერს, საკუთარ სამშობლოსაც კი სხვას უთმობთო. გამეხარდა, რომ ასეთი კარგი აზრისაა ჩვენზე გამოჩენილი ადამიანი...”
რა ახარებდა?

მითებში დაკარგულები

ჩვენთვის უცნობი ქალის წერილიდან: “...დროის მეტ ნაწილს სახლში ვატარებ. არც მეგობარი შემომრჩა და არც არავინ მესაუბრება ისე, როგორც ადრე. სამწუხაროდ, ახლა არავის ვჭირდები. ყველა გამირბის. “შეშლილს”. “გიჟს” მეძახიან. როგორ ფიქრობთ, ეს სასიამოვნოა? სასიამოვნოა ისეთი რაღაცების მოსმენა, რომელიც სიკვდილზე მაფიქრებინებს? მე ეს ძალიან დიდ ტკივილს და ტანჯვას მაყენებს. ჩემი სული, თითქოს, სხეულს ებღაუჭება და არსად უშვებს... არ ვიცი რა გავაკეთო, როდესაც ყველამ მიმატოვა. ჩემი პრობლემების გამო, სამწუხაროდ, არც სამსახურში ავყავარ. ვის სჭირდება ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება დამსხვრეული აქვს?.. არავინ მიდგას გვერდში იმიტომ, რომ ჩემი ეშიანიათ. ასეთ ყოფიერებას ჯობს, საერთოდ არ არსებობდე. ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი ჯობია... მეც ადამიანი ვარ. მეც მჭირდება სითბო და სიყვარული. მეც მსურს ვიყო საზოგადოების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. მეც მსურს თავისუფლად ვისეირნო ქუჩებში ისე, რომ არ მაშტერდებოდნენ. მეც მინდა ვიყო პიროვნება და მქონდეს იგივე უფლებები, რაც სხვებს აქვთ... მეც მინდა თავისუფლად ვსუნთქავდე...”

ამ წერილის ავტორი, ქეთი, 34 წლისაა. აქვს შიზოფრენია. ეს არის ქრონიკური ფსიქიკური დაავადება, რომლის ზუსტი გამომწვევი მიზეზი დაუდგენელია. შიზოფრენია მრავალი მიზეზის მქონე დაავადებადაა მიჩნეული. ახასიათებს სპეციფიკური ცვლილებები და, ძირითადად, ახალგაზრდა ასაკში იწყება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შიზოფრენიის დიაგნოზი აქვს 18 წლის ასაკს ზემოთ 45 მილიონ ადამიანს მთელ მსოფლიოში.

მითები და სინამდვილე

ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებით, საზოგადოებაში ბევრი მითი არსებობს. “საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის” პროექტის მენეჯერი, ფსიქიატრი მარინა კურატაშვილი რამდენიმე მათგანს გამოჰყოფს:
“მითი პირველი – ფსიქიკური დაავადება სასიცოცხლო განაჩენია.
ასე არ არის. ფსიქიკური დაავადება სასიცოცხლო განაჩენი არ არის და ამ პრობლემის მქონე ადამიანების ნაწილი სრულად გამოჯანმრთელდება, თუკი დროულად მიიღებს დახმარებას. ზოგიერთებისთვის ფსიქიკური დაავადება თავს იჩენს მხოლოდ დრო და დრო და ამ ეპიზოდებს შორის კარგად ყოფნის წლებია.
მითი მეორე – ყველა ფსიქიკური დაავადება ერთნაირია.
მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ფსიქიკური დაავადებისას ვლინდება სიმპტომების გარკვეული ნაკრები, არსებობს ბევრი სახის ფსიქიკური დაავადება, რომელთაც განმსახვავებელი და მრავალფეროვანი სიმპტომატიკა და გამოსავალი აქვთ.
მითი მესამე – ადამიანები, რომლებსაც ფსიქიკური დაავადებები აქვთ, მოძალადეები, სახიფათოები არიან.
სინამდვილეში, კვლევა ადასტურებს, რომ ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანები არ არიან იმ ადამიანებზე უფრო სახიფათოები ან მოძალადეები, რომლებსაც ფსიქიკური დაავადებები არ აქვთ. პირიქით, თავად ისინი მეტად არიან ძალადობისა და თვითდაზიანების მსხვერპლნი. გამოთვლილია, რომ, ცხოვრების მანძილზე, რისკი იმისა, რომ შიზოფრენიით დაავადებულმა ადამიანმა დააზიანოს ან მოკლას სხვა არის 0,005%. ამასთან, რისკი იმისა, რომ მან თავი დაიზიანოს ან მოიკლას, 10%-ია.
მითი მეოთხე – შეუძლებელია, მომხმარებლები (მედიკამენტების – ავტ.) საზოგადოების აქტიური წევრები იყვნენ.
ამ დროს, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადმიანებს აქვთ უნარი, სრულად ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ საზოგადოების ცხოვრებაში. ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანებს, რომლებიც მკურნალობენ, შეუძლიათ აკონტროლონ თავიანთი აშლილობა, მათ ნაწილს კი შეუძლია ისწავლოს ან აღიდგინოს უნარები და ჩვევები, რომელიც ხანგრძლივი ან ხშირი ჰოსპიტალიზაციის დროს დაკარგა. საზოგადოების მიმღებლობა, ხშირად, მათთვის ერთადერთი ბარიერია.
მითი მეხუთე – მომხმარებლები “ნორმალური” ადამიანების მსგავსნი არ არიან, განსხვავდებიან “ნორმალური” ადამიანებისგან.
რეალურად, ხალხის მასისგან მომხმარებლებს ვერ გამოარჩევთ. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ყველა ადამიანის მსგავსად, ოცნებობენ, აქვთ ნატვრები, იმედები, სურვილები, ინტერესები, მიზნები და ამბიციები. ჩვენს მსგავსად, მათაც სურთ კმაყოფილება და სიამოვნება მიიღონ ცხოვრებისგან.
მითი მეექვსე – მომხმარებლები ვერ შეიცვლებიან.
პრაქტიკა აჩვენებს, რომ ადამიანები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით, მკურნალობის შედეგად გამოჯანმრთელდებიან და ჯანსაღ, პროდუქტიულ ცხოვრებას უბრუნდებიან. სამწუხაროა ის, რომ, საზოგადოებაში არსებული სტიგმის გამო, ხშირად, მკურნალობას გაურბიან.
მითი მეშვიდე – მომხმარებლებს აკლიათ ინტელექტი და არიან სულელები.
რა თქმა, უნდა, ეს არასწორია. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები ისეთივე საზრიანები და გონიერები არიან, როგორც ძირითადი მოსახლეობა. კვლევები ადასტურებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების ინტელექტის კოეფიციენტი საშუალოა.”

