ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების გამომწვევი მიზეზების შემსწავლელი სამთავრობო კომისია ჯერ ისევ მუშაობს, მაგრამ მთავარი კითხვა, – რამ გამოიწვია მაღაროელების დაღუპვა, მათივე შეცდომამ თუ შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ, – ისევ ჰაერშია გამოკიდებული.
ყველაზე უკეთ იმის ახსნა, თუ რა მოხდა 3 მარტს მინდელის სახელობის მაღაროში, გადარჩენილ მაღაროელ ბესო ზოსიაშვილს შეუძლია. მაგრამ, დღეს იგი, მრავლობითი დაზიანებებით, ფილტვების დაჟეჟილობით, ლავიწისა და სახის ძვლების მოტეხილობით, სასუნთქი გზების დამწვრობით, ქუთაისის ინტერვენციის მედიცინის ცენტრში, გონზე მოუსვლელად წევს. ახლა, მხოლოდ იმის თქმა თუ შეიძლება, რომ ბესო ზოსიაშვილს ცოტა მეტად გაუმართლა, ვიდრე მის დაღუპულ თანამშრომლებს: მიზდონ ონიანს, გიორგი ბრეგაძეს, მურმან კუბლაშვილს, ჯუმბერ ჯიშიაშვილს.
აფეთქება, რომელმაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 3 მარტს, დილის 5 საათზე მოხდა. იმავე დღეს, ექვსსაათიან გამოშვებაში, ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტყიბულში მყოფი ექსპერტები აფეთქების ადგილზე ჩასვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან მაღაროში ჯერ კიდევ იყო დაგროვილი მეთანი და უბანი განიავებას საჭიროებდა. მეორე დილით, საინფორმაციო სააგენტო GHN, ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ ექსპერტები მაღაროში ვენტილაციის არარსებობის გამო ვერ შედიოდნენ.
ტრაგედიის ადგილზე ჩასულმა პრემიერმა გილაურმა დაუდევრობა, როგორც აფეთქების მიზეზი, გამორიცხა. ცოტა მოგვიანებით, განცხადება გააკეთა მაღაროს მფლობელი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის აღამსრულებელმა დირექტორმა, ზაზა სადუნაშვილმა. მისი სიტყვებით, “მაღაროელის პროფესია ყველაზე რისკიან პროფესიათა ჯგუფს განეკუთვნება და უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვის მიუხედავად, უბედური შემთხვევების ალბათობა მთელ მსოფლიოში მაღალია” (საინფორმაციო სააგენტო “პირველი”, 04.03.10).
მაინც, რამდენად იყო დაცული უსაფრთხოების ზომები ტყიბულის მაღაროში? ზოგადად, რამდენად უსაფრთხოა შრომა, რისკიანი თუ ნაკლებად რისკიანი პროფესიის ადამიანებისთვის, საქართველოში? ვის უნდა ვენდოთ? – მინდელის სახელობის მაღაროს ტექნიკურ დირექტორ ბადრი არაბიძეს, რომელიც ირწმუნება, რომ ეს ტრაგედია პირველია ამ მაღაროს ისტორიაში (საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი”, 04.03.10); თუ გაზის, ნავთობისა და ნახშირის მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გოჩა კვიტატიანს, რომელიც აცხადებს, რომ მინდელის სახელობის მაღაროში ტრაგედია სამი თვის წინათ, 4 დეკემბერსაც მოხდა (საინფორმაციო სააგენტო “მედიანიუსი”, 04.03.10), როცა მეშვიდე უბანზე ჩამოწოლილმა ლავამ ჯებირი გაარღვია და ოთხი ადამიანი დააზიანა, აქედან ერთი – სასიკვდილოდ?
უახლესი კვლევა, ქვეყანაში შრომის დაცვისა და სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ, საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დაფინანსებით, პროფესიული კავშირების გაერთიანებამ განახორციელა. კვლევა შეიცავს შესაბამის სტატისტიკასაც, რომელიც შსს-გან მოთხოვნილ და გაერთიანების შრომის დაცვის სამსახურის მიერ მოპოვებულ ინფორმაციებს ეყრდნობა.
ამ სტატისტიკის მიხედვით, 2006-09 წლებში, შენობა-ნაგებობებიდან და ამწე მექანიზმებიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი, ელექტროობასთან მუშაობისას – 5, წყალში დაიხრჩო – 3. კონკრეტულად 2007 წელს, საწარმოებში მოხდა 54 სასიკვდილო და 26 მძიმე ტრავმული შემთხვევა; 2009 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, დაფიქსირებულია 31 სასიკვდილო უბედური შემთხვევა. როგორც კვლევიდან ჩანს, მზარდია ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა – ასეთი 8 შემთხვევაა, მათ შორის ერთი – ჯგუფური, რომლის დროსაც, სამორიგეო ჯიხურებში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა.