საზოგადოების მიმღებლობა

სტიგმა – ეს არის ძირითადი ფაქტორი, რომელიც ფსიქიკური პრობლემების მქონეებს აიძულებს გაექცნენ მკურნალობას, შესაბამისად, მდგომარეობა დაიმძიმონ. ფსიქოლოგები გეტყვიან, რომ სტიგმა ადამიანში იწვევს სირცხვილის, დანაშაულის, მარტოობის, უსამართლობის, დისკრიმინაციის განცდას, ჩაკეტილობას, ოჯახის “შემარცხვენლის” როლის მორგებას. რომელი ჩვენგანი იცხოვრებდა ასეთ მარწუხებში? ისინი ცხოვრობენ, – დიდ ბრიტანეთში 10 წლის ინტერვალით ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის ორმა იდენტურმა კვლევამ აჩვენა, – ადამიანების უმრავლესობა (რესპონდენტთა 80%) თავს უხერხულად გრძნობს ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის გვერდით.
ასე უყურებს სტიგმას შიზოფრენიით დაავადებული ერთ-ერთი პაციენტის ძმა: “ჩემთვის სტიგმა ნიშნავს შიშს, რომელიც დარწმუნებულობას მაკარგვინებს... სტიგმა – ეს დანაკარგია, რომელიც უსასრულო სევდას იწვევს... სტიგმა – ეს ნიშნავს, რომ რესურსები მიუწვდომელია... სტიგმა – ნიშნავს უხილავი გახდე, ან მუდმივად შეურაცხყოფები მიიღო... სტიგმა – ოჯახის წევრთა მხრიდან პატივისცემის არარსებობა და სირცხვილის მტანჯველი განცდაა, რაც თვითშეფასების დაქვეითებას იწვევს... სტიგმა – ეს ჩაკეტილობაა... სტიგმა – ეს რისხვაა, რომელიც გარიყვას იწვევს... და, რაც მთავარია, სტიგმა – ეს უიმედობაა, რომელიც უმწეობას წარმოშობს.”
ფსიქოლოგი ქეთევან თავართქილაძე ამბობს, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანის მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უყურებს იგი თავის ნაკლს, – “სწორედ ამაზეა იგი დამოკიდებული და არა თავად ნაკლზე და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერი ადამიანი უფრო ბედნიერი იქნება, როცა მას არ იცოდებენ, ამიტომ, უნდა გვიყვარდეს ისინი ისეთები, როგორებიც არიან. ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანს უნდა სჯეროდეს, რომ მისი ნაკლი თქვენთვის ძალიან ცოტას ნიშნავს, დარწმუნებული უნდა იყოს საკუთარ ძალებში და კმაყოფილი – თავისი ცხოვრებით. ყველაფერი ეს მისცემს მას და მის ოჯახს რწმენას იმისა, რომ მარტონი არ არიან და სასირცხვილოც არაფერი აქვთ. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მედიას. იგი აძლიერებს სტიგმას, როცა საზოგადოებას წარუდგენს ვიწროდ ფოკუსირებულ, სტერეოტიპებზე დაფუძნებულ ისტორიებს და, პირიქით – შეუძლია უდიდესი როლი შეასრულოს სტიგმის, ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებული ნეგატიური წარმოდგენების, მცდარი შეხედულებების წინააღმდეგ ბრძოლაში.”
ჯერ-ჯერობით, კვლევები აჩვენებს, რომ ფსიქიკური პრობლემები მსოფლიო მედია-საშუალებებში ძირითადად, ნეგატიურად აისახება, ხშირად ასოცირდება ძალადობასთან, კრიმინალთან და, შესაბამისად, ნერგავს შიშს. ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების 20% ამბობს, რომ ამგვარი მედია-პუბლიკაციების შემდეგ, თავს უფრო იზოლირებულად და მიტოვებულად გრძნობს. ამის გამო, ისინი მედიასთან ურთიერთობასაც გაურბიან.

სულ სხვა სიტყვები

ჩაკეტილობის განცდას ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებში აძლიერებს ტერმინები, რომლებიც არაპროფესიონალების მიერ, ხშირად, არასწორად გამოიყენება. მაგალითად:
“შიზოფრენიკი” – არც თუ იშვიათად, ასე უწოდებენ ადამიანს, რომელიც შიზოფრენიითაა ავად. მშობლიურ ენაზე ანუ ბერძნულად შიზოფრენია “სულის გახლეჩას” ნიშნავს.
“გიჟი” – არ წარმოადგენს სამედიცინო ტერმინს. ხშირად, ამ იარლიყს აკრავენ მას, ვისთანაც თვალშისაცემია სოციალური ქცევის დარღვევევი.
“შიზოიდი” – ფსიქიატრიაში გამოყოფენ პიროვნული აშლილობის შიზოიდურ ფორმას, ან შიზოიდურ ფსიქოპათიას, რომელიც ხასიათდება გაუბედაობით, მორიდებულობით, სიმორცხვით, კონტაქტების გაძნელებით, ინერტულობით, მიდრეკილებით ზედმეტი რეფლექსისაკენ, როცა მოვლენები შინაგან განცდებზე დაყრდნობით ფასდება და ნაკლებად გათვლისწინებულია საზოგადოებრივი აზრი. ასეთი ადამიანები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ აბსტრაქტული მეცნიერებისა და ხელოვნებისადმი, მაგრამ გაურბიან ადამიანებთან ურთიერთობას.
“ფსიქოპათი” – ადამიანი, რომელსაც აღენიშნება პიროვნული აშლილობის (ფსიქოპათიის) რომელიმე ფორმა. ფსიქოპათია წარმოადგენს პიროვნების პათოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც კლინიკურად გამოვლინდება საზოგადოებისთვის კულტურულად მისაღები, ჩვეული სოციალური ქცევის დარღვევაში. ფსიქოპათია პიროვნების თანდაყოლილი ან აღზრდის პროცესში ჩამოყალიბებული დისჰარმონიაა, რომელიც პიროვნების ხასიათში პათოლოგიური ნიშნების არსებობით გამოვლინდება. იგი მყარი, სტაბილური მდგომარეობაა, არ ახასიათებს ფსიქიკური დაავადებებისთვის ტიპური ისეთი ნიშნები, როგორიცაა ჰალუცინაციები, ბოდვა, ცნობიერების შეცვლა და ა.შ.
“ისტერიკი”, “ისტერია” – ფსიქოპათოლოგიურ სომპტომთა კომპლექსი. შეიცავს ფსიქიკური, ნევროლოგიური და სომატური სფეროს მრავალფეროვან ფუნქციურ დარღვევას. პიროვნება ხასიათდება მაღალი შთაგონებადობის უნარით, გარშემომყოფთა ყურადღების მიპყრობის მუდმივი მისწრაფებით, დემონსტრაციული ქცევებით. ეს მდგომარეობა ხშირად გვხვდება პიროვნული აშლილობის ან ნევროზის ფარგლებში. თანამედროვე ფსიქიატრიულ კლასიფიკაციაში ტერმინი “ისტერია” აღარ იხმარება.
“დებილი”, “იდიოტი” – ეს ტერმინები გამოიყენებოდა ინტელექტუალური განვითარების შეფერხების სხვადასხვა ხარისხის აღსანიშნავად. დებილობა შეესაბამებოდა გონებრივი განვითარების შედარებით მსუბუქ ჩამორჩენას, იდიოტი – მის მძიმე ფორმას. თანამედროვე ფსიქიატრიულ კლასიფიკაციაში ეს ტერმინები აღარ გამოიყენება.
“მანიაკი” – მედიცინაში გამოიყენება ტერმინი “მანიაკალური მდგომარეობა”, რაც გულისხმობს ე.წ. სიმპტომთა ტრიადას: მხიარული, აწეული გუნება-განწყობა, აჩქარებული, ხმამაღალი, სიტყვაუხვი მეტყველება და მეტისმეტად გააქტიურებული მოტორული რეაქციები. ეს მდგომარეობა მიეკუთვნება აფექტური (გუნება-განწყობის) სფეროს პათოლოგიას.
“პარანოიკი” – სამედეიცინო ტერმინია “პარანოია”. ეს არის თანდათანობით განვითარებული ერთთემატური, სისტემატიზირებული ბოდვითი იდეები (ბოდვა – პათოლოგიურ ნიადაგზე აღმოცენებული არასწორი, მცდარი მსჯელობა, რომლის მიმართაც არ არსებობს კრიტიკული დამოკიდებულება და რომლის კორექცია, შესწორება არ ხერხდება). პარანოია მეტწილად უვითარდებათ ისეთ პირებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ აქტიურობით, მიზანსწრაფულობით, უსამართლობის მიმართ აშკარა შეუგუებლობით; ასევე ხასიათდებოდნენ თავდაჯერებულობით, ჩაკეტილობით, უნდობლობით, პრაგმატულობით...
ნათელია, რომ ჩვენი წარმოდგენები და ამ ტერმინებში ასახული რეალობა ერთმანეთს არ შეესაბამება.