კვლევის ერთ-ერთი ავტორი, გაერთიანების შრომის დაცვის სამსახურის სპეციალისტი ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ ეს ციფრები უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და შესაბამისი კონტროლის უგულებელყოფის შედეგია, – “ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მოქმედი შრომის კოდექსით რეგულირდება შრომითი ურთიერთობები და მისი თანმდევი პროცესები, მათ შორის შრომის დაცვა და სამუშაო გარემო. დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოთი, მაგრამ არ არსებობს ზედამხედველობის რაიმე სახელმწიფო ორგანო, რომელიც ამ და სხვა ვალდებულებების შესრულების კონტროლს შეძლებდა. 2008 წლიდან საქართველოში მოქმედებს მძიმე, მავნე და საშიშპირობიან სამუშაოთა ნუსხა, შრომის უსაფრთხოების წესები, მათ შორის, დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევები და წესები, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, თუმცა ეს ნუსხა არანაირ მავალდებულებელ იურიდიულ ნორმას არ შეიცავს.
ერთი შეხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს სამუშაო პროცესისას მიყენებული ზიანი, ეს ვალდებულება გამყარებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408, 409, 410, 411 მუხლებით, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 მუხლით. როგორია რეალობა? – ამ დროისთვის არ არსებობს საწარმოო უბედური შემთხვევების გამომკვლევი შესაბამისი კომისია. 2005 წლიდან გაუქმებულია შრომის ინსპექცია, უკვე გაუქმებულია “სახელმწიფო ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციაც”. დასაქმებულს, თითქოს, აქვს უფლება, უარი განაცხადოს სამუშაოზე, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას, ამ დროს კი, შრომის კოდექსის ცნობილი 37-ე მუხლის “დ” პუნქტი დამსაქმებელს აძლევს უფლებას, დასაქმებულის უკმაყოფილება რეაგირების გარეშე დატოვოს, ხოლო, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მიზეზის ახსნის გარეშე დაითხოვოს იგი სამსახურიდან.”
მაკონტროლებელი ორგანოების გაუქმების მთავარ მოტივად საქართველოში ამ ორგანოების კორუფციული შეფერილობა, ბიზნესისთვის ბარიერების მოხსნა და ლიბერალური ღირებულებები სახელდება. თუმცა, ის, რასაც სახელმწიფო კონტროლისა და ლიბერალიზმის თანაცხოვრებასთან დაკავშირებით საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენელი მათიას იობელიუსი ამბობს, სხვა სურათს ხატავს: “ევროპაში არ არსებობს ქვეყანა, სადაც შრომის უსაფრთხოების საკითხებს სახელმწიფო არ არეგულირებს. ჩანს, რომ ამ სფეროში ჯერ კიდევ ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელი. შეინიშნება წინააღმდეგობა ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ მზადყოფნასა, დაუახლოვდეს ევროსტანდარტებს და რეალურ მდგომარებას შორის. თუ საქართველოს მართლაც სურს ევროპის ერთიან ოჯახში იცხოვროს, აუცილებლად უნდა შეასრულოს შესაბამისი მოთხოვნები. იმედს ვიტოვებ, რომ 2010 წელი იქნება მნიშვნელოვანი გარღვევის წელი ამ თვალსაზრისით.”
ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს მთავრობის ამასწინანდელი გადაწყვეტილება, “სახელმწიფო ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციისა” და “არქმშენინსპექციის” გაერთიანების და ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ტექნიკურ და სამშენებლო საქმიანობაზე საზედამხედველო ერთიანი სამსახურის შექმნის თაობაზე. შესაბამისი კანონი “ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით მიიღო. პროფკავშირებს ამ კანონთან დაკავშირებითაც აქვს ბევრი შენიშნვა, რომელთაც ახლა საკანონმდებლო ორგანოში ეცნობიან.
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე ფიქრობს, რომ არ იქნებოდა ურიგო, თუკი პარლამენტთანაც შეიქმნებოდა სათათბირო ორგანო, საკანონმდებლო ხელისუფლების, დამსაქმებლებისა და პროფკავშირების მონაწილეობით, რომელიც ყველა მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიცაიტივას შესაბამის კომიტეტებთან გაივლიდა. “ეს მოგვცემს საშუალებას, უფრო ნაყოფიერი გავხადოთ მუშაობა,” – ამბობს იგი.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებული ნორმების შემუშავებაზე მუშაობენ ქართველი ბიზნესმენები. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელმა მიხეილ კორძახიამ ამ მუშაობაში მთავრობისა და პროფკავშირების წარმომადგენელებიც მიიწვია. დიდია იმედი, რომ ამ საკითხვებზე მომუშავე ყველა სუბიექტს ერთნაირად კარგად აქვს გაცნობიერებული, ადამიანურის გარდა, რამდენად დიდი ეკონომიკური ზარალი მოაქვს საწარმოო ტრავმებს და პროფესიულ დაავადებებს. თუმცა, ეს უკანასკნელი უკვე ცალკე საუბრის თემაა.
Комментариев нет:
Отправить комментарий