დასკვნის მაგივრად

“მირორის” ჟურნალისტი, ალასტარ კემპბელი წერდა: “მე მინდა, ღიად ვილაპარაკო ჩემი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე, რადგან საკუთარი გამოცდილებით ვიცი, თუ რამდენად გეხმარება იმის ცოდნა, რომ არსებობენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც ბოლო წერტილამდე იყვნენ მისულები, მაგრამ უკან დაბრუნება შეძლეს. თუ ეს მე დამემართა, შეიძლება იგივე შენც დაგემართოს, ბუნებრივია, ეს შეიძლება დაემართოს შენ მეგობარს, კოლეგას ან ნათესავს. დაეხმარე უფრო მეტ საჯაროობას ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებით. ნუ გაამყარებ სტიგმას.”

სამი ამბავი სიყვარულზე

ფსიქიკური ჯანმრთელობა – კეთილდღეობის მდგომარეობა სოციალური, სულიერი, კოგნიტური და ემოციური ასპექტების ჩათვლით; მდგომარეობა, როდესაც პიროვნება ავლენს და ახორციელებს საკუთარ შესაძლებლობებს, შეუძლია გაუმკლავდეს ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ სტრესებს, შეუძლია, ნაყოფიერი მუშაობა და მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ფსიქიკური ჯანმრთელობა უფრო მეტია, ვიდრე ფსიქიკური აშლილობის არქონა.

ფსიქიატრი მარინა კურატაშვილი ამ განმარტებას რამდენიმე დეტალს ამატებს: ”1910-1950 წლებში ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში ჩატარებული კვლევების თანახმად, ”ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელი“ აღმოჩნდა მოსახლეობის 18-40%. დღეს ნათელია, რომ, თუნდაც ერთხელ ცხოვრებაში, ფსიქიკური აშლილობა ყოველ მეოთხე ადამიანს ემართება. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, ხშირად, ცხოვრებისეული ტრავმის შედეგია“.

განსხვავება ფსიქიკურ პრობლემებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის არ არის მკაფიო და სიმპტომთა სიმძიმიდან, ხანგრძლივობიდან გამომდინარეობს. აქ გახსენდება პასკალი: ”ყველა შეშლილია და შეშლილობა იმდენად გარდაუვალია და აუცილებელი, რომ, დავუშვათ და, კიდევაც რომ გამოგვეჩხრიკა ვინმე შეუშლელი, ისიც თავისებურ შეშლილად უნდა შეგვერაცხა“. ასეა, მაგრამ ბევრს ამგვარი დეფინიციის შიში აქვს. არადა, ადამიანები, უბრალოდ, უნდა გიყვარდეს.

ამბავი პირველი – საკრალური 1 პროცენტი
თავის დროზე ჰიტლერმა, ”არიული რასის გამოჯანმრთელების მიზნით“, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს სტერილიზაცია ჩაუტარა. მარტივი ლოგიკით, ამას ფსიქიკური პრობლემების მქონეთა რაოდენობა ჯერ უნდა შეემცირებინა, შემდეგ კი, საერთოდ მოესპო. ამ ”ექსპერიმენტმა“ შედეგი ვერ გამოიღო - ფსიქიკური აშლილობის მქონეთა რიცხვი არც კი შემცირებულა.

ფსიქიატრები გეტყვიან, რომ მსოფლიოში სტაბილურად არსებობს ადამიანების 1 პროცენტი, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვთ. 1 პროცენტს აღწევს მათი რიცხვი კონკრეტულ ქვეყნებშიც, მიუხედავად მათი განვითარებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა. დრომ და კვლევებმა ისიც აჩვენა, რომ, ფსიქიკური აშლილობის მქონენი ქალაქებში უფრო მეტნი არიან, ვიდრე სოფელ ადგილას – იქ, სადაც ნაკლებია სტრესი და ურბანისტიკა.

ფქისიატრი არჩილ ბეგიაშვილი მიყვებოდა: ”ის, რომ, მაგალითად, შიზოფრენიით დაავადებული ერთი მშობლის შემთხვევაში შვილის დაავადების შანსი 8 პროცენტია, შიზოფრენიით დაავადებული ორივე მშობლის პირობებში კი – 40 პროცენტი, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მემკვიდრეობითობა ამ დაავადებას ახასიათებს, მაგრამ ეს მაინც არ არის მხოლოდ გენეტიკური დაავადება. საქმე გვაქვს ენდოგენურ დაავადებასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მშობლიდან შვილს გადაეცემა შიზოფრენიისადმი გარკვეული განწყობა, თუმცა დაავადება შეიძლება გამოვლინდეს, შეიძლება – არა. ასე ვთქვათ, ჯანმრთელი მშობლებიც კი არ არიან დაზღვეულნი იმისგან, რომ მათ შვილს ფსიქიკური აშლილობა ექნება, რადგან ამ დაავადების მექანიზმი გაშიფრული არ არის.

ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ, რაც უფრო შეზღუდულია ადამიანი თავის უფლებებში, მით მეტია მასში აგრესია. როცა თავისუფალია, იმის შესაძლებლობაც აქვს, საკუთარი რესურსები გამოიყენოს, ამ ადამიანებს კი, სერიოზული რესურსები აქვთ, ისინი არ არიან საზოგადოებისთვის დაკარგულები. მთავარია, საზოგადოებამ შეუქმნას მათ ნაკლებად სტრესული პირობები. საქმე გვაქვს საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილთან, რომელსაც, ავადმყოფობის გამო, დაკარგული აქვს ბრძოლის, საკუთარი თავის დაცვის უნარი. რაც უფრო მაღალია ადამიანში მიდრეკილება დაავადებისადმი, მოწყვლადობა, მით დაბალი ხარისხის სტრესია საჭირო მის გამოსავლენად და – პირიქით“.

შიზოფრენია ქრონიკული, მულტიფაქტორული დაავადებაა. ახასიათებს ფსიქიკური ფუნქციების სპეციფიკური ცვლილებები. მეტწილად იწყება ახალგაზრდულ ასაკში. უპირატესად მიმდინარეობს შეტევების სახით, რომელთა შორისაც სხვადასხვა ხანგრძლივობისა და ხარისხის რემისია აღინიშნება. მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 45 მილიონ ადამიანს 18 წლის ასაკის ზემოთ ჰქონდა დასმული შიზოფრენიის დიაგნოზი. შიზოფრენიით დაავადებულია მოსახლეობის 0,2-2%. ავად გახდომის რისკი შეადგენს 0,5-1%-ს.

1951 წელს ამერიკაში მშობელთა მცირე ჯგუფმა, შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად, დააარსა ასოციაცია HARC (Hartford Association for Retarded Citizens). ასოციაციის ისტორიაში ბრწყინვალე პრეცენდენტი დაიშვა: 1995 წელს პემი და კლოდი დაქორწინდნენ. პატარძალს ცერებრალური დამბლა ჰქონდა, ნეფეს კი – მენტალური პრობლემები. მათი ქორწინება წარმატებული გამოდგა, ვინაიდან ერთმანეთის მიმართ მზრუნველობა, პატივისცემა და ისეთი არსებითი ელემენტები აქვთ, რაც ხშირად ჩვეულებრივი ადამიანების შეუღლებას აკლია.

ის, რაც მენტალური პრობლემების მქონე ადამიანების მშობლებსა და ახლობლებს მსგავს ქორწინებასთან დაკავშირებით ყველაზე მეტად აფიქრებს, სექსუალობის საკითხია: ბევრი ასეთი ადამიანი ისე შედის ასაკში, რომ სექსუალობის შესახებ არაფერი გაუგია. ამ თემაზე მათთან მეტი ლაპარაკია საჭირო, ვინაიდან სიახლოვის სურვილი მათაც მიენიჭათ. თავიანთი მშობლებისა და ნათესავების ჩახუტება და კოცნა უკვე აღარ არის საკმარისი - ისინი ზრდასრულები ხდებიან და იშვიათად თუ აქვთ ვინმეს გაცნობის შესაძლებლობა.

თუმცა სექსუალობაში ბევრად მეტი იგულისხმება, ვიდრე მხოლოდ სექსი - ურთიერთობის საჭიროება, საუბარი, ნდობა, სიყვარული და ურთიერთდაფასება. საბედნიეროდ, პემსა და კლოდს ეს ღირსებები აქვთ და დღესაც ბედნიერად ცხოვრობენ. როდესაც მათ ჰკითხეს, თუ რატომ გადაწყვიტეს ქორწინება და მეგობრებად არ დარჩნენ, კლოდმა უბრალოდ თქვა: ”მე მასთან ყოფნა მინდა. პემთან ერთად მინდა გავატარო ცხოვრება“.

ამბავი მეორე – ღვთიურივი დაავადება
სიტყვა ”ეპილეფსია“ წარმოდგება ბერძნული სიტყვისგან ”epilambanein“ და ნიშნავს ”მოულოდნელობით შეპყრობილს“. ეს სახელწოდება დაავადებას მისცეს მისთვის ასე დამახასიათებელი კრუნჩხვითი გულყრის გამო, რომელიც ადამიანს ნებისმიერ ასაკში, დროსა და ადგილზე შეიძლება განუვითარდეს. ეპილეფსია არის თავის ტვინის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, გამოწვეული თავის ტვინის ნეირონების სრულიად უნებლიე, არაადეკვატური, ადამიანისგან დამოუკიდებელი აღგზნებით და შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის, სქესის, რასისა და სოციალური ფენის წარმომადგენელს. იქამდე, ვიდრე მეცნიერება ამ დასკვნამდე მივიდოდა, ეპილეფსიას წარმოშობის უამრავი მიზეზი და სახელი მოუძებნეს.

უძველესი ცნობები ამ დაავადების შესახებ ადრეულ ბერძნულ მითოლოგიაში მოიპოვება. ერთ-ერთი მითის მიხედვით, ეპილეფსიით იყო შეპყრობილი ჰერკულესი, ამიტომ ბერძნები მას ჰერკულესის დაავადებას უწოდებდნენ. ძველ რომში ეპილეფსიურ გულყრას იდუმალ ძალებს უკავშირებდნენ და, თუ რომელიმე სენატორს შეკრებაზე გულყრა განუვითარდებოდა, ამას ღვთის რისხვას მიაწერდნენ და სენატის არასწორი მსვლელობისა თუ გადაწყვეტილებების მაუწყებლად მიიჩნევდნენ. აქედან მოდის ეპილეფსიის კიდევ ერთი დასახელებაც - ”კომიტეტის დაავადება“. მოგვიანებით ეპილეფსია ცნობილი იყო, როგორც ”ღვთაებრივი დაავადება“, ”ვარსკვლავთა დაავადება“, ”მთვარის დაავადება“.

გუსტავ ფლობერი, აგატა კრისტი, თეოდორ დოსტოევსკი, ლუის კეროლი, ჯორჯ გორდონ ბაირონი, ჟან-ბატისტ მოლიერი, ჰელმ ჰოლცი, ალფრედ ნობელი, ვინსენტ ვან გოგი, ჟანა დ’არკი, კარდინალი რიშელიე, რომის პაპი პიუს მეცხრე, ნაპოლეონ ბონაპარტე, ალექსანდრე მაკედონელი, იულიუს კეისარი... ამ სიის გაგრძელება შეიძლება. იმ კვალის გარდა, რომელიც მსოფლიო ისტორიაში დატოვეს, ამ ადამიანებს კიდევ აქვთ საერთო - ყველა მათგანს ეპილეფსია ჰქონდა.

”ეს ადამიანები ამ სიას, ალბათ, არასოდეს შეადგენდნენ, კუჭის წყლული რომ ჰქონოდათ. ეს არც გვეცოდინებოდა. ეპილეფსია რომ ჰქონდათ, ვიცით. აღვნიშნავთ – ესეც სტიგმაა. დაუკვირდით, თუ არა...” - ასე თქვა ჩემმა რესპოდენტმა, თეამ, როცა ეპილეფსიის შესახებ მასალს ვწერდი. იგი ერთ-ერთი გახლავთ იმ 40 ათასიდან, რომელსაც საქართველოში ეს დიაგნოზი დაუსვეს.

მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა, ეპილეფსიის კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, სოფიო კასრაძემ მითხრა: ”გავრცელებული ცრურწმენები იმის შედეგია, რომ საზოგადოებას არა აქვს სწორი ინფორმაცია ეპილეფსიის შესახებ. ეს არის დაავადება, რომელიც შეიძლება გავითარდეს ნებისმიერ ადამიანში, ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ დროს. ეპილეფსიურ გულყრას იწვევს თავის ტვინის ნეირონების ზეზღურბლოვანი აღგზნება, რასაც სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს.

ეპილეფსიური გულყრის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს უძილობამ, ალკოჰოლის გადაჭარბებულმა მოხმარებამ, ნარკოტიკების მიღებამ, სტრესმა, არასრულფასოვანმა კვებამ – მინერალური შრის დარღვევა იწვევს გულყრის აქტივაციას, სხვადასხვა ინფექციურმა დაავადებებმა - ტუბერკულოზურმა, ვირუსულმა, - ყველანაირმა, რომელიც მაღალი ტემპერატურით მიმდინარეობს, ასევე – ნეიროინფექციებმა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ადამიანი ამ საფრთხეებისგან დაცულია, ალბათობა იმისა, რომ ეპილეფსიური გულყრა განუვითარდეს, არსებობს - გააჩნია, რა გამაღიზიანებლის წინაშე აღმოჩნდება. სტატისტიკის მიხედვით, ადამიანების 5 პროცენტს ცხოვრებაში ერთხელ მაინც აქვს განცდილი ეპილეფსიური გულყრა“.

ასეთ მდგომარებაში ადამიანს, როგორც წესი, არ ახსოვს, რა ხდებოდა მის თავს, გარეშე მყოფთათვის კი მისი ქცევა უჩვეულო სანახავია, - ეპილეფსიურ გულყრას შეიძლება ახლდეს ხელების, ან თვალების მოძრაობა, ყვირილი, სიარული, გაუგებარი ხმების გამოცემა, და ა.შ. ეს იმაზე დამოკიდებული, ტვინის რომელ ნაწილში მოხდა ნეირონების ზეზღურბლოვანი აღგზნება. როცა არ იცი, რასთან გაქვს საქმე, ასეთმა სურათმა, შეიძლება დაგაბნიოს. არც ერთი კვლევით არ დასტურდება, რომ ეპილეფსია აგრესიულ ქცევას იწვევს. თუმცა, ვითარება, რომელიც ეპილეფსიით დაავადებულთა ირგვლივ, საზოგადოებაში არსებული სტიგმის გამო იქმნება, რეალობას ფერს უცვლის.

თეას დედა ექიმი ჰყავს და დიაგნოზს – ეპილეფსია, ბევრისგან განსხვავებით, მარწუხებში არ მოუქცევია. გოგონა სახლში არ ჩაუკეტავს, გახსნილი ცხოვრების საშუალება მისცა, მით უმეტეს, რომ სწორი მკურნალობის შედეგად, მისი გულყრები აბსოლუტურად კუპირებულია. თეას ჰქონდა ჩვეულებრივი სასკოლო და სტუდენტური ცხოვრება. აქვს პროფესია, რომელიც ძალიან საინტერესოდ მიაჩნია და სამსახური. იქ არ იციან, რომ თეას ეპილეფსია აქვს. როგორც ამიხსნა, ამაზე საუბრაი საჭიროდ არ ჩათვალა:

- ”არ არის ამაზე ხაზგასმით ლაპარაკი საჭირო. არც ხაზგასმაა სჭირო და არც სტიგმატიზება – რაღაც ბალანსი უნდა არსებობდეს. ჩვენთან ერთი უკიდურესობაა – ეპილეფსიის თემა ხალხში სტიგმატიზებულია, საზღვარგარეთ მეორე უკიდურესობაში ვარდებიან - ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის მაინცდამაინც საშიში დაავადება. ალბათ, იმიტომ ეშინიათ ეპილეფსიის, რომ... შეტევის მომენტი ცუდი დასანახია... თუმცა, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულის კომატოზური მდგომარეობაც არ არის სასიამოვნო დასანახი“.

თეა იმედოვნებს, რომ, საზოგადოების მეტი განსწავლულობის პირობებში, მას და მისნაირებს ცხოვრება გაუადვილდებათ: ”როცა იქნება საჭირო, სასურველ მამაკაცსაც ვეტყვი, რა თქმა უნდა. ვერ ვიტყოდი, რომ მამაკაცთან ურთიერთობას ვარიდებ თავს იმის შიშით, რომ ეს საუბარი ავიცილო. თუკი ადამიანებს ეცოდინებათ, რა არის ეპილეფსია, სტიგმაც სულ უფრო ნაკლები იქნება და ჩვენც უკეთ ვიცხოვრებთ... მე ვცდილობ, ვილაპარაკო ამ თემაზე ყველგან, სადაც კი შესაძლებელია, ვცდილობ, აზრიც შევაცვლევინო ადამიანებს. ბევრს ჰგონია, რომ თანაგრძნობის გამოხატვა ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია. ასე არ არის. ჩვენ შებრალება არ გვჭირდება. ჩვენ გვინდა, მიგვიღოთ ისეთები, როგორებიც ვართ“.

ამბავი მესამე – მშვენიერი სამყარო
ფსიქიატრიაში გამოიყოფა ნიშანთა ერთობლიობა, რომლის არსებობის პირობებში აუტიზმის დიაგნოზი ისმება. ეს ტრიადა, როგორც მას სპეციალისტები უწოდებენ, შემდეგია: პირველი ნიშანი - სოციალური ურთიერთობების შემცირება, ან ხარისხობრივი გაუარესება; მეორე - სპეციფიური მეტყველებითი პრობლემები (შეიძლება, სიტყვათა მარაგი არც იყოს შემცირებული, მაგრამ მათი საშუალებით მეორე ადამიანთან ურთიერთობა შეუძლებელი ხდება); მესამე - გამეორებადობა, სიახლისადმი ნეგატიური დამოკიდებულება, სტერეოტიპების დამკვიდრება.

ფსიქოლოგმა ქეთი მაყაშვილმა აუტიზმი ასე ამიხსნა: ”ჩვეულებრივ, აღქმისას, ადამიანს შეუძლია გამოჰყოს რაღაც, რაღაც მოვლენა რაღაც აზრით დატვირთოს - გახადოს უფრო მნიშვნელოვანი, ან – პირიქით. აუტისტებს ეს არა აქვთ, ისინი რჩებიან იმ აღქმის ველში, რომელიც ბავშვს თავიდან აქვს, - თავიდან ხომ ბავშვი გაცილებით სრულად და დაუნაწევებლად იღებს ყველაფერს, იგი პირდაპირ ჩართულია მოვლენათა ველში, როგორც შემადგენელი ნაწილი. შემდგომში, ზრდასთან ერთად, ივიწყებს რაღაცებს, უარს ამბობს რაღაცებზე, გამოარჩევს რაღაცებს.

სოციალური პირობითობები აუტიზმით დაავადებულისთვის არის მიუღებელი. ძალიან უჭირს გაიგოს ჩვენი სოციალური, კულტურალური რიტუალები. ვთქვათ, მოსწონს თქვენი კანი - მას განარჩევენ მილიონი სხვა კანისგან ისე, როგორც ვერავინ სხვა, იპოვის საოცარ ნიუანსირებას, - და, თუ მოსწონს, არ ესმის, რატომ არ შეიძლება შეეხოს მას? რატომ არის ამისთვის საჭირო რაღაც რიტუალების ჩატარება - რაღაცის თქმა, სიყვარულიხ ახსნა და ა.შ.

ბავშვიც ასეთი იბადება. ასეთად ყოფნაა მისი გადარჩენის სტარეტეგია, - იქამდე, ვიდრე სოციალურ სტრატეგიებს შეითვისებდეს, პირველად დონეში, რეალურ მოცემულობაში უნდა გაერკვეს. ამიტომ არის ძალიან პატარა ბავშვის უნარები გაცილებით მაღალი. რა თქმა უნდა, იქამდე, ვიდრე ეს უნარები დაეხურება, ვიდრე სოციალური თანამონაწილეობა და მისი უდიდესი ბერკეტები გაიხსნება მისთვის. ეს უფრო ძლიერი ბერკეტებია და აუტისტს ისინი არა აქვს.

არსად წამიკითხავს, მაგრამ, სხვადასხვა ლიტერატურის გაცნობის შედეგად, გამიჩნდა აზრი, რომ აუტისტს არა აქვს ის, რასაც შეიძლება ეწოდოს რწმენა. რა არის რწმენა? - რაღაც ისეთი, რაც პირდაპირ, უშუალოდ არ მოგეცემა, რასაც ვერ ხედავ, მაგრამ გრძნობ, რომ უფრო მაღალ დონეზე გეძლევა. აი, ეს არა აქვს აუტისტს, - ის ყოველთვის არის პირველად რეალურ დონეზე, ვერ ელევა პირველად საყრდენებს, არ სტოვებს მათ და, იმის ნაცვლად, რომ ენდოს სხვას, ისწავლოს სხვა, ისწავლოს მასთან ურთიერთობა, რჩება საკუთარ სამყაროში, იქ არსებულ სტრუქტურებში - მოხიბლულია ამით.“

როგორც სპეციალისტები ამბობენ, აუტიზმი მკაცრად გენეტიკური არ არის და ორი წლის ასაკამდე აუტიზმის იდენტიფიცირებაც, ფაქტობრივად, არ ხდება. ბავშვები ძალიან თვინიერები არიან და პრობლმებს არ ქმნიან. შემდეგ, როცა უსვამენ მშობლებს კიხვებს, ისინი იხსენებენ, რომ პატარას შეეძლო, მაგალითად, საათობით ეცქირა ხალიჩისთვის, ან რადიოლას ნათურისთვის, არ მოეთხოვა ჭამა, თამაში და ა.შ. აღმოჩნდება ხოლმე, რომ არ ჰქონდა ე.წ. ”გამოცოცხლების სინდრომი“. ეს არის ბავშვის რექცია მასზე დახრილი დედის სახეზე - ამ დროს პატარა ფართხალს იწყებს. აუტისტ ბავშვებს არა აქვთ ეს კონტაქტი დედასთან, მაგრამ ამას მშობლები ხშირად არ აქცევენ ყურადღებას. მოგვიანებით ისიც აღმოჩნდება ხოლმე, რომ პატარა, ხელში აყვანისას, არც დედასთან ჩახუტების სურვილს გამოხატავდა. რაოდენ უცნაურიც უნდა ჩანდეს, ამ ნიუანსებს დედები უყურადღებოდ ტოვებენ.

ზრდისთვის დამახიათებელ ახალ ეტაპზე გადასვლის შეფერხების გამო არის აუტიზმი სწავლის უნარშეზღუდვის ერთ-ერთი ფორმა. თუმცა, ამ ადამიანების უნარები, ხშირად, ფენომენალურია. მაგალითად, შეუძალიათ 200-ნაწილიანი ნახატი იმაზე გაცილებით სწრაფად ააწყონ, ვიდრე ამას ჩვენ გავაკეთებთ, გაზეთის ან წიგნის გვერდზე მოცემული ინფორმაცია სიტყვა-სიტყვით, მთლიანობაში დაიმახსოვრონ - აუტისტური გადამუშავების ტიპისთვის ეს დამახასიათებელია. ეს უნარები, ერთის მხრივ, არის მათი ძლიერების, მეორეს მხრივ კი სისუსტის საფუძველი.

ქეთი მაყაშვილს ასე მიაჩნია: ”აღქმის სფეროში მათ აქვთ დიდი პრობლემები, თუ მიღწევები. შესაბამისი პირობებისა და ინტელექტის მქონენი, ამ უნარების გამოყენებას ახერხებენ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკმაოდ წარმატებულები არიან კარიერაში, ჰყავთ ოჯახი, შვილები, რაღაც ოდენობით ადაპტირდებიან, თუმცა, მუდმივად განიცდიან სირთულეებს ურთიერთობებსა და მეორე ადამიანის აღქმაში. მათ აქვთ ის ძირითადი რადიკალი, რომელიც ამ დაავადებას ახასიათებს და, ადრე თუ გვიან, იგი თავს იჩენს“.

არის ქვეყნები, სადაც აუტიზმი ოთხ კედელს შუა გამოკეტილს დიდი ხანია აღარ ნიშნავს, საქართველოსთვის კი ეს თემა ჯერ მხოლოდ ვიწრო სპეციალისტებში განიხილება. ყველა – აქაც და განვითარებულ მსოფლიოშიც აღნიშნავს, რომ აუტისტები უჩვეულოდ ლამაზები არიან, არამიწიერი სახეებით... რომ, თუ შენი მზერა დაიჭირეს - რაც ძალზე იშვიათად ხდება – ე.ი. დაინტერესდნენ შენით, ე.ი. წინ დიდი ნაბიჯია გადადგმული.

ჩემი სეხნიას სამყაროში, რომლის დიაგნოზიც აუტიზმია, არაჩვეულებრივი ფერებია. ჯერ ეგონათ, რომ ფერებს საერთოდ ვერ არჩევდა, მაგრამ, თურმე – არა, თურმე, მის სამყაროში ფერებს ამ სამყაროსავით ფაქიზი სახელები აქვს - თეთრს თოვლისფერი ჰქვია, შავს - ღამისფერი... პოეტურია, არა? ლექსებს არ წერს, მაგრამ ხატავს, აუტისტისთვის დამახასიათებელი მხატვრობით და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არაჩვეულებრივად მღერის. გემოვნებიანი მუსიკისადმი მისი დამოკიდებულება ის გასაღები აღმოჩნდა, რომელმაც მშობლებს მაკას სამყაროში შეხედვის საშუალება მისცა.

როცა ქუჩაზე გადადის, მაკაც ისევე, როგორც ყველა აუტისტი, ცდილობს ხელი ჩაგჭიდოს, ჩაგებღაუჭოს. თურმე, როცა სითბოს, სიყვარულის გამოხატვა უნდა, მაშინაც გებღაუჭება, ხელს გიჭერს, თანაც ისე, რომ შეიძლება გატკინოს... მე არა ვარ ფსიქოლოგი, არც ექიმი, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ სიყვარული - დედის, მამის, და-ძმების, ბებია-ბაბუის, სხვების და სხვების - მათთვის უცხო არაა. უბრალოდ, ამას შედარებით ძუნწად გამოხატავენ, როცა მათ სამყაროს მიუკაკუნებ, თავადაც სითბოთი და სიყვრულით, როცა აგრძნობინებ, რომ თოვლისფერი და ღამისფერი ყველაზე ნაღდი ფერებია დედამიწის ზურგზე და ამის მიხვედრა არასოდეს არის გვიან